top of page

ქართული თეატრის კვლევა - ტრადიციები, პრობლემები, პერსპექტივები

3a9a2cdd44ca.jpg

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევა   - ტრადიციები, პრობლემები, პერსპექტივები

მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი

ქართული თეატრის კვლევა სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. პრესაში ქვეყნდებოდა წერილები დადგმულ სპექტაკლებზე, რომლებიც მომხდარ ფაქტზე გამოხმაურებას უფრო გავდა, ვიდრე კვლევას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები წერდნენ წერილებს თეატრზე, მის ფუნქციაზე, დანიშნულებასა და მომავალ პერსპექტივაზე, მაგრამ თითოეული მათგანი პუბლიცისტურ ხასიათს ატარებდა და თეორიის სფეროს უფრო განეკუთვნებოდა, ვიდრე კვლევასა და მეცნიერულ ანალიზს, კვლევის რომელიმე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობის გარეშე.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში, ახლანდელ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიხსნა თეატრმცოდნეობის სპეციალობა, რომელიც აერთიანდებდა თეატრის ისტორიკოსის, თეორეტიკოსისა და კრიტიკოსის კვალიფიკაციას. აღნიშნულ სპეციალობას დღემდე, ყოველწლიურად  ათობით ახალგაზრდა ამთავრებს.

თეატრმცოდნეობის, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების,  ერთ-ერთ დარგად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის დიმიტრი ჯანელიძეს, რომელიც ქართული თეატრმცოდნეობითი მეცნიერების ფუძემდებლად ითვლება, მის სახელს ატარებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თეატრის კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტი, ახლა ქართული თეატრის კვლევის ცენტრი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი თეატრის შესწავლას,  სხვადასხვა აპრობირებული, კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის კვლევაში ქართველმა თეატრმცოდნეებმა: ვასილ კიკნაძემ, ნოდარ გურაბანიძემ, დალი მუმლაძემ, მიხეილ კალანდარიშვილმა, გულიკო ჯავაშვილმა და სხვებმა. ამ უკანასკნელმა დაუდო საფუძველი საქართველოში თეატრის სტატისტიკური და სოციალური მეთოდებით შესწავლას, თუმცა, ეს კვლევები ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა და არ იყო თანმიმდევრული.

თეატრი ხელოვნების სინთეზური დარგია, ამიტომ ის თავის თავში აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგს. თუკი ვთვლით, რომ თეატრმცოდნეობა არის მეცნიერება, მაშინ თეატრის ნაწარმოებების, ანუ სპექტაკლების, კვლევისას, მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენი სუბიექტური შეხედულებები. ამ პროცესს ართულებს ის, რომ თეატრმცოდნეობა არ განეკუთვნება ზუსტ მეცნიერებათა რიცხვს და სწორედ ამიტომ, კვლევების დიდი ნაწილი  ავტორთა სუბიექტურ შეხედულებებს ეფუძნება. პრობლემის დაძლევის მიზნით, 2011 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი, რომელიც უკვე 5 წელია იკვლევს თანამედროვე ქართულ თეატრს არატრადიცული მეთოდებით და ცდილობს დარგში ამ მეთოლოგიების დანერგვას. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველწლიურად აჯამებს ქართული თეატრის მუშაობას. კვლევისას, იყენებს სტატისტიკურ და ანალიტიკურ მეთოდებს, რომლებიც გვეხმარება ქართული თეატრის წინაშე არსებული ტენდენციებისა, თუ ხარვეზების გმოვლენაში. სტატისტიკის კანონის თანახმად, რაოდენობრივი მაჩვენებელი, თვისობრივ მაჩვენებლეში გადადის. ამ კანონის მორგება სათეატრო სფეროში ძნელია, თუმცა მიღწევადი. შესაბამისად, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევების შედეგებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ ქართული თეატრის მოღვაწეები. ამისდა მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური კვლევა,  დიდ ინტერესს იწვევს თეატრალურ წრეებში და კლევის შედეგებს მოუთმენლად ელის თბილისისა თუ საქართველოს რეგიონებში არსებული თეატრები.

თეატრის შესწავლა, ევროპაში აპრობირებული სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ჩვენში ფეხს ახლა იკიდებს. ამის გამო, კვლევის შედეგებს საზოგადოებისა და მომხმარებლის ნაწილი ნიჰილისტურად უყურებს. ამ ტიპის კვლევების ციკლი, ობიექტურად, ნათელს ჰფენს თანამედროვე ქართულ თეატრს. სუბიექტური შეფასების გარეშე, მასში თავმოყრილია ქართულ თეატრში დღეს არსებული პრობლემები, წარმატებები და წარუმატებლობის მიზეზები.

2014 წლის ქართული თეატრის სტატისტიკურ კვლევაში მონაწილეობდა საქართველოში რეგისტრირებული 52-დან  48 თეატრი. მათ შორის: სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 30, ხოლო 18 - კერძო (დამოუკიდებელი). სულ, კვლევაში წარმოდგენილია: თბილისის - 27, ხოლო რეგიონის - 21 თეატრი.

კვლევის შედეგად დადგინდა: საქართველოს 48 თეატრში დაიდგა -174 სპექტაკლი. ამათგან:  დედაქალაქის  სახელმწიფო თეატრებში - 79; კერძო თეატრებში - 19; რეგიონულ თეატრებში - 76. თუ ამ მონაცემებს შარშანდელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2014-ში, 2013 წელთან შედარებით, ბევრად მეტი სპექტაკლი დაიდგა.

წელს თეატრები, რეიტინგების შედგენისას, 3 კატეგორიად დავყავით: 1. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თეატრები, საბავშვო და საყმაწვილო თეატრები (მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე) და კერძო თეატრები.

ძნელია, ერთმანეთს შეაჯიბრო თეატრი, რომელიც დღეში 5 სპექტაკლს მართავს და აქვს ე.წ. დღის და საღამოს წარმოდგენები და კერძო თეატრები, რომელთა მუშაობაც დამოკიდებულია გრანტებსა თუ სხვადასხვა ფონდზე. ამ პრინციპის დაცვით, 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, „პრემიერების რაოდენობით გამორჩეული სახელმწიფო თეატრების ხუთეული საქართველოში“ ასე გამოიყურება: მარჯანიშვილის თეატრი - 19; რუსთავის თეატრი - 13; ახმეტელის თეატრი - 10; მესხეთის თეატრი - 10; გორის თეატრი - 8. ბუნებრივია, რეიტინგის ხუთეულში მოხვედრილი თეატრების წლიური ბიუჯეტი განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დასაფასებელია რეგიონის თეატრების აქტიურობა პრემიერების გამართვის თვალსაზრისით.

კატეგორიაში - „პრემიერების რაოდენობით გამორჩეული საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრების ხუთეული საქართველოში - 2014“, საუკეთესო ხუთეული ასე დალაგდა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი -15; თბილისის თოჯინების თეატრი -6; თბილისის მულტი პულტის თეატრი - 5, ქუთაისისა და ბორჯომის თოჯინების თეატრები - 4.

რაც შეეხება კერძო (დამოუკიდებელ) თეატრებს, პრემიერების რაოდენობით, 2014 წლის ლიდერი - 5 პრემიერით, ილიაუნის თეატრია. მას 3-3 პრემიერით, მოსდევს თავისუფალი და მოძრაობის თეატრები, ხოლო თითო-თითო პრემიერა გამართეს თითებისა და რკინის თეატრებმა.

თუკი, თბილისის  სახელმწიფო თეატრების პრემიერების რეიტინგს შევადგენთ, პირველი ხუთეული ამგვარი თანმიმდევრობით დალაგდება: მარჯანიშვილის თეატრი - 19, ახმეტელის თეატრი - 10, 6-6 პრემიერით რუსთაველისა და პანტომიმის თეატრები, ხოლო მეხუთე ადგილს, 4 პრემიერით,  მუსიკისა და დრამის თეატრი იკავებს.

რეგიონის თეატრებსრაც შეეხება, პრემიერების ხუთეულში, პირველ ადგილს რუსთავის თეატრიიკავებს - 13; მესხეთის თეატრი - 10;გორის თეატრი - 8; ხოლო, ზესტაფონისა და თელავის თეატრმა, წლის განმავლობაში, ექვსი ახალი დადგმა განახორციელა.

თუკი, საქართველოს  ყველა ტიპის თეატრის, პრემიერების რაოდენობით გამორჩეული თეატრების ხუთეულს შევადგენთ, ასეთ თანმიმდევრობას მივიღებთ: მარჯანიშვილის თეატრი - 19; თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 15; რუსთავის თეატრი - 13; ახმეტელისა და მესხეთის თეატრები - 10.

დრამატურგიის თვალსაზრისით, წელს, გაცილებით გაიზარდა ინტერესი თანამედროვე ქართველი ავტორების მიმართ. 2014 წელს საქართველოს 48 თეატრში დაიდგა: 71 თანამედროვე ქართული პიესა, 44  უცხოური, 51 კლასიკური (ქართული და უცხოური).

2014 წლის რეპერტუარის თვალის გადავლებისას აღმოაჩენთ, რომ ხშირად ავტორებად თავად რეჟისორები გვევლინებიან. მონაცემების 2013 წელთან შედარებისას, აღმოჩნდა, რომ 2014-ში უცხოური დრამატურგიისადმი ინტერესმა იკლო (48 თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა, 90 უცხოელი ავტორის, 91 პიესა კლასიკური დრამატურგიიდან. მათ შორის, 20 ქართული კლასიკიდან, ხოლო 71 - უცხოური კლასიკიდან).

ჩვენს კვლევაში მნიშვნელოვანია თეატრების რეპერტუარი, ის, თუ როგორ ინარჩუნებენ  სპექტაკლებს და რამდენად მრავალფეროვანია, მორგებული სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესის მაყურებელზე.

თეატრის ფუნქციონირებისა და მაყურებლის შენარჩუნების მიზნით, პრემიერებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეპერტუარის მრავალფეროვნება და სპექტაკლების რაოდენობა.

რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეული სახელმწიფო თეატრების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: მარჯანიშვილის თეატრი - 27; კინომსახიობთა თეატრი - 26; გრიბოედოვის თეატრი - 22; ახმეტელის თეატრი - 20; მესხეთის თეატრი - 19.

2014 წ. საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრების კატეგორიაში, რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით თეატრების რიგითობა ამგვარია: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი -34; ქუთაისის თოჯინების თეატრი - 24; ბორჯომის თოჯინების თეატრი - 9; თბილისის, ბათუმისა და ახალციხის თოჯინების თეატრები -6.

კერძო თეატრებიდან კი, ყველაზე მდიდარი რეპერტუარითა და სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა: თავისუფალი თეატრი - 21 სპექტაკლი; ილიაუნის თეატრი -14 სპექტაკლი; თითების თეატრი - 4 სპექტაკლი;  მოძრაობის თეატრი - 3 სპექტაკლი.

სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეული, თბილისის ყველა ტიპის თეატრის ხუთეულში მოხვდა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 34 სპექტაკლი; მარჯანიშვილის თეატრი - 27 სპექტაკლი. მესამე ადგილს რეიტინგში, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი იკავებს - 26 სპექტაკლი;  მას, 22 სპექტაკლით, მოსდევს გრიბოედოვის, 20 სპექტაკლით კი ახმეტელის თეატრი.

სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეულ, რეგიონების სახელმწიფო დრამატული   თეატრების  კატეგორიაში ლიდერობს: მესხეთის თეატრი -  19; გორის თეატრი - 18; ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრი - 17; თელავისა  და რუსთავის თეატრები - 13-13 დადგმით.

ძალზე მნიშვნელოვანია მონაცემები საქართველოს თეატრების საზღვარგარეთ გასტროლების შესახებ. ამ მხრივ, წინა წლებთან შედარებით, 2014-ში საგრძნობლად გაიზარდა გეოგრაფიული არეალიც და რაოდენობაც. ორმაგად სასიხარულოა, რომ ქართული თეატრის ექსპორტის პროცესში ჩართულნი არიან რეგიონის თეატრებიც. ათწლეულების განმავლობაში ეს წარმოუდგენელიც კი იყო.

2014 წ. 15 ქართული თეატრი იმყოფებოდა  3 კონტინენტზე არსებულ 22 ქვეყანაში. უცხოეთში,  ქართულმა თეატრმა მთლიანობაში - 161 სპექტაკლი ითამაშა. სერბეთი, ისრაელი, ჩინეთი, ესპანეთი, შოტლანდია, უნგრეთი, მოლდოვა, აშშ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ბელორუსია, ინდონეზია, ტაილანდი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ბულგარეთი, ყაზახეთი, კვიპროსი, რუსეთი - ამ ქვეყნებში გამართა წარმოდგენები, სხვადასხვა რეგიონისა თუ დედაქალაქში არსებულმა ქართულმა თეატრმა.

თბილისის სახელმწიფო თეატრებიდან საზღვარგარეთ გასტროლების გამართვისა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის რეიტინგში ლიდერობენ გრიბოედოვისა და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრები, რომლებიც 5 ქვეყანაში იმყოფებოდნენ. მათ, 3-3 სპექტაკლით, მოსდევს მარჯანიშვილისა და ჩრდილების თეატრი, ხოლო ახმეტელის თეატრი, 2 საერთაშორისო გასტროლით, რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. 

საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო, სახელმწიფო და კერძო თეატრების ჯგუფში ლიდერობს „მულტი-პულტის“ თეატრი, რომელმაც 4 სხვადასხვა ქვეყანაში გამართა წარმოდგენები. მეორე პოზიციაზეა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 3 გასტროლით.  მას მოსდევს  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, 2 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობით.  თბილისის თოჯინების თეატრი, სომხეთის ფესტივალში მონაწილეობით, მეოთხე პოზიციაზეა.

საერთაშორისო გასტროლების მიხედვით, ყველა ტიპის ქართული თეატრის, 2014 წლის მონაცემების შეჯერებით, რეიტინგული სკალა შემდეგ შედეგს მოგვცემს: მუსიკისა და დრამის, გრიბოედოვის თეატრები - 5, „მულტი პულტის“ თეატრი - 4, მარჯანიშვილისა და ჩრდილების თეატრი - 3.

საკმაოდ გაზრდილია საქართველოს ფარგლებში გასტროლიორი თეატრების რიცხვიც. 2014 წელს 28 თეატრმა, საქართველოს 30 გეოგრაფიულ პუნქტში, 144 წარმოადგენა გამართა. საინტერესოა მასპინძელი თეატრების გამოვლენაც, თუ სად უფრო მეტი თეატრი ჩადის. 2014 წ. გორის თეატრი დაწინაურდა - 15 დასს უმასპინძლა. ლიდერობაში, რა თქმა უნდა, კომედიის ფესტივალის ჩატარებამაც შეუწყო ხელი. 14 დასის მასპინძლობით  ბათუმის თეატრიც გამოირჩა. ქუთაისი - 9 თეატრის, ფოთისა და თელავის თეატრები კი 6-6 გასტროლიორი თეატრის მასპინძელი იყო. ამ ქალაქების მიმართ ინტერესი განპირობებულია - მოსახლეობის რაოდენობით, საინტერესო მაყურებლით, თეატრის ხელმძღვანელთა ორგანიზების უნარით და სტუმართმოყვარეობით.

საქართველოს სახელმწიფო თეატრების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია, 8 გასტროლით, ცხინვალის თეატრს უჭირავს. მას, 7-7 გასტროლით, მარჯანიშვილისა და ჭიათურის თეატრები მოსდევენ, ხოლო მესამე ადგილს რეიტინგში, 5-5 გასტროლით, თელავისა და მესხეთის თეატრები ინაწილებენ.

საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების საუკეთესო ხუთეულში, საქართველოს ტერიტორიაზე გასტროლების გამართვაში, მოხვდნენ: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 9; ქუთაისის თოჯინებისა და „მულტი-პულტის“ თეატრი - 6; ბათუმისა და ბორჯომის თოჯინების თეატრები  2-2 გასტროლით.

საქართველოში გასტროლების ყველა ტიპის რეგიონული თეატრის კატეგორიაში ლიდერობს ცხინვალის თეატრი. მას, 7 გასტროლით,  ჭიათურის თეატრი მოსდევს. ქუთაისის თოჯინების თეატრმა 6 გასტროლი გამართა, ხოლო თელავისა და მესხეთის თეატრებმა - 5-5.

საქართველოს ყველა ტიპის, კვლევაში მონაწილე 48 თეატრს შორის, საქართველოში გასტროლების რაოდენობით ლიდერობენ: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 9; ცხინვალის თეატრი - 8; მარჯანიშვილისა და ჭიათურის თეატრები - 7-7; ქუთაისის თოჯინებისა და „მულტი-პულტის“ თეატრები - 6-6 გასტროლით.

თეატრების სტაბილური საქმიანობის შესაფასებლად, ძალიან მნიშვნელოვანია სარეპერტუარო ნათამაშები სპექტაკლების რაოდენობის ჩვენება. თეატრის სტაბილური ფუნქციონირების, მის მიმართ მაყურებლის ინტერესის კოეფიციენტის დასადგენად, მნიშვნელოვნად გვეხმარება წლის განმავლობაში წარმოდგენილი სპექტაკლების რაოდენობა.

2014 წ. საქართველოს 48 თეატრში სულ 3 660 წარმოდგენა გაიმართა. ამათგან, თბილისის სახელმწიფო თეატრებში - 873; თბილისის საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 903; თბილისის კერძო თეატრებში - 381; საქართველოს რეგიონების თეატრებში - 831; საქართველოს რეგიონების საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 672.

ფუნქციურად დატვირთულ საქართველოს სახელმწიფო თეატრებში, 2014 წელს ლიდერობდნენ: მარჯანიშვილის თეატრი - 355; რუსთაველის თეატრი - 153; ახმეტელის თეატრი - 133; მუსიკისა და დრამის თეატრი - 115; გრიბოედოვის თეატრი - 110 ჩვენებით.

ფუნქციურად დატვირთული საქართველოს რეგიონის თეატრების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: მესხეთის თეატრი -  92; ოზურგეთის თეატრი - 91; ცხინვალის თეატრი - 80; ქუთაისის თეატრი - 77; გორის თეატრი - 70.

წარმოდგენების აქტივობით,  საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების რეიტინგი ასეთია: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წლის განმავლობაში 728 წარმოდგენა უჩვენა მაყურებელს;  ქუთაისის თოჯინების თეატრმა - 440; თბილისის თოჯინების თეატრმა -  94;  „მულტი-პულტის“  თეატრმა -  81; ხოლო ბორჯომის თოჯინების თეატრმა 47 წარმოდგენა გამართა.

ფუნქციურად დატვირთული კერძო თეატრების ხუთეულიც საკმაოდ საინტერესოა, ხშირ შემთხვევაში, მათი სტაბილური ფუნქციონირების კოეფიციენტი ორჯერ აღემატება ზოგიერთი სახელმწიფო თეატრის მონაცემებს. კერძო თეატრებიდან წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სპექტაკლი  წარმოადგინა თავისუფალმა თეატრმა - 196; ილიაუნის თეატრმა - 114; მოძრაობის თეატრმა -  61; თეატრმა  ათონელზე - 16; რკინის თეატრმა -10. ეს, გასაგებიცაა, ვინაიდან მათი ფუნქციონირება, სხვასთან ერთად, გაყიდული ბილეთების რაოდენობაზეც არის დამოკიდებული.

ჩვენს კვლევას 2014 წ. კიდევ ერთი კატეგორია - წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლი - დაემატა. ვფიქრობ, თეატრით დაინტერესებული მაყურებლის, თავად თეატრებისა და ექსპერტებისთვის საინტერესოა, რომელ სპექტაკლებს (დადგმებს) თამაშობენ  ყველაზე ხშირად  თეატრებში. ამ კატეგორიაში, სახელმწიფო დრამატული თეატრების ნუსხაში (თბილისისა და რეგიონების) მოხვდა შემდეგი სპექტაკლები: "იავნანამ რა ჰქმნა?!" (ოზურგეთის თეატრი) – 43-ჯერ; „მთვრალი ალუბალი" (მარჯანიშვილის თეატრი)  27-ჯერ ითამაშეს. თეატრების  მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, 27-ჯერ უთამაშიათ "სიზმარა" მესხეთის თეატრში. რეიტინგში მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა „რაპუნცელი" (ახმეტელის თეატრი), რომელიც  22-ჯერ წარმოადგინეს.

ამავე ნომინაციაში, საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების კატეგორიაში, 2014 წელს ყველაზე ხშირად წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგში მოხვდა: „ბრიყვი“ (ახალციხის თოჯინების თეატრი) - 91-ჯერ, „ნაცარქექია“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) – 91-ჯერ, „ნაბო“ (ქუთაისის თოჯინების თეატრი) – 64-ჯერ, „წითელქუდა“ (თბილისის თოჯინების თეატრი) – 50-ჯერ, „ნიღბიანი გმირი“ („მულტი-პულტის“თეატრი) – 46-ჯერ, „წითელქუდა“ (ბათუმის თოჯინების თეატრი) – 23-ჯერ.

ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგი, საქართველოს კერძო თეატრებში,  2014 წელს  შემდეგნაირად გამოიყურება. ლიდერობს თავისუფალ თეატრში,   წლების წინ დავით დოიაშვილის  დადგმული, „ჯინსების თაობა“ – 36-ჯერ წარმოადგინეს.  მას მოსდევს მოძრაობის თეატრის 2014 წლის საპრემიერო სპექტაკლი "ინტრო" (რეჟისორი კახა ბაკურაძე) – 25-ჯერ ითამაშეს.  რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ილიაუნის თეატრში,  2014 წელს, გაგა გოშაძის დადგმული „ანტიგონე“ –  23-ჯერ წარმოადგინეს. მეოთხე ადგილზე,  „თეატრში ათონელზე“, 12-ჯერ ნათამაშები, ქეთი დოლიძის დადგმული „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ აღმოჩნდა. მეხუთე ადგილზე, „რკინის თეატრის“ სპექტაკლი „ფერმა“ (რეჟისორი დათო ანდღულაძე), რომელიც 7-ჯერ წარმოადგინეს.

თბილისის დრამატულ თეატრებში ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგი 2014 წელს, შემდეგნაირად დალაგდა:  „ჯინსების თაობა“ (თავისუფალი თეატრი) – 36; „მთვრალი ალუბალი“ (მარჯანიშვილის თეატრი) – 27; „ინტრო“ (მოძრაობის თეატრი) – 25; „ანტიგონე“ (ილიაუნის თეატრი) – 23; „რაპუნცელი“ (ახმეტელის თეატრი) – 22.

რეგიონის დრამატულ თეატრებში ყველაზე ხშირად წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგში მოხვდა სპექტაკლები: „იავნანამ რა ჰქმნა?!“ (ოზურგეთის თეატრი) – 43; „სიზმარა“ (მესხეთის თეატრი) – 27; „ ცილინდრი“  (სენაკის თეატრი) -24; „ლამბალო და ყაშა“ (ჭიათურის თეატრი) – 17; „სამეფო ზღაპარი“ (რუსთავის თეატრი) – 17.

თუკი, ამ კატეგორიაში, ყველა ტიპის ქართულ თეატრს გავაერთიანებთ, საინტერესო სურათს მივიღებთ: „ბრიყვი“ (ახალციხის თოჯინების თეატრი) – 91; „ნაცარქექია“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) – 91; „ნაბო“ (ქუთაისის თოჯინების თეატრი) – 64; „წითელქუდა“ (თბილისის თოჯინების თეატრი) – 50; „ნიღბიანი გმირი“ („მულტი-პულტის“თეატრი) – 46; „ჯინსების თაობა“ (თავისუფალი თეატრი) – 36.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: გამოდის, რომ საქართველოში, მაყურებლის ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო სპექტაკლებზეა. რეპერტუარში წარმოდგენების რაოდენობით, გაყიდვებისა და მაყურებელთა დასწრების მაჩვენებლების მიხედვით,  დრამატულ თეატრებშიც საბავშვო სპექტაკლები ლიდერობენ. ამ ტიპის სპექტაკლები თითქმის ყველა დრამატული თეატრის რეპერტუარში გვხვდება  და მათ  ლიდერის პოზიცია უკავიათ, ისეთი ქალაქების დრამატულ თეატრებშიც კი, რომლებშიც  სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თოჯინების თეატრები მოქმედებენ.

ლევან წულაძის სპექტაკლი „მთვრალი ალუბალი“ (მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენა) წლის განმავლობაში 21-ჯერ წარმოადგინეს. ამავე თეატრში, შემოსავლებითა და მაყურებელთა დასწრებით,  „მთვრალ ალუბალს“, დიდ სცენაზე ლევან წულაძის  დადგმული, „საშობაო სიმღერა“ უსწრებს, მაგრამ ჩამორჩება ნათამაშები სპექტაკლების რაოდენობით.  ამ ციფრს სხვა თეატრების ლიდერ სპექტაკლებს თუ შევადარებთ, მაინც მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

არასაბავშვო სპექტაკლებიდან ლიდერობს თავისუფალი თეატრის „ჯინსების თაობა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი), რომელიც რეპერტუარში 2001 წლიდან არის და მაყურებელის ინტერესს დღემდე იწვევს. თეატრის ხელმძღვანელისა და შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს სპექტაკლის შენარჩუნება თოთხმეტი წლის განმავლობაში.

ამავე კატეგორიაში, ლიდერ სპექტაკლებს შორის, წლის განმავლობაში 23 ნათამაშები სპექტაკლით მოხვდა  გაბრიელ გოშაძის ილიაუნის თეატრში დადგმული „ანტიგონე“. აქვე უნდა მოვიაზროთ მოძრაობის თეატრის წარმოდგენა „ინტრო“. კახა ბაკურაძის, 2014 წელს დადგმული სპექტაკლი საბავშვო რეპერტუარს არ განეკუთვნება. ამისდა მიუხედავად, თეატრმა წლის განმავლობაში 25-ჯერ წარმოადგინა.

მაყურებლის აქტივობას რაც შეეხება, 2014 წ. საქართველოს 48 თეატრს 423 028 მაყურებელი ესტუმრა. ამათგან, თბილისის  თეატრებს - 311 727, ხოლო რეგიონებისას -111 247. თუ ამ ციფრებს 2013 წ. მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ 2014 წელს მაყურებელმა ქართულ თეატრში ზოგადად იკლო. მართალია, ზოგიერთ თეატრში (მარჯანიშვილის, რუსთაველის, გრიბოედოვის, ახმეტელის, ილიაუნისა და სამეფო უბნის)  მაყურებელთა რაოდენობამ იმატა, მაგრამ  დასწრებამ  განსაკუთრებით იკლო რეგიონის თეატრებში. მაყურებელთა კლება ძირითადად იმ თეატრებს შეეხო, რომლებიც ნაკლებ პრემიერასა და  უმეტესად,  რიგით, სარეპერტუარო წარმოდგენას სთავაზობენ მაყურებელს.

კვლევისას, იძულებული გავხდით, ამ კატეგორიაში,   სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, გარკვეული თეატრები ამოგვეღო. კვლევაში არ შევიტანეთ „თითების თეატრი“ (რომლის მონაცემებიც მარჯანიშვილის თეატრთან ერთადაა წარმოდგენილი); მოძრაობის თეატრი (თეატრის   გახსნასთან დაკავშირებით, ბილეთები არ იყიდებოდა და  მაყურებელი სპექტაკლებს უფასოდ ესწრებოდა); ოზურგეთის თეატრი (რომელმაც ე. წ. გასვლითი წარმოდგენებისა და სპექტაკლების კორპორატიული გაყიდვების გამო, დამსწრე მაყურებლის ზუსტი ციფრი   ვერ მოგვაწოდა) და ქუთაისის ოპერის თეატრი (რომელშიც მაყურებლის აღრიცხვა  არ წარმოებს);  სენაკის თეატრი (მოწოდებული მონაცემების მიხედვით, თეატრმა კონკრეტულ სპექტაკლებზე იმდენი ბილეთი გაყიდა, რამდენი ადგილიც დარბაზში არ არის,  რაც წარმოუდგენელია); ასევე – ჭიათურისა და რკინის  თეატრები (მოწოდებული ციფრების დამრგვალების გამო).

ჩვენ მიერ დამუშავებული, საქართველოს თეატრების მოწოდებული მონაცემები, სტატისტიკური კვლევის მეთოდს ეფუძნება. ემყარება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და  არ ასახავს მხატვრულ ხარისხს. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ რაოდენობრივი მაჩვენებელი ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას ავლენს და მიღებული შედეგები, გარკვეული საკითხების გარშემო, დისკუსიის აღმძვრელია.

2014 წელს,  საქართველოს 48 თეატრში 119 რეჟისორმა 174 ახალი სპექტაკლი დადგა. ამათგან 9 - უცხოელი რეჟისორია. უცხოელმა რეჟისორებმა სპექტაკლები  განახორციელეს: ახმეტელის თეატრში (3); რუსთაველის თეატრში (2); თავისუფალ თეატრში (2); ილიაუნის თეატრში (1); ფოთის თეატრში (1). აღმოჩნდა, რომ საქართველოში 110 რეჟისორი გვყოლია.  მართალია, მათ შორის, 26 პროფესიით რეჟისორი არ არის  და მათ, საზოგადოება, როგორც მსახიობებს იცნობს, მაგრამ მაინც, რეჟისორთა ამგვარი  მრავალრიცხოვნება ისეთი პატარა ქვეყნის თეატრებისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ ბევრია.

ყველაზე აქტიურ და პროდუქტიულ რეჟისორთა სიის სათავეში მოექცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, რომელმაც სხვადასხვა თეატრში შვიდი სპექტაკლი დადგა.  მას, 6 დადგმით, მოსდევს ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია. ხუთი დადგმით, მესამე ადგილს იკავებს თბილისის მოზარდ მაურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. სამხატვრო ხელმძღვანელებიდან, 4-4 დადგმით,  მეოთხე ადგილს იყოფენ რუსთავისა და მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები -  ლევან სვანაძე და ლია სულუაშვილი. თავისუფალი რეჟისორებიდან კი, ამ რეიტინგში, ოთხი ახალი დადგმით, მოექცნენ მიხეილ ჩარკვიანი, გურამ ბრეგაძე და გოჩა ხვიჩია.

2014 წ. 79-მა მხატვარმა იმუშავა 174 ახალ სპექტაკლზე, როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების შემქმნელმა. მათ შორის, ორი უცხოელია, რვა კი თავად სპექტაკლის რეჟისორი. ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში, სხვასთან ერთად,  საინტერესო და აშკარად შესამჩნევი ტენდენცია გამოვლინდა. ხშირ შემთხვევაში, სპექტაკლების მხატვრები, სცენოგრაფები თავად რეჟისორები არიან. ამ მხრივ, 2013 წ. რეიტინგში,  ლიდერის პოზიცია, გამოცდილ, სახელოვან სცენოგრაფებთან ერთად, ლევან წულაძეს ეკავა. 2014 წ. თავიანთი სპექტაკლები მხატვრულად გააფორმეს, რეჟისორებმა: დავით დოიაშვილმა, კახა ბაკურაძემ, ზურაბ სიხარულიძემ, ამირან შალიკაშვილმა, ნიკოლოზ საბაშვილმა, რეზო შატაკიშვილმა და ლუკა ჩხაიძემ.

სცენოგრაფებს შორის, 2014 წლის ლიდერის პოზიციაზეა ლომგულ მურუსიძე, რომელმაც ცამეტი სპექტაკლი გააფორმა: რუსთავის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრებში. მას, თორმეტი ახალი ნამუშევრით, მოსდევს ახმეტელის თეატრის მხატვარი – მარიკა კვაჭაძე. შვიდ ახალ დადგმაზე იმუშავეს მირიან შველიძემ, ლელა ფერაძემ და ნანა ყორანაშვილმა. რეიტინგში მოხვდნენ მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი ნინო სურგულაძე და გორის თეატრის მხატვარი თამარ ჭავჭანიძე – ექვსი ახალი ნამუშევრით.

 2014 წლის ყველაზე პროდუქტიულ ქორეოგრაფთა სამეულის სიის სათავეში მოექცა  - გია მარღანია - 12;  ანანო სამსონაძე - 7 და კოტე ფურცელაძე - 6 ნამუშევრით.

ყველაზე პროდუქტიული ქალი მსახიობების რეიტინგში ლიდერობს ახმეტელის თეატრის მსახიობი – სოფია სებისკვერაძე. მან 2014 წელს 7 ახალ საპრემიერო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. პანტომიმის თეატრის მსახიობმა – ანა ჩაგელაშვილმა 2014 წელს 6 ახალი მხატვრული სახე შექმნა. რეიტინგში მათ 5-5 როლით მოსდევენ: ანი ზამბახიძე, გვანცა კანდელაკი, მაია მალხაზიშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ნათია არბოლიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ნინო ნატროშვილი, ცირა ტაბატაძე.

2014 წლის ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობების სიის თავში, ახმეტელის თეატრის მსახიობი – გიგი მიგრიაული  და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი – ნიკა ნანიტაშვილი მოექცნენ. მათ 9 ახალ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა. 7 საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობდა მესხეთის თეატრის მსახიობი – მანუჩარ გოგოლაური. სამეულს 6-6 როლით მოსდევენ მსახიობები: ნიკა ფაიქრიძე, მამუკა ბოგვერაძე, ლექსო ჩემია, იოსებ ელიზბარაშვილი, გიორგი გოგუაძე, ანდრია გველესიანი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, გიორგი ჯიქურიძე.

ამრიგად, კვლევამ მნიშვნელოვნად გამოკვეთა თეატრების აქტივობები, მათი მართვის სისტემის და მარკეტინგ-მენეჯმენტის დადებითი და სუსტი მხარეები, ფაქტორები, წინააღმდეგობები. ვიმედოვნებთ, ჩვენი კვლევა, თეატრებს, ხელს შეუწყობს პრობლემების დაძლევასა  და პერსპექტივაში, მათი აღმოფხვრის გზების ძიებაში.

bottom of page