top of page

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი „თევზი ხეზე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

332150141_1265321721084296_7607395031350990516_n.jpeg

ანა მირიანაშვილი

შეუძლებელი შესაძლებელია

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი „თევზი ხეზე“

22 მარტს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი საგასტროლოდ თბილისს ეწვია საბავშვო სპექტაკლით „თევზი ხეზე“, რომელიც რეჟისორმა ქეთევან სამხარაძემ ლინდა მალალი ჰანთის წიგნის მოტივებზე დადგა, ინსცენირების ავტორიც თავად არის. მონაწილეობენ: ნინი ურუმაშვილი, ლანა ფიფია, სალომე ბუღაძე, გიორგი კაკალაშვილი, ზურაბ ლაშხია, ირაკლი ჯიშკარიანი.

თანამედროვე ამერიკელი ავტორის ეს საბავშვო რომანი ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა (მთარგმნელი ლია ჯამბურია) და გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, სერიით „საოცრება“. ამ სერიით გამოსული წიგნები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობილი მეცნიერი, ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია”. აქედან დაიბადა ლინდა მალალი ჰანთის ნაწარმოების სათაურიც. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში თავად ალბერტ აინშტაინსაც და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა, მაგალითად: პაბლო პიკასოს, ჯორჯ ვაშინგტონს, რობინ უილიამსს, ვუპი გოლდბერგს და ა.შ.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, მეექვსეკლასელი ელი ნიკერსონი თავის კლასელებს არ ჰგავს, უჭირს სწავლა, მისთვის განსაკუთრებით დიდი სატანჯველია კითხვა, რადგან ასოები მოძრაობენ, თითქოს დახტიან, პეპლებივით ფარფატებენ, ერთ ადგილას არ ჩერდებიან და ელის სიტყვის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო გოგონა დავალებებს ვერ აკეთებს და გამუდმებით იღებს შენიშვნებს მასწავლებლისგან, სკოლის დირექტორისგან, თანაკლასელებისგან, დედისგანაც კი... ელის უჭირს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა, დამეგობრება. ზოგი დასცინის და არანორმალურს უწოდებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გოგონას ცხოვრება იცვლება - მის კლასში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი შედის, რომელიც ელის პრობლემას სწორად დაინახავს და მას სახელს უწოდებს - ელის დისლექსია აქვს. ეს სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევაა, რომელიც გულისხმობს კითხვის დარღვევას, ასევე წერის სირთულეებს. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ, რაც, ცხადია, მოქმედებს სწავლის უნარზე.

როგორც ცნობილია, პრობლემის დანახვა და აღიარება, ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასე ხდება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის შემთხვევაშიც - იგი თანდათან ახერხებს სიძნელეების დაძლევას, თვითგამორკვევას, საკუთარი ძალების გადაფასებას, შეიძენს მეგობრებს, ხდება კლასის პრეზიდენტი და ა.შ.

ქეთევან სამხარაძის ინსცენირებაში ორი სხვადასხვა დროა მოცემული, ვხედავთ ორ ელის - სკოლის მოსწავლეს და უკვე ზრდასრულ, ცნობილ მხატვარ ელი ნიკერსონს თავის პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც თავის წარსულზე გვიამბობს. სპექტაკლში დროის ცვლილებები არამკაფიოა და მაყურებელს აბნევს. ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნებოდა მთავარი პერსონაჟის ცვლილების, ერთგვარი გამოღვიძების, პიროვნების გახსნის პროცესის ჩვენება; კარგი იქნებოდა, მაყურებელს უფრო მკაფიოდ დაენახა, თუ როგორ იცვლება ელისთან ერთად მისი გარემომცველი სამყაროსი, მის ირგვლივ მყოფი ადამიანების დამოკიდებულება და აღქმა. ვშიშობ, სცენურ ვერსიაში დაიკარგა ელისთვის და მისი მეგობრებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული იუმორი, მთავარი პერსონაჟის ოდნავ ირონიული დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. ასევე, ინსცენირებიდან ამოღებულია უფროსი ძმის, თრევისის და ელის მეგობრის, კეიშას პერსონაჟი, თუმცა, ვფიქრობ, ამ გმირების დამატებით სპექტაკლი უფრო მრავალმხრივი და საინტერესო იქნებოდა.

სპექტაკლში რეჟისორი მიმართავს ინტერაქციის მეთოდს, მსახიობების მიერ სცენიდან დასმულ შეკითხვებს მაყურებლები დიდი ენთუზიაზმით პასუხობენ, თუმცა ჩემი აზრით, ეს ინტერაქცია საკმარისი არ არის და მაყურებელს ერთგვარი დანაკლისის გრძნობას უტოვებს. წარმოდგენა და მასში დასმული პრობლემა იძლევა აუდიტორიასთან უფრო გაბედული, თავისუფალი დიალოგის საშუალებას. თუკი მაყურებელი თავს მთავარი გმირის კლასელად, პროცესის თანამონაწილედ ჩათვლის, ის კიდევ უფრო მეტად იგრძნობს პრობლემის სიმწვავეს.

ნათელ, ღია ფერებში გადაწყვეტილი დეკორაცია და კოსტიუმები იმ ანიმაციის ესთეტიკასთან არის შეხამებული, რომელსაც სცენის სიღრმეში ვხედავთ, (მხატვარი და ანიმატორი თამარ სამხარაძე) თუმცა სამოქმედო სივრცე  მეტისმეტად შეზღუდულია და რეჟისორს მიზანსცენების უკეთ გაშლის საშუალებას არ აძლევს; შესაძლოა, ეს ზუგდიდის თეატრის ამჟამინდელი სცენის მწირი შესაძლებლობებითაც არის გამოწვეული, რომელიც ამჟამად ზუგდიდის კულტურის სახლში მართავს წარმოდგენებს და მოთმინებით ელის საკუთარი შენობის მშენებლობის დასრულებას.

წარმოდგენაში ძალიან ჭარბი დოზით არის გამოყენებული მუსიკა, ვფიქრობ, ზოგჯერ უმიზნოდაც კი. მუსიკალური აქცენტი, რომელიც ხელს უნდა გვიწყობდეს ამა თუ იმ სცენის აღქმაში, ხშირ შემთხვევაში უფრო ხელისშემშლელია და თითქოს ფარავს კიდეც ზოგიერთ მნიშვნელოვან მოვლენას.

ვფიქრობ, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა გადაწყვიტა ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საბავშვო წარმოდგენის დადგმა და მიმართა თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ლინდა მალალი ჰანთის ამ მშვენიერი ნაწარმოების გასცენურების უკანასკნელი მცდელობა და ქართულ თეატრში დისლექსიის თემაზე კიდევ სხვა სპექტაკლებიც დაიდგმება. ვისურვებდი, რომ ამ პროცესში ის ფსიქოლოგებიც ჩაერთონ, რომლებიც კონკრეტულად ამ თემებზე მუშაობენ. საბავშვო თეატრს, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს და, რიგ შემთხვევებში, ამ განათლებაში მხოლოდ ბავშვი/მოზარდი მაყურებელი არ იგულისხმება, არამედ ჩვენც, - უფროსი ასაკის მაყურებელიც მოვიაზრებით. ვფიქრობ, ზუგდიდის თეატრის წარმოდგენა „თევზი ხეზე“ მნიშვნელოვანია არა მისი მხატვრული ღირსებებით ან ნაკლოვანებებით, არამედ იმით, რომ ახალგაზრდა რეჟისორი ეცადა თანამედროვე მოზარდს მისთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე დალაპარაკებოდა, მიმართა თანამედროვე ლიტერატურას და წამოწია დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საჭირბოროტო პრობლემა.

bottom of page