top of page

თევზი - მინის მიღმა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

D66A24EB-AC61-4A68-ADED-8E0872AE4804.png

თამთა ქაჯაია

თევზი - მინის მიღმა

თეატრი ათონელზე  მორიგი საინტერესო პრემიერა გაიმართა - გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი - „იოსები“, რომელიც ფრანც კაფკას რომანს „პროცესს“ ეფუძნება. დიდი ალბათობით, რეჟისორმა სპექტაკლის სახელწოდება, მრავალი მნიშვნელობით დატვირთული კონცეპტუალური გზავნილის გამო, სიმართლისთვის დევნილ ბიბლიურ პერსონაჟს -  „იოსებს“ დაუკავშირა. ბიბლიის თანახმად იოსები იაკობისა და რაქელის ძე იყო, რომელიც ძმების შეთქმულების მსხვერპლი აღმოჩნდა და განდევნილ იქნა სამშობლოდან.  „იოსები“ და კაფკას მთავარი გმირი  - იოზეფ კ. ერთ გზას გადიან, მათი ბრალდება არასდროს არ კონკრეტდება, სასამართლო/ოჯახი მათ ბრალს რაღაცაში დებენ და ვხედავთ უსამართლობას, რომელიც თვითნებური და აბსურდულია. კაფკას „პროცესი“ აღიქმება რელიგიური ალეგორიის ჭრილში - სასამართლო ღვთის სამსჯავროს სიმბოლოდ. ბიბლიური იოსებისგან განსხვავებით კაფკას  იოზეფ კ-ს არ ეძლევა ღვთისგან ბოძებული მადლი, არც ცოდვების მონანიების საშუალება და არც საჩუქარი.  

სპექტაკლის დასაწყისში ვიგებთ, რომ გიორგი შარვაშიძის გმირი „იოსები“ აბსურდული სისტემის მსხვერპლია. ბიბლიური იოსები ღმერთის ერთ-ერთი რჩეულია, იოზეფ კ. - გაურკვეველი სისტემის შემთხვევით შერჩეული პერსონა. იოსები უდანაშაულოა, მაგრამ ისჯება ცილისწამებით, იოზეფ კ.-ს ბრალი ედება - რაში არავინ იცის. ორივე პერსონაჟი სისტემის/საზოგადოებისგან ნასამართლევი პერსონაა, ორივე გმირი შინაგან მარტოობასა გარე სამყაროსგან გაუცხოებულია - მათი ცხოვრება ერთგვარ ლაბირინთად იქცევა, რომლისგანაც ბიბლიური იოსები განიწმინდება და ამაღლდება, ფრანც კაფკას კ. - იღუპება;  ორივე პერსონაჟი მსხვერპლის არქეტიპად გვევლინება - ერთი ცხონების, მეორე კი აბსურდისკენ მიმავალ გზაზე; ორივე პერსონაჟი გაუგებარი სამყაროს ცენტრში ექცევა, სადაც სიმართლე/სიცოცხლე - მართალი ადამიანის მხრიდან იმედისმომცემი სულაც არ არის.

მარიამ ძმანაშვილის სცენოგრაფიაში ორი ფერია დომინანტი, თეთრი და შავი, მხოლოდ იოსებს აცვია ყვითელი ფერის წინდები. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ ამავე დროს, ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალი, გვაჩვენებს იოსების ინდივიდუალიზმს, განსხვავებულობას, რომელსაც სისტემა ვერ იტანს და ფინალში კლავს მას, ანადგურებს. ყვითელი ფერი, ხომ სიცოცხლის საწყის ფერად მიიჩნევა და სწორედ ამას სპობს ხელისუფლება. მოქმედება მომავალში ვითარდება, რაც კიდევ  უფრო ამძაფრებს სასოწარკვეთას იმის შეგრძნებით, რომ სამართალი არასოდეს იარსებებს.

სცენაზე თვალშისაცემია თევზი აკვარიუმში, მარტოობაში მოქცეული ადამიანის მეტაფორა,  რომელიც მუდმივად დაკვირვების ობიექტია. როგორც სპექტაკლში იოსები, ისე კაფკას  „პროცესში“ იოზეფ კ. - ც სწორედ ასეთ მდგომარეობაშია: მას აკვირდებიან, აფასებენ, სჯიან, მაგრამ თავად ვერ ხვდება რატომ. ის საზოგადოების თვალწინ არის - როგორც თევზი მინის მიღმა. ისევე, როგორც თევზს არ შეუძლია აკვარიუმიდან თავის დაღწევა, იოსებიც ვერ პოულობს გზას აბსურდული სასამართლო სისტემიდან გამოსვლის. ჩვენ ვხედავთ სოციო-იურიდიულ სტრუქტურას, რომლის წინაშეც ადამიანი უმწეო და დაუცველია. აკვარიუმი თითქოს ბუნებრივი გარემოა თუმცა, ამავე დროს იგი სინამდვილეში ხელოვნური, აბსურდული სივრცეა, რომელიც თავისუფლებას მიმსგავსებული/იმიტირებული ფორმაა, შინაარსობრივად სავსე აბსურდითა და უგუნურობით. როგორც თევზი ისე იოსები ვერ ურთიერთობენ გარე სამყაროსთან - მწერლის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ადამიანის გაუცხოებაა.

კარზე მომდგარი ორი დაუპატიჟებელი, ხელისუფლების გამოგზავნილი პოლიციელი - გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია ქმნიან სისტემის მონამორჩილ პერსონაჟებს, რომელთა განათლება მხოლოდ წერა-კითხვით შემოიფარგლება. მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური აზროვნება, შინაგანი პროტესტის უნარი. ისინი ქმნიან სახეებს, რომლებიც იდეალურად ეგუებიან დაწესებულ წესებს - მათი როლებიც ზედმიწევნით, დამაჯერებლად და დამთრგუნველადაა შექმნილი. ისინი მხოლოდ კი არ მოქმედებენ სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ თავადვე ხდებიან მისი გამტარები, მათი ტონალობა, მეტყველება, მიმიკები და შეფასებები, გამომხატველია იმ სახეებისა, რომელიც მათ სისტემამ მიანიჭა. ამგვარი პერსონაჟები სიმბოლურად წარმოადგენენ საზოგადოების სახეს, რომლის მიზანიც ინდივიდის დათრგუნვა და მორჩილების ინერციაში განმტკიცებაა. ისინი ანადგურებენ თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს. უდანაშაულო ადამიანის წამებისას ისინი ერთ-ერთ ეპიზოდში მიირთმევენ რძეს, რომელიც ბოლო დროინდელ მოვლენებს პირდაპირ და ირიბად ეხმიანება.

სპექტაკლის ქრონომეტრაჟი 90 წუთია - ერთ მოქმედებად, თუმცა ჩემთვის ეს სპექტაკლი ორ მოქმედებიანი აღმოჩნდა. ნატალია გაბისონიას შემოსვლიდან წარმოდგენის ახალი აქტი იწყება, მისი გამოჩენა ემოციურად იმდენად დატვირთულია, რომ შთაბეჭდილებები ახლაც კი არ გამნელებია. ქართულ თეატრში ნატალია გაბისონია ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობის შესაძლებლობების მქონე ინტელექტუალი მსახიობია. სპექტაკლში იგი პროკურორი/მოსამართლე გმირს ხატავს, ძერწავს, ქმნის რომელიც უსქესო არსებაა. მისი ყოველი შემოსვლა, სწორხაზოვანი (ყველანაირი ზედმეტად გადადგმული ნაბიჯის გარეშე), მიზანმიმართული და წინასწარ განსაზღვრულია რაც პერსონაჟის ხასიათს კიდევ უფრო განამტკიცებს. მასში არანაირ გრძნობა და ემოცია არ არსებობს, მისი გაშეშებული მიმიკა, ცივ, გამყინავი მზეა მხოლოდ შვილთან ლაპარაკის დროს გარდაისახება,- იგი იქცევა ქალად, დედად. მის შესრულებულ გმირში არ არსებობს არცერთი ზედმეტი შეფასება, სიტყვა თუ „თამაში“. მსახიობისთვის ყოველი მოძრაობა თუ ქმედება იმ წუთიერი ბუნებრივი მოცემულობაა, რომელსაც სცენაზე თამაში არ ჰქვია. იგი ხელმძღვანელობს ედემის რესპუბლიკას (ცხადია სახელწოდება ცინიზმითა და სარკაზმითაა მოცემული) სადაც ადამიანის ბედით გართობას „პოპკორნის“ მირთმევით უყურებენ. ედემის რესპუბლიკაში არ არსებობს, თანაგანცდა და ყველაფერი შოუს ელემენტებამდეა დაყვანილი. ეს ხომ თანამედროვე სამყაროა სადაც ტექსტს აღარ ენიჭება მნიშვნელობა.

ერთ-ერთი მთავარი სათქმელი სპექტაკლის დასაწყისში გვესმის, როდესაც პოლიციელები იოსებს მიმართავენ, „იოსებ ნუ გავიწყდება სად ვცხოვრობთ“. ამ თითქოს მარტივ ფრაზაში საკვანძო სიმძიმის სათქმელია ჩადებული. ეს ყოველივე მიანიშნებს იმ ძალებზე, რომლებიც ინდივიდს ახრჩობენ და მის არსებობას ყოველდღიურ შიშად და გაურკვევლობაში გადაქცეულ ყოფად აქცევენ. ეს ფრაზა გამოხატავს, როგორც ნაწარმოების ასევე, სპექტაკლის მთავარ სათქმელს, გაუცხოებას, უსამართლობისა და უძლურების განცდას და მიგვანიშნებს, რომ დავიწყება ყველაზე მტკივნეული ფორმაა დანებებისა, ხოლო გახსენება და გამოღვიძება - წინააღმდეგობის ერთადერთი გზა.

და მაინც სად ვცხოვრობთ?.   

bottom of page