ტესტოსტერონი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
ტესტოსტერონი
„ზოგიერთი დეგენერატი მამაკაცის მეშვეობით,
რომელიც ქალს გაუცნობიერებლად ირჩევს,
კაცობრიობა მრავლდება…“
ავგუსტ სტრინდბერგი
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 28 იანვარს ახალგაზრდა რეჟისორის, ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლის - „ტესტოსტერონის“ პრემიერა გაიმართა. პიესის ავტორი ანჯეი სარამონოვიჩი, თანამედროვე პოლონელი რეჟისორი, მსახიობი, ჟურნალისტი და დრამატურგია. საზოგადოებაში პიესამ გამოსვლისთავანე დიდი ინტერესი და პოპულარობა გამოიწვია. ანჯეიმ პეტრე ადამჩიკთან ერთად გადაიღო ფილმი ამავე სახელწოდებით (2007). საქართველოში კი პირველად დაიდგა მისი პიესა.
ახალგაზრდა თაობის რეჟისორები ბოლო დროს დგამენ ისეთ სპექტაკლებს, სადაც მთავარი თემა ქალისა და მამაკაცის თანასწორობაა. „ტესტოსტერონი“ კომედიური ჟანრის პიესაა, სადაც მსუბუქად, ცინიზმით, სარკაზმით არის ნაჩვენები, მამაკაცური სიძლიერის მიღმა მდგარი, მთავარი მმართველი ძალა - ქალი.
თვალშისაცემია +18 პოსტერი (ნინო მაღლაკელიძე, სულხან გოგოლაშვილი), რომელზეც ვხედავთ მაგიდასთან მჯდომ შვიდ მამაკაცს (პიესაში რვა პერსონაჟია, შვიდი მამაკაცი და ერთი ქალი). შვიდივე მამაკაცის გმირი პროტაგონისტია (კორნელი - აბელ სოსელია, ფისტაჰი - ბაქარ დეისაძე, სტავროვი - სულხან გოგოლაშვილი, ტრეტინი - გია საგინაშვილი, იანისი - ლექსო ჩემია, ტიტუსი - ნიკა ძნელაძე, ჭია (მაგისტრი მიცკევიჩი) - იოანე იმედაძე). ქალს (სოფიო ჩირაძე) კი, მხოლოდ სპექტაკლის დასასრულს ვხედავთ - უტექსტო როლით. მთელი ორომტრიალი მის გარშემო ტრიალებს, რომელმაც საქმრო საკურთხეველთან მიატოვა.
რეჟისორმა ძირითადი ტექსტი უცვლელი დატოვა. სცენაზე დიდი გრძელი მაგიდაა ყვავილებით და სანთლებით გაწყობილი, მარჯვნივ რკინის, გამჭვირვალე ყუთის კონსტრუქციაა, რომელიც მოსაწევ სივრცედ არის განკუთვნილი. ამავდროულად ვხედავთ გამომწყვედულ, უსუსურ მამაკაცებს, რომლებიც უხილავად ქალების მიერ მართულნი არიან და ტესტოსტერონის მატების დროს ერთმანეთზე ძალადობენ.
სპექტაკლს ნიკა ძნელაძის პერსონაჟი ტიტუსი იწყებს, რომელიც საქმეზე მეტად მობილურით არის დაინტერესბული. მაყურებელს გაუჭირდა დასაწყისის აღქმა რადგან მსახიობი შეუმჩნეველად იწყებს წარმოდგენას და ამბობს: „თუ პრობელმაა, ამაზე უნდა ილაპარაკოთ“... რის შემდეგაც ვითარდება სიუჟეტი.
თითოეულ მსახიობს გათავისებული აქვს პერსონაჟის ხასიათი. ერთ-ერთ მოქმედებაში რეჟისორმა მამაკაცები, მაგიდასთან ჰორიზონტალურად ისე დასვა, რომ სცენამ ლეონარდო დავინჩის „საიდუმლო სერობა“ მოგვაგონა. მიუხედავად, იმისა, რომ პერსონაჟების ციფრი არ ემთხვევა მოციქულების რაოდენობას, მაინც ვხედავთ მათ შორის კავშირს. მოგეხსენებათ ციფრი შვიდი ქრისტიანულ რელიგიაში საკრალური რიცხვია - (შვიდი სასიდკვიდლო ცოდვა, სამყაროს შექმნის შვიდი დღე - ბიბლიის მიხედვით და ა.შ). ასევე თუ გავითვალისწინებთ სუფრასთან მჯდომი მამაკაცების განხილვის თემას, რაც მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენს - ქალს - მივდივართ ადამი და ევას შექმნის ისტორიამდე. კაცობრიობის გაჩენის დღიდან, ადამი მართულია ევას მიერ. სწორედ ამ მიზანსცენებით დატვირთა რეჟისორმა სპექტაკლი და ერთი შეხედვით მსუბუქ, იუმორნარევ კომედიას უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა.
მუსიკალური გაფორმება თავად რეჟისორს ეკუთვნის, მან არჩევანი Radiohead-ის The butcher-ზე და ella fitzgerald-ის Caravan-ზე შეაჩერა, რომელიც ზუსტად მიესადაგება კონკრეტულ სცენებს.
ფინალურ ეპიზოდში სოფიო ჩირაძის უსიტყვო, ხუთ წუთიანი შემოსვლა ყველა წამოჭრილ საკითხს სცემს პასუხს. უზარმაზარი კაბის კონსტრუქცია, რომელზეც დამაგრებულია, უამრავი პატარა ბუშტი ქალის მკერდის ასოციაციას ტოვებს. კაბის უკანა ნაწილი კი ჩაჭრილია და ვაგინის ფორმა აქვს, სადაც მამაკაცები იკარგებიან - აქ ჩანს მათი მამოძრავებელი ინსტინქტი.
მინდა აღვნიშნო, რომ რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სწორი აქცენტები დასვა, ბეწვის ხიდზე გაიარა და უხამსი სიტყვების მიუხედავად (რომელიც მრავალდაა სპექტაკლში) შექმნა გემოვნებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლი.
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook გვერდიდან