top of page

ტერზოპულოსის “Amor”, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

415157682_721305829975434_289082930234345979_n.jpg

ანი ცხვედაძე

 ტერზოპულოსის “Amor”, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება               


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარმა“(GIFT), 26-ე სეზონი 2023 წლის 21 ოქტომბერს გახსნა, გენიალური რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. თეატრით დაინტერესებული მაყურებელი მეორე წელია შესანიშნავი შესაძლებლობის მომსწრეა, ტერზოპულოსი ენიგმატური და სრულიად მომნუსხველი სცენური კომპოზიციებით, სპექტაკლით, დრამატული პერფორმანსით და მასტერ-კლასით სტუმრობს საქართველოს! დიახ, მისი ნამუშევარი აერთიანებს ყველა იმ სახელდებას, რაც ჩამოვთვალე: უნივერსალურ კომპოზიციას, სპექტაკლის აკადემიურ გაგებას, ეგრეთ წოდებულ სპექტაკულარიზაციას, პერფორმატიულ ხელოვნებასა და ერთდროულად სამსახიობო-სარეჟისორო ოსტატობის მასტერ-კლასს...!


ტერზოპულოსის ტრილოგიის პირველი სპექტაკლი „Alarme” 2022 წელს იხილა მაყურებელმა, (იხ. ტექსტი ტერზოპულოსის „ალარმე“, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება) ხოლო 2023 წლის სეზონზე კი მეორე ნაწილი „Amor”-„სიყვარული“. მოთმინებითა და ცნობისმოყვარეობით ველით მომავალ წელს ტრილოგიის მესამე ნაწილს, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს - „Encore”.


სცენურ კომპოზიციას <ამორ> საფუძვლად უდევს თანასი ალევრასის პოეზიის კონცეფცია; 2013 წელს პრემიერა შედგა ატისის თეატრში, ამ დრომდე წარმოდგენა ევროპულ სცენებსა და ფესტივალებზე უწყვეტად თამაშდება.
ტერზოპულოსისთვის დამახასიათებელი უნივერსალური მეთოდის მორიგი თავდაუზოგავი სცენური სანახაობაა „ამორ“, სადაც სანახაობის მთავარი დემიურგია - მსახიობის სხეული და მისი ვერბალური მხარე, მსახიობის მიერ მაღალპროფესიონალურად არტიკულირებული <ამბავი>; <პრობლემა>; <ეგზისტენციალურად უწყვეტი კრიზისი> და <გამოსავალი, ანუ პანაცეა>!

ტრილოგიის ორივე ნაწილში, რაც უკვე ქართველმა მაყურებელმაც იხილა, მსახიობები შეადგენენ აბსოლუტს, მთელ სისავსეს სცენაზე და მათი შესაშურად პროფესიონალურად მჟღერი არტიკულაცია, რომელიც ჰარმონიულ აკუსტიკურ ატმოსფეროსა და ბგერათა მელო-დრამატულ არქიტექტონიკას ქმნის!.. სამსახიობო ოსტატობის ძლიერი შემადგენელი წარმოადგენს კომპოზიციის მამოძრავებელ, წარმმართველ ვექტორს, ვერბალური აპარატის (ჩემი სიტყვებით) <დისციპლინური დინამიზმი> მკაცრად განსაზღვრულობის მიღმა, იმპროვიზაციულ დატვირთვას სძენს სანახაობის დრამატურგიულ სტრუქტურას... რის შედეგადაც მსმენელ-მაყურებლის ემოციურ შრეებში, ერთგვარად მუსიკალური აკომპანირების ალუზიები ჩნდება.


ორი ბრწყინვალე მსახიობის ინვერსიული, შემტევი და თან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიტყვების უსწრაფესი დინება - კომპოზიციის გმირების სტატიკურ პოზას ქრომატულ ელფერს ანიჭებს და სტაბილური მოქმედების მუხტს ტოვებს კომპოზიციის მსვლელობის დროს.
თითქმის პლეონაზმის სტრუქტურაში მოქცეული - განსხვავებული ჟღერადობის, თუმცა იდენტური შინაარსის გამომხატველი სიტყვების სწრაფი თანმიმდევრულობა - საოცარი მსახიობის, ანტონი მირიაგოსის პრეროგატივაა ტერზოპულოსის <გროტესკულ ფერწერაში>.
სცენური კომპოზიცია <ამორ> აერთიანებს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ფინანსური რეცესიის პრობლემას, აღნიშნული სინამდვილის მკაცრ კრიტიკას, განზოგადებულ ირონიასა და თვითირონიის მძაფრ შეგრძნებას, ხოლო ეპილოგად უმცირეს დროში, რამდენიმე წამით გაჟღერებულ სასოწარკვეთილ ძახილს სიყვარულისადმი - სიტყვით Amor..


საბერძნეთის თეატრის გამოჩენილი მსახიობები, აგლაია პაპა და ანტონი მირიაგოსი შთამბეჭდავი ექსპრესიულობითა და გროტესკით გადმოსცემენ მაყურებელს - უსასრულო დაკრედიტებისა და ყიდვა-გაყიდვის ბლოკადაში მოქცეული სასოწარკვეთილი კაცობრიობის ბედს!..


აგლაია პაპას გმირი სცენაზე გამუდმებით იყიდება, „ყიდულობს“, „მოიხმარს“, „იღებს კრედიტს“, და კვლავ, ის იყიდება! კაცობრიობის ფრუსტრირების ჩვენებას რეჟისორი კონკრეტული სუბ-ჯგუფების ჰიპერბოლიზებით არ ახდენს, არამედ, მასშტაბურად, განზოგადებული კონტექსტით, მრავალპლანიან პერსპექტივაში გაშლით გვაჩვენებს საკითხს და ამ პრინციპით მისი ქმნილებები ჭეშმარიტად პერფექციონისტულია, ფართომასშტაბიანი, აბსოლუტური, მაშასადამე, მოიაზრებს ყველას და საყოველთაო მნიშვნელობისაა...!

გარდაუვალი მზარდი საპროცენტო განაკვეთებით განებივრებული ქართველი საზოგადოებისთვის, უფრო ზუსტად კი, მარჯანიშვილის თეატრში მსხდომი პუბლიკისთვის, ესოდენ მშობლიური ემოციის აღმძვრელი იყო ტრილოგიის მეორე ნაწილი.
აგლაია პაპას მიერ მწყობრად ისტერიულ ტონალობაში წარმოთქმული ბასრი სიტყვების ჯაჭვი, უეცრად, არც თუ იშვიათი ინტერვალით იკვეცება მირიაგოსის მიერ, რომელიც ხან ბერძნულად, ხანაც ინგლისურად ფულის ეკვივალენტებს, ზოგჯერ გაზრდილ, ზოგჯერ დაცემული ფულის ნიშნულებს საფონდო ბირჟის მსგავსი იმიტაციით აცხადებს. ანტონი მირიაგოსის ფიგურა მთელი კომპოზიციის განმავლობაში კონტრაპოსტულ პოზაში მყოფი, ხელების ვირტუოზული მოძრაობის თანხლებით, უწყვეტად ითვლის გაყიდული ქალისგან მიღებულ ბენეფიტს.


აგლაია პაპას ფიგურა კომპოზიციის მსვლელობისას პარტერთან ანფასშია, (მირიაგოსი პროფილშია მაყურებელთან და მხოლოდ ქალს უყურებს) ქალი მძაფრად ნიჰილისტური და თვითირონიული მზერით საკუთარ თავს ყიდის. ყიდის ყველაფერს რაც გააჩნია, სხეულის ნაწილებს, სულს, იდენტობასაც ჰყიდის! თითქოს ხმამაღალი ნებაყოფლობითი კაპიტულაციის აქტია მისი პერსონა „ამორში“. და ქალი იმეორებს კომპოზიციის დასკვნით ნაწილში ამბის გამხსნელ ფრაზას: „აქ თეატრის სცენაზე, ევროპის საძირკველში, ვყიდი ყველაფერს.“
რეჟისორის აზრით: ყიდვა-გაყიდვის ფსიქოზში, მწვავე კონსუმერიზმში მყოფი ადამიანისთვის ნათელი წერტილი, ანუ პანაცეა არსებობს და ეს პანაცეა, მიუხედავად კოლოსალური ფინანსური, თან მენტალური დევალვაციისა, ტოტალური იმედგაცრუების დაუსრულებელ ციკლში არის <Amor-სიყვარული> - ორივე გმირი, გაყიდული სუბიექტი და მყიდველი-კონსუმერისტი, შიშნარევი, თან იმედს ჩაბღაუჭებული სასოწარკვეთილი ინტონაციით მოუხმობენ კომპოზიციის უკანასკნელ წამებში სიყვარულს, როგორც თავის გადარჩენის ერთადერთ სრულყოფილ გზას: <....ამორ...>

აგლაია პაპას ცნობილი გამონათქვამია: „რადგან საქმე თეატრთან მაქვს, ესე იგი პოლიტიკურ პროცესში ვარ ჩართული. არ არსებობს არაპოლიტიკური თეატრი. თეატრი გადაჯაჭვულია ადამიანის არსებობასთან და ადამიანის არსებობა პოლიტიკურია.“

„ამორ“-ის კონცეფციაც იმ პოლიტიკის მკაცრი ლუსტრაციაა, როგორ რეცესიულ რეალობაშიცაა თანამედროვე ადამიანი, აუქციონის მსგავსად, მას მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან; აფასებენ რამდენად შეიძლება „გაიყიდოს“. ამ სინამდვილეში არ რჩება ადგილი საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, არ რჩება დრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის. თანამედროვე ადამიანი ეგზჰიბიციონისტული სქემის მიხედვით, ვირტუალურ სივრცეშიც უწყვეტი ‘დაკვირვების ობიექტია’, და ისიც, როგორც ტერზოპულოსის <ამორში> აგლაია პაპა, ჰყიდის საკუთარ თავს; ჰყიდის სხეულის ნაწილებს, ფეხებს, ხელებს, თვალებს, მკერდს, ჰყიდის სხეულის ორგანოებსაც: ფილტვს, თირკმელს, გულს... და მას ყიდულობენ აუქციონის მუდმივი ბინადრები.



Photo: Johanna Webber




                                                                                                                                                                                            

bottom of page