
თეატრს ვერ მოკლავთ, ბატონებო!..
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

16.06.2026
ლელა ოჩიაური
თეატრს ვერ მოკლავთ, ბატონებო!..
თავისუფალი თეატრი საზოგადოებას - მაყურებელს - წინასწარ აფრთხილებს, რომ ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლს, „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ (რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით დადგა), თითქოს „ნამდვილი“ არაა, რადგან „თამაშობენ“. შესაბამისად, გაფრთხილებული, ინფორმირებული, ანუ ცოდნით შეიარაღებული მაყურებელი მზადაა ცნობად მიიღოს, რომ, რასაც ნახავს, მხოლოდ და მხოლოდ, თამაშია. ასეთი განაცხადი ვითომ „აიოლებს“, მაგრამ თან ართულებს საქმეს, რადგან წესების ორმაგ ხერხსა და მყარ დაცვას მოითხოვს - თამაში თამაშში, სპექტაკლი სპექტაკლში, რომანი სცენაზე, რომანის „თამაში“, თან „კვაჭი კვაჭანტირაძის“. თან დღეს - არაა ადვილი ამბავი, ბევრი მიზეზით.
პირველ რიგში, ფორმატიდან დაწყებული (500 გვერდი, 40 კარი), შესაბამისად, მრავალთემიანი სიუჟეტი, რამდენიმე ათეული ამბავი; გეოგრაფია - საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი; ჩართულობა ისტორიულ პროცესებში, პარალელები, ასოციაციები; ნამდვილი, შეთხზული და ინტერპრეტირებული მოვლენები; ისტორიული, გამოგონილი და ახალგამოგონილი პერსონჟები - წინააღმდეგობებსა და სიძნელეებს გულისხმობს. მაგრამ „თავისუფალში“ წინაღობები დაძლეულია - ოსტატობითა და იმის „ზუსტი ცოდნით“ - რა უნდათ, რატომ თამაშობენ და როგორია კვაჭი კვაჭანტირაძე, მისი გარემოცვა და სამყარო - დღევანდელ რეალობაში, რეჟისორის გადაწყვეტილებითა და წარმოსახვით, მისივე დადგენილი წესებითა და კანონებით.
ამისთვის, ავთო ვარსიმაშვილმა, საკუთარი ვერსიითა და „წაკითხვით“, რომანზე დაყრდნობით დაწერა პიესა და რომანიდან ბევრი რამ ორგანულად გადაასხვაფერა. მოშალა კედლები, რომლებიც ყოველთვის არსებობენ - პროზაულ და თეატრალურ ტექსტებს შორის, შეიმუშავა საკუთარი კოდები და „ენა“, მოარგო სცენასა და მოქმედებას; ააწყო რთული კონსტრუქციის, რამდენიმეშრიანი სპექტაკლი და სრულიად გათავისუფლდა იმ კლიშეებისა და დოგმებისგან, რომლებიც, შესაძლოა, თან ახლდეს, 100 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს რომანზე „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“.
აქვე, ისიც კიდევ ერთხელ უნდა „ვაღიაროთ“, თუ რა დიდი მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი და რომ მისი პირველი რომანი დღესაც თანადროული, დაუძველებელი და ახალი ინსპირაციის წყაროა და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალის.
სპექტაკლი რომანის რამდენიმე კარის - რამდენიმე ძირითად და „კვაჭიზმის“ ამსახველი, სახასიათო ამბისგან შედგება. აშკარა და ზუსტი აქცენტებითაა აგებული დროსა და სამყაროს სხვადასხვა წერტილში გაშლილი „თავგადასავალი“, რომელიც დრამისა და სატირის, პაროდიისა და ფარსად ქცეული მასშტაბური ტრაგედიის მონაცვლეობით ვითარდება და ძლიერ ნაკადებად მიედინება. და არსად უხვევს გზიდან.
მიხეილ ჯავახიშვილი, კვაჭის პირით, მედროვეებს ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს და აფრთხილებს: „თვალი უნდა გეჭიროთ, რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვებულის მხარეზე, დროზე მიაფურთხოთ დაძლეულს და მძლეველსაც დროზე მიულოცოთ“. თანამედროვეებიც ასე მოქმედებენ, იზიარებენ და იყენებენ კვაჭის - „კვაჭიზმის“ უკვდავ და უცვეთ პრინციპებს, ფილოსოფიასა და ცხოვრების კრედოს, „ასის წლის“ შემდეგაც და არა მგონია, ცუდად გრძნობდნენ თავს. „დიდი კვაჭები კი სულ სხვა ბანაკში უნდა ვეძებოთ (პოლიტკვაჭები)“.
ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში „მთავარი“ რეალობის მოქმედება იქ იწყება, სადაც ნებისმიერი სპექტაკლი უნდა დაიწყოს - თეატრში, „კვაჭი კვაჭანტირაძის“ დადგმის შეკვეთით. თანაც, ორი კონტრ დამკვეთისგან, მეცენატისა და რაღაც უწყებისგან, რომლებსაც თავიანთი მიზეზი და მიზანი აქვთ და არც ერთ შემთხვევაში - შემოქმედებასთან დაკავშირებული. ხელოვნება იარაღად უნდა იქცეს - შურისძიების, განადგურების სასტიკ, აუხსნელ, თუმცა, ძალიან ნაცნობ და გამოცდილ საშუალებად.
საექსპოზიციო ეპიზოდის დასრულებიდან, როლების, ფუნქციების, ქმედების გეგმის, წერტილების გადანაწილებიდან მალევე, მოქმედება დინამიკურად გადადის კვაჭის თავგადასავალში და სპექტაკლი რეალობად იქცევა. ეს თამაში თამაშის წესებს არღვევს. სპექტაკლის „თამაშს“ ახალი სინამდვილე ცვლის - „კვაჭის“ რეალობა. მოვლენები ნამდვილდება და მონაწილეებისთვის „ცხოვრებად“ იქცევა. თავიდანვე ცხადდება არა ის, რაც დამკვეთებს უნდათ, არამედ ის, თუ რა გადახდათ თავს კვაჭის, მის ამალას, გარემოცვას, რა ხდება ქვეყანაში (ქვეყნებში), რა ჯაჭვში ჩაება, პირველ აპრილს, სამტრედიაში, სილიბისტრო კვაჭანტირაძის სახლში დაბადებული პირველი ვაჟი, რომელმაც, როგორც ქალბატონმა ნოტიომ უმარჩიელა, „მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი გამოიარა, სხვას აფერი შეარჩინა და ეს ქვეყანა დეიჩემა“ და ბუნებრივია, ისიც აშკარავდება, თუ რატომ და რაზე დადგა არა სპექტაკლის პერსონაჟმა, რეჟისორმა ავთომ - რომელსაც, როგორც თავად აცხადებს: „არანაირი შემოქმედებითი და პიროვნული პრინციპი არ გააჩნია“ - გოგა ბარბაქაძის შესრულებით, არამედ, ავთო ვარსიმაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილის - „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“.
„კვაჭი კვაჭანტირაძე“ - სპექტაკლში სპექტაკლია, რომელსაც რეჟისორ ავთოს უკვეთავენ, კრიმინალური ჩანაფიქრითა და მიზნით, რომელსაც დგამენ და თამაშობენ, უშუალოდ და თეატრის წესების მიხედვით. ამგვარი გადაწყვეტა საერთო სტრუქტურაში დამატებითი შრესა და გარსს ქმნის. თუმცა, ის, რომ, რაც სცენაზე ხდება, ანუ, „შიდა“ სპექტაკლი - ყველა შემთხვევაში, საწყის სივრცეში ბრუნდება - გზავნილები მაყურებელს მუდამ „ახსენებენ“, რომ „კვაჭის“ თამაშობენ და პერიოდულად, ცვლიან თამაშის ხერხს - ამა თუ ეპიზოდის ჩავლის შემდეგ, მათში ჩართული მსახიობები, შიდა კედელთან, სიბნელეში განლაგებულ საგრიმიორო მაგიდებს უსხდებიან და მომდევნო გამოსვლას ელოდებიან. მაშინ, როდესაც ავანსცენასა თუ სცენის სხვა მონაკვეთებში მომდევნო „კარი“თამაშდება, ახალი ამბავი იწყება და მოქმედებაში სხვა მოქმედი გმირები ერთვებიან.
კვაჭი, ელენე, იოსეფი, რებეკა, ლედი ჰარვეი, რასპუტინი - წმინდანი და მაცხოვარი, მღვდელი, ბესო, ჭიპი, სტუდენტი, ბანკის მმართველი, პოლიციელი - ოსტატი მსახიობების - გოგა ბარბაქაძის, სლავა ნათენაძის, თიკო კორძაძის გვერდით, ახალგაზრდა - ლიზა რუხაძის, გიგა კაკუბავას, ბუკა ღლონტის, ოთო ლორთქიფანიძის, ნიკო გოგიჩაიშვილის - შესრულებით - მრავალფეროვან ინდივიდუალურ და ჯგუფურ - საზოგადოების პორტრეტებს ქმნიან. მსახიობები ხან ვინად გარდაისახებიან ხან ვინად, ხან მისტიკურ და ხან „რეალურ“ სახეებს იღებენ, ხან ნიღბებს ირგებენ და ხან ბუნებრივად ატარებენ ნიღბებს. ხან რომანის პერსონაჟები არიან და ხან, პიესისაც, რომლებიც მოქმედებაში მაშინ ერთვებიან, როდესაც საქმეს სჭირდება. ნაწილი - მსახიობია, მეორე ნაწილი - დამკვეთები და შემსრულებლები - სახელმწიფო თუ სტრუქტურისა და კრიმინალი მეცენატი ბიზნესმენის კრიმინალი ხელქვეითები - რომლებსაც ყველას - თეატრი, სპექტაკლი და ისტორიული თუ პოლიტიკური გარემოებები, ფუნქცია და მიზანი და დრო, დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარად არსებობის „უნარ-ჩვევები“, ერთობა, დამოკიდებულეა, საერთო ბედი და დაპირისპირება აერთიანებს.
კვაჭი კვაჭანტირაძე“ იგავია და კვაჭიც იგავური პერსონაჟი, არქეტიპული, უნივერსალური, დროის მიღმა და თანადროული. ასეთივე კრებითი და არქეტიპული არიან დანარჩენი მოქმედი გმირები, კრებითი სახეები, რომლებსაც მათზე „დაკისრებული“ იდეები მოაქვთ, ახალი ვერსიითა და საავტორო ინტერპრეტაციით. ეს ის საზოგადოებაა, რომელშიც „მის“ მეგობრებს თავიანთი მეგობრები ჰყავთ, რომლებიც და რომლებსაც უთვალთვალებენ, მათი და მათ შესახებ ყველაფერი იციან. ისინი ყველგან არიან და სახეს იცვლიან, როდესაც ამა თუ იმ მოვლენის დრო დგება. პარიზშიც, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში და უმთავრესად, რუსეთშიც. საქართველოშიც.
პირობითი რეალობის გამომსახველი ცვალებადი ფორმები და ამა თუ იმ სცენის გადაწყვეტის ხერხები, ეპიზოდებით თამაშის კონტრასტულობა, დროსა და სიტუაციას მორგებული კოსტუმები - კვაჭისა და საზოგადოების, დროებასა და „სარგებლიან გამორჩენაზე“, მორგებულობის, მიმდინარე პროცესების მეტყველი ვიზუალური გამომხატველია. რაშიც ყველა სადადგმო ელემენტი და დეტალია ჩართული.
გოგა ბარბაქაძე, ორ „მთავარ“ და განსხვავებულ როლს ასრულებს - რეჟისორისა და კვაჭის. მიმზიდველი სილაღითა და დახვეწილი ირონიით, ზუსტი და გამოკვეთილი ხასიათების მდიდარი ნიუანსებით, რეაგირებებით, შეფასებებით, გამომსახველობის დიდი ძალით მიჰყავს თავისი და სხვების ცხოვრებაც. იგი, ისევე, როგორც ყველა სხვა - ჯალათიც არის და მონაც, მსხვერპლიც, წამებულიც, მოვლენებსაც განსაზღვრავს, აცნობიერებს, ერგება, იბრძვის, იმარჯვებს, მარცხდება, ფარისეველიცაა და გულწრფელიც.
მოქმედების მსვლელობას ამბებისა და თავგადასავლების განვითარების ციკლურობა და ერთ მოცემულობაში პერსონაჟების სხვადასხვაგვარი ჩართულობის პრინციპი „ამუშავებს“, პირობითობისა და სპექტაკლის საერთო გამომსახველობის, პერსონაჟების სახიერებისა და ქცევის მოტივაციის მეტყველი და ბასრი მეტაფორების ჯაჭვურობა. გარდასახვები - არა მხოლოდ პერსონაჟიდან პერსონაჟში, არამედ ვითარებიდან, შემგუებლობიდან, „მედროვეობიდან“, სხვადასხვა პერიოდში, ისტორიული ქარტეხილების გარემოცვაში, სამყაროში გადაადგილებისა და ცხოვრებისეული პერიპეტიების პირობებიდან, პოლიტიკურ გარემოებებზე მორგების ალღოდან და მოქალაქეობროვი პოზიციის მთელი რიგი ცვლილებების ფაქტიდან გამომდინარეა. პირველ რიგში, კვაჭისთვის. ისინი და მათი არჩევანი, „შინაგანად“ განსაზღვრავენ სპქტაკლის სტილისტიკასა და ფორმას, ჟანრობრივ აგებულებას, მხატვრული პირობითობის მრავალფეროვნებასა და საშემსრულებლო მანერას.
მირიან შველიძისა და ავთო ვარსიმაშვილის ხატოვანი, ნეიტრალური და არაკონკრეტული დეკორაცია (რომელშიც ოქროსფერი, ოხრა და ყავისფერი ჭარბობს) პრაქტიკულად, უცვლელია. რეკვიზიტის, ყოფითი თუ აბსტრაგირებული ობიექტების გადაადგილება და მიზანსცენების „გადაწყობა“ ცვლის მოქმედების ადგილსაც და სიტუაციასაც. სცენაზე, პერიოდულად, კარს დაატარებენ, რომელსაც არც საყურდენი აქვს და არც ერთი მდებარეობა. მასზე ანგელოზის რელიეფური გამოსახულებაა. ეს ჯადოსნური კარია. ბევრგან იღება და ბევრი შესასვლელი თუ გამოსასვლელი აქვს. მის მიღმა კი, ბევრი უკეთურებაა და წმინდანი მათ ვერ ერევა. განათების „ნამდვილ“ და ირეალურ წყაროებში ჩაფლული სამყაროა. კვამლი „გამოსახულების სიმკაფიოვეს“ შლის და მალავს, აღრმავებს კონსტრუქციის შრეებს.
ვატო კახიძის მუსიკა, ორიგინალური და თავისთავადი ინტერპრეტაციით, გადაწყვეტის ამგვარი მეტყველების ხასიათს ძლიერებს. ის ხან „უმელოდიო“ და ნეიტრალურია, ხან ნერვულ ფონს ქმნის, ხან ნაცნობი და „თემატური“ არსის შემცველი ხდება, პირდაპირი გადაძახილითა და ახალი არანჟირებით. მუსიკაც დროების მეტყველი ხმაა, განწყობების, რაობის, პროცესების ხმოვანი გამომსახველი.
სივრცობრიობისა და მიმდინარე პროცესების სიმწვავისა და მნიშვნელობის ამგვარ აღქმას, განფენილობასა და „არაგულგრილობას“ აძლიერებს გიორგი ვარსიმაშვილის ვიდეომასალა, მონიტორებზე აღბეჭდილი გამოსახულების კონტრასტი სცენურ სინამდვილესთან, მონტაჟი და კოლაჟურობა, რომელიც სხვადასხვა პერიოდისა და მოვლენის ქრონიკას შეიცავს, რომელიც ამ კონტექსტში, მეტაფორულ სახეს იძენს. ისტორიის იმ ეტაპებსა თუ ფაქტებს აჩვენებს მეტყველად, რომლებიც ძირითადი მოქმედების მიღმა ხდება, მაგრამ, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას, იწვევენ „შიდა“ მოვლენებსა და საზოგადოების - პერსონაჟების რეაქციას, საქციელის თავისებურებებსა და კითხვებზე პასუხების ძიების პროცესს მართავენ. და სიუჟეტის მსვლელობისა და ადამიანების ბედის გამსაზღვრელი ხდებიან.
ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში არის - კრიტიკა, თვითკრიტიკა, თვითირონია, ირონია და სამყაროს ამ ჭრილში შეფასება, რეალობასთან, დღევანდელ პროცესებთან პირდაპირი კავშირი. არაპირდაპირიც. ქვეტექსტური. ძალიან ლოკალურიც და ზოგადსაკაცობრიოც. პარალელები რომანის ეპოქასა და თანამედროვეობასთან. რეაქცია და პასუხები იმაზე, რაც ხდება სივრცეებში, რომლებიც საზოგადოების ვიწრო წრეებსა თუ მასშტაბურ მოვლენებს მოიცავენ. უშუალოდ, თეატრში (რომელიც „ცხოვრებაა“) ან, რაც მის კარს მიღმა, სამყაროში ან სულ რამდენიმე მეტრში ხდება, ზემოთაც და ქვემოთაც. ქუჩაშიც, შენობებშიც, მოედნებზეც, ქალაქებშიც, სახელმწიფოში.
ავთო ვარსიმაშვილი სპექტაკლის ფინალში, როდესაც რეჟისორ ავთოს სპექტაკლი სრულდება, კვლავ ბრუნდება შიდა რეალობის განზომილება. ამბავი კონტროლის „ზონიდან“ გადის და „სიუჟეტი“ თავისი სვლით იწყებს განვითარებას, თუმცა, შეიძლება, ნაწილობრივ, სწორედ იმ შედეგით, როგორც ვიღაცამ დაგეგმა და ჩაიფიქრა. შემდეგ, გოგა ბარბაქაძის გმირი „გამოდის როლიდან“, თავის სახეს იბრუნებს, როგორიც ოდესღაც ჰქონდა, მიმართავს მათ, „ვისაც ახლა ხელში იარაღი უჭირავს“, უხსნის, რომ „არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ადამიანი შიშს კარგავს... ხელოვნებაში კი ტყვიები მასში შეხების გარეშე გადიან“, და სპექტაკლის არსს, მთავარ სათქმელს დეკლარირებულად და „პირდაპირი დამიზნებით“ აცხადებს, და ასე ასრულებს მონოლოგს - „დამავიწყდა... დამავიწყდა მეთქვა, ბატონებო, ხელოვნება უკვდავია! თეატრს ვერ მოკლავთ! გაიტანეთ გვამები!“.
ეს ორმხრივი სროლების დროს, ტყვიებით დაცხრილული რეჟისორის ბოლო სიტყვებია. რა ვიცი... სინამდვილესი, თეატრის მოკვლაც შეიძლება და არასასურველი და რეჟისორებისა თუ მსახიობების გზიდან ჩამოცილებაც. თუმცა, გოგა ბარბაქაძის გმირის „ტყვიაგაუმტარობა“ მაინც ამტკიცებს მისი - ხელოვნების - უკვდავებას. ფორტინბრასის ფინალური ფრაზაც, გვამების გატანის შესახებ, „ჰამლეტის“ ფინალიდან, დღეს, აქ და ახლა, სხვაგვარად ჟღერს.
P.S. მიხეილ ჯავახიშვილმა რომანზე „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“ მუშაობა 1924 წელს დაასრულა. ცენზურაგავლილი სრული ვერსია 1925 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, მალევე აიკრძალა. რეაბილიტაციისა და აკრძალვის მოხსნის შემდგომ, რომანი საქართველოს თეატრებში სულ რამდენჯერმე დადგეს. მათ შორის, ავთო ვარსიმაშვილმაც, 1988 წელს, რუსთაველის თეატრში და ახლისგან მკვეთრად განსხვავებული ვერსიით.
ახლა ამ ამბებს არ გავიხსენებ. რა თქმა უნდა, არ დავიწყებ კვაჭის („რომელნიც, - მიხეილ ჯავახიშვილის შეფასებით, - ჩემს კურთხეულ სამშობლოში ყოველთვის უხვად მოიპოვებოდნენ“/მოიპოვებიან) დახასიათებას და მით უმეტეს, რომანის სიუჟეტის მოყოლას. არც მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიას, არც რეპრესიების ეპოქას, არც ცენზურისა და აკრძალული ლიტერატურის, საბჭოთა იდეოლოგიით მცხოვრები საბჭოთა საქართველოს ისტორიასა და ხელოვნების ისტორიას გადავხედავ.
P.P.S. 2026 წლის 31 მარტს თავისუფალი თეატრი 25 წლის გახდა. და ავთო ვარსიმაშვილმა ასე დაასაჩუქრა საკუთარი თავიც, საკუთარი და ზოგადად, ქართული თეატრიც, თავისი მაყურებელიც და ქართული კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაციისა და გააზრების უმაღლესი კლასის მასტერკლასიც ჩაატარა.
ავთო ვარსიმაშვილის, საქართველოში დადგმული, ყველა სპექტაკლი მინახავს, სტუდენტურებიდან დაწყებული, „რუსთაველითა“ და „სარდაფებით“ (რუსთაველი, ვაკე) გაგრძელებული, შემდეგ, „გრიბოედოვსა“ (ეს სხვა ისტორიაა და ამჯერად არ შევეხები) და თავისუფალ თეატრში, და რადგან ბევრი მინახავს და მახსოვს (შეიძლება უფრო „ამბიციურიც“, მასშტაბურიცა და მოცულობითიც, დრამატურგიისა და კონსტრუქციის სირთულით), შემიძლია ვთქვა, რომ „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ მათგან ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული და მნიშვნელოვანია. და „ეჭვი მაქვს“, რომ ამ განაცხადით, 25 წლის „თავისუფალისა“ და მის დამფუძნებელ-ხელმძღვანელის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო. „გვამების გატანის“ დროც აუცილებლად მოვა.