top of page

თეატრში მოქცევის წესები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

07.jpeg

ანა მირიანაშვილი

თეატრში მოქცევის წესები

 

ხშირად კამათობენ იმაზე, შეიძლება თუ არა პატარა ბავშვის მიყვანა ისეთ სპექტაკლზე, რომელიც უფროსებისთვისაა დადგმული. როგორ უნდა მოიქცეს თეატრის კაპელდინერი (ან ადმინისტრაცია) იმ შემთხვევაში, თუკი აფიშაზე მითითებულია ასაკობრივი ზღვარი 18+, მაგრამ დედა უკვე შეძენილ ბილეთს აფრიალებს და პრეტენზიული ტონით არწმუნებს ყველას, მისი მცირეწლოვანი შვილი იმდენად განვითარებულია, რომ საუფროსო სპექტაკლსაც მშვენივრად გაიგებს. თეატრის თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რომ დიდი ალბათობით ეს ბავშვი სამსაათიან სპექტაკლზე ვერ მოისვენებს და სხვა მაყურებელსაც ხელს შეუშლის სპექტაკლის ყურებაში.

 

ერთი მხრივ, ძალიან მისასალმებელია, როდესაც მშობელს (ან ბებია/ბაბუას) ბავშვის თეატრში წაყვანა უნდა. ამ შემთხვევაში, უფროსები არჩევანის წინაშე დგებიან - წაიყვანონ ბავშვები საბავშვო წარმოდგენაზე, რომელიც თავად უფროსებს დიდად არ აინტერესებთ, თუ ისეთ სპექტაკლზე, რომელიც უფროსისთვის საინტერესოა, პატარისთვის კი - გაუგებარი და მოსაწყენი. როგორც წესი, ასეთი გაუგებრობების გამო ზარალდება ბავშვიც, სხვა მაყურებელიც და სცენაზე მდგარი მსახიობიც. თეატრში მომუშავე ხალხი ლამის ყოველდღიურად ვაწყდებით მსგავს პრობლემას, რომლის თავიდან არიდებაც ძალიან მარტივად შეიძლება.

 

არსებობს რამდენიმე ოქროს წესი და თუკი მათ დავიცავთ, პატარებთან ერთად თეატრში სიარული სასიამოვნო და სასარგებლო იქნება ყველასთვის: უფროსებისთვის, მსახიობებისა და თეატრის სხვა თანამშრომლებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებისთვის.

 

 

წესი #1 - ყოველთვის ენდეთ იმ ასაკობრივ მაჩვენებელს, რომელიც აფიშაზეა მითითებული, რადგან ეს ციფრი იქ შემთხვევით არ მიაწერეს. ბუნებრივია, ყველა თეატრი დაინტერესებულია, ბევრი მაყურებელი ჰყავდეს და უკან არ გააბრუნებენ ადამიანს, რომელმაც ბილეთში ფული გადაიხადა, გინდაც მას თან პატარა ბავშვი ახლდეს. მაგრამ მაყურებელსაც ხომ ეკისრება პასუხისმგებლობა - თუკი თეატრი გარკვეულ ასაკობრივ ბარიერს აწესებს, აჯობებს, დავემორჩილოთ მას და არ წავიყვანოთ ბავშვები მათთვის შეუფერებელ წარმოდგენაზე. შეიძლება მშობელს ეჩვენებოდეს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებს არ ჰგავს, მხატვრული ნაწარმოების აღქმის უფრო დიდი უნარი აქვს, ვიდრე თანატოლებს და უფროსისთვის განკუთვნილ წარმოდგენასაც დიდი ყურადღებით შეხედავს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო რამ ხდება და ეს უხერხულობას უქმნის თავად მშობელსაც, გვერდით მსხდომ მაყურებლებსაც და მსახიობებსაც.

 


ხანდახან ისეც ხდება, რომ უფროსს ბავშვი მიჰყავს მოზარდ მაყურებელთა (ან რომელიმე სხვა საბავშვო) თეატრში და არ აქცევს ყურადღებას ასაკობრივ ზღვარს. მშობელი ფიქრობს - ეს ხომ მოზარდია, რა უნდა იყოს ისეთი, ბავშვმა რომ ვერ გაიგოს. არადა, საბავშვო თეატრები განსაკუთრებული გულისყურით ეკიდებიან მაყურებლის ასაკობრივი ჯგუფის განსაზღვრას (ასაკობრივ რანჟირებას). ამით თეატრი ისევ და ისევ თავის მაყურებელზე - ბავშვზე ზრუნავს.

თუკი თქვენი ოთხი წლის შვილმა წერა-კითხვაც იცის, ინგლისურად საუბრობს და ფორტეპიანოზე დაკვრაც ეხერხება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სცენაზე ლომის ღრიალი არ შეაშინებს ანდა შექსპირის პიესების შინაარსს ჩასწვდება.

 

 

 

წესი #2 - მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია წარმოდგენის შესახებ

 

უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, შეძლებისდაგვარად მოიძიეთ ინფორმაცია იმ სპექტაკლის შესახებ, რომელზეც ბავშვთან ერთად წასვლა გადაწყვიტეთ. (ანდა, თუკი თქვენი შვილის სკოლა/ბაღი სააბონემენტო სისტემით სარგებლობს, შეიძლება იგი უთქვენოდ დაესწროს სპექტაკლს, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ნანახის თაობაზე შეკითხვები დაგისვათ). დღეს ინფორმაციის მოპოვების პრობლემა ნამდვილად მოხსნილია. თუ პიესის ავტორი და სათაური თქვენთვის უცნობია, თეატრის ვებ-გვერდზე აუცილებლად იქნება მოკლე ანოტაცია წარმოდგენის შესახებ, ფოტო და ვიდეო მასალაც, სპექტაკლის ხანგრძლივობა და სხვა. საუკეთესო შემთხვევაში, კომპეტენტური ხალხის აზრიც შეიძლება გაიკითხოთ, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში საბავშვო წარმოდგენებზე იშვიათად თუ შეხვდებით პროფესიონალი კრიტიკოსის კარგ რეცენზიას. მაგრამ არა უშავს, ხანდახან კრიტიკოსის წერილით ბევრს ვერაფერს გაიგებ, სამაგიეროდ მაყურებლის გულწრფელი შეფასებით ნამდვილად მიხვდებით, ღირს თუ არა წარმოდგენის ნახვა - საამისოდ, სოციალურ ქსელში შესვლა და რამდენიმე კომენტარის ნახვაც კი საკმარისი იქნება.

რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება უფროსს კონკრეტული სპექტაკლის შესახებ, მით ნაკლები მოულოდნელობა/უხერხულობა შეექმნება მის შვილს წარმოდგენის მსვლელობისას. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ იკითხოთ თეატრის სალაროში, ჰკითხოთ ადმინისტრატორსა და კაპელდინერებს, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, თუ რატომ არ შეიძლება დასვა 5 წლის ბავშვი 12 წლის მოზარდისთვის განკუთვნილ სპექტაკლზე. მერწმუნეთ, თეატრის თანამშრომელი ყველაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ და კარგად დაგაკვალიანებთ.

 

წესი #3. ნუ დააგვიანებთ წარმოდგენაზე

კინოთეატრისგან განსხვავებით, (სადაც მაყურებელს პოპკორნითა და გაზიანი სასმელით შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლია) თეატრში ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი და კარგად აპრობირებული წესი - დაგვიანება არ შეიძლება. (ზოგ თეატრში დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე საერთოდ არ დაიშვება) ნუ დაგავიწყდებათ, რომ სცენაზე ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს და მაყურებელთა დარბაზში მცირედი ხმაურიც კი ძალიან უშლის ხელს მსახიობს. ამას გარდა, თქვენი დაგვიანებით აწუხებთ სხვა მაყურებლებსაც. ისიც გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაგვიანება ძალიან მოქმედებს თავად ბავშვებზეც, დაგვიანება და ფაციფუცით დარბაზში შევარდნაც ზედმეტი სტრესია, ბავშვებს უჭირთ დამშვიდება და ყურადღების კონცენტრაცია სპექტაკლის სიუჟეტზე. და თუ მაინც ისე მოხდა, რომ წარმოდგენაზე დაგაგვიანდათ, ხმაურით შეჭრას და სიბნელეში ადგილების ძებნას აჯობებს, კართან მდგომ კაპელდინერს ჰკითხოთ, რა დროს შეიძლება დარბაზში შეპარვა და უხმაუროდ დაჯდომა.

 

როგორც ხედავთ, ყველაფერს ჯობია, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და სპექტაკლის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე მიბრძანდეთ თეატრში. დარბაზში შესვლამდე  შეგიძლიათ თეატრის ფოიეში გაისეირნოთ, ხშირად იქ გამოფენილია ხოლმე ძველი სპექტაკლების ესკიზები, კოსტიუმები, მაკეტები, აფიშები ანდა სხვა ნამუშევრები. გაუზიარეთ ბავშვს თქვენი შთაბეჭდილება და მისი აზრითაც დაინტერესდით. მერწმუნეთ, ასეთი საინტერესო საუბარი მის გონებაში უფრო ჩაიბეჭდება და დადებითად აისახება, ვიდრე ტუალეტის სარკეში გადაღებული „სელფი“ (თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, თეატრში გატარებული სასიამოვნო საღამოს გასახსენებლად ეგეც გამოდგება).

 

წარმოდგენის დაწყებამდე შეგიძლიათ შეიძინოთ სპექტაკლის პროგრამაც, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით სპექტაკლის სადადგმო ჯგუფის შესახებ. შემდეგ ეს პროგრამები შეგიძლიათ შეინახოთ და წლის ბოლოს ერთად დაითვალოთ თუ რამდენ საინტერესო წარმოდგენას დაესწარით მთელი წლის განმავლობაში, რომელი იყო საუკეთესო და რომელი ნაკლებ საინტერესო.

 

წარმოდგენის დაწყებამდე ნუ დაგავიწყდებათ ბავშვის შეყვანა საპირფარეშოში! ასევე, წინასწარ მოიმარაგეთ წყალიც. შეიძლება ერთი შეხედვით სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მეტად მნიშვნელოვანი რამაა, განსაკუთრებით საბავშვო თეატრის შემთხვევაში. თუ გნებავთ, რომ ბავშვმა კარგად აღიქვას წარმოდგენა, მას არაფერი არ უნდა აწუხებდეს. გარდა ამისა, თქვენთვისაც უხერხული იქნება მთელი რიგის ფეხზე წამოყენება, თუკი შუა მოქმედების დროს ბავშვმა საპირფარეშოში გაყვანა გთხოვათ. რაც მთავარია, სპექტაკლს ხომ ვერ „დააპაუზებ“, სცენაზე მოქმედება უწყვეტად მიმდინარეობს და დარბაზში უკან დაბრუნებულებმა შეიძლება უცებ აღმოაჩინოთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სცენა გამოტოვეთ.

 

წესი # 4 მაყურებელთა დარბაზში აკრძალულია ჭამა

 

ბავშვებს შეძლებისდაგვარად უნდა ვასწავლოთ თეატრალური ეთიკის ნორმები და კარგი იქნება, თუ ჩვენ თვითონაც გავიმეორებთ ხოლმე ზოგიერთ ელემენტარულ წესს, რომელიც შეიძლება შემთხვევით მიგვავიწყდეს. მაგალითად ის, რომ მაყურებელთა დარბაზში სასტიკად აკრძალულია ჭამა! 

 

ხშირად ბებიებსა და დედებს თან მოაქვთ ათასგვარი სასუსნავი და რატომღაც უნდათ, რომ მაინცდამაინც მაყურებელთა დარბაზში გამოკვებონ პატარები. (მოზარდ მაყურებელთა თეატრის კაპელდინერების რაიმეთი გაკვირვება ფრიად რთული საქმეა, თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ, ისინიც კი გაოცდნენ, როდესაც ანტრაქტზე ბებიამ ჩანთიდან ამოიღო საგულდაგულოდ მომზადებული კონტეინერი, კოვზი და პირდაპირ დარბაზში დაიწყო საყვარელი შვილიშვილის დანაყრება). დაიმახსოვრეთ, მაყურებელთა დარბაზში დაუშვებელია კანფეტების ჭრაჭუნი და ჩიფსების ხრაშუნი, პოპკორნის ჭამა კი მხოლოდ კინოდარბაზში შეიძლება. თეატრალური სანახაობით ტკბობა და ჭამა-სმა ორი განსხვავებული პროცესია და ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. არ დაგავიწყდეთ, ბავშვი თეატრში სულიერი საზრდოს მისაღებად მიგყავთ! თუ მაინცდამაინც გაუსაძლისმა შიმშილმა და წყურვილმა შეგაწუხათ, აჯობებს, ბუფეტში მიბრძანდეთ და იქ დაიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება. ხოლო, თუ დრო და ფინანსები გიწყობთ ხელს, იდეალურ ვარიანტს შემოგთავაზებთ - წარმოდგენის შემდეგ ერთად მიირთვით რომელიმე გემრიელი კერძი და თან ნანახზეც ისაუბრეთ. ამით ბევრ კურდღელს ერთად დაიჭერთ და პატარას ერთ სასიამოვნო და დაუვიწყარ დღეს აჩუქებთ.

 

წარმოდგენის მსვლელობისას არ შეიძლება: ხმამაღლა საუბარი, მობილური ტელეფონით ან პლანშეტით თამაში, საღეჭი რეზინის ბერვა, მზესუმზირას, ბატიბუტის, კანფეტებისა და შოკოლადის მირთმევა, სიარული, რიგიდან რიგში სკამებზე გადაბიჯება. აკრძალულია: ხმაური, სტვენა, ყვირილი, სცენაზე რაიმე ნივთის სროლა, ჩხუბი, წამოყვირება.

 

მეც მშობელი ვარ და კარგად მესმის, რომ როგორც წესი, შვილებს ობიექტურად ვერ ვაფასებთ; ყველა მშობლისთვის მისი შვილი ნიჭიერი, განვითარებული და გონიერია, მაგრამ ვეცადოთ ზომიერების გრძნობამ არ გვიღალატოს. ამ შემთხვევაში, გაგვიადვილდება, თუკი თეატრალურ სანახაობას შევხედავთ თუნდაც როგორც სამოსს - ჩვენ ხომ არ ვუყიდით 4 წლის ბავშვს 14 წლის მოზარდის შესაფერის ქურთუკსა და ფეხსაცმელს?! პირიქით, საგულდაგულოდ ვაკვირდებით იარლიყებს, რომ სათანადო ზომის ტანსაცმელი შევარჩიოთ, ანდა ისეთი სათამაშო, რითაც ბავშვი ახლა გაერთობა და არა 5 წლის შემდეგ. კარგად ვიცით, რომ მცირეწლოვან ბავშვს პატარა დეტალებით დატვირთული სათამაშო არ უნდა შევთავაზოთ, რადგან შეიძლება ის საფრთხის შემცველიც კი იყოს მისთვის (ხშირად პატარები ასეთ დეტალებს ყლაპავენ ან ცხვირში იტენიან), მაშინ რატომ ვითხოვთ ბავშვებისგან მათთვის შეუსაბამო თეატრალური ნაწარმოების „გადაყლაპვას“?! ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენის შერჩევის პროცესშიც არ გვიღალატოს ზომიერების, ტაქტის და ადეკვატურობის გრძნობამ.

 

ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთი შეხედვით სწორად შერჩეულ წარმოდგენაზე ბავშვი იწყენს, სკამზე ვერ ჩერდება, ხმამაღლა ლაპარაკობს ანდა სულაც ტირილს მორთავს. სავარაუდოდ, კაპელდინერები დარბაზის დატოვებას მოგთხოვენ და მართლებიც იქნებიან, რადგან ასეთ დროს სხვა მაყურებელიც წუხდება და სცენაზე მდგარი მსახიობიც. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია დარბაზიდან შეძლებისდაგვარად უხმაუროდ გასვლა, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ პატარას, თორემ თეატრში ხელმეორედ მისვლის ყოველგვარ სურვილს დაუკარგავთ. ბავშვებს არ ესმით, რომ ჩვენ ძვირფასი დრო და ფული დავხარჯეთ მათთან ერთად თეატრში წასასვლელად. ნუ გაუწყრებით, მისი გაღიზიანების მიზეზზე დაფიქრდით და სპექტაკლზე დასასწრებად უფრო შესაფერისი დრო შეარჩიეთ. 

 

წესი # 5 წარმოდგენის მსვლელობისას ხმამაღლა საუბარს მოერიდეთ

 

ჩუუუ... სიჩუმე... სამწუხაროდ, კაპელდინერებს ხშირად უწევთ ამ სიტყვების გამეორება. სპექტაკლის მსვლელობისას ხმამაღლა საუბარი არაფრით არ შეიძლება (თუ, რა თქმა უნდა, წარმოდგენა ინტერაქციული ხასიათის არ არის და მაყურებლის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს). ხმამაღალი საუბარი ანტრაქტისთვის გადადეთ, სპექტაკლის მსვლელობისას კი მხოლოდ ჩურჩული შეიძლება. ხანდახან მშობლებს გვეჩვენება, რომ ბავშვი წარმოდგენის შინაარს ბოლომდე ვერ ხვდება და თავს ვალდებულად ვთვლით, მსახიობის ყოველი მოქმედება ავუხსნათ. თუ დააკვირდებით, დარბაზში ყოველთვის გაიგონებთ ჩურჩულით ნათქვამ ფრაზებს: „ეს მგელი ამას იმიტომ ამბობს, რომ სინამდვილეში წითელქუდას შეჭმა უნდა“; „ახლა გაიქცა“, „დაემალა“, „ვითომ ატყუებს“, „მიხვდი? გაიგე?“... ხშირად მშობლები ისეთ რამეს ვუხსნით ბავშვს, რაც მას ისედაც კარგად ესმის და თუ რაიმეს ვერ ხვდება, თავადაც აუცილებლად ჩაგეკითხებათ. ხანდახან ჯობია ზედმეტი საუბრის გარეშე ვუყუროთ სპექტაკლს, ვაცადოთ ბავშვებს საკუთარი დასკვნების გამოტანა. ბოლოს და ბოლოს, აუცილებელი ხომ არ არის ყველა დეტალის გააზრება, უფრო მნიშვნელოვანია მაყურებელმა სცენიდან მომავალი სწორი გზავნილი იგრძნოს; იყოს შინაგანად გახსნილი საიმისოდ, რომ ემოციურ დონეზე შეიგრძნოს ნანახი, ტვინი კი ამ გრძნობებს შემდეგ აუცილებლად მიუჩენს სათანადო ადგილს. კარგი იქნება, თუ შინ დაბრუნებულები ისაუბრებთ წარმოდგენის შესახებ, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ შეკითხვით - მოგეწონა თუ არა. უფრო საინტერესოა ის, თუ კონკრეტულად რა მოეწონა წარმოდგენაში, რა აღმოჩნდა მისთვის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. შეიძლება, მისმა პასუხმა გაგაოცოთ კიდეც, შეიძლება თქვენი გემოვნება და მოსაზრებები ერთმანეთს სულაც არ დაემთხვეს, მაგრამ პატარას ამის გამო ნუ გაკიცხავთ და ნურც თქვენს აზრს მოახვევთ თავს, მას სრული უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი პოზიცია.

 

 

 

წესი # 6 სპექტაკლის მსვლელობისას  დაივიწყეთ გაჯეტების არსებობა (დროებით მაინც)

 

ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსაკუთრებით უჭირს ამ წესის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თეატრში, წარმოდგენის დაწყებამდე უმორჩილესად გვთხოვენ, ლამის გვევედრებიან, გამოვრთოთ მობილური ტელეფონები. ალბათ, დროთა განმავლობაში, ეს მოწოდება შეიცვლება და ასეთ სახეს მიიღებს: „გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები. მხოლოდ ზარი კი არ გამოურთოთ, მთლიანად გამორთეთ. დიახ, ნურც შეტყობინებას უპასუხებთ, ნურც ფეისბუქსა და ინსტაგრამს „ასქროლავთ“.

ამ წესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც წარმოდგენას ბავშვთან ერთად ვესწრებით, ჩვენ ხომ ამით ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევთ პატარებს და თან როგორღაც ვაგრძნობინებთ, რომ ეს „არასაუფროსო“ სპექტაკლი დიდად არც გვაინტერესებს და დარბაზში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ვითომდა მის „გასართობად“ ვჩერდებით. როგორღა გაგვიზიარებს ბავშვი შთაბეჭდილებას, სპექტაკლისგან მიღებულ ემოციას, მისთვის საინტერესო ეპიზოდს, თუკი თანმხლები უფროსი მობილურის ეკრანს თვალს არ აშორებს და ვერც კი ამჩნევს, რა ხდება სცენაზე. თეატრი არც კინოა და არც ტელევიზორი, სცენაზე ვერაფერს „დააპაუზებ“, მოქმედება ხდება აქ და ახლა, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი აუდიტორიასთან ცოცხალი კონტაქტი, ემოციური მუხტის ურთიერთგაცვლა. დავფიქრდეთ იმაზეც, რომ სცენაზე ცოცხალი ადამიანები დგანან, ჩვენთვის ირჯებიან და თითოეული მათგანისთვის დარბაზში აციმციმებული ყოველი ეკრანი შეურაცხმყოფელია. დავაფასოთ მსახიობები, ისინი ხომ ამ თავდადებულ შრომაში მხოლოდ ტაშსა და მეტისმეტად მცირე ანაზღაურებას იღებენ.

 

თითქოს ბევრი წესი და შეზღუდვა ჩამოვთვალეთ, მაგრამ სინამდვილეში მათი დაცვა არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით მოგეჩვენათ. იარეთ თეატრში შვილებთან ერთად, ისიამოვნეთ წარმოდგენებით, იფიქრეთ და იმსჯელეთ ნანახზე, დაუთმეთ ბავშვებს მეტი დრო  - ამაზე უკეთესს მათთვის ვერაფერს გააკეთებთ.

bottom of page