top of page

ქალაქის გული - თეატრი თუ მაღარო?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

429761743_7218188841629907_3249362936227320518_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ქალაქის გული - თეატრი თუ მაღარო?

 

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაძემ ამჯერად  დადგმისთვის გიორგი სიხარულიძე მიიწვია, რომელმაც ნინია სადღობელაშვილის „ქალაქის გული“ დადგა. ტექსტი, რომელიც საკუთრივ ჭიათურას და ჭიათურის დრამატულ თეატრს ეძღვნება (ქალაქი და თეატრი ერთ წელს დაარსდა) არ გახლავთ რეჟისორისა და დრამატურგისთვის პირველი შემოქმედებითი თანამშრომლობა. ყველაზე წარმატებულ კოლაბორაციად  (არც თუ უსამართლოდ) „ბამბაზიის სამოთხე“ (მესხიშვილის თეატრი) და „ხალდე“ (დმანისის თეატრი) მიიჩნევა.

 

„ქალაქის გული“ კონკრეტულად ჭიათურისა და ჭიათურის თეატრისთვის დაიწერა, ამიტომაც ტექსტში დასმული პრობლემა კონკრეტულია და ლოკალური (სპექტაკლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიდგა). ის პატარა ქალაქის (მაგრამ მდიდარი კულტურული ტრადიციის) მაცხოვრებლებსა და თეატრს შორის ერთგვარი გაუცხოების თემას ეხება. პანდემიის შემდგომ, ქართული თეატრი აღარ განიცდის მაყურებლის სიმცირეს, როგორც ჩანს, ჭიათურაში ეს პრობლემა მწვავედ დგას. ამიტომაც გიორგი სიხარულიძის დადგმა ერთგვარი აქციაა სპექტაკლის ფორმით, რომელიც ერთი მხრივ გვიხატავს წარსულ ტრადიციებს და დიდებას, ხოლო მეორე მხრივ აღწერს დღევანდელ სამწუხარო მდგომარეობას.

 

სპექტაკლის ავტორები ჭიათურის, როგორც ქალაქის, მდიდარ ტრადიციებს და წარსულში მრავალ წარმატებას ხაზგასმით აღნიშნავენ წარმოდგენის მსვლელობისას. გონებაში უნებლიეთ ამოტივტივდება ცნობილი ფრაზა: როცა თანამედროვეობაზე არაფერია სალაპარაკო, ლაპარაკს წარსულ დიდებაზე იწყებ. არადა, „ქალაქის გულში“ სწორედ თანამედროვე, აქტუალურ პრობლემაზეა საუბარი, რომელიც ქალაქის თეატრის წინაშე დგას და ის თეატრის მიმართ მაყურებლის გულგრილობას და ნაკლებ ინტერესს ეხმიანება.

 

წარმოდგენის დაწყებამდე, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ისტორიულ კადრებს აჩვენებენ საქართველოს ტელევიზიის არქივიდან, რომელიც ქალაქ ჭიათურას და მის თეატრს ეხება. სცენაზევე არის მოწყობილი მცირე ამფითეატრი, საიდანაც ადევნებს თვალს მაყურებელი გათამაშებულ ამბავს. სცენაზე გაშლილია თეთრი სუფრა (მხატვარი თეო კუხიანიძე), რომელიც სადად, მაგრამ ეტიკეტის სრული დაცვითაა მორთული. პერსონაჟებს ასაკის შესაბამისი თეთრი ფერის ტანისამოსი აცვიათ. იქვე მოჩანს იმერული სუფრის მთავარი ატრიბუტი გიტარა, რომლის თანხლებითაც ჟღერს როგორც ქართული, ისე უცხოური პოპულარული სიმღერები (მუსიკალური გამფორმებელი მანანა კიკაბიძე).  

 

ნინია სადღობელაშვილის „ქალაქის გულში“ მოქმედება ამირან გაფრინდაშვილის, რომელსაც მსახიობი გია კენჭოშვილი ასრულებს, საიუბილეო საზეიმო ვახშამზე მიმდინარეობს, რომელზედაც შეკრებილია ოჯახის წევრები და ახლობლები. ცოლმა ლიკა ნოზაძემ (მსახიობი მაია მანჯავიძე) ქმარს სიურპრიზი მოუწყო და ანიმატორი-მსახიობი (გიორგი ჩაჩანიძე) მოიწვია, რომელმაც უნდა გაამხიარულოს სუფრის წევრები. სწორედ ამ სიტუაციაში გიორგი ჩაჩანიძის გმირი ყურადღებას ამახვილებს მისთვის აქტუალურ პრობლემაზე - დადიან თუ არა თანაქალაქელები და ბოლოს როდის იყვნენ მშობლიური ქალაქის თეატრში. ეს არის მთავარი საკითხი, რასაც მსახიობი-ანიმატორი წამოჭრის შეკრებილი საზოგადოების წინაშე, რომლის გარშემოც სხვა პრობლემებიც იკვეთება, მაგალითად, როგორ იცვლება ახალგაზრდების ლექსიკა, ინტერესები და შეხედულებები, რაც უფსკრულს აჩენს თაობებს შორის და უცხოვდებიან ერთმანეთის მიმართ, ისე როგორც გაუცხოებულია ქალაქის მოსახლეობა თეატრთან კომუნიკაციაში. როგორც ტიპურ ქართველებს სჩვევიათ - კითხვის ადრესატები, შექმნილ უხერხულ სიტუაციაში, დამნაშავეს საკუთარ თავში კი არა, სხვაგან ეძებენ. უფრო სწორად გადაბრალების გზით ცდილობენ (განსაკუთრებით ახალგაზრდები) უფროსი თაობის დადანაშაულებას:

 

ამონარიდი დიალოგიდან:

„1 მოქეიფე: ლუკა, შენ და შენი ტოლები დადიხართ, ბიძი?

ლუკა: ეგ სადაა საერთოდ?

1 მოქეიფე: ა ბატონო, გზაც არ იციან ბავშვებმა.

არალე: მერე, ვისი ბრალია?

1 მოქეიფე: ვისი?

არალე: თქვენი.

1 მოქეიფე: ეხლა შენ ზედმეტი არ...“

 

ეს ტიპური ქართველების დიალოგია. პასუხისმგებლობას ყველა გაურბის. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ნინია სადღობელაშვილის ამ მცირე მოცულობის დიალოგებად აწყობილ ტექსტის საშუალებით ხატავს თანამედროვე ქართული საზოგადოების სახეს, რომელიც სადღეგრძელოების წარმოთქმისას იდეალურ მოქალაქეებად მოჩანან, საქმით კი რა მოგახსენოთ.

 

სპექტაკლის ავტორები თავის სათქმელს, რაც მათ აღელვებთ და სტკივათ, მაყურებელს პირდაპირ, მეტაფორების გარეშე, ცხადად და ნათლად ეუბნებიან - „იარეთ თეატრში, ბატონებო!“. არ ვარ დარწმუნებული, რომ აპრობირებული და მრავალგზის დატესტილი ლოზუნგი/სლოგანი ეფექტურ შედეგს გამოიღებს და მაყურებელს თეატრში დააბრუნებს, მაგრამ სპექტაკლში გათამაშებული სიტუაცია თეატრში მოსულ მაყურებელს ნამდვილად ააფორიაქებს, თუმცა სპექტაკლის ადრესატები მაყურებლის ის კატეგორიაა, რომელიც თეატრში არ დადის. ამიტომ, გაუგებარია როგორ მიაღწევს გზავნილი ზუსტ მისამართზე. ვფიქრობ, დგება მომენტი, როცა თეატრი თავად მიდიოდა მაყურებელთან, თუნდაც უახლოეს წარსულში, პანდემიის პერიოდში. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხერხი საგრძნობლად ამართლებს...

 

სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: გიორგი ჩაჩანიძე, გია კენჭოშვილი, მაია მანჯავიძე, კოტე კახიშვილი, მარიამ გაბაძე, ანზორ ცაბაძე და არჩილ ხვედელიძე მონაწილეობენ, რომლებიც ოსტატურად, სასიამოვნოდ და მომხიბვლელად შესრულებული სიმღერებით ამახსოვრებენ მაყურებელს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ სახე-ხასიათებს ქმნიან, სრულყოფილად ვერ ახერხებენ ტიპაჟების დახატვას. სამსახიობო ანსამბლში მაინც იკვეთება ორი ლიდერი: კოტე კახიშვილი და გიორგი ჩაჩანიძე.

 

კახი კახიშვილი წარმოდგენა-აქციაში ლუკას, იუბილარის შვილს განასახიერებს, რომელიც წარმოადგენს Gen Z -ი, იგივე „გათახსირებულ თაობას“. მისი ლექსიკა მდიდარია ბარბარიზმებით, მისი აღქმა და მსოფლმხედველობა, ისე როგორც ინტერესები რადიკალურად განსხვავდება უფროსი თაობისგან. მსახიობი ახერხებს დახატოს გარკვეული კატეგორიის (რაც უმრავლესობაა) თანამედროვე ახალგაზრდის კრებითი მხატვრული სახე.

 

განსაკუთრებით სპექტაკლის მეორე ნაწილსა და ფინალურ ეპიზოდში გამორჩეულია გიორგი ჩაჩანიძე (ანიმატორი-მსახიობი), რომელიც ემოციურად კითხულობს მონოლოგს, ხოლო შემდეგ სახელოვანი ბაბუის, გამოჩენილი ქართველი მსახიობის ნოდარ ჩაჩანიძის ლექსს ჭიათურაზე. ამ ეპიზოდში მსახიობი დამაჯერებლად გულწრფელია, დინჯი, გაწონასწორებული და მისი თოთოეული ფრაზა დიდ ტკივილს და სიყვარულს იტევს, როგორც მშობლიური ქალაქის, ისე მშობლიური თეატრის მიმართ. სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს ამ მონოლოგში წარმოთქმული რამდენიმე ფრაზა: „ახლა რომ ქართულად ვლაპარაკობთ, მთელ მსოფლიოს რომ თავს ვაწონებთ - ასეთი ძველი ენა გვაქვსო, რამ შემოინახა ორი საუკუნის წინ, თუ იცით? თეატრმა! არსად რომ აღარ ისმოდა, ეკლესიებშიც კი რუსულად რომ წირავდნენ, თეატრი იყო ის ადგილი, სადაც ქართულ ენაზე აღევლინებოდა საქართველოს სათქმელი!..“ - გიორგი ჩაჩანიძის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმისას მაყურებელი სცენაზე ხედავს თანამედროვე ქართველ მსახიობს დავიწყებულ ამპლუაში - მსახიობი მოქალაქე.

 

და ბოლოს, რა არის ქალაქ ჭიათურის გული - თეატრი, თუ მაღარო?!:

 

ამონარიდი პიესიდან:

„არალე: ... არავის და არაფერს რომ არ გავს დედამიწის ზურგზე, იმ ქალაქს გაუმარჯოს! ჩვენს კლდეებზე მიჯაჭვულ საუნჯეს, ცაში ბილიკად გაკიდულს, ჩვენს ჭიათურას გაუმარჯოს!

1 მოქეიფე: ეუფ!..

თამადა: ჰე, ავიტაცოთ აბა!

არალე: და მის გულს - თეატრს!

1 მოქეიფე: ნამეტანი კაი!

ლუკა: მამაჩემო, შეუსწორე ამ კაცს, სანამ ფეიქ-ინფორმაციით სხვებიც გაუჟღინთავს - ამ ქალაქის გული თეატრი კი არა, მაღაროა!

ამირანი: ვითომ რატომ?

ლუკა: ფული რასაც შემოაქვს, გულიც იქაა! და არ იფარისევლო რა ფლიზ! ზუსტად ესე ფიქრობ შენც, ხო ვიცი!

ამირანი: მართლა სანაქებო ქალაქი გვაქვს, მეგობრებო და ნათესავებო. იმაშიც დამეთანხმეთ, რომ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო დამშვენდა და განვითარდა ჩვენი ქალაქი - აგერ საბაგირო, იქ ... (თქვენ ჩაამატეთ), ჩვენ ყველანი ვზრუნავთ, ბატონო არალე, რომ სულ უფრო უკეთესი ქალაქი გვქონდეს! გულს გაგიხარებთ და იმასაც გეტყვით, რომ მალე თეატრის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ და ცოტა ხანში ჭიათურას ახალგარემონტებული, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული თეატრი ექნება!“

 

აქ სრულდება ლუკას მიერ პროვოცირებული მაღაროს თემის ხსენება...

 

წარმოდგენის ავტორთა აზრით, ჭიათურის გული - თეატრია, რომელიც მაღაროსავით კლდეშია აშენებული, „სადაც შინაარსი, ცხოვრების იდეა და ადამიანის გულის ხმა ცოცხლდება.“

 

ვიმედოვნებ ჭიათურის დრამატული თეატრის ახალ დადგმაში წამოჭრილი პრობლემები ადრესატებამდე მიაღწევს და შეიყვარებს მას, ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცევს. თეატრიც თავის მხრივ ახალ პრემიერებს შესთავაზებს მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლებს და არა მარტო მათ.  

ფოტო: TaToNi

bottom of page