თეატრი მორიგი განახლების პირისპირ,ანუ ჰიბრიდული თეატრის ერა იწყება?
ლაშა ჩხარტიშვილი
თეატრი მორიგი განახლების პირისპირ, ანუ ჰიბრიდული თეატრის ერა იწყება?
პანდემიამ, რომელიც თავს დაატყდა დედამიწას, მსოფლიო დააბნია და აღმოჩნდა, რომ ის ამგვარი „მოულოდნელობისთვის“ მოუმზადებელია. რა შედეგებს უქადის ახალი კორონა ვირუსი კაცობრიობის მომავალს, ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავლენა რომ მოახდინა ცხოვრების ამა თუ იმ სფეროზე, ფაქტია. უხანიდან წამოსული „ჭირი“ დამანგრეველი აღმოჩნდა განვითარებული ქვეყნებისა და მყარად კონსტრუირებული, დაცვითი ფუნქციის მქონე დარგებისთვისაც. დიდი ზარალი მიადგა ეკონომიკას, რომელიც ჯერ დათვლილიც არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ COVID 19 ყველაზე მეტად შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის იქცა მტრად, ვინაიდან შემოქმედებითი ინდუსტრია სოციალიზაციაზეა დაფუძნებული, „უხილავმა მტერმა“ კი, მისი დესოციალიზაცია გვაიძულა.
სათეატრო ხელოვნება, რომელიც 26 საუკუნის განმავლობაში მუდამ გადარჩენისთვის იბრძვის, კვლავ სასიცოცხლო გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდა. ნებისმიერი ბრძოლა კი მსხვერპლს მოითხოვს, თეატრს, ამ რეალობაშიც ექნება დანაკარგი, მაგრამ ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს, როგორც მისი განვითარების სხვადასხვა დროს პოულობდა.
ახალ მოცემულობას ვერც „მსოფლო თეატრი“ გაუმკლავდა. მათი ფუნქციონირების მოულოდნელი შეწყვეტა თავზარდამცემი აღმოჩნდა სათეატრო ინდუსტრიისთვის. პირველად, 59 წლის განმავლობაში, მსოფლიო, „თეატრის საერთაშორისო დღეს“ ცარიელი და ჩაბნელებული დარბაზებით შეხვდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო მეგა თეატრალური ფესტივალები, შეწყდა წარმოდგენები, სარეპეტიციო პროცესი. პანდემიის პირველ ეტაპზე, თეატრების „რეფლექსი“ ინტერნეტის საშუალებით სპექტაკლების ონლაინ ტრანსლირება გახდა. ერთი მხრივ, უახლესი მსოფლიო სათეატრო საგანძური მთელი სამყაროსთვის „გაიხსნა“ და საგრძნობლად გაფართოვდა მაყურებლის არეალი, მეორე მხრივ კი, ყველაზე ცოცხალმა ხელოვნებამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და მისი მთავარი ხიბლი _ ცოცხალი კომუნიკაცია დაკარგა.
ქართული თეატრიც არ ჩამორჩა მსოფლიო პროცესს და უმრავლესობამ ვიდეო არქივი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ხელმიუწვდომელი იყო, საჯარო გახადა. მაყურებელმა გარკვეული სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების შესახებ პირველად ონლაინ პრემიერების შემდეგ გაიგო. თუმცა, ამ პროცესმა აშკარა გახადა მრავალი პრობლემა _ არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სარეპერტუარო პოლიტიკის, ტექნიკურ-მატერიალური რესურსის სიმწირის და მისი ვერ ათვისების. გადაღებული სპექტაკლების ჩანაწერების უმრავლესობა დაბალი მხატვრული ხარისხის იყო, რომელმაც კი არ დააინტერესა მაყურებელი, არამედ პირიქით, უარყოფითი შთაბეჭდილება შეუქმნა მათ... ვინც არასდროს ყოფილა თეატრში. პანდემიის პერიოდში თეატრი, როგორც ხელოვნება (ოღონდ მეორადი სახით), თავად მივიდა თვითიზოლაციაში მყოფ მაყურებელთან და გაცნობის ეს პროცესი სულაც არ აღმოჩნდა მიმზიდველი.
თვითიზოლაციაში ქართულმა თეატრმა რამდენიმე „აქტივობა ჩაითვალა“. პირველი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე იყო, რომელმაც სახლიდან, Facebook ლაივის საშუალებით წარმოადგინა მონოსპექტაკლი თამაზ ბაძაღუას მონოპიესის „ღამე და თუთიყუში“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) მიხედვით, რომელმაც 6000-მდე ნახვა დააგროვა. თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებმა ქეთევან სამხარაძემ და დავით თარბამ ახალი პლატფორმა „პიესების ონლაინ კითხვა“ შექმნეს და დებიუტანტი დრამატურგების ანა სანაიას და გურამ მაცხონაშვილის პიესების დისტანცირებული თეატრალიზებული კითხვა მოაწყვეს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ პიესების „თეატრალიზებული კითხვა“ ონლაინ, ეს იყო გაცილებით მეტი ვიდრე კითხვა და ნაკლები, ვიდრე კლასიკური, ტრადიციული სპექტაკლი როგორც თავისი ფორმით, ისე შინაარსით. პროექტზე რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად მხატვარი და კომპოზიტორიც მუშაობდა, რომელთაც შეარჩიეს არა მხოლოდ ყოფითი გარემო (მსახიობის ფონი ეკრანზე), არამედ შექმნეს ვირტუალური სამყარო, რომელშიც არსებობდნენ მსახიობები. ორივე „კითხვის“ შემთხვევაში ათასობით მაყურებელმა ამბავი ეკრანზე თეატრის მსახიობების მონაწილეობით კიბერ სივრცეში, შექმნეს პირობითი რეალობა და მაყურებლის რეაქცია არა დარბაზში გამოხატეს, როგორც ნამდვილ თეატრში, არამედ კომენტარებში ვირტუალურად, ონლაინ „ემოციების“ საშუალებით.
ამავე პერიოდში დმანისის თეატრმა წამოიწყო პროექტი „თეატრი კომიქსში“, რომელიც სარეპერტუარო სპექტაკლების ონლაინ სივრცეში აქამდე თეატრისთვის უცნობი ტექნოლოგიების ათვისება-გამოყენებით გადატანას ითვალისწინებდა. კარანტინის პირობებში ტელეკომპანია „იმედმა“ პირდაპირ ეთერში გადასცა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლი სამოელ ბეკეტის „თამაშის დასასრული“. შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ცოცხალ კომუნიკაციაზე დამყარებული მხატვრული შემოქმედების ნიმუში არ არის; ის არც კინოა, არც მულტიპლიკაციურ-მულტიმედიური პროდუქტი, და ტექნიკური პროგრესის საშუალებების ათვისებით ვირტუალურ რეალობაში გადატანილი ჰიბრიდული თეატრია. პანდემიის გამო თეატრის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პასუხი ამ ეტაპზე ქართულმა თეატრმა (საქართველოში 2019 წლის მონაცემებით 49 მოქმედი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო პროფესიული თეატრია) ასე პასიურად გასცა. შოკირებულნი და ახალი მოცემულობით დაბნეულები ჯერ ისევ ფიქრობენ, აანალიზებენ, ეძებენ ახალ რეალობასთან ადაპტირების გზებს, აპროტესტებენ, უჭირთ დამდგარი „მოულოდნელობის“ ბოლომდე გაცნობიერება-გათავისება და მოცემულობით განპირობებული ბარიერების გადალახვა...
პანდემიამ ევროპული თეატრი, როგორც მძლავრი კულტურულ-ეკონომიკურ-ტურისტული ინდუსტრია გააჩერა, მაგრამ წინასწარ შემუშავებულმა თავდაცვის მექანიზმმა ის განადგურებისგან იხსნა. ქართული თეატრი კი თავდაცვის ინსტრუმენტებს არ ფლობს და ამიტომაც COVID 19 -მა მას ორმაგი დარტყმა მიაყენა. ზედაპირზე ამოტივტივდა ქართული თეატრის წინაშე მდგარი მწვავე და აქტუალური პრობლემები. ახლა, თვითიზოლაციისას შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლებს (არა მხოლოდ სათეატრო) _ დაფიქრების, მსჯელობის, დისკუსიის (რისთვისაც აქამდე თითქოს არ ეცალათ) საშუალება მიეცათ. აღმოჩნდა, რომ მათ წინაშე პანდემიამდეც უამრავი პრობლემა იდგა, რომელთა გადაჭრაზე ფიქრი კულუარებს არ გასცდენია. ახლა კი, დაიწყო ხმამაღალი და საჯარო საუბარი რეფორმების აუცილებლობაზე, სათეატრო პოლიტიკის და შემოქმედებითი პროცესის გაჯანსაღებაზე, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე და სხვ.
პანდემიის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციამ „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“ (დამფუძნებლები: ნინო წითლანაძე, ელენე მეჩითოვა, ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი) ჩაატარა მეტად მნიშვნელოვანი კვლევა, რომელმაც დათვალა შემოქმედებით ინდუსტრიებში პანდემიით გამოწვეული ზარალი. კვლევის თანახმად, ხელოვანთა 44,7% შემოსავლის გარეშე დარჩა და მათ შორის 38,8 %-ს შემოსავალი სხვა საქმიანობით არ აქვს. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი არტისტები, ე.წ. `ფრილანსერები~, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას ვერ ანხორციელებენ, რადგან სახელმწიფო თეატრების მუშაობაზე არიან დამოკიდებულები. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაცია სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის, რომელიც სრულიად ახალ მოცემულობას სთავაზობს კულტურას და მათ შორის, თეატრს. შემუშავებული რეკომენდაციები შესრულება შესაძლებელია, მაგრამ ის დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, იმიტომ რომ თეატრებს რეკომენდაციების დაცვით ახალი რეპერტუარის შექმნა მოუწევთ ან არსებული რეპერტუარის ახალ რეკომენდაციებზე მორგება.
თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა მაია გელოვანმა თანამოაზრეებთან ერთად პოსტპანდემიურ პერიოდში პროექტის „100 სკამი ცის ქვეშ“ განხორციელება წამოიწყო, რომელიც რეკომენდაციების გათვალისიწინებითა და დაცვით ითვალისიწნებს სპექტაკლების გამართვას ღია ცის ქვეშ 100 მაყურებლისთვის ვაკის პარკის კლუბში „33ა“. პროექტის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში თეატრს მონატრებული მაყურებელი 15 თეატრის პრეპანდემურ პერიოდში განხორციელებულ 17 სპექტაკლს ნახავს გაზრდილი ბილეთის საფასურით. პანდემიის შემდგომ პერიოდში ქართული თეატრი ჯერ ვერ ახერხებს ვერც update -ს და ვერც refresh -ს.
პოსტპანდემიურ პერიოდში სამეფო უბნის თეატრის მსახიობებმა ქეთა შათირიშვილმა, მაგდა ლებანიძემ და სოსო ხვედელიძემ 9 საათის განმავლობაში თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მოწაფე-დრამატურგთა თემო რეხვიაშვილის, დავით ხორბალაძის, ვალერი ოთხოზორიას, ანა სანაიას, ალექსანდრე გოგოლაძისა და თაკო შუკაკიძის მიერ თვითიზოლაციაში დაწერილი ტექსტები იკითხეს დაუსრულებლად. მაყურებელს ონლაინ თეატრის youtube სა და Facebook გვერდზე შეეძლოთ პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ თეატრალიზებული მარათონისთვის. ტექსტი, რომელსაც მსახიობები კითხულობდნენ და წარმოდგენა (პერფორმანსი), რომლის გარკვეული ნაწილი ვნახეთ (მაყურებელთაგან სრულად ვინ მოახერხა ნახვა არ ვიცი, გარდა პროექტში ჩართული პროფესიონალებისა) წარმოადგენდა კლასიკური და თანამედროვე თეატრის სრულ დეკონსტრუქციას. სამეფო უბნის თეატრში მისული მაყურებელი თეატრის შესასვლელიდან ადევნებდა თვალს თეატრის ვესტიბიულში გამართულ წარმოდგენას გამჭირვალე კედლის საშუალებით. მსახიობები მაყურებლისგან სრულად იყვნენ იზოლირებულები და მათი ხმა ხმის გამაძლიერებლების საშუალებით გვესმოდა. სხვადასხვა ავტორის ტექსტი, რომელიც საერთო სათაურის „იქ დრამაა“ ქვეშ გაერთიანდა, არ ჰქონდა ერთი სიუჟეტური ხაზი, უფრო მეტიც, საერთოდ არ ჰქონდა სიუჟეტი. ფრაზებად და მინიატურებად წაკითხული ტექსტისთვის წარმოდგენის მსვლელობისას ნებისმიერი მონაკვეთიდან შეგეძლო თვალ-ყურის მიდევნება როგორც სახლიდან გაუსვლელად, ისე სამეფო უბნის თეატრის წინ აბესაძის ქუჩიდან. ზოგჯერ მსახიობთა ხმას და პირობით სცენას ქუჩაში გავლილი მანქანები ფარავდნენ. პერფორმანსში მონაწილე მსახიობები, ჩემი აზრით, ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც ოთხ კედელს შორის (სივრცე ქეთი ნადიბაიძე), 9 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში კითხულობდნენ ტექსტს ჩვენი დღევანდელობიდან, გვესმოდა ჩვენი, ჩვენი მეგობრების, ნაცნობების, ოთახის წევრები, პედაგოგების, კოლეგების ფრაზები... პერფრმანსის ავტორებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ 9 საათს ვერც ერთი მაყურებელი ვერ ადევნებდა თვალს მაყურებელი, მაგრამ ახალმა რეალობამ, რომელშიც აღმოვჩნდით, მოგვცა შესაძლებლობა იმ ღამეს (როცა სამეფო უბნის თეატრმა და თემურ ჩხეიძის სახელოსნომ) თეატრი შეჭრილიყო ყველას სოციალურ ქსელში უწყვეტად და დიდი დოზით...
სათეატრო ხელოვნებაში მორიგი გადატვირთვისა და განახლების დრო მოულოდნელად დადგა. ჩიხში შესული თეატრი, დარწმუნებული ვარ, ახლაც მოახერხებს გამოსავლის პოვნას და საზოგადოებას „მეტამორფოზული“ დაუბრუნდება, მაგრამ ის იქნება ახალი, სხვა თაობის ჰიბრიდული თეატრი, რომელიც იმედი მაქვს, ყველაზე ღირებულის - ცოცხალი კომუნიკაციის შენარჩუნებას შეძლებს.