top of page

თეატრალური აჭარა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

430091192_799879735518948_5932311362200263797_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

თეატრალური აჭარა

განვლილი სეზონის მიმოხილვა

არც თუ დიდი დროა გავიდა მას შემდეგ რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო თეატრში მმართველობა შეიცვალა. კულტურისა და განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის ბრძანებით ილია ჭავჭავაძის   სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღავნელად ალექსანდრე ქანთარია დაინიშნა, ხოლო იოსებ ზოიძის სახელობის ხულის პროფესიული  სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსში გამარჯვებულები  რეჟისორი  თამაზ ბოლქვაძე, ხოლო ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ირაკლი კიკვაძე გავიდნენ.

ამ ახალმა ცვლილებების შედეგად აშკარად გამოცოცხლდა თეატრალური ცხოვრება:

2022-2023 წლების სეზონში ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 7, ხულის თეატრში 3 და ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში 4 პრემიერა გაიმართა: სეზონის განმავლობაში ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობის მიხედვით ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრი და ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში რეიტინგის ათეულში შედიან.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელწიფო დრამატულ თეატრში ალექსანდრე ქანთარიას მისვლის შემდეგ სრულად ამუშავდა სამივე სცენა: დიდ სცენაზე რეპერტუარშია „სოფელსა შინა“ მიხეილ ჯავახიშვილის „შერცხვენილნის“ მიხედვით, ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავ ვეღარ ნახავ“, მიხეილ ბულგაკოვის „1902 წელს ბათომში“ რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, ბერტოლ ბრეხტის „დედა კურაჟი“, რეჟისორი გაგა გოშაძე, ჟან-მარი ლეპრენს დე ბომონის ზღაპრის მიხედვით „ურჩხული და მზეთუნახავი“, რეჟისორი გიორგი ქლაინი, პიერ შენოს  მიხედვით „მილიონერის ვიზიტი“, რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი, პაოლო ჯინოვეზეს მიხედვით „თამაში“, რეჟისორი დავით დოიაშვილი; მცირე სცენაზე:  ვალენტინ კრასნოგოროვის მიხედვით „კედელი“, რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე, რევაზ ნაჭყებიას მიხედვით „სახლი ღრუბლებში“, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, ირაკლი სამსონაძის პიესების მიხედვით „უცხო ცის ქვეშ“, რეჟისორი კოტე აბაშიძე, ნიკოლოზ საბაშვილის „ბანკომატი“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, მზადდება მარტინ მაკდონას მიხედვით „როცა გადაუღებლად წვიმს“, რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი; ექსპერიმენტულ სცენაზეა: მარტინ მაკდონას „ობლების ქალაქი“, რეჟისორი გიორგი კლაინი, მიმდინარეობს რეპეტიტიციები სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტებზე“, რეჟისორი გაგა გოშაძე და ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი.

იოსებ ზოიძის სახელობის ხულის პროფესიული  სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელძღავნელის  თამაზ ბოლქვაძის მოსვლის შემდეგ  სამი პრემიერა შედგა: ფრანსის ვებერის „ბრიყვთა ვახშამი“ რომელიც ადრე ილიაუნის თეატრში რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. პიესა სიტუაციათა კომედიის ჟანრს მიეკუთვნება. რეჟისორმა თამაზ ბოლქვაძემ შექმნა ისეთი სასცენო გარემო,  რომელიც საუკეთესო  სათამაშოა, როგორც გამოცდილი ასევე დამწყები მსახიობებისთვის.  ამ სპექტაკლზე თეატროლოგი ნერონ აბულაძე  წერდა: „დადგმის კულტურის თვალსაზრისით თამაზ ბოლქვაძე სრულად ითავისებს კლასიკური კომედიის მხატვრულ პრინციპებს და მრავალფეროვან, სანახაობით მხატვრულ გადაწყვეტას გვთავაზობს. წარმოდგენა ორი მოქმედების განმავლობაში მიმდინარეობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი კარგავს დროის შეგრძნებას“. სპექტაკლში შედგა ახალგაზრდა მსახიობის გიორგი გახარიას დებიუტი პინიონის როლში და უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი ამ საკმაოდ რთულ კომედიურ სახეს. დასს წელს კიდევ ორი მსახიობი შეემატა. ამ წარმოდეგნაში ასევე  მონაწილეობდნენ: ლაშა აბულაძე, ნინო ქარცივაძე, ედნარ ბოლქვაძე, ანრი მუთიძე, გურამ თავართქილაძე, გვანცა ბეშკენაძე.

ამ სეზონში ხულოს თეატრში კიდევ დაიდგა გურამ დოჩანაშვილის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ რეჟისორი მერაბ ლებანიძე და სლავომირ მროჟეკის „კაროლი“,  რეჟისორი გიორგი ქათამაძე, მხატვრული გაფორმება თამაზ ბოლქვაძის: მსახიობები ლევან ბოლქვაძე, ლაშა ბოლქვაძე, ედნარ ბოლქვაძე და ნიკუშა ბოლქვაძე. ექსცენტრიული კომედიაა. ავტორი პოლიტიკური თეატრის წარმომადგენელია. ამჯერად დრამატურგი იკვლევს შიშს, როგორც ფობიას და მის შედეგებს პიროვნების ჩამოყალიბებაში.  მზადდება იანუშ გლოვაცკის „ანტიგონე ნიუ-იურკში“, რომლის რეჟისორი  და მხატვარია თამაზ ბოლქვაძე, კოსტუმების მხატვარი გოგლა გოგიბერიძე.

ბათუმის მოზარდ მაყურებელთ და თოჯინების თეატრის რეპერტუარს შეემატა თეოდოს სიუზის „გრინჩი“ რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე, რომელიც თბილისელ მაყურებელსაც უჩვენეს, „ვინი პუხი“ სამ ეპიზოდად, რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი. მაგრამ ამ თეატრისთვის ყველა მნიშვნელოვანი და მართლაც ღირშესანიშნავი ამბავი სექტემბრის თვეში   მოხდა, როცა ბათუმში დაფუძნდა თოჯინების საერთაშორის ფესტივალი (სამხატვრო ხელმძღვანელები ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე, დირექტორები იმედა თავართქილაძე და კონსტანტინე ქარაშაძე),  რომელზეც 6 დღის განმავლობაში 7 თეატრის მონაწილეობდა 10 სპექტაკლით:  აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკური ჩვენებებით.  სპექტაკლეს სჯიდა საერთაშორისო ჟიური თურქეთიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან.  გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი“, რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი; საუკეთესო რეჟისურა - ნინო მაღლაკელიძე; საუკეთესო სცენოგრაფია - ვახტანგ ქორიძე, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - სანდრო ნიკოლაძე, საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინა კუბანსკი, საუკეთესო მსახიობი კაცი - აბელ სოსელია. ქართული კრიტიკის პრიზი გადაეცა ჟიულ ვერნის მიხედვით დადგმულ  „80 000“ კილომეტრი წყალში“, რეჟისორი დავით თარბა, ახალციხის სახელმწიფო პროფესიული თეატრი.

ფესტივალის მიმდინარეობის დროს ყოველი სპექტაკლის შემდეგ იმართებოდა განხილვა და ჟიურის წევრები ჩამოსულ და ადგილობრივ კოლექტივებს კითხვა-პასუხის რეჟიმში აცნობდნენ საკუთარ შეხედულებებს. პრაქტიკული საქმიანობაც - პროფესორმა მანანა ბერეკაშვილმა ჩაატარა მასტერ-კლასები სასცენო მეტყველებაში,  რეჟისურაში ნიკოლოზ საბაშვილმა და ირაკლი კიკვაძემ, გაიმართეს მასტერ-კლასები ჟიურის წევრებმაც:  თურქეთიდან  მარინა იუჯემ,  პოლონეთიდან ევა პიოტროვსკამ და  ყაზახეთიდან ანარა იერკებაიმ. ყველაფერი კი დაჯილდოებასთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე დიდი თოჯინური შოუთი დამთვრდა, როდესაც ისტორიულ პიროვნებაზე ვინც არ უნდა იყოს იქმნება დრამატული ნაწარმოები და შემდგომ მასზე წარმოდგენა მზადდება, ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ეს? რატომ დაწერა მიხეილ ბულგაკოვმა პიესა სტალინზე პირველადი სახელით „მოძღვარი“, მაშინ როდესაც მისი რომანიდან „თეთრი გვარდია“ გადაკეთებული დრამატული ნაწარმოები „ტურბინების დღეები“ უკვე აკრძალული იყო, მიუხედავად იმისა რომ რომ ბელადს ის მოსწონდა და 15-ჯერ ნახა?

აქ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებების აკრძალვა  1929 წლიდან იწყება, მიდის უკვე მწერლების წინააღმდეგ ბრძოლა, დახვრეტილია ნიკოლ გუმელიოვი, ანა ახმატოვას პირველი მეუღლე და ლევ გუმილოვის მამა. ბულგაკოვი ცდილობს წერილით მიმართოს  კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, უეცრად 1930 წლის 18 აპრილს სტალინი ურეკავს ბულგაკოვს: „თქვენ სად გინდათ იმუშაოთ? მის პასუხზე - სამხატვრო თეატრში ბელადი პასუხობს -„მიმართეთ განცხადებით მათ, მე მგონია რომ ისინი დათანხმდებია...“[1] სტალინის ეს ზარი თავისთავად ნიშნავდა, რომ ბულგაკოვი დაჭერასა და სიკვდილს გადაურჩა. მას წინ დიდი გეგმები აქვს, მუშაობს ახალგაზრდა მუშათა თეატრში (ტრამ) პარალელურად დიდი თეატრისთვის წერს  ოპერების ლიბრეტოებს. ჩანაფიქრშია და უკვე ჩანაწერებია შექმნილია პიესებისთვის „მოლიერი“, „ალექსანდრე პუშკინი“, „ივან ვასილის ძე“ , რომანისთვის „ოსტატატი და მარგარიტა“.

იჭერენ ანა ახმატოვას შვილს ლევ გუმილოვს და მის მეორე ქმარს პუნინს, სდევნიან ბორის პასტერნაკს სტალინისთვის მიწერილი წერილის გამო, რომელიც სთხოვდა  ბელადს ახმატოვას ახლობლების განთავისუფლებას. დაიხურა ვსევოლოდ მეიერხოლდის თეატრი, ხოლო სულ მალე 1940 წელს მას დახვრეტენ. არასასურველ მოღვაწეთა ნამუშევრების აკრძალვის  სქემა ძალიან მარტივია - გაზეთ „პრავდაში“ ქვეყნდება გამანაგურებელი სტატია, რასაც მოჰყვება აკრძალვა და შეიძლება დაპატიმრებაც კი. ასე იყო მაგალითად შოსტაკოვიჩის ოპერის „ლედი მაკბეტის“ შემთხვევაში. მას სულ მალე მოჰყვა ასეთივე  სტატია ბულგაკოვის პიესაზე „მოლიერი“.

ამავდროულად კომუნისტური მთავრობა ცდილობს დაიყოლიოს ცნობილი მწერლები შექმნან ნაწარმოებები სტალინზე, პროლეტარიატის ბელადზე - მოგვიანებიოთ (1950 წ.)  თვით ანა ახმატოვაც კი წერს პოემას „დიდება მშვიდობას! (სტალინს)“, მიხეილ ბულგაკოვის გადაწყვეტილებას შეექმნა პიესა სტალინზე ორი საფუძველი ჰქონდა: პირველი მოსკოვის სამხატვრო თეატრის მოთხოვნა დაეწერა მათთვის პიესა და მეორე: მისი უდიდესი სურვილი რამპის შუქი ენახა მის პიესებს: „მოლიერის“,  რომლის რეპეტიციები უკვე მიდიოდა სამხატვრო თეატრში და „ივან ვასილის ძე“ სატირის თეატრში.

ამის საბაბიც მალე გამოჩნდა - გადაწყვეტილი იყო შექმნილიყო „სსსრ-ის მოკლე ისტორი“, სადაც რასაკვირველი მთავარი სტალინის ბიოგრაფია უნდა ყოფილიყო. ბულგაკოვი გადაწყვეტს დაწეროს ეს ისტორია, რომლის ერთი ამბავიც ახალგაზრდა სტალინის ბათუმში ყოფნის ეპიზოდია. ასევე სულ მალე სრულდებოდა სტალინის 60 წლის იუბილე. ბულგაკოვის  მეუღლის ელენე სერგეევნას 1936  წლის 7 თებერვლის  ჩანაწერებში უკვე ჩნდება ცნობა იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და 1938 წლის 10 სექტემბერს ბულგაკოვი იწყებს პიესის წერას. დაწერის შემდეგ ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო წარმოდგენილ ვერსიას უგზავნის ცენტრალურ კომიტეტეს. პასუხის მოლოდინში მზადდება ექსპედიცია ბათუმში გასამგზავრებლად  დეტალების ადგილზე გასაცნობად. მატარებული ახალი დაძრულია, როცა მოდის სასწრაფო დეპეშა: „გამგზავრება აღარაა საჭირო, დაბრუნდით მოსკოვში“ რაც თავისთვად ნიშნავდა რომ პიესა აიკრძალა. რასაც დაემატა ისიც, რომ არ შეიძლებოდა მისი პუბლიკაციაც. თანდათან გაირკვა „ბათუმის“ აკრძალვის მიზეზი; „არ შეიძლება ისეთი პიროვნება როგორიც ი. სტალინია იყოს ლიტერატურული სახე (რომანტიული გმირი). არ შეიძლება იგი აღმოჩნდეს გამოგონილ მდგომარეობაში და მისმა ბაგეებმა წარმოთქვან  შეთხზული სიტყვები“. [2]

აქცენტი კეთდებოდა პიესის შემდეგ  მომენტებზე: ბოშა ქალის მკითხაობაზე - „ბევრს იმოგზაურებ ... დიდი კაცი გახდები“ - რა გამოდიოდა ბელადად აღიარების „ისტორიული აუცილებლობა! იცვლებოდა ბოშა ქალის ხელზე მკითხაობით? რასაც მთლად უარესი - მოჰყვებოდა თანასემინარიელის პასუხი „... მოგზაურობაც იცოდე შენ, სხვადასხვანაირი არსებობს“. ის ფაქტი რომ „მისი სახე (სტალინის-მოძღვრის - გ.ყ.) არანაირ შთაბეჭდილებას არ სტოვებს“ და  „ხალი“, რომელიც მოხსენებული იყო მისი გარეგნობის აღწერაში, „ბორის გოდუნოვის“  თვითმარქვია გრიშკა ოტრიპეევის „მეჭეჭთან“ პარალელი ჯუღაშვილს თვითმარქვია ლიდერად აქცევდა. და ყველაზე მთავარი: ახალი წლის ღამის ნადიმის სცენაში სოსო ჰყვებოდა ზღაპარს - ეშმაკის მიერ მთავრის მოტაცების შესახებ, რომელიც სრულდებოდა იმ ხალხის სადღეგრძელოთი,  რომლებმაც  შავ დრაკონს მზე მოსტაცეს  და ცაზე დააბრუნეს. 1902 ახალი წელს  ღამეს მეოცე საუკუნის დასაწყისში უეცრად ჩნდება ანტიქრისტე რომელსაც თავი ქრისტედ მოაქვს და უფრო მეტიც საპატიმროს სცენაში სტალინს „დემონადაც“ მოიხსენიებენ. [3}. პიესის ისტორიისთვის დავუმატებ მხოლოდ რომ, მისი აკრძალვა დიდხან გაგრძელდა, პირველად იგი მხოლოდ 1988 წელს გამოქვეყნდა და 1992 წელს დაიდგა (სამხატვრო თეატრი, რეჟისორი სერგეი კალგინიანი).

მეორე კითხვა ჩნდება მას შემდეგ, როცა რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ „ბათუმის“ დადგმის შესახებ განაცხადა. რატომ გადაწყვიტა დიდი პოლიტიკური წარსულის მქონე რეჟისორმა ამ პიესის დადგმა?

რეჟისორის პირველი ნამუშევარი ამ თეატრში იყო მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „დამარცხებულნი“, რომელიც გურიის აჯანყებას ეხებოდა და რასაკვირველია პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. რეჟისორმა გვაჩვენა თუ როგორ არ შეიძლება აჯანყების ან რაიმე მოძრაობის ბელადი იყოს ის - „რომელმაც გამოუცდელობის, მერყეობისა და თეორიულად თუ პრაქტიკულად მომზადებულობის გამო ვერ შეძლო დაწყებული საქვეყნო საქმის ბოლომდე, გამარჯვებამდე მიტანა, რომ საქართველოში უმეტესად ღალატით და გამყიდველობით მარცხდება ყოველი პროგრესული იდეა და  ერის ორად გახლეჩვა უკვე საზოგადოების მანკიერ სენად გადაიქცა“ (ციტატა ამ სპექტაკლის ჩვენივე რეცენზიიდან).

სპექტაკლი „1902 წელს ბათომში“, რომელიც ახალგაზრდა სტალინის მიერ ბათუმში ორგანიზებულ გაფიცვას ეხება თავისთავად პოლიტიკური ელფერს ატარებს და სულაც არაა პროლეტარიატის ქართველი ბელადის ხოტბა და დიდება, პირიქით. სასცენო ნაწარმოებში ცალსახად იკითხება არა მხოლოდ დამწყები რევოლუციონერის კარგი ორგანიზატორული და პროპაგანდისტული თვისებები, ასევე განდიდების მანიის საწყისები, გადამეტებული სიმკაცრე, საქმისთვის პროვოკაციული (საკუთარი ხელით გაჩენილი ხანძარი აჯანყების დასაწყებად) მეთოდებით სარგებლობა,  სიმხდალე და ადამიანთა ადვილად გაწირვის სიმსუბუქე. „სისხლი დაიღვაროს, სისხლის გარეშე არაფერი ხდება“ ამბობს მოძრაობის ლიდერი, რომელიც ცოტა ადრე მოვლენების ამგვარი განვითარების და ასეთი შედეგის წინააღმდეგი იყო.

პიესამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა (თარგმანი და სცენური ვერსია ირაკლი სამსონაძის), სრულად ამოღებულის პიესის მერვე და მეცხრე სურათები - სტალინის ციხეში ყოფნის პერიოდი და დატოვებულია მხოლოდ მეათე სურათი, მისი ციხიდან დაბრუნება. შესაბამისად შემცირდა პერსონაჟთა რიცხვიც.

პიესას დამატებული აქვს პირველი სცენა-ინტერმედია ვიდეოინსტალაციით, კადრებით ქრონიკიდან და ბალეტის მოცეკვავის (სავარაუდოდ აისადორა დუნკანი)  ორიგინალური  ცეკვა.

 

სცენაზე დიდი რკინის კარები დგას, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ზამთრის სასხლის კარიბჭს თავზე გვირგვინით, უკან მოსჩანს შუქურა (მხატვარი გოგლა გოგიბერიძე) სპექტაკლი „ზევიდან“ სამუშაო კომბინიზონში გამოწყობილი პორფირე (გიორგი ყურავა) მოევლინება, რომელიც კარიბჭის დეტალებს წითლად ღებავს, აქ, ამ კარიჭესთან მალე გაფიცულთა სისხლი დაიღვრება.

პიესაში ბოშა ქალის წინასწარმეტყველების შესახებ სოსო ჯუღაშვილისგან ვიგებთ, რომელიც თვის თანასემინარიელს ამ შეხვედრის თაობაზე უყვება. ეს ის ტექსტია, რომელიც პიესის აკრძალვის ერთ-ერთი საბაბი გახდა. დამდგმელმა რეჟისორმა და სცენური ვერსიის ავტორმა კი ბოშა ქალი (მაკა შალიკაშვილი) სპექტაკლის მოქმედ გმირად აქცია - მას იოსებ სტალინის ბედისწერის, ერთგვარი როკის სახე მისცა, რომელიც პერიოდულად ჩნდება სცენაზე და ბოშური სიმღერითა და ცეკვითა „განკარგავს“ მიმდინარე მოვლენებს და საბოლოოდ ფინალში 1905 წლის მოვლენებსაც წინასწარმეტყველებს და წერტილს უსვამს ბელადის ბათუმში მოღვაწეობას.

დავით ჯაყელის სოსო ჯუღაშვილი გარეგნობითაც ახალგაზრდა სტალინს გვაგონებს,  ცნობილი კუბოკრული შარფით კისერზე. მისი სტალინი ისეთია როგორიც ავტორმა მიხეილ ბულგაკოვმა შექმნა: პრინციპული, მოხერხებული და ჭკვიანი, ხალხათა მასების გამაერთიანებელი და ასევე თავგადასავლების მაძიებელი. რეჟისორმა კი მის იმ თვისებებს გაუსვა ხაზი, რამაც იგი პროლეტარიატის ბელადად და დიქტატორად აქცია, ეჭვიანობა, განდიდების მანია, სხვისი და სხვათა განწირვა საკუთარი წინსვლისთვის, პროვიკაციაზეც კი წამსვლელია (ხანძარი როტდშილის ქარხანაში)  სიმხდალეც კი. სპექტაკლში არის ასეთი სცენა, 1902 წლის მუშათა დემონსტრაციის დახვრეტის წინ ერთმანეთს პირისპირ (ავანსცენაზე)  აღმოჩნდებიან ერთ მხარეს ქუთაისის გუბერნატორი სმაგინი (ავთო ქარჩავა) და საპირდაპიროს სოსო ჯუღაშვილი, თითქოს თვალით ზომავენ ერთმანეთს. „გუბერნატორი: ეს რა არის? ბუნტი? დროშები აიღეთ! შეჩერდით“. ჯუღაშვილის ხელში რევულვერი უჭირავს, უმიზნებს გენერალს, მაგრამ გასროლის ნაცვლად იარაღს პორფირეს გადასცემს, რომელიც გენერალს ესვრის. დახრეტის დროს სოსო გარბის და ხალხს სტოვებს.

გუბერნატორი სმაგინი (ავთო ქარჩავა) უნდა ითქვს რომ ეს ამ მსახიობის მიერ ბოლო დროს შესრულებულ როლთა შორის საუკეთესოა. მისი გენერალი ოდიოზური პიროვნებაა, მეფის კარის მონა და მსახური, მიჩვეული ბრძანებების ლაკონურაბას, ყოველ მოწერილ შეტყობინებასა და დეპეშაში სიზუსტესა და  სრულ განმარტებას მოითხოვს, განსაკუთრებით ნერვებს უშლის სიტყვა „მღელვარება“ და არა იმიტომ რომ არ ესმის მისი შინაარსი, არამედ მისთვის თვით ფაქტი ბათუმში არსებული მღელვარების ( ანუ ბუნტის) შესახებ დაუშვებელი და მიუღებელია.

ჟანდარმების პოლკოვნიკი ანთაძე (მამუკა მანჯგალაძე) ახალგაზრდა კარიერისტი ოფიცერია, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს გუბერნატორის ყოველ სიტყვას. მის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ირკვევა რომ „მოძღვარი“ სოსო ჯუღაშვილია, თბილისის   ერესდეერპეს (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა პარტია) კომიტეტის წევრი, რომელმაც ბათუმში ეს პარტია ჩამოაყალიბა. სწორედ ანთაძის სიტყვებია „მისი გარეგნობა არანაირ შთაბეჭდილებას არ სტოვებს“ - კიდევ ერთი საბაბი პიესის აკრძალვის, როგორც ზემოთ ვწერდით.

სილიბისტრო (კახა კობალაძე), ნატა (თამარ ბოლქვაძე) პორფირე  იმ ოჯახის წევრები არიან, რომელმაც კარი გაუღეს, შეიფარეს ახალგაზრდა სოსო და მისი მომხრეები გახდნენ, აქტიურად ჩაერთნენ რევულუციურ მოძრაობასა და გაფიცვის ორგანიზებაში.

სპექტაკლის ერთ-ერთი  საკვანძო სცენა ახალი წლის ღამის სცენაა, სადაც სუფრას „მოძღვარი“ უძღვება და მის მიერ მოყოლილი ზღაპარი გახდა 1939 წელს ცეკას ბიუროს განხილვის საგანი - ნუთუ ავტორს ანტიქრისტეში სემინარიიდან  გამოგდებული იოსებ ჯუღაშვილი ჰყავდა მხედველობაში?!

ვანშეიდტი (დიმიტრი მელია) ქარხნის მმართველი კომიკურია თავისი ქცევებითა და უსუსურობით არა მხოლოდ მუშების ასევე გუბერნატორის წინაშე.

ელვასი (თამარ მაყაშვილი), კოტე კანდელაკი (ზაზა ზოიძე) თეოფილე (ლაშა კონცელიძე) სტალინთან პირველი შეხვედრისთანავე მისი სურვეილების აღმსრელებლები და მორჩილნი ხდებიან,  არა მხოლოდ გაფიცვის ორგანიზებაში -სოსო ბრძანებაზე  იმღერეთო მღერიან, იცეკვეთო (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე)  ცეკვავენ.

ბოშა ქალი (მაკა შალიკაშვილი) სისხლისფერ ქვედაბოლოს და თავსაბურში თავისუფალი ქალია, მომხდარი მოვლენების აღმწერიც და წინასწარმეტყველით, ცეკვით და პლასტიკით მსუბუქად რომ თავს დასტრიალებს სპექტაკლის პერსონაჟებს. განსაკუთრებით საინტერესოა პოლკოვნიკ ანთაძის მომავალი მკვლელობს სცენა, რომელსაც დირიჟორივით ხელმძღვანელობს მაკა შალიკაშვილის ბოშა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომპოზიტორ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ნამუშევარი ამ სპექტაკლისთვის (ალექსანდრე ქანთარის წინა სპექტაკლშიც მისი მუსიკა ჟღერდა) და მნიშვნელოვნად დასაფასებელი ის ფაქტი, რომ სპექტაკლისთვის სპეციალურად იქმნება მუსიკალური გაფორმება. „მარსელიოზასთან“ ერთად სცენიდან ისმის ამ კომპოზიტორის მიერ შექმნილი ჰანგები, რომელშიც „გაფრინდი შავო მერცხალოს“ მოტივიც ისმინება.

როგორც თეატროლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა დაარქვა თავის რეცენზიას - „ნუ გააღვიძებ ბოროტებას“  ამ სპექტაკლის მიმართვაა საზოგადოებისთვის, მხოლოდ ერთ დავუმატებთ: „დიქტატორებად არ იბადებიან, დიქტატორები ხდებიან“.

  1. ჩუდაკოვა, მ. „მიხეილ ბულგაკოვის დაუსრულებელი ნაწარმოებები“, „ნოვის მირ“, 1987 წ. N8, გვ. 193.

  2. სმელიანსკი ა.„მიხეილ ბულგაკოვი სამხატვრო თეატრში“, მ.. 1989 წ. გვ. 370.

  3. იქვე, გვ.  373.

bottom of page