top of page

მოკლე ჩანაწერი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შესახებ

ed7b1080-9c5f-4e4c-a495-7acd62b93d87.jpeg

26.07.2026

ლელა ოჩიაური

მოკლე ჩანაწერი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შესახებ

უკვე 17 წელია, და წლიდან წლამდე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალს ველოდებით და ვიცით, მოლოდინი ყოველთვის გაამართლებს. გამოცდილებამ გაგვანებივრა და იმის ამბიციაც გაგვიჩინა, რომ ფესტივალის არაჩვეულებრივი (გადაჭარბების გარეშე) გუნდი, ეკა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, თამასას არ დასწევს და პროგრამაში აუცილებლად ჩართავს - რაიმეს გამორჩეულსა და განსაკუთრებულს,  თანამედროვე მსოფლიო თეატრის საგანძურიდან.

ამჯერადაც ასეა, რაც ადასტურებს ფესტივალის მისიას - მაყურებელმა და პირველ რიგში, პროფესიონალებმა, შეიტყონ,  რა ხდება მსოფლიოს თეატრებში, რა პროცესებია, რა თეატრალური ნორმები არსებობს, როგოე მუშაობენ რეჟისორები, მსახიობები და თეატრალურ პროცესებთან მიახლოებული სხვა პირები.

წელს ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა შემოდგომის ნაცვლად, ზაფხულში ტარდება და რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლს აერთიანებს - კარგად ნაცნობი და პირველად, საქართველოში, თეატრებიდან. ესენია - კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო 7 ლექცია და 5 მორალური ზღაპარი“ - „ნოვი“ თეატრი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქშიშტოფ ვარლიკოვსკი (პოლონეთი);  მილო რაოს „მისანი“, თეატრი „შაუბიუნე“ (გერმანია); ამალია ბენეტის „სხვა ხედვა“, თეატრი „სიდს“ (საბერძნეთი); ჟეიმს ტიერე, „რანდე ვუ“,  თეატრი La Compagnie du Hanneton (საფრანგეთი-შვეიცარია); დავით აბრამიანის „აზნაური: მოგზაურობა დროსა და მუსიკაში“, ერევნის სახელმწიფო კამერული თეატრი; დინა ჟუმაბაევას „ჰამლეტი. ბოლო დღეები“, გაბიტ მუსრეპოვის სახელობის, ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

2026 წლის ფესტივალის უცხოური პროგრამა 13 ივნისს, თეატრი სახელოსნო 42-ის გვერდით, „კოკა-კოლას“ ერთ-ერთ პავილიონში, კშიშტოფ ვარლიკოვსკის, ძალიან ცნობილი, ბევრჯერ პრემირებული, მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში წარდგენილი, 2024 წლის სპექტაკლით „ელიზაბეთ კოსტელო - 7 ლექცია, 5 მორალური ზღაპარი“ - გაიხსნა. მართლა ზღაპრული წარმოდგენით - გაჯერებული ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი პრობლემებით, რომლის მხატვრული გადაწყვეტისთვის რეჟისორი იყენებს - დრამის, ფარსის, ირონიის, ფანტასტიკის ელემენტებს; კულტურის, ისტორიული გამოცდილების, მეხსიერებისა და საზოგადოების დღევანდელობის გამომსახველ ფრაგმენტებსა და ატრიბუტიკას და დაკარგული დროის ძიებასთან ერთად სამყაროში სიმართლისა და გადარჩენის  სხივებსა და გზებს ეძებს. 

„ელიზაბეთ კოსტელო“ დადგმულია პიოტრ გრუშჩინსკის პიესაზე, რომელიც ჯონ მაქსველ კუტზეეს რამდენიმე მოთხრობის -„ელიზაბეთ კოსტელო“,  „ნელი კაცი“, „როგორც ქალი ბერდება“, „ამაოება“, „მინის სასაკლაო“ - დრამატურგიულ ღერძზეა აგებული და რამდენიმე ავტორის ტექსტების - ფილიპ პარენოს „ყველგან, ოღონდ სამყაროს გარდა“; სოფი კალეს „უკანასკნელი ფოტო“, „რეალური ისტორიები“, „ჩრდილოეთ პოლუსი“; ფრანც კაფკას „მოხსენებითი ბარათი აკადემიას“; გოეთეს „ფაუსტი“, ფრენსის ფარმერის „ღმერთი კვდება“ - ფრაგმენტებს აერთიანებს.

რადიკალურად განსხვავებული ავტორების განსხვავებულ თემატიკასა და პრობლემატიკაზე აწყობილ სპექტაკლს რთული დრამატურგიული აგებულება და მიმართულებების ვრცელი სპექტრი აქვს.  

„ელიზაბეთ კოსტელოში“ მონაწილეობენ - მაია კომაროვსკა და მარიუშ ბონაშევსკი (პოლონური კინოსა და თეატრის დიდი ვარსკვლავები, რომლების სცენაზე „ცოცხლად“ ხილვა, რომ არა „თბილისის საერთაშორისო“, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა), ანდჟეი ჩაირა, პიოტრ პოლაკი, მალგოჟატა ჰაიევსკა-კშიშტოფიკი, ჰიროაკი მურაკამი, მონიკა ნიემჩიკი, მაია ოსტაჟევსკა, ეველინა პანკოვსკა, იაცეკ პონიედზიალეკი, მაგდალენა პოპლავსკა; კომპოზიტორია: პაველ მაიკიეტინი, სცენოგრაფია და კოსტუმები: მალგორჟატა შჩეშნიაკი, განათება: ფელის როსი, დარიუშ ადამსკი, ვიდეო და ანიმაცია: კამილ პოლაკი;  ფოტო: მაგდა ჰუკელი, ვიდეო:  იოჟვინი, ოპერატორი  ბართლომე ზავილა, გრიმი: მონიკა კალეტა, ხმა:  მიროსლავ ბარკოტი, სუბტიტრები: ზოფია ჟიმანოვსკა.

ქშიშტოფ ვარლიკოვსკის სპექტაკლი ოთხი საათი გრძელდება და წამითაც „არ ჩუმდება“. აქ არაა პაუზები და ეპიზოდები მუდმივად ახალ ფაზაში გადადიან. შინაგანი დრამატიზმი და „გარეგნული“ სიმშვიდე, სამყაროების ძალიან დახვეწილი კავშირი რეჟისორის პასუხია რეალობაზე და რეაქცია; მსჯელობა და კვლევა - სიკვდილისა და სიცოცხლის, ძალადობის უწყვეტობისა და მასთან დაპირისპირებისა თუ მორჩილება-ხელშეწყობის, მორალური გადარჩენის, ღმერთის არსებობისა და ცხოვრების ამაობის თაობაზე.

ელიზაბეთ კოსტელო მუდამ იცვლის სახეს. მაია კომაროვსკასთან ერთად მის ამ სახეცვლილებაში, ბოლო, და საბოლოო, სრულიად მომნუსხველ გარდასახვამდე - სიცოცხლიდან სიკვდილამდე - სხვა მსახიობებიც ჩართული არიან - სხვადახვა ლექციის პროცესში ისინიც მთავარ პერსონაჟად გარდაისახებიან - ელიზაბეთ კოსტელოდ - და ზღაპრების მთავარი პერსონაჟი ხდებიან. მის სხვადასხვა მდგომარეობას წარმოადგენენ. მისი შინაგანი მდგომარეობის სხვადასხვა განსხეულებასა და სხვადასხვა სახეში გამოხატულ ფიქრებს, განცდებს, ხედვას, აღქმებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს, შემოქმედებით ფსიქოლოგიასა და ცხოვრების სირთულეებსა და ელემენტარულ სიხარულს, რომელიც ყოველდღიურობაში არსებობს.

ერთი მხრივ, ეს კოსტელოს შინაგანი მონოლოგები და მათი „პრაქტიკული“ გამოხატულებაა, როგორც ცხოვრების, ბიოგრაფიის, ყოფისა (ოჯახურ გარემოცვაში და უცხოებთან) და შემოქმედების და ამ ნიშნით, საზოგადოებასთან კავშირის ნაწილი; მეორე მხრივ - რეპლიკები და კომენტარები, რომლებითაც მას ნარატორი, პერიოდულად აფასებს და ეხმიანება.

ნარატორიც იცვლის სახესა და ხან განყენებული დამკვირვებელი და „მთხრობელი/კომენტატორია“ და ხან მოვლენების უშუალო მონაწილე. ხან, კოსტელოს ციკლის სხვადასხვაგვარი იერისა და ფორმის პერსონაჟი, რომელიც „ცოცხლდება“ და საკუთარი ისტორია გადახდება თავს.

ასევე იცვლებიან სხვა მოქმედი გმირების განსახიერებისას და ერთიან, დიდებულ ანსამბლს ქმნიან. დაუჯერებლს, და დიდებულს. ყოველგვარი „არტისტული“ ეფექტების, ყალბი და ხელოვნური „სიმართლის“ გამოხატულების ნაცადი, ბანალური ხერხების გარეშე.

მუდმივად, თუმცა მსუბუქად და მარტივად იცვლება გარემო - სამოქმედო სივრცე, მოქმედების ადგილები - ანტარქტიდიდან სხვადასხვა ქალაქში მდებარე სასტუმროების ნომრებამდე, საზოგადოებრივი ტუალეტიდან მინის პავილიონამდე და დიდ დარბაზებამდე, ქალაქების ქუჩებიდან ბუნების წიაღამდე -  ერთიან და ღია სივრცეშია მოქცეული, და შევსებული და გამთლიანებულია -  პროექციით, ვიდეო და ფოტოგამოსახულებებით; ცოცხალი ხმებითა და ხმის ჩანაწერებით (საგანგებო გაფრთხილება ანოტაციაში - „სპექტაკლში გამოყენებულია სტრობოსკოპული განათება, მაღალი ხმა, ცხოველების იმიტაციის ობიექტები!“) ცოცხალი პროექციითა და რეკვიზიტისა და დეკორაციის დეტალების (იქვე, სცენაზე შემოსული ტექნიკური პერსონალიხ ხელით)  ალაგებით, დალაგებითა და გადაადგილებით.

აქ ყველაფერი შიშველია, გახსნილია, ცოცხალია ან უნდა გაშიშვლდეს, გაიხსნას და გაცხადდეს. როგორც აღსარებაზე, არსებობის გაგრძელების მოტივაციაზე, რომელიც მსოფლიო კულტურის ძვირფასეულობებს აერთიანებს და რწმენის, იმედის, სიცოცხლისა და ცხოვრების გამართლების მორალურ კოდებს შეიცავს. 

რამდენიმე წლის წინათ, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ (მარსელ პრუსტის რომანის „დაკარგული დროის ძიებაში“ მიხედვითა და სხვა ავტორების ნაწარმოებების ჩართულობით), სარეჟისორო გადაწყვეტის, სტილისტიკის მხრივ, გავდა „ელიზაბეთ კოსტელოს“ და ასეთივე მონუმენტური იყო - პრობლემატიკითა და მხატვრული ხერხების სიუხვით.

„ფრანგების “ მსგავსად, „ელიზაბეთ კოსტელო, 7 ლექცია, 5 მორალური ზღაპარი“ დროისა და სივრცის უსასრულობაში გადადის, გარღვევაა დროსა და სივრცეში, სინამდვილის ანაბეჭდი და შემოქმედის ფანტაზიის სხვადასხვა რაკურსით გამოხატულება. და, თუ დაკვირვებით შევხედავთ და გულისყურით მოვუსმენთ, არა ერთ მიმზიდველ აღმოჩენას გავაკეთებთ, სამყაროს შემოქმედებით ხედვასთან,  სარეჟისორო, სამსახიობო შესაძლებლობებთან, ფორმებთან, თანამედროვე თეატრალურ აზროვნებასთან დაკავშირებით.

რომ შეიძლებოდეს, დავწერდი ბევრ ძახილის ნიშანს, ბევრ გულს, ბევრ „ბრავოს“, აღტაცების, ემოციის გამომხატველ ბევრ აღმატებულ ეპითეტს, რადგან ვერ ვპოულობ სიტყვებსა და აზრის  ფორმულირებებს იმ შთაბეჭდილების,  გრძნობებისა და შეგრძნებების გადმოსაცემად, რომელიც, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, რეჟისორ მილო რაოს „მისანმა“ (ტომას ოსტერმაიერის შაუბიუნეს თეატრიდან),  გამოიწვია და სიტყვები რომ მართლა უძლურია, მოწმობდა სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლის რეაქციაც, რომელიც თავჩაღუნული, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი და საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილი, უხმოდ ტოვებდა დარბაზს.

ტექსტი, როგორც ანოტაციაში ვეცნობით, „შთაგონებულია სოფოკლეს ტრაგედიით „ფილოქტეტეტესი“, რაც გამოყენებულია ურსინა ლარდისა და მილო რაუს დოკუმენტური მასალის კვლევაში, ტექსტში მათ ჩართულობაში, ბეტინა ერლიხისა და კარმენ ჰორნბოსტელის დრამატურგიის საფუძველზე. ტექსტში ბევრი ნაცნობი, რეალურად არსებული - წარსულსა და აწმყოში, მითოსსა თუ ისტორიულ ქრონიკებში, ლიტერატურასა თუ სატელევიზიო/სოციალურ ქსელებში არსებული ამბავი, გმირი, სიტუაცია, ინფორმაციაა ჩართული და გამთლიანებული, როგორც ცხოვრების უსასრულობისა და განმეორებადობის ნიშანი, ადამიანის არსებობის, სიკვდილის, ყოფნისა და არყოფნის, ომისა და მშვიდობის, ძალადობისა და სიყვარულის, თანაგრძნობის - დიდებული და ბოროტების - უსასტიკესი - გამოხატულების შესახებ.

„მისანი“ ორი სამყაროს, ორი მოცემულობის, ორი განზომილებისა და დროში უსასრულობის გაერთიანებითაა შექმნილი - სცენური და ეკრანული, რომელიც სწორედ ამ ორ განზომილებას აკავშირებს და აიგივებს. შლის დიტანციასა და მანძილს ქვეყნებსა და ჰორიზონტებს შორის. ზუსტად იქ, სადაც ოდესღაც, მითურ და უდროო დროში - ტროა, ლემნოსი, ნინევია, ასურეთი არსებობდა...

მოქმედებაც ამ ორ სივრცეში ხდება, რომლებშიც ორი ადამიანია დამოუკიდებლად და დისტანცირებულად მოქცეული, თავიანთი ცხოვრების მონათხრობითა და აღწერით, უშუალო ჩართულობით, სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ დამოკიდებულებების მეტყველი გამომსახველობით.

მსახიობი - ურსინა ლარდი, რომლის სრულიად „არაადამიანური“ ოსტატობა და ორგანულობა გავიწყებს, რომ იგი მხოლოდ ასრულებს ომის ჟურნალისტის როლს და არა საკუთარ გამოცდილებას იხსენებს. და აზად ჰასანი - მოსულელი პედაგოგი, რომელიც ასევე გავიწყებს, რომ რეალური ადამიანია, საკუთარი და დრამატული ნამდვილი ბიოგრაფიით და არა მილო რაუს სპექტაკლის „შექმნილი“ პერსონაჟი. (ქვეცნობიერად, შეიძლება, უბრალოდ გინდა, რომ ასე იყოს). თუმცა, ყველა მოცემულობაში - ანტიკური ტრაგედიის გმირი თანამედროვე ეპოქაში.

უდაბნოს ქვიშასა თუ დანგრეული ქალაქების ნაშალში ჩაფლული ნივთები (ანტონ ლუკასის სცენოგრაფია და კოსტუმები), სივრცე, სადაც ურსინა ლარდი მოქმედებს, ეკრანზე გამოსახული ასეთივე გაუდაბურებული ტრამალის, სადღაც შორს არსებული ქალაქის (მოსული) ფონზე (ვიდეო მორიც ფონ დუნგერნი) ვითარდება, საიდანაც  აზად ჰასანი, მოქმედებაში დროდადრო ერთვება და შემდეგ, სადაც - თანამედროვე, ომის შემდგომი მოსულის ქუჩებში - ის და ურსინა ლარდი ერთად გადაადგილდებიან და მოქმედებენ.

სცენაზე - ცენტრალურ ობიექტზე მიმდინარე ეპიზოდების ვიზუალური გამომსახველობა,  და ვიდეო და აუდიო ჩანაწერები - უშუალოდ სპექტაკლისთვის შექმნილი თუ ქრონიკა - კინო თუ ფოტოკადრები (არმინ სმაილოვიჩის ფოტოები), სასცენო სივრცის აგებულება და უკანა კედელზე გადაჭიმულ დიდფორმატიან ეკრანთან კავშირი, ქვეყნებს შორის სიახლოვის ილუზია და დისტანცია, განზომილებები - მუდმივად იცვლება - მიზანსცენების გადაადგილებით, განათებით (შტეფან ებელსბერგერის დიზაინი), ცხოვრებისეული თუ წარმოსახვითი, სროლის, აფეთქებების, ადამიანების ნამდვილი და ირეალური ხმებით, ხმაურებით, მუსიკის, „საიდანღაც“ შემოჭრილი, „კათარზისული“ თუ აგრესიული ფრაგმენტებით (ხმის დიზაინი ელია რედიგერი).

ურთულესი ტექნიკური გადაწყვეტა, თითოეულ ელემენტის უზუსტესი და ქმედითი სინქრონი - ხედვითი და ხმოვანი, არა მხოლოდ ტექნიკურად, მხატვრულად და ფსიქოლოგიურად გათვლილი ყოველი დეტალი - ქმნიან აბსოლუტურად მომაჯადოებელ, მედიტაციურ სამყაროს, რომელიც ხელოვნების რეალურ შესაძლებლობებს სცდება.

შეიძლება, ურსინა ლარდის პერსონაჟი, როგორც ძალადობისა და ომის მსხვერპლი ათეულობით ქალის სახედაა ქცეული და მიღებული ტრავმები უკვალოდ არ ქრებიან; შეიძლება, აზად ჰასანის, მისი ძმის, მოძალადეების ხელით მიყენებულ სულიერ თუ ფიზიკურ იარებს ასკლეპიოსი ვერ განკურნავს, მაგრამ თითოეულმა მათგანმა, ვინც გადარჩა, გადაურჩა ძალადობას, ომს, დევნას, უსამშოობლოობას - ცხოვრება უნდა გააგრძელოს.

„მისანი“ - ორი ადამიანის ბედის ჩვენებით  - თანამედროვე  სამყაროს მითს, თანამედროვე ტრაგედიას ქმნის, რომელიც კიდევ ერთხელ, საუკუნეების შემდეგაც ამტკიცებს, რომ ტრაგედიის კანონების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ომი, ძალადობა, დევნა, სისასტიკე გრძელდება და დასასრული არ უჩანს, ცხოვრება გრძელდება. გრძელდება თავისი დაუმარცხებელი გმირების წყალობით, რომლების არსებობაც სამყაროს არსებობისა და სიცოცხლის უწყვეტობის აუცილებელი პირობაა.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საერთაშორისო  პროგრამაც გრძელდება. ქართული შოუქეისი კი, ტრადიციულ დროს, შემოდგომაზე გაიმართება და როგორც ყოველთვის, თავს მოუყრის და გააერთიანებს 2025-2026 წლების სეზონში, 2025 წლის შოუქეისის შემდგომ, საქართველოს თეატრებში დადგმულ, უკვე წარმოდგენილ და ფესტივალის პერიოდში, საპრემიეროდ განსაზღვრულ სპექტაკლებს.

საერთაშორისო პროგრამა მსოფლიოში მიმდინარე თეატრალური პროცესების გამორჩეული „ფრაგმენტებს“ გვაცნობს. „შოუქეისი“ კი  ადგილობრივ მაყურებელსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ  პროფესიონალებს (თეატრის კრიტიკოსებს, სხვადასხვა ფესტივალისა და  სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელებს) ქართული თეატრის ვრცელ პანორამას წარუდგენს და მისი, „სეზონური“ ნაწილის ნახვისა და შეფასების უპირატესობას ერთიანად ანიჭებს.  

bottom of page