top of page

თავისუფლებისკენ სწარფვის იდეა და ხერხები უახლესი ქართული თეატრის სცენაზე

15875193_10154891554461103_6785991979905

ლაშა ჩხარტიშვილი

 

თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა და ხერხები უახლესი ქართული თეატრის სცენაზე

 

საკვანძო სიტყვები: დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრი, უახლესი ქართული თეატრი

 

პირველად გამოქვყენდა ჟურნალში „სემიოტიკა“, #18, 2019.

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

 

ქართული თეატრის (ხალხური საწყისებიდან დღემდე) მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტული თემა იყო. თავისუფლების ცნებაში მოიაზრება არა მხოლოდ ადამიანის პიროვნული თავისუფლების იდეა, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბების (XVIII ს.) პერიოდშიც კი (კლასიციზმის პერიოდი, ერეკლე II-ის პერიოდის ქართულ თეატრში) თავისუფლების მოპოვების თემა არის დომინანტი იმ თემებს შორის, რომელსაც განსახილველად მიმართავდა იმ პერიოდის ქართული პროფესიული თუ ხალხური თეატრი. მაშინაც, XVIII საუკუნეში, დღის წესრიგში აქტულურ საკითხად იდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის საკითხი. თეატრიც, თავის მხრივ, პასუხობდა სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებს.

 

XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი „მუდმივი სცენა~ ეროვნულ _ განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირველეს ტრიბუნად იქცა. ხოლო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეამ, საბჭოთა ცენზურის პირობებში, ფაქტობრივად, შვა ახალი სათეატრო ენა _ მეტაფორის ენა, რომელიც სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვების იდეას ემსახურებოდა.

1991 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ცენზურისგან გათავისუფლებულმა თეატრმა, ერთი მხრივ, ინერციით გააგრძელა იმ პერიოდისთვის უკვე აქტუალურობადაკარგულ თემებზე საუბარი, მეორე მხრივ, არ დაკარგა მეტაფორის ენა, რომელიც მას უკვე აღარ სჭირდებოდა სათქმელის შეფარვით გადმოსაცემად. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეამ უკანა პლანზე გადაინცავლა, XX საუკუნის 90-იან წლებში არ მოხდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების (დამოუკიდებლობის მოპოვება, აფხაზეთის ომი, თბილისის სამოქალაქო ომი და ა.შ.) გაანალიზება თეატრში. მხოლოდ XXI საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო საუბარი თეატრის სცენიდან თავისუფლების იდეაზე, რომელიც უკავშირდება უპირველეს ყოვლისა, პიროვნების თავისუფლებისა და სახელმწიფოს მიერ მოპოვებული სუვერენიტეტის შედეგების ანალიზს, გადაფასებას.

 

2016 წელს, სამეფო უბნის თეატრში, ამავე ჯგუფის მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზე, ახალი სპექტაკლის _ „პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელი~ _ პრემიერა გაიმართა. დათა თავაძისა და დათო გაბუნიას ერთობლივი პიესა-კვლევა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის ფრაგმენტებზე, მოგონებებსა და ასოციაციებზეა აწყობილი. სპექტაკლი, დოკუმენტურ მასალისა და ლიტერატურული ტექსტების ერთიან ჯაჭვად იქცევა და დესტრუქციული „პიესის~, უფრო მეტად სათეატრო ტექსტის სახეს იძენს. ისე, როგორც „ტროელ ქალებში~, შემოქმედებითმა ჯგუფმა აქაც დოკუმენტური და მხატვრული ტექსტის მიქსი შემოგვთავაზა (სპექტაკლში გამოყენებულია არა მხოლოდ ესქილეს ტრაგედიების ფრაგმენტები, არამედ ჰოვარდ ბარკერის, აუგუსტო ბუალის, ფრანც კაფკას ტექსტები).

 

„პიესა~ მსახიობთა რეალურ ისტორიებსა და მონათხრობსაც ეფუძნება. პერსონაჟები და საქართველოს მოპოვებული დამოუკიდებლობა თანატოლები არიან. მათი ბიოგრაფია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაა. სამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ყვებიან საკუთარ და მათი თაობის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. სპექტაკლი „ახალგაზრდა დასის ერთგვარი სამოქალაქო მანიფესტიცაა, რომელიც 25 წლის გამოცდილებას აფასებს. ამავე დროს ეს რეფლექსია ცხოვრების, თეატრის ბუნებასა და არსზე, კულტურაზე, ადამიანზე, ახალგაზრდობაზე, აღმოჩენათა და იმედგაცრუებათა ჯაჭვზე, რომელიც ზრდის პროცესს ახლავს თან.~ (ბოკუჩავა 2018: 21) დადგმაში გამოვლინდა დამოუკიდებელი საქართველოს თაობის ხედვა ეპოქაზე, მათი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის ისტორიის მიმართ. რეალობა, რომელიც სპექტაკლში მხატვრულ გამონაგონად იქცა, დასახიჩრებულია ისე, როგორც მათი ცხოვრება, წარმოსახვა სამშობლოზე, ეპოქაზე... რეჟისორი დათა თავაძე იგონებს: „როცა „პრომეთე~ დავდგით ყველანი მეტ-ნაკლებად 25 წლისანი ვიყავით, როცა დავიწყეთ მუშაობა და დავსხედით, ვთქვით: _ აი, რა გვახსოვს? რა გვახსოვს 90-იანი წლებიდან და მივხვდით, რომ ჩვენი მეხსიერება შედგება, ერთი მხრივ, პოპულარული მითებისგან ამ პერიოდზე, მეორე მხრივ, პირადი მოგონებე ბისგან, რომელიც, რთული პერიოდის მიუხედავად, მაინც პოზიტიურია, რადგან ჩვენი მშობლები, ასე თუ ისე, მაინც ცდილობდნენ ჩვენს დაცვას, სხვაგვარად, გარკვეული მეხსიერება ჩვენ წაშლილი გვაქვს. ამ დადგმით გვსურდა, თავისუფლების ძიების, ან სრული დამოუკიდებლობის შეუძლებლობაზე გველაპარაკა და სინამდვილეში თავისუფლების შიშზე, რომელიც არსებობს და არსებობს სხვადასხვა საფეხურზე და სხვადასხვა ფორმით, დავიწყების ვნება და წარსულისთვის თვალის არ გასწორების შიში, რაც ასევე გაქცევაა, თავისთავად.“ (ჩხარტიშვილი 2019:)

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს დაბადებული თაობა თანატოლ სამშობლოსთან ეძებს საკუთარ დამოუკიდებლობას, იხსენებს და ივიწყებს გამოცდილებას. დათა თავაძე არ კარგავს კავშირს მითოლოგიასთან და ისე, როგორც „ტროელ ქალებში“, აცოცხლებს მითოლოგიურ არქეტიპებს. ამ სპექტაკლში, ეპოქაზე თხრობისას, რეჟისორი ერთმანეთს უკავშირებს მითოლოგიასა და პერსონალურ რეალურ ისტორიას, რომელიც ახალ მითად იქცევა. ამიტომაც ვხვდებით სპექტაკლში ერთგვარ გადაძახილს თანამედროვე პერსონაჟებსა და მითიურ პრომეთეს შორის. „მაინც როგორ შეიძლება დღეს გავიაზროთ „პრომეთე“_ როგორც გაბედული და გულახდილი პუბლიცისტური არტი? რეფლექსია უკვე ნაცნობ სოციალურ, „წყევლა-კრულვიან~ საკითხავზე? ანტიკური მითის ხელახალი და მტკივნეული გააზრება? კარგად გაწვრთნილი მსახიობების დახმარებით მაყურებლის მგრძნობელობის შემოწმება? ისტორიის სანაგვეზე გადაგდებული ეროვნული ენერგიის გამოთავისუფლება?~ (ბუხრიკიძე 2016: ) _ სვამს ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვებს კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე და იქვე დასძენს: „სამშობლოსკენ სავალი გზა შორია, დრამატული და სახიფათო. ის ჯერ წელს ზემოთ გაშიშვლებული, „ტრავმირებული~ პროტო-პრომეთეს (მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი) ფლომასტერით მოხატულ სხეულზე გაივლის; შემდეგ _ წითელკაბიანი და ზემგრძნობიარე კატო კალატოზიშვილის დრამატულ მონოლოგზე (პულენკის ოპერის, „ადამიანის ხმის“ თანხლებით)“ (ბუხრიკიძე 2016: ). 25 წლიანი ისტორია ისევ ტოტალიტარიზმის ბნელი გვირაბიდან გამოსვლის გზას მიჰყვება ისე, როგორც მითოლოგიური პრომეთე ცდილობს თავი დააღწიოს „ზევსის წყევლას~. მაგრამ ეს პროცესი წრეზე ბრუნვას ჰგავს. სპექტაკლი ადამიანების ისტორიაზე დაყრდნობით გვიჩვენებს დამოუკიდებლობა შობილი ქვეყნის ისტორიასაც, რომელმაც თითქმის ვერაფერი ისწავლა. თითქოს ნელ-ნელა და მტანჯველი რეფლექსით გამოვდივართ მძიმე მდგომარეობიდან და ისევ უკან, ბნელ და ცუდ წარსულში ვბრუნდებით. პრომეთეს და დამოუკიდებელ საქართველოს ერთი უმნიშვნელოვანესი საერთო რამ აქვთ _ მტანჯველი ბედისწერა. სპექტაკლში ეტაპობრივად „შემოდის ისტორიათა ნაგლეჯები, სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა უსახელო პროტაგონისტის მიერ მოთხრობილი. თეატრი აქაც პროტოგონისტის პრინციპით მუშაობს და უარს ამბობს ტრადიციული დრამატურგიის სტრუქტურულ და ფორმაწარმომქმნელ პრინციპებზე. თითქოს კვლავ დრამატული თეატრის ფორმირების საწყისებს ვუბრუნდებით, როდესაც დითირამბული გუნდის კოლექტიური სხეულის „დეკონსტრუქციის~ პროცესი დაიწყო“ (ბოკუჩავა 2018:21). ყოფითი და ნაცნობი, თითქოს უმნიშვნელო ისტორიები, იქცევა ეპიკურ ამბად, რომელიც აღწერს ეროვნული მოძრაობის, დევნილობის, სამოქალაქო ომის, შანტაჟის, შიმშილისა და ძალადობის ქართულ ამბავს.

 

სპექტაკლის გმირები ეპოქაზე თხრობისას ორ სიტყვას იყენებენ ყველაზე ხშირად: „გახსოვს?“ და „დაივიწყე“!. „შესაძლოა, ეს „ახალგაზრდა დამოუკიდებლობის~ ინსტინქტია. პირველადი, როგორც ჩვილური გაკვირვება და ბუნებრივი რეაქცია, რომლითაც დანარჩენ დროს უნდა მოერიო. გაუძლო. იცხოვრო.~ (სადღობელაშვილი 2018:). სპექტაკლის მონაწილე რვა მსახიობი-პერსონაჟი მუდმივად იხსენებს და ივიწყებს თავის ტანჯულ და მძიმე, კომპლექსებითა და ფობიებით გაჟღენთილ ცხოვრებას, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტო- რიაცაა. „მგონია, გათავისუფლების ფორმა არის ერთ-ერთი გზა, წარსულისთვის თვალის გასწორება. ჩვენ კი მუდმივად გავურბივართ თავისუფლებას, რადგან მუდმივად ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ. „პრომეთე~ არ ამბობს, ასე და ასე მოიქეცითო, ეს სპექტაკლი იმას გვაჩვენებს, როგორ ვიქცევით, ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს შეგვეშინდება ჩვენი თავისთვის, ჩვენი წარსულისთვის თვალის გასწორება, მით უფრო დიდხანს ვერ გავთავისუფლდებით. ჩვენ ჩვენს წარსულს არ ვაღიარებთ არასდროს, ჩვენ მუდმივად ვივიწყებთ მას. ვუშვებთ, შესაბამისად, იგივე შეცდომას და მასაც ვივიწყებთ. ეს დამოკიდებულება ყველაფერში ჩანს. ჩვენ ვივიწყებთ გაუთავებლად.~ (ჩხარტიშვილი 2019: ) კითხვაზე რას ფიქრობს რეჟისორი, შევძლებთ თუ არა ოდესმე დავივიწყოთ წარსული და დავიწყოთ ახალი, უპასუხებს: „ვერ დავიწყებთ, თუ ჩვენ არ დავარქვით რაღაცებს თავისი სახელი. ჩვენთან რეალური კულტურული რევოლუცია არ მომხდარა არასდროს, ჩვენ არასდროს დაგვირქმევია თავისი სახელები გარკვეული მოვლენებისთვის, ცნებებისთვის, დღესაც კი ვკამათობთ საბჭოთა კავშირი ცუდი იყო თუ კარგი, ამაზეც კი ვერ შევთანხმდით“.

 

სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად, მაყურებელიც იხსენებს საკუთარ და სამშობლოს ხელახლა დაბადებას, მაყურებლის გონებაში და სცენაზე ცოცხლდება ეპოქა, ტკივილი, სიხარული, თითქმის ყველა შეგრძნება და განცდა. ტოლობის ნიშანი ქვეყანასა და თაობას შორის უფრო მძაფრი ხდება, თაობის ტანჯვა ქვეყნის ტანჯვას უახლოვდება. თითქოს ეს ორი ფრაზა: „გაიხსენე!“ და „დაივიწყე!“ რეფრენად გასდევს მთელ სპექტაკლს. ამის თაობაზე ვკითხეთ რეჟისორსაც, „ _ თუ უნდა გავიხსენო, რატომ დავივიწყო?~, რაზეც რეჟისორი უპასუხებს: „იმიტომ, რომ ერთ-ერთი გზა რომ არ ვიყო თავისუფალი, არის დავივიწყო, გათავისუფლების ფორმა არის ერთ-ერთი გზა. ფილოსოფიურად კი ეს არის თვალი გავუსწორო რეალობას, შევხედო მას, ვაღიარო რეალობა და შემდეგ გავაგრძელო არსებობა. საზოგადოებები, რომლებმაც აღიარეს წარსული, იქცა გათავისუფლებულ საზოგადოებად, თვალი გაუსწორეს მას. ჩვენ კი ჩვენს წარსულს არ ვაღიარებთ არასდროს, ჩვენ მუდმივად ვივიწყებთ მას. ვუშვებთ, შესაბამისად, იმავე შეცდომას და მასაც ვივიწყებთ. ეს დამოკიდებულება ყველაფერში ჩანს.~ ისე, როგორც პრომეთე მიდის გათავისუფლების წინააღმდეგ, მას უნდა, რომ დაისაჯოს, ჩვენი საზოგადოებაც მოტივირებულია მუდმივი დავიწყებისთვის, ანუ მას არ სურს თავისუფლება.

 

ლიტერატურა:

 

ბოკუჩავა 2018: თამარ ბოკუჩავა, ძალადობისა და ტანჯვის მითოლოგიური პარადიგმები „ტროელ ქალებსა“ და „პრომეთეში“, სერიიდან „XX საუკუნის ხელოვნება“, ტ. VIII, „მითის ინტერპრეტაცია ხელოვნებაში~, თბ., 2018.

 

ჩხარტიშვილი 2019: „დიალოგის ტრილოგია თანამედროვე და უახლეს თეატრზე~, დათა თავაძე „90-იან წლებში შესაძლებელი იყო დაწყებულიყო სრულიად ახალი თეატრი, მაგრამ ეს არ მოხდა...~ (ინტერვიუ დათა თავაძესთან, საუბარს უძღვება თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი) https://www.theatrelife.ge/datatavadzeinterviu

 

ბუხრიკიძე 2016: დავით ბუხრიკიძე, „პრომეთეს~ გარდამოხსნა“, ჟურნ. „ლიბერალი~, 12 დეკემბერი, 2016. http://liberali.ge/articles/view/26418/prometes-gardaamokhsna

 

სადღობელაშვილი 2018: ნინო სადღობელაშვილი, სად არის ფარდა?!, ჟურნ. „მასწავლებელი“, 13 აპრილი, 2018. http://mastsavlebeli.ge/?p=17639

 

 

 

 

Lasha Chkhartishvili

 

Idea and Ways of Striving for Freedom in Georgian Contemporary Theatre

SEMIOTICS SCIENTIFIC JOURNAL, XVIII, Tbilisi, 2019

Kaywords: Data Tavadze, Royal Discreet Theatre, Contemporary Georgian Theatre

Photos by Lasha Kuprashvili

 

Abstract

 

Severe political and social problems of the 20th century received a response by the Georgian Theatre with a slight delay, however, still in the 90-ies. It turned out that at the end of the second decade of the 21st century the problems that were important in the 90-ies of the last century are still unresolved. In the art of new generation stage directors who emerged right in the period when Georgia was overwhelmed with wars and decomposed state institutions, distanced themselves from time and reflected important themes anew. These themes have not yet lost their importance now.

 

Directors born after the independence of Georgia in 1991 reflect the legacy of the previous century and analyze the results that touched their lives. The war, the epoch and city that they inherited, turned into a trauma.

 

Scars of wars are seen in Royal District Theatre’s production „Women of Troy“ staged by Data Tavadze in 2013. David Gabunia worked on the text; hence, it is not a new edition of Euripides „Women of Troy“. A group of authors created a completely new text based on documentary materials and memories of women that lived through the war.

 

In 2016 the same artistic group performed `Prometheus / 25 Years of Independence~ in the same Theatre. The show was dedicated to the 25th anniversary of the independence of Georgia. A joint play-survey by Data Tavadze and David Gabunia _ „Prometheus / 25 years of Independence“ is a performance based on the fragments, memories and overtones of the 25-year history of Georgia's independence. Along with documentary material and fiction the performance makes a whole chain of extraordinary images. This show, like „Women of Troy,“ is based on real accounts and narratives of actors, who are of the same age with Georgia’s independence. Their biography is the history of the independent Georgia. The young actors of the Royal District Theatre tell about important details of their lives as well as the biography of the society. The two are closely intertwined.

bottom of page