top of page

 „თავისუფალი თეატრი“ თავისუფლების სადარაჯოზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ავთანდილ ვარსიმაშვილი.jpg

ქეთევან ღონღაძე

 „თავისუფალი თეატრი“ თავისუფლების სადარაჯოზე

 

დროისა და ვითარების, ბიწიერების, უმსგავსოებისა და სათნოების, შეუნიღბავად წარმოჩენის სურვილის წინაშე აღმოჩნდა 1990-2000 წლებში ქართული სათეატრო ხელოვნება, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებლობა ხელახლა მოვიპოვეთ. ამ დამოუკიდებლობის სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, ქვეყანაში თავი იჩინა ეკონომიკურმა კრიზისმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართულ თეატრში გაჩნდა ახალი ტენდენციები. 90-იან წლებში სოკოსავით ჩნდებოდა დამოუკიდებელი თეატრები, რომლებიც ცდილობდნენ, ინდივიდუალობითა და თავისუფალი აზროვნებით, მაყურებელი მიეზიდათ. ერთ-ერთი ასეთი თეატრი იყო და დღესაც აქტიურად აგრძელებს არსებობას, 2001 წელს 31 მარტს დაარსებული „თავისუფალი თეატრი,“ რომელმაც პირდაპირი გაგებით თავისუფალი აზრის, სოციალური სამართლიანობის და საზოგადოებაში არსებული პრობლემების წამოწევა და განხილვა დაიწყო.

„90-იანი წლების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა ბუნებრივად წინა პლანზე წამოსწია სოციალური თემატიკა. რეჟისორები ცდილობდნენ სპექტაკლებში გადაეტანათ ადამიანების სოციალური სიდუხჭირე და ამ მიზეზით წარმოქმნილი პრობლემატიკა. ეჩვენებინათ ამ პერიოდის დამახასიათებელი შეუსაბამობა ადამიანის ღირსებასა და სოციალურ მდგომარეობას შორის.“[1] სწორედ ასეთი თანადროული იყო ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ, 2002 წელს დადგმული სპექტაკლი ,,პროვოკაცია“, რომელიც გახდა დისკუსიის საგანი და დაამტკიცა, რომ „თავისუფალი თეატრი“ არის ის სივრცე, რომელიც ღირებულებებს და თავისუფალ აზროვნებას ემსახურება, სადაც არ არსებობს ცენზურა, შიში ან შეზღუდვა.

2001 წლის 31 მარტს „თავისუფალი თეატრი“ სპექტაკლ  „კომედიანტებით“ გაიხსნა. ეს არის დრამა 2 მოქმედებად, ჯ.ოსბორნის „კომედიანტის“ სიუჟეტური ქარგის მიხედვით. ამ სპექტაკლმა 700-ზე მეტ ანშლაგს გაუძლო და არსებობა 2010 წელს, მთავარი როლის შემსრულებლის, ნიკო გომელაურის გარდაცვალების გამო შეწყვიტა. 2019 წელს თავისუფალი თეატრის ახალ შენობასთან ერთად აღდგა სპექტაკლიც. „კომედიანტებში“  ქართველ მსახიობთა ოჯახის თვალით დანახული აფხაზეთის ომია. ქვეყანაში შიმშილია. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ლევანი, ომში იბრძვის. გაუსაძლისი ყოფიდან გამოსავალს, მსახიობები სცენაზე თამაშით პოულობენ.

ვარსიმაშვილის სპექტაკლი „კომედიანტები“ წარმოადგენს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს, რომელიც ოსტატურად აერთიანებს სატირულ კომედიას, სოციალურ კრიტიკას, რითაც სპექტაკლს  დრამატულ სიღრმეს სძენს. რეჟისორი მხატვრულად და ირონიით ავლენს საზოგადოებრივ დილემასა და ინდივიდის როლს კოლექტიურ ქაოსში. მიუხედავად კომედიური ფორმისა, სპექტაკლი სავსეა ტრაგიკომიკური პასაჟებით და სერიოზული თემების ნიადაგზე ვითარდება. სპექტაკლის მთავარი გმირები არიან თეატრის მსახიობები, რომლებიც პოლიტიკური არეულობის ფონზე ცდილობენ საკუთარი საქმისა და არსებობის გამართლებას. მათი სცენური სახე თანდათან იზრდება  საზოგადოებრივი სიცრუისა და ქაოსის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლაში. ვარსიმაშვილი სწორედ ამ ქაოსით — თეატრი როგორც ცხოვრების ანარეკლი — ქმნის მრავალშრიან განსაზღვრებას: მსახიობები სცენაზე თამაშობენ, მაგრამ თავად ცხოვრება კიდევ უფრო დიდი წარმოდგენაა. სპექტაკლი სავსეა მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებითა და ალუზიებით. რეჟისორი აანალიზებს ძალაუფლების, სიცრუის, წარსულის მონობაში დარჩენისა და საზოგადოების თვითიდენტობის წარუმატებელი ძიების თემებს. ამ ყველაფერს ემატება ანტირომანტიკული იუმორი და გროტესკული გამომსახველობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ტექსტისა და დადგმის ეფექტს.

ავთანდილ ვარსიმაშვილი, როგორც დრამატურგი და რეჟისორი, ასევე ამ სპექტაკლში არ ერიდება პირდაპირ პოლიტიკურ კარიკატურას. ის ახერხებს, რომ კრიტიკა იყოს ერთდროულად მძაფრი და გასართობი, რაც ქართველი მაყურებლისთვის ხშირად ძალიან ეფექტური კომბინაციაა. მსახიობთა შესრულება (განსაკუთრებით მთავარი როლების შემსრულებლების) არის მაღალი დონის — ისინი ბუნებრივად ერთვებიან რეჟისორის თამაშში „თეატრი თეატრში“, და ამ გზით კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენენ პერსონაჟებს.

„ავთო ვარსიმაშვილის „კომედიანტები“ განხორციელებული თავისუფალ თეატრში იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ადეკვატური რეაქცია საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ-სოციალურ თუ საზოგადო ცხოვრებაზე. სპექტაკლი არა მხოლოდ აქტუალური და მწვავედ დასმული თემატიკით იქცევდა მაყურებლის ყურადღებას, არამედ მხატვრული ხარისხით, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის მკვეთრად გამოკვეთილი პოზიციით, სწორად დასმული აქცენტებითა და გამორჩეულად საინტერესო სამსახიობო ანსამბლით (სპექტაკლში მონაწილეობდნენ: რამაზ იოსელიანი, ნიკო გომელაური, ირინა მეღვინეთუხუცესი, სლავა ნათენაძე, მაია დობორჯგინიძე).“[2]

ავთო ვარსიმაშილის სპექტაკლი „პროვოკაცია,“ რომელიც წარმოადგენდა აქცია-სპექტაკლს, მის გარშემო გამოითქვა სხვადასხვაგვარი მოსაზრებები. ეს სპექტაკლი იყო  მთავრობის ყველაზე თამამი კრიტიკა და მხილება. სპექტაკლი წარმოადგენს ღია პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის ფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების გაღვიძებას და ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოხატვას. „პროვოკაცია“ არის ექსპერიმენტული თეატრის ნიმუში, სადაც მაყურებელი ხდება არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ აქტიური მონაწილე. სპექტაკლი იწყება პოლიეთილენის პარკების გადაცემით, რაც თავიდანვე იქმნება განცდა იმისა, რომ მაყურებელიც მალე სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი გახდება, შეიძლება მთავარი გმირიც, ან, თუნდაც მხოლოდ უმნიშვნელო რეკვიზიტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადის აუდიტორიის პოზიციიდან და იქმნება განცდა იმისა, რომ  ისინი თავად არიან „გაწუწული“ სისტემის ნაწილნი. რეჟისორის  ეს ტაქტიკა აძლიერებს სპექტაკლის პროტესტულ ხასიათს და მაყურებელს აიძულებს, გააცნობიეროს საკუთარი როლი საზოგადოებაში. რეჟისორი ამით გვეუბნება, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს მხოლოდ გასართობი საშუალება, არამედ უნდა ასახავდეს და აკრიტიკებდეს სოციალურ და პოლიტიკურ რეალობას. „პროვოკაცია“ არის მოწოდება საზოგადოებისთვის, რომ გააცნობიეროს არსებული პრობლემები და იმოქმედოს მათ გადასაჭრელად.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი სპექტაკლის შესახებ წერს: „„პროვოკაცია“, რომელსაც მაშინ აკრიტიკებდნენ და უფრო აქციას უწოდებდნენ ვიდრე სპექტაკლს ძალიან ცდებოდნენ, რადგან სპექტაკლი თავისი არსით, შინაარსით და ფორმით უნდა იყოს მოქალაქეობრივი პოზიციის გამომხატველი, ერთგვარი აქცია, გარდა ამისა, „პროვოკაცია“ პირველ ქართულ ვერბატიმის ჟანრის სპექტაკლადაც შეგვიძლია მოვიაზროთ, რადგან სპექტაკლის ტექსტი მთლიანად ეყრდნობოდა მონაწილე მსახიობების დოკუმენტურ მონათხრობს. ფორმა მაშინ უცნაური და ახალი იყო ტრადიციული ფორმის ქართული თეატრისათვის...“[3]

თავად რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ: „... „ჯინსების თაობა“, „კომენდიანტები“ საკმაოდ სენტიმენტალური სპექტაკლებია. რაც შეეხება „პროვოკაციას“, სულ სხვა სახის პროექტია და აგრესიასაც სხვა დატვირთვა ახლავს. საბოლოო ჯამში ორივეს ერთი მიზანი ამოძრავებს. მაყურებელს დაანახოს მწარე სინამდვილე და სიმართლე უთხრას. ვფიქრობ, რომ ეს აგრესია მაყურებელმა ჩვეულებრივად მიიღო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გვაქვს სრული ანშლაგი და მთელი ის, ტერმინოლოგია რომ ზედმეტი იყო, ან რაღაც აკლდა, დილეტანტური მსჯელობაა. როგორც მოგეხსენებათ, სპექტაკლის მთავარი განმსაზღვრელი მაყურებელია, რომელიც ფეხზე მდგარი, ძალიან დიდხანს უკრავს ტაშს და ყვირის „ბრავოს“.[4]“ სპექტაკლის მთავარი შემფასებელიც მართლაც რომ აუდიტორიაა. ნამდვილ კინოს შეიძლება ჰყავდეს მაყურებელთა მცირე ნაწილი, მაგრამ თეატრმა თუ აუდიტორია ვერ დაიპყრო, რაოდენ „ჭრელიც“ არ უნდა იყოს ის, აღიარებას მაინც ვერ მოიპოვებს და ანშლაგი არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი ვერ შესდგა. „პროვოკაცია“ კი შესდგა.

„თავისუფალი თეატრი“ სწორედ ის ადგილია თავისი გამორჩეულობით დამოუკიდებელ თეატრებს შორის, სადაც თავისუფლად გამოიკვეთა სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე ღია  საუბრები და დღიდან დაარსებისა იქცა ალტერნატიული სათეატრო ხელოვნების ადგილად, რომელიც დღემდე, შეიძლება ითქვას, არ ემორჩილება ტრადიციულ სტანდარტებს და მუდმივად ეძებს ახალ შინარსობრივ და გამომსახველობით ფორმებს.

„თავისუფალი თეატრი“ პირველივე სპექტაკლებიდანვე (“კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „პროვოკაცია“ და სხვ.) ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ- პოლიტიკური თეატრი. ქართველმა ახალგაზრდობამ შეიყვარა ის, როგორც მაღალი მხატვრული დონის და ასევე მისი სპექტაკლების მოქალაქეობრივი პოზიციის გამო. თეატრი პირველივე სპექტაკლებში ღიად დაუპირისპირდა იმდროინდელ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ, ის არა ერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. 2002 წლის თებერვალში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სპეციალური სხდომაც კი მიეძღვნა „თავისუფალი თეატრის“ დახურვის საკითხს. მაგრამ ქართველ ახალგაზრდებში მღელვარების შიშით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თეატრის დახურვა.[5]

რაც შეეხება „ჯინსების თაობას“, ეს სპექტაკლი თავისი დრამატურგიიდან გამომდინარე წარმოადგენდა მაყურებლისთვის ნაიარევი ჭრილობების შეხსენებას და ის ასახავდა, ყველასათვის ცნობილ ტრაგიკულ „თვითმფრინავის ბიჭების“ რეალურ ისტორიას. ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა იყო „ჯინსების თაობა“, რომელიც ასახავდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, 1980-იან წლებში, ახალგაზრდობის სურვილს თავისუფლებისკენ. დრამა ორი მოქმედებით, შექმნილია დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით და წარმოადგენს ქართველი ახალგაზრდების ჯგუფის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაქცევის მცდელობას.

„ჯინსების თაობის“ გმირები განიხილებიან როგორც „გმირები“ თუ „ტერორისტები“, ამ კითხვაზე პასუხი კი სპექტაკლის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. მღელვარე ახალგაზრდული ემოციები, ბრაზი და სასოწარკვეთა, რომელიც მოქმედებს მათ ისტორიაზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ამ რეალურ დრამაში და თავად განსაჯოს, ვინ იყვნენ ისინი.[6]

ამას მოჰყვა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი სპექტაკლები, რომლებშიც გაერთიანებული იყო პოლიტიკური და სოციალური კრიტიკა.

თეატრის შენობის ვიზუალურ მხარეზე თუ ვიმსჯელებთ, სცენა და სივრცე, თეატრის შენობა საინტერესო არქიტექტურული ფორმით გამოირჩეოდა. თავდაპირველად მას გემის ფორმა ჰქონდა. ეს სიმბოლურად აღნიშნავდა თავისუფლებისკენ მიმავალ გზას. 2018 წელს შენობა განახლდა. ამჟამად, მთავარ დარბაზში 184 მაყურებელი ეტევა, ხოლო მცირე სცენა 70-მდე სტუმარს მასპინძლობს.

„თავისუფალი თეატრის“ რეპერტუარი მოიცავს როგორც კლასიკურ პიესებს, ასევე თანამედროვე დრამატურგიას. ის არ ერიდება სენსიტიურ და პროვოკაციულ თემებზე საუბარს. თეატრმა სპექტაკლები წარმოადგინა საქართველოს რეგიონებში, ასევე კონფლიქტის ზონებში — მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალშიც, რაც ერთგვარი კულტურული მისია იყო.

თეატრში მუშაობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მსახიობები. მათგან აღსანიშნავია კახა მიქიაშვილი, ლაშა გურგენიძე, მარიამ ჯოლოგუა, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები. ყველა მსახიობი განსაკუთრებული ენთუზიაზმით და თავისუფალი შემოქმედებითი მიდგომით გამოირჩევა.

„თავისუფალი თეატრი“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება გამოიყენო როგორც სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტი. ის არის ადგილი, სადაც მაყურებელი არამხოლოდ იკარგება სცენის სიღრმეში, არამედ იწყებს ფიქრს საკუთარ რეალობაზე. ამ თეატრმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ქართულ თეატრალურ ხელოვნებაზე და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას სხვადასხვა თაობისა თუ განსხვავებული ინტერესთა სფეროს მაყურებელში.

გამოყენებული ლიტერატურა და სხვა რესურსები:

[1]  კახიანი თ., სათეატრო ძიებები დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში, თბ.,  2024, გამ. „კენტავრი“, გვ. 12.

[2]  ჩხარტიშვილი ლ., უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები (2001-2020 წწ.), (დამხმარე სახელმძღვანელო),  თბ., 2021, გამ. „კენტავრი“, გვ. 24.

[3] https://lashachkhartishvili.blogspot.com/2014/01/blog-post.html

[4] https://www.nplg.gov.ge/opentext/index.php?m=69&y=2002&art=13352

[5] https://theatre.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90/

[6] https://shenitbilisi.ge/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0/

bottom of page