Life is Like Tango
Life is Like Tango...
ლელა ოჩიაური
„როცა ქვეყანა დიდია“ - ახალგაზრდა რეჟისორ ირაკლი გურგენიძისა და ახალგაზრდა ქორეოგრაფ კობა შონიას წარმატებული ექსპერიმენტი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა დრამატული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობებსა და ტანგოს აკადემიასთან ერთად. არგენტინული სოციალური ტანგო დრამატული ისტორიის მოსათხრობად, ქორეოდრამის (ავტორების განსაზღვრებით) ფარგლებში მოქცეული, ენობრივ (უსიტყვობის) ბარიერს თავისუფლად ხსნის და მხოლოდ ქორეოგრაფიის კოდების ახსნას ელოდება...
მოვლენა მოვლენას ცვლის, ამბავი - ამბავს. იცვლება მოვლენა. იცვლება მუსიკა და იცვლება ტანგოც. მთლიანი ნახაზი და ცალკეული ილეთი, ილეთების კვანძი და ერთიანი კომპოზიცია, რომელიც თითქოს კინომონტაჟის პრინციპს ემყარება. კინოს ეფექტს ქმნის განათება, შუქ-ჩრდილის კინემატოგრაფიული განაწილება და სინათლის წყაროები, რაც, ამავე დროს, ერთგვარ იდუმალ და მისტიკურ ატმოსფეროში აქცევს ქმედებას. კონკრეტიკის საზღვრებს შლის და ორი სამყაროს (შეიძლება, მეტისაც) ზღვარზე იწყებს თამაშს.
სინთეზურობის შთაბეჭდილებას ამძაფრებს, უფრო ზუსტად, მყარ საფუძველს უქმნის ტანგო და ყველაფერს განსაზღვრავს. ტანგო, რომელიც თავად წარმოადგენს ევროპული, აფრიკული და ლათინოამერიკული ცეკვების ერთიანობის შედეგს. თან იმ სოციალური ფენის ცხოვრებაში გვახედებს, რომლის წიაღშიც წარმოიშვა. და თან „სამეჯლისოს“ ხასიათიდან დრამატული, ექსპრესიული, ქმედითი ქორეოგრაფიის კატეგორიად გარდაიქმნება.
ის (ტანგო) ხან სევდიანია და ხან დრამატული. ხან ლირიკული და ხან - მხიარული - როგორც ცხოვრება. ხან ერთფეროვანი, მდორედ მდინარი, ხან აგრესიული და ხან ბედნიერების მაუწყებელი. გრძნობებით, ვნებებით, ენერგიით, ძალითა თუ სინაზით დატვირთული. გრძნობების ცვალებადობის დინამიკური პროცესი მხატვრული ხერხების გარდასახვის პროცესის ნაწილია და ბევრ ნაკადიან გამართულ კალაპოტს მიჰყვება.
ამბისა და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამატურგია ერთი კონკრეტული პერსონაჟის, მისი გარემომცველი ადამიანებისა (რომლების ბედიც სხვადასხვა მიზეზითა და სხვადასხვაგვარად იკვეთება) და სიყვარულის მელოდრამატული, „ტრადიციული“ ისტორიიდან, რთული და კონკრეტული ცხოვრებისეული (ვთქვათ, ყოფითი) პერიპეტიებიდან აბსტრაგირებულ და თანადროულ პრობლემებამდე ზოგადდება. შეიძლება ითქვას, საზოგადოების სულიერ ბიოგრფიად, რომელსაც ყოველდღიურობა განსაზღვრავს.
ტანგო(ები)ს მუსიკა და ტანგო აქ ყველა მხრიდან შემოდის და ყველაფერს მოიცავს. ყველგანაა. დროში და სივრცეში გაშლილი. საზღვარი არა აქვს და ნებისმიერი მდგომარეობის გამოხატვა შეუძლია. აქ ტანგო აზროვნების, სათქმელისა და პოზიციის გამოხატვის ხერხია. თეატრალურ ენასთან შეზავებული. ამავე დროს, ცხოვრების წესია და ურთიერთობის საშუალება. მთელი ცხოვრებაა თავისი ეტაპებით, ისტორიებით, ჭრელი ფურცლებით. შეხვედრებითა და განშორებებით. მისი მეტყველი გამომხატველი. ტანგო(ებ)ის მეშვეობით ამბავს ყვებიან და ადამიანების ბიოგრაფიის ხაზები გაჰყავთ.
არც ერთი სიტყვა. არც ერთი ფრაზა. მხოლოდ ცეკვა, პლასტიკა, მოძრაობა, ჟესტი. ცეკვის უწყვეტობა, ტაქტები, ილეთები და პაუზები, რომლებიც ზოგჯერ მოძრაობაზე უფრო მეტყველია. აქ ყველას თავის ხაზი და ხასიათი აქვს და თითოეული, ინდივიდუალურად, წყვილში თუ „ფერხულში“ კონკრეტული მოცემულობის აქტიურად მეტყველ გამომსახველად იქცევა.
ადამიანებს ესმით „ტანგოს“ ენა. მათაც - რომლებიც ცეკვავენ და მათაც - რომლებიც დარბაზიდან უყურებენ. ცეკვა და მუსიკა ადამიანებს შორის უხილავ ძაფებს აბამს, უშუალო პარტნიორებს შორის რომ არსებობს და ტანგოს ტაქტებსა და ილეთებს ძალაუნებურად, შინაგანად აყოლებს.
ყველაფერი გათვლილი, განსაზღვრული და ზუსტ სქემაზე აწყობილია. ეს ქორეოგრაფიისა და დრამის აუცილებული მოცემულობაა. და ამავე დროს, ტანგოს თვისებრიობიდან გამომდინარე (და დრამატული თეატრის თავისებურებიდანაც), იმპროვიზაციის შესაძლებლობასა და ცეკვის საკუთარი სტილის (როგორც სამსახიობო ოსტატობის) არსებობის, არამარტივი და მრავალჯერადი გარდასახვის პირობას ქმნის. თუ, რა თქმა უნდა, მსახიობები გამოიყენებენ ამ შანსს.
დრამატული თეატრისა და ტანგოსთვის სახასიათო თუ ეპოქის სტილიზებულ კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობების პლასტიკა და შინაგანი ექსპრესია, რომელსაც ისინი ტანგოს გამომსახველობისა და პერსონაჟების სახე/ხასიათების/ბუნების განსახიერებისთვის იყენებენ, ჰარმონიულ სინთეზს ქმნის და სპექტაკლის ერთიან ხასიათს განსაზღვრავს.
როგორც ამბობენ, ცეკვა სხეულისა და სულის საუბარია. სწორედ ასეთი დიალოგის პრინციპზე აგებენ ირაკლი გურგენიძე (რომელიც თვითონაცაა ამ პროცესში ჩართული და ერთ-ერთ წყვილში, როგორც მოცეკვავე-მსახიობი წარმოგვიდგება) და კობა შონია სპექტაკლს. სიტყვას პლასტიკის ენა ანაცვლებს და რეჟისორი მას ახალი თეატრალური ენის „ტექსტად“ დამაჯერებლად და ორგანულად იყენებს.
კობა შონია (რომელსაც ძალიან ზუსტი და მრავალშრიანი ხერხებით მიჰყავს დადგმის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა) სპექტაკლში, შეიძლება ითქვას, პროტაგონისტის ფუნქციასაც ასრულებს. მოქმედებს არა მხოლოდ „გარედან“ (როგორც დადგმის თანაავტორი), არამედ უშუალოდ მოვლენებში ჩართვითა და ქორეოგრაფიული ხაზი(ები)ს წარმართვით ავსებს, ამთლიანებს ამბავს. ააქტიურებს სხვის (მთავარი პერსონაჟის - მოვლენების ცენტრალური ფიგურის - გოგონას /ანა ნიკოლაშვილი, ქეთევან ასათიანი/) ისტორიას, სხვის ცხოვრებას, ბევრის ცხოვრების მეტაფორად წარმოგვიდგება.
რეჟისორისა და ქორეოგრაფის ასეთი ჩართულობა სპექტაკლში კიდევ ერთი და მიმზიდველი ხერხია, რომელიც რა მხოლოდ სარეჟისორო-ქორეოგრაფიული გადაწყვეტის თვისებურებას დამატებითი შტრიხებით ავსებს, არამედ წარმოდგენის ექსპერიმენტული ხასიათის ჰარმონიულ და სტრატეგიულ ნაწილად იქცევა.
ტანგოს ორი ადამიანი ცეკვავს და ერთმანეთსა და ყველა დანარჩენს გრძნობებს, ფიქრებსა თუ ამბებს უზიარებს. „როცა ქვეყანა დიდია“ ბევრი „ორი ადამიანის“ ცეკვაა, ბევრის ფიქრების, შეგრძნებების, განწყობისა და ინფორმაციის შემცველ-გამომხატველი. ის ასახავს, თუ როგორი მრავალფეროვანია ცხოვრება, რამდენ მოვლენასა და ფაქტს შეიცავს, რამდენ ისტორიასა და თავგადასავალს, როგორ შეიძლება ეს ყველაფარი მხატვრულ სინამდვილედ გარდაქმნა და გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ტანგოს, რომელიც ძალიან ჰგავს ცხოვრებას.