top of page

თანამედროვე და მისტიკური

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

407349975_2642764152543233_4712523322134546105_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

თანამედროვე და მისტიკური

 

ქორეოგრაფიული ფენტეზი ოქროს საწმისის მითზე - ასე განსაზღვრეს თავად ავტორებმა თათა თავდიშვილმა და ტატო გელიაშვილმა თავიანთი ახალი სპექტაკლის „AIA“ (აია-კოლხეთის ადრინდელი, უძველესი სახელი) ჟანრი, რომელიც დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე დაიდგა საქართველოს შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით. არ ვარ დარწმუნებული, რომ არავერბალური წარმოდგენა ბოლომდე და მკაცრად თავსდებოდეს ფენტეზის ჟანრის ჩარჩოებში (მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მითურ პერსონაჟებს და ზებუნებრივ მოვლენებს ვხვდებით), ვინაიდან წარმოდგენაში წამოჭრილი თემები და „მოთხრობილი“, სულაც არ გახლავთ გამოგონილი, შეთხზული, პირიქით, სპექტაკლის პერსონაჟთა მიერ მაყურებლამდე მოტანილი ამბავი თუ განცდები სრულიად რეალურია, ნამდვილია, მიწიერია და ფენტეზისგან განსხვავებით, წარმოდგენა მკაცრ ლოგიკას ექვემდებარება, მისი ავტორები ბოლომდე არ უარყოფენ სიუჟეტურ თუ თანმიმდევრულ თხრობას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, მათ შემოაქვთ მისტიკა, მითოლოგიური თემები, მაგრამ ჰყვებიან ნამდვილ, თანადროულ ამბებს და გვიჩვენებენ მითური პერსონაჟების ადამიანურ განცდებს.

 

„AIA“  თათა თავდიშვილის და ტატო გელიაშვილის საავტორო სპექტაკლია, რადგან ისინი არიან ერთდროულად დადგმის რეჟისორები, ქორეოგრაფები, სცენოგრაფები და კოსტიუმის მხატვრებიც კი. მათ დადგმას ორგანულად შეერწყა მიხეილ ზაქაიძის (MICHEL) ორიგინალური მუსიკა, რომელიც ბოლომდე პასუხობს დადგმის კონცეფციის მოთხოვნას: თანამედროვე და მისტიკური! სწორედ ასეთია მუსიკა, რომელიც ჟღერს მთელი წარმოდგენის განმავლობაში, რომელიც ქმნის არა მხოლოდ ხმოვან პარტიტურას, განწყობას და ატმოსფეროს, არამედ ყვება ამბებს, გადმოსცემს განცდებს, გვიჩვენებს მდგომარეობას, დისონანს და ჰარმონიას სამყაროში. სწორედ ამ პრინციპს იცავს ავტორები სცენოგრაფიის და კოსტიუმების შექმნისას, ის ერთდროულად თანამედროვეა, სტილიზებული, კლასიკურიც (აკადემიური) და რაც მთავარია მთავარ სათქმელზე მორგებული, უფრო სწორად, სათქმელის გამომხატველი. იგივე ითქმის ქორეოგრაფიულ პარტიტურაზე, რომელიც ეკლექტური კი არ არის, არამედ მრავალფეროვანია. ის არ ეფუძნება კონკრეტულად ერთი - ფიზიკური, მოძრაობის თუ ცეკვის თეატრის პრინციპებს და გამომსახველობით საშუალებებს. არავერბალური თეატრის თეატრის ეს ფორმები და სახეობები თანმიმდევრულად, ლოგიკურად და ჰარმონიულად მონაცვლეობენ, არღვევენ საზღვრებს და მეთოდოლოგიურ წესებს, უფრო მეტიც, მათ შემოაქვთ დრამატული თეატრის ელემენტები, როცა მხოლოდ სხეული კი არ გამოხატავს და აჩვენებს პერსონაჟის განცდებს, იმპულსებს, არამედ მიმიკა, „მუშაობას“ იწყებს, თხრობაში ერთვება თვალები. ჩვენ არ ვხვდებით მსახიობთა გაყინულ სახეებს და მეტყველ სხეულებს, არამედ ჩვენ ვხედავთ ამეტყველებულ სახესა და თვალებს ზედმიწევნით მეტყველ სხეულის მოძრაობასთან ერთად. ამ რთულ ამოცანას ცალსახად წარმატებულად ართმევენ თავს მსახიობები: ნინო ნოზაძე, მარი ენგურელი, თორნიკე კაკულია, ნიკოლოზ გოგიძე, თეკლა სულაქველიძე, ლიზა ნიკვაშვილი, მარიამ ავალიანი და გიგა ქაცარავა. ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი „დრამის მსახიობები“ (რომლებიც ხელსაყრელი მასალა აღმოჩნდა დამდგმელებისთვის) ავლენენ არა მხოლოდ ფიზიკურ და გონებრივ მომზადებას, არამედ სხეულის ენის და მისი მართვის ცოდნას, იცავენ ზომიერებას - გრძნობების, ვნებების, ემოციების გამოხატვაში, მკაცრად აკონტროლებენ ზღვარს პათეტიკურობასა და რეალისტურ საშემსრულებლო მანერას შორის, ქმნიან მისტიკურ ატმოსფეროს და არცერთი მომენტი არ ტოვებენ მაყურებელს თანამედროვე ეპოქის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები მითურ პერსონაჟებს განასახიერებენ, ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა.  

 

„AIA“  შინაარსობრივად აშკარად არის რაციონალური დაკვირვებისა და გულწრფელი ემოციებისა და იმპულსების ერთობლიობის შედეგი, მეთოდოლოგიურად - ჰიბრიდული მხატვრული პროდუქტი, რომელიც აერთიანებს არავერბალური (და არა მხოლოდ) თეატრის მიღწევებს და ქმნის ახალ გამოცდილებას, რაც პირველ ყოვლისა, გამოიხატა სხეულისა და მიმიკის პარალელური „დატვირთვით“ სცენაზე. თეატრის ორი სახეობის შეჯვარება, წარმოშობს ისეთ მხატვრულ პროდუქტს, რომელიც ცდის ახალ (ან კარგა ხნის დავიწყებულ და დღეს თითქოს დაუშვებელ), შესაბამისად, განსხვავებულ სამეტყველო ენას ფიზიკურ თეატრში.

 

თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი ცალსახად არღვევენ კლასიკური დრამატული და არავერბალური სპექტაკლების სტრუქტურას, უარს ამბობენ სიუჟეტზე, მოვლენების თანმიმდევრულ რიგზე, დრამატულ კოლიზიებზე, ისინი უბრალოდ გადმოსცემენ გულწრფელ განცდებს, გვიჩვენებენ ცოცხალ ემოციებს მოცემულ სიტუაციებში, ქმნიან განწყობას და ატმოსფეროს მისტიკის ნიღბით და არ გვწყვეტენ რეალობას, პირიქით ისინი მითურ მოვლენებსა და პერსონაჟებს აცოცხლებენ, როგორც თანადროულს და ეხებიან თემებს, რომელიც აწუხებს კაცობრიობას სამყაროს დასაბამიდან დღემდე - ბედისწერა, დაფარული ცოდნის განდობა, სიყვარული, სიბრძნე და მისი დაკარგვა, კონტაქტი ბუნებასთან და ამ კონტაქტით მიღწეული ჰარმონია, რომელიც რღვევის შედეგად ინგრევა და ისადგურებს დისონანსი, როგორც ახალი ნორმა ახალ დროებაში.

 

უცნაური არ არის, რომ მსახიობები სოლო პარტიაში ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავენ პერსონაჟის ხასიათს, განწყობას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კორდებალეტში მდგარნიც ახერხებენ ერთი მხრივ, სინქრონულად შეასრულონ ერთი და იგივე მოძრაობები, მეორე მხრივ, გამომეტყველება და მიმიკა ჰქონდეთ განსხვავებული, რაც ქმნის ინდივიდუალურ დამოკიდებულებას სცენაზე გათამაშებული მოვლენებისადმი, თითოეულ მათგანს განსხვავებული განწყობა და ფერი შემოაქვს. მარი ენგურელი ოქროს საწმისს განასახიერებს, რომელიც პერსონაჟის მრავალ პლანს გვიჩვენებს აღზევებიდან დაცემამდე, თეკლა სულაქველიძე კი წარმოგვიდგენს მითური მედეას ცხოვრების სამ ეტაპს - ჰარმონიულ ურთიერთობას ბუნებასთან (ძალზედ ორიგინალურადაა მოფიქრებული მისი გვირგვინი - ხავსმოდებული ხის ფიჩხებით), სიყვარულით აღტაცებას (იასონის მიმართ) და იმედგაცრუებას. თეკლა სულაქველიძე - მედეა, გრძნეულიცაა, მისტიკურიც (ამაში ხელს უწყობს მსახიობს მისი გარეგნობა და მეტყველი თვალები) და უბრალო მოკვდავიც-დაცლილი ზებუნებრივი ძალებისგან. ხასიათის სხვადასხვა მხარეს წარმოაჩენს გუგა ქაცარავა-იასონი, ის გვიჩვენებს მიზანდასახული, გამარჯვებული და დამარცხებული კაცის ვნებებს, იმპულსებს, განცდებს. საინტერესო ტიპაჟია ნიკოლოზ გოგიძის აიეტი - მეფე, მამა, ადამიანი, უკიდურესი შესაძლებლობებიდან უსუსურობამდე, მხატვრულ სახეთა გალერეაში მაყურებელს შეუმჩნეველი არ რჩება თორნიკე კაკულია, რომელიც ფუტკარს განასახიერებს, რაც სიმბოლოა ერთი მხრივ ბუნებისგან მოცემული არამატერიალური მემკვიდრეობის, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის შრომისმოყვარეობის, რომელიც ქმნის კაცობრიობის დოვლათს, რამაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს საკუთარი თავით ტკბობამდე. გადამეტებული სიტკბო კი იწვევს თრობას. თორნიკე კაკულიას „ფრთებით“ მოძრაობა ერთ-ერთი ზუსტად და ორიგინალურად მიგნებული მოძრაობაა სპექტაკლში, ისე როგორც ე.წ. „გველის მიზანსცენა“, როცა მსახიობები ჯაჭვს ქმნიან და არ იმეორებენ აქამდე შექმნილ მიზანსცენათა არცერთ ვერსიას.

 

 

დაბოლოს/

„AIA“  - ში გამომსახველობითი საშუალებები და სტილები ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს და ეკლექტიზმის ნაცვლად, იქმნება ჰარმონია...

„AIA“  -ს არ აქვს მაგისტრალური თემა ან ძირითადი სიუჟეტური ხაზი, მაგრამ შედგება არავერბალური ნოველებისაგან, რომელთა შეერთება ქმნის ერთ წიგნს, სხეულს, ამბავს...

„AIA“  - ს თხრობის ენა მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაში ვხვდებით არაერთ მეტაფორას, სიმბოლოს, ალეგორიას... წარმოდგენაა თავად ალუზიური...

„AIA“  - ში ერთმანეთს ხვდებიან დრამატული და ფიზიკური თეატრები და მათი ურთიერთკავშირი წარმოშობს ჰიბრიდულ სანახაობას, მწყობრ მოვლენათა რიგზე დაფუძნებულს...

„AIA“  - ში ხშირად ირღვევა (იქნებ გამიზნულად) მხატვრული კანონზომიერება, რათა დავინახოთ რა არის და სად არის ბალანსი, რათა მივაღწიოთ წონასწორობა, ვიპოვოთ ბალანსი.

„AIA“  - ში თითქოს არ არსებობს კორდებალეტი (არადა ფიზიკურად ის არსებობს), რადგან კორდებალეტში მდგომი მსახიობები არ არიან მასიური სცენის მონაწილეები, ისინი ინდივიდები არიან, ერთდროულად პიროვნებები (საკუთარი განცდებითა და ემოციებით) და საზოგადოებაც (საერთო სატკივარით, პრობლემებით, სიხარულით).

ფოტო: WETA

bottom of page