top of page

თანამედროვე საზოგადოება - ბუზებივით ბზუილა და მკბენარა ადამიანების გაერთიანება

(კაცია, ადამიანი. თუმანიშვილის თეატრში)

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

681540606_1428250915997991_8154340690790854347_n.jpg

22.07.2026

მაკა (მარინა) ვასაძე

თანამედროვე საზოგადოება - ბუზებივით ბზუილა და მკბენარა ადამიანების გაერთიანება

(კაცია, ადამიანი. თუმანიშვილის თეატრში)

ილია ჭავჭავაძე - ამ ადამიანის, უფრო სწორად, პიროვნების სახელის გაგონებისას, ან, გახსენებისას ეპითეტები, რომელიც გონებაში ამომიტივტივდება ხოლმე: მოაზროვნე, ბრძენი, მოამაგე, თავდადებული, წამებული, მსხვერპლი. საზოგადო მოღვაწე, ნამდვილი საზოგადო მოღვაწე და არა ისეთი დღეს, რომ მოგვიმრავლდნენ ბედკრულ ქვეყანაში. დიდი მწერალი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი. სხვებისგან სიცოცხლეში დაუფასებელი, მკვლელობის შემდეგ, ერთეულთაგან ჭეშმარიტად დაფასებული, ათას ჭორ-მოგონილი. გასაბჭოებულ საქართველოში აკრძალული, მეუღლე უკიდურეს სიღარიბეში გარდაცვლილი. მერე უცბად აღზევებული სატანის მიერ (სტალინს ვგულისხმობ, რაში დასჭირდა ღმერთმა უწყის), დღესაც მავანთა მიერ „დაკნინებული“ - გლეხებს ავიწროებდაო. საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ წმინდანად შერაცხილი, ოღონდ ურჩი სამღვდელოების მიერ, წმინდანად არ მიღებული, მაგალითად, სიონში ილია მართლის ხატი გამოსაჩენ ადგილას ეკიდა, პროტოპრესვიტერის შეცვლის შემდეგ - ხატი მიჩქმალეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე გადაკიდეს.

ვინ იყო პირადად ჩემთვის ილია ჭავჭავაძე? სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საქართველოსთვის თავდაუზოგავად მოღვაწე, რომელსაც უყვარდა თავის ქვეყანა, ზრუნავდა თავის ქვეყნისთვის, ბოლომდე, ყველა საშუალებით იბრძოდა თავის ქვეყნისთვის. ილია როცა აარსებდა ბანკს, ან, ერთ-ერთი მოთავე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის, ან, ქართული თეატრის აღდგენის და სხვ., გაჭირვებით მოპოვებულ თანხებს კი არ იჯიბავდა და მდიდრდებოდა, მერე ოქროს ზოდებს მუთაქაში კი არ ინახავდა, არამედ საქმეს ახმარდა. და, კიდევ, ერთი ამბავი გამახსენდა, უფრო სწორად მის პუბლიცისტურ წერილებში ამოკითხული. სხვასთან ერთად, ბანკი ახალგაზრდების სწავლას აფინანსებდა საზღვარგარეთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა გაუშვეს სასწავლებლად იტალიაში. იმხანად იტალია გაერთიანებისთვის იბრძოდა. ამ ახალგაზრდას მიუწერია სულმნათი ილიასთვის, ბრძოლაში მინდა ჩავებაო. ილიას პასუხი კი ასეთი იყო (პერიფრაზს ვაკეთებ): შენ პატარა, დამონებული ქვეყნის შვილი ხარ, შენმა ქვეყანამ გამონახა სახსრები და გაგიშვა სასწავლებლად, რომ უკან დაბრუნდე და შენი ცოდნა, შენს ქვეყანას მოახმაროო. ამის გამო, მახსოვს ილიას აკრიტიკებდნენ, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, კოსმოპოლიტი არ იყო, ლოკალურად აზროვნებადაო. ეჰ, სასაცილოა  სატირალი რომ არ იყოს. რა თქმა უნდა, დიდი პროზაიკოსი და პუბლიცისტი, კარგი პოეტი.

ვინ შემაყვარა ასე ილია? მამაჩემმა და ქართულის მასწავლებელმა - ეთერ როგორც კლასელები ვეძახდით, ეთერო გულდამაშვილმა (გაანათლოს ღმერთმა ორთავეს სული). იმდენად მიყვარდა, რომ გაუთავებლად ვკითხულობდი, განსაკუთრებით ხშირად ვუბრუნდებოდი პუბლიცისტიკას. რატომ? არ ვიცი, ალბათ, ყველაზე მეტად ვხარხარებდი ხოლმე, მათი კითხვისას, რა იუმორით, გროტესკით, სარკაზმით ამათრახებდა გასამათრახებლებს, როგორი ტკივილით წერდა სატკივარზე, რა სწორ აქცენტებს სვამდა პრობლემების განხილვისას... მისი პროზიდან კი ყველაზე მეტად „მგზავრის წერილები“ - ყველა ქართველისთვის სამაგიდო წიგნი რომ უნდა იყოს და „კაცია ადამიანი?!“. ლექსებიდან? ალბათ, „ტყემ მოისხა ფოთოლი“? ან, „ნანა“? ან „ჩემო კარგო ქვეყანავ“?, ალბათ, ყველაზე მეტად „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - სუბიექტური მიზეზით. ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელსაც აბსოლუტური სმენა და არაჩვეულებრივი ხმა აქვს (დღეს სამწუხაროდ იურისტია), 80-იანების ბოლოს მუსიკალურ ათწლედში აბარებდა (სხვათა შორის, მე და ჩემ მეუღლეს შეგვეძლო ნაცნობების ჩარევა, მაგრამ პრინციპულად არ ვქენით და თავისით, „უპატრონოდ“ მიიღეს), იქ, სხვა უნარ-ჩვევების შემოწმებასთან ერთად, უნდა ემღერა, სწორედ ილიას ამ ლექსზე რევაზ ლაღიძის დაწერილი შესანიშნავი სიმღერა შეასრულა, როგორც მერე გვითხრეს არაჩვეულებრივად.

ჰოდა, რატომ მოვყევი ამხელა ამბავი? მოვყევი იმიტომ რომ, თუმანიშვილის თეატრში ვნახე საბა ასლამაზიშვილის დადგმა ილიას „კაცია ადამიანის?! მოტივებზე გაკეთებული. დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია რეჟისორის ინტერპრეტირებულმა ილია ჭავჭავაძემ, კონცეფციაც დაუწუნეს ახალგაზრდა რეჟისორს. არადა, თავიდანვე ვიტყვი, რომ საბა ასლამაზიშვილის წარმოდგენაში, მე დავინახე სწორედ ილიასეული - იუმორი, გროტესკი, სატირა და რაც მთავარია, ის პრობლემა, ის სატკივარი რაც მის ნაწარმოებშია ჩადებული.

ცოტა რამ ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ შესახებ.

პირადად ჩემთვის, - „კაცია-ადამიანი?!“ - ილია ჭავჭავაძის პროზაულ ნაწარმოებთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვინაიდან, სწორედ მასში ასახა ილიამ, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები, ეგზისტენციალურ პრობლემებთან (ადამიანის რაობასთან დაკავშირებული) შერწყმით. აქ, მისი მახვილი სატირა დაუნდობლად ამათრახებს ყველას და ყველაფერს, ამავდროულად სტრიქონებსა თუ სტრიქონებს შორის, შეიძლება ამოიკითხო ავტორის დიდი გულისტკივილი, ადამიან/პერსონაჟთა უგვანობის გამო, თანაც, არა მხოლოდ მთავარი პერსონაჟების, არამედ, ყველას მიმართ, და, ასევე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო. ამბავი,  ვითარება და პერსონაჟები მწერალს კონკრეტულიდან იმდენად კარგად აქვს განზოგადებული, რომ საუკუნე ნახევარზე მეტი ხნის წინ შექმნილი ნაწარმოები, დღესაც უაღრესად აქტუალურია, და, თან, არა მარტო ჩვენი, არამედ, მსოფლიო რეალობისთვის.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი გრიგოლ კიკნაძე ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კვლევაში წერს: „60-70-იანი წლების ლირიკულ სატირაში ილია ჭავჭავაძის სატირას წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ჩვენ იქ განზრახ არ შევეხეთ მის პროზაულ თხზულებებს და, კერძოდ, „კაცია-ადამიანს“ - ამ დიდ სატირულ ტილოს. თავისი სოციალური აქტუალობითა და შემეცნებითი ღირებულებით, „კაცია-ადამიანმა“ დიდად გადააჭარბა მანამდე  არსებული რომელიმე მხატვრული ნაწარმოების მნიშვნელობას. მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში, არც ერთ თხზულებას არ ჰქონია, „კაცია-ადამიანის“ შესადარი საზოგადოებრივი რეზონანსი. ამ მოთხრობის ამგვარი ღირებულება და შეფასება გამოწვეული იყო, როგორც მისი თემატიკური აქტუალობითა და მწერლის მოწინავე პოზიცით, ისე მოთხრობის უჩვეულო სისადავით, სიმკვეთრით და დახვეწილობით“.[1]

ინსცენირების შესახებ

პროზაული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნაზე, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა, ფილოლოგთან, მთარგმნელთან მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავა. ვფიქრობ, ეს არ არის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ინსცენირება. ეს, ნაწარმოების მოტივებზე, რეჟისორის კონცეფციის გაცოცხლებაა სცენაზე, „კაცია-ადამიანის?!“ რეჟისორული ალუზია/ასოციაციების კვალდაკვალ. ანუ, საბა ასლამაზიშვილმა გადაწყვიტა თანამედროვე საზოგადოების სახე ასახოს თავის დადგმაში, ამისთვის აიღო ილიას ნაწარმოები, კიდევ ერთხელ წაიკითხა, შეისწავლა, გაანალიზა, ჩანაფიქრი გაანდო ქალბატონ მანანა ანთაძეს და მათ რეჟისორის ასოციაციების მიხედვით შექმნეს ახალი, ორიგინალური ინსცენირება („კაცია-ადამიანის?! მინიმუმ ორი ინსცენირება უკვე არსებობდა). აღსანიშნია, რომ მოქმედება თანამედროვე დროში გადმოიტანეს, ტექსტი - მთხრობლისაც და პერსონაჟებისაც შეამცირეს, გადაამონტაჟეს, რაც სჭირდებოდათ დატოვეს, რაც არა, ამოაგდეს. სასცენო ტექსტშიც და დადგმაშიც მხოლოდ 3 პერსონაჟია: ლუარსაბი, დარეჯანი და მკითხავი. მათ შეუცვალეს ჰაბიტუსი, დარეჯანისა და ლუარსაბის ხასიათის თვისებები  პრინციპში ილიასეულია, მკითხავი კიდევ უფრო სატირულ/გაშარჟებულია. ვფიქრობ, ჩემი მოსაზრების დასტურია - შეცვლილი სათაური. აფიშაზე არ წერია „კაცია-ადამიანი?!“-  ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით, აფიშაზე წერია - ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით კაცია, ადამიანი.

საბა ასლამაზიშვილის დადგმა - კაცია, ადამიანი.

წარმოდგენა სულ რაღაც ერთ საათამდე გრძელდება. თუმანიშვილის თეატრის დარბაზში შესვლისას, გიორგი უსტიაშვილის მიერ შექმნილი სცენოგრაფია, განათება მაყურებელს თავიდანვე უქმნის განწყობას. დარბაზიც და სცენაც ნახევარ ტონებშია განათებული. სცენაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში, რეჟისორის ჩანაფიქრით თამრი ბზიავას დარეჯანი, ახალგაზრდა თანამედროვე ქალი - ფუსფუსებს, საჭმელს ამზადებს, ღვინოს მიირთმევს, სანამ მაყურებელი ადგილებზე განთავსდება. შაკო მირიანაშვილის ლუარსაბი მაყურებელთა შემოსასვლელიდან შემოდის დარბაზში. ამას მაშინ ხვდები, როცა გესმის, როგორ ითვლის ლუარსაბი ბუზებს. ერთი, ორი, სამი... ბუზებს თითით ითვლის, რომელიც მაყურებლებისაკენაა მიმართული. ბუზები ჩვენ ვართ, მაყურებელი, იმ მომენტში თეატრში მყოფი საზოგადოების ნაწილი. ბზზზ, ბზზზ, ბზზზ - დიახ, ჩვენი საზოგადოების უმეტესობა, სამწუხაროდ - უცოდინარი, ამპარტავანი, ფარისეველი, მომხვეჭელი, უსიყვარულო - უქმად ბზუილა ადამიანების გაერთიანება ვართ. სწორედ, ამაზე წერდა გულისტკივილით მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ილია ჭავჭავაძე, იგივენი დავრჩით 21-ე საუკუნის პირველ მესამედშიც. არაფერი შეცვლილა, ამაზე მიგვანიშნა რეჟისორმა (ბევრნი კი აღშფოთდნენ, არ მოეწონათ ბზუილა ბუზობა), ვფიქრობ, სამართლიანადაც.

„თავის სატირულ პროზაში ილია ჭავჭავაძემ ნიშანში ამოიღო ცრუმორწმუნეობა და ექიმბაშობა, ჭორიკანობა და ტრაბახი, პატივმოყვარეობა და ახალი მოდებით გატაცება, სულწასულობა და ცბიერება, უქნარობა, კინკლაობა, გაუტანლობა და მრავალი სხვა თვისება, რომლებიც მისი თანამედროვე საზოგადოების წარმომადგენელთათვის იყო დამახასიათებელი“.[2] - წერს გრიგოლ კიკნაძე. ხომ გეცნოთ ჩვენი დღევანდელი საზოგადოების სახე?

შაკო მირიანაშვილის ლუარსაბი, არც მსუქანია, არც კოტიტა თითები აქვს, არც ღიპი და არც ღაბაბი. რეჟისორმა და მსახიობმა ლუარსაბის თანამედროვე ტიპაჟი შექმნეს. ჩვენი თანამედროვე ლუარსაბებისთვის სხეული მნიშვნელოვანია, სავარჯიშო დარბაზებში იყენებენ სხეულს, აი, სულისა კი რა მოგახსენოთ. დარეჯანი თავისებურად უყვარს მირიანაშვილის ლუარსაბს, დარეჯან/ბზიავას კი ლუარსაბი. განა ასე არ არის ნაწარმოებშიც? მირიანაშვილი/ლუარსაბი ნელ-ნელა თავის „სამფლობელოს“ უახლოვდება და დარეჯანის ძებნა/ძახილს იწყებს. ბზიავა/დარეჯანიც ეგებება საყვარელ მეუღლეს, აქ გრძელდება ბუზების ცნობილი ეპიზოდი მოთხრობიდან - კამათი, გადაზრდილი  შეწყვეტილი სექსში, მოურავის ზარის გამო, შესაძენი პროდუქტების თაობაზე რომ რეკავს. მოსიყვარულე, ვნებიანი ლუარსაბ/დარეჯანისთვის მუცლის ამოყორვა მაინც მთავარია. თან, ნაყროვანებას - ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას ქრისტიანულ რელიგიაში, ილიას მიერ ნაწარმოებში სხვასთან ერთად, უხვად მიმოფანტული ალოგიზმებითაც ამართლებენ: „მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, ნაბრძანებია უფლისგან რომ ჩვენი მოპოვებული პური ჩვენვე უნდა ვჭამოთ“ - ამბობს დარეჯანი. ლუარსაბი პასუხობს, ეგო თავადებზე არა, გლეხებზეო ნათქვამი. დარეჯანი არ ეპუება - რას ამბობ ლუარსაბ, ეგ, ხომ ადამისა და ევას დროს იყოო, თავადები სად იქებოდნენო. ლუარსაბიც არ ეპუება, როგორ არაო, ჩვენი გვარი მაშინდელიაო. რას ამბობო, მაშინ ადამის და ევას გარდა, არვინ იყოო და ადამი თავის თავის თავადი ხომ არ იქნებოდაო. - ეუბნება დარეჯანი. 

რეჟისორის ჩანაფიქრით დარეჯანს და ლუარსაბს თავისებურად უყვართ ერთმანეთი, და თანაც, ვნებიანადაც. ესეც ილიას ნაწარმოებში არსებულია, რეჟისორმა სწორად შენიშნა, წინა პლანზე გამოიტანა თავის დადგმაში, და, ამასთანავე, ავტორისეული იუმორი და სატირა შეინარჩუნა. მაგალითად, ლუარსაბის სიყვარულის ახსნაც კუჭზე რომ გადის, ამის ნათელი მაგალითია ნაწარმოებში ეპიზოდის ეს ნაწილი: - შენ იცი, ჩემი რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტარხუნა, გონების, აბა რა ვთქვა? - თუნდა მარილი იყოს. კარგად არ ვთქვი, ის კარგი და სახელოვანი მამა ნუ წაგიწყდება? კარგი მოწყობა არ იყო? წამოროშა ესა და მხიარულობის ნიშნად დააკრაჭუნა კბილები თავის პირწყლიანობით აღტაცებულმა ლუარსაბმა“.[3] ან, როდესაც დარეჯანს ჰგონია, რომ როგორც იქნა დაფეხმძიმდა და შვილი, შთამომავალი ეღირსებათ მას და ლუარსაბს, და ამ დიდებულ ამბავს ლუარსაბსაც ატყობინებს. ლუარსაბი სიხარულით ცას ეწევა და ამბობს: „იცი, რა, დარეჯან? შენ ხომ ბრძენი დედაკაცი ხარ და არც მე ვარ - ღვთის მადლით - სულელი, თოთხმეტის წლისა შესრულდება თუ არა - აბა, იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, - შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ, რაღას უნდა მოვუცადოთ? ეხლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი - ღვთის წყალობა შენა გაქვს - ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო... ეხლა იმ იმერელს რომ ვაჯობე, იცი, რა ვუთხარი? წადი-მეთქი, სადაც შენი სთქვა, იქ ჩვენიცა სთქვი-მეთქი, და იმერლებსაც უთხარი, რომ, რაც თქვენ კრიკინას წვენი გამოუვა, ერთ „ყლაპად“ არ მეყოფა-თქო, და „ყლუპი“ კი კიდევ თქვენზედ დარჩება-თქო. აი, ამისთანა კაცები ვართ კახეთში-მეთქი. მაშ!.. თუ ღმერთი გწამს - კარგად არ მითქვამს? - კარგად და პატიოსნად. - მაშ, მოდი ერთი კიდევ ამოვწუწნო ეგ შენი მარწყვი ლოყები. ეხლა, დარეჯან.[4]

სცენოგრაფმა გიორგი უსტიაშვილმა, რეჟისორის კონცეფციის თანახმად, სცენაზე დადგა ბროწეულის ბუჩქი/ხე, რომელსაც დარეჯანი და ლუარსაბი, სპექტაკლის მსვლელობისას, ხშირად მიმართავენ/იყენებენ ხოლმე.  მაგალითად, ბუზების რაოდენობაზე კამათისას. ბროწეულის ხეს სხვადასხვა რელიგიაში აქვს სიმბოლური დატვირთვა, ყოველი მათგანი მეტ-ნაკლებად მსგავსია, პრინციპში თითქმის ერთნაირია. ძირითადად კი, ნაყოფიერების, შვილიერების, სიუხვის, წარმატების სიმბოლოდაა მოაზრებული. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკური და მიზანმიმართული სიმბოლო/მეტაფორაა სპექტაკლში ბროწეულის ხე - შვილიერებისა და სიუხვის  მომტანი.

წარმოდგენაში ლუარსაბისა და დარეჯანის ნაყროვანების თემა, რეჟისორმა და მხატვარმა სხვასთან ერთად სცენოგრაფიაშიც ასახეს. პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნე მთელი სპექტაკლი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში ვითარდება. დარეჯანი გამუდმებით რაღაც კერძს აკეთებს, თავადაც მიირთმევს და ლუარსაბსაც აჭმევს თავისის ხელით, დარეჯანი თითქმის მთელი სპექტაკლი ღვინის ბოკალით ხელში მოქმედებს, პრინციპში ორთავე ეძალება სასმელს (დარეჯანის და ლუარსაბის დალევისადმი მიდრეკილება ასევე ნაწარმოებიდან გამომდინარეა). ამასათანავე, დეკორაციას ერთგვარად კრავს თანამედროვე ტიპის მაცივარ-საყინულეთა წყება, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტითაა გამოტენილი, ხორცი პრევალირებს, ღვინო შტოფებით, მწვანილი და სხვ. გულისამრევია ეს ყველაფერი.  შაკო მირიანაშვილის გაგულისებული ლუარსაბი, გონივრულ მსჯელობას რომ გააბამს ბატონყმობის გადაგდების შესახებ, დარეჯანი ლუარსაბის მიმართვას გლეხობისადმი, ანუ დათო მოურავისადმი მობილურით იღებს. მსახიობი თან „ღაღადებს“ სიბრძნეებს და თან მოქმედებს, მაცივრების კარებს აღებს, დათო მოურავს (გლეხობას) ანახებს თუ როგორი მდიდარია, როგორი და რამდენი ხორაგითაა მისი მაცივრები გამოტენილი! თან დოლის ხმაზე, ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკალური თანხლებით (კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი) შტოფიდან ღვინოსაც დააყოლებს, ჩამოეწუწება კიდეც და სახელოთი მოიწმენდს. რაც მთავარია, რუსები რასაც ამბობენ ყველაფერი ტყუილიაო და, საერთოდაც, ხომ ამბობენ: „ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისაო და კეისრები ვართ ჩვენ“.  - ასკვნის „ბრძენი“ ლუარსაბი/მირიანაშვილი.

ამ ეპიზოდს მოსდევს პერფორმანსი -  „ხვალ რა ვჭამოთ?!“ სამზარეულოს ბარ/მაგიდაზე შემოსკუპებული ლუარსაბი „უმნიშვნელოვანეს პრობლემას“ წამოჭრის საკამათოდ - დარეჯანის შეთავაზებულ კერძებს უარყოფს, - „რამე მინდა სხვა“. ოღონდ ეს სხვა რა არის თავადაც არ იცის. რეჟისორის გადაწყვეტით ცნობილ ეპიზოდს მოთხრობიდან - „ჩიხირთმა თუ ბოზბაში, შაკო მირიანაშვილი და თამრი ბზიავა, ქმედითად გამოსახავენ, მათი კამათი რომელი კერძია უკეთესი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზრდება. დარეჯანი თავის გაკეთებულ ჩიხირთმას ჯერ ძალით ატენის ლუარსაბს, მერე ერთმანეთს წუწავენ ჩიხირთმით, ბოლოს ეს სცენა სექსით მთავრდება, მაგიდა საწოლად გადაკეთდება და ლუარსაბი და დარეჯანი ერთმანეთს ეხუტებიან. ჩაბნელება-ამონათების შემდეგ დარეჯანი მაყურებელს მოგვმართავს მთხრობლის სახით (ამ შემთხვევაში რეჟისორის აზრებს ახმოვანებს). აი, ასე, ტკბილად და მშვიდად ცხოვრობდა ეს ორი. თქვენსავით ქვეყნის ყაყანში კი არ იყვნენ!

შემდეგი ეპიზოდი  უშვილობაზე დარდია. მირიანაშვილი/ლუარსაბი საშინელ სიზმარს უყვება დარეჯან/ბზიავას. ლუარსაბს დაესიზმრა რომ მოკვდა, - შენი მაზლი და რძალი ჩემ საფლავზე ცეკვავდნენო. შენც მიმატოვე და ჩემთან არ დარჩიო. სიზმარში ვტიროდიო - ეუბნება დარეჯანს. - მეც ხომ ვტიროდიო? ეკითხება დარეჯანი, თან ბალიშს იღებს და ახალშობილივით ანანავებს. ტირილი სიზმარში კარგიაო, ბიჭი გვეყოლებაო. მირიანაშვილის ლუარსაბი ამის გაგონებაზე აენთება და დარეჯანს ეხვეწება ბიჭი გამიჩინეო. შემდეგ ბროწეულის ხეს მოითხოვს, როგორც საკრალურ ნივთს და ღმერთს მიმართავს, თან თხოვნით და თანაც საყვედურით. ლუარსაბის ლოცვის ფონზე დარეჯანი უკანა ფონზე მაცივრებს გამოაღებს რიგრიგობით. შემდეგ ლუარსაბის ლოცვა-თხოვნა-საყვედურზე დარეჯანსაც კი ეღიმება და ქვაბის თავსახურს „შარავანდედად დაადგამს“ თავზე.

ილიასეული სატირა, საზოგადოების წევრთა შორის არსებული ცრურწმენებისა და უვიცობის თაობაზე, ასლამაზიშვილმა თანამედროვეობაში გადმოტანილი, კიდევ უფრო სატირულ-იუმორისტული გახადა, სხვასთან ერთად, მკითხავი-მჩხიბავის ეპიზოდით. ეგზისტენციალური კამათი ბოზბაშზე და ჩიხირთმაზე, ღვთისადმი თხოვნა/საყვედური, ღემრთო აბა შენ იციო - ამ სიტყვებით დასრულებული, მკითხავის ეპიზოდით დააგვირგვინა. ქალაქში მკითხავი ჩამოსულაო, ატყობინებს დარეჯანი ლუარსაბს. მოვიდეს აგერ აქო - ამბობს ლუარსაბი. მირიანაშვილი/ლუარსაბი და ბზიავა/დარეჯანი წამოწოლილები ელიან მკითხავს. ჩაბნელება, ბოლი, აღმოსავლური მოტივები, სცენის ორმოდან იდუმალებით შემოსილი ბექა ჯუმუტიას მკითხავი, ჯინივით ამოიმართება სცენაზე. მკითხავი აკმევს, თან ბუტბუტებს, ბაიათს მღერის: შვილი თუ გინდა... თამაშდება პერფორმანსი დარეჯანისა და ლუარსაბის განჯადოების... საქმეს მიხედეთო ამ სიტყვებით ემშვიდობება და ისევ ორმოში უჩინარდება. დარეჯანი და ლუარსაბიც საქმეზე გადადიან.

ვფიქრობ, რეჟისორის შემოთავაზებული ფინალი, ცოტა უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს მაყურებელს, ვინაიდან რომანტიკული ელფერი გადაკრავს. დარეჯანი ცუდად ხდება, ვერაფერს ვხედავო ამბობს, შთამომავლის მოლოდინით აღფრთოვანებული ლუარსაბი, განაგრძობს სმას და ოცნებას, ტირადებს წარმოთქვამს, რაც კი ოდესმე ვინმესგან გაუგონია: ის ურჩევნია მამულსა... ჩვენ შვილს გაუმარჯოსო, დარეჯანიც ისევ სვამს... შენსავით კაცი იქნება ადამიანიო და კვდება. ლუარსაბი „ქეიფს“ განაგრძობს“ მომავალი შვილის ქორწილს გეგმავს, პატარა ლუარსაბი აი, აქ, წითელ ღვინოში ჭყუმპალაობსო. ქორწილში ბევრი უნდა ვიცეკვოო...

წარმოდგენას რეფრენად გასდევს სიტყვათა შეთანხმება: კაცია, ადამიანი. შიგა-და შიგ გაისმის, ხან, ლუარსაბი და ხან, დარეჯანი სხვადასხვა ტონალობით წარმოთქვამენ. ფინალში, როცა ლუარსაბი ხვდება რომ დარეჯანი მოუკვდა, ამ სიტყვებს ისევ ამბობს: კაცია, ადამიანი. კაცია, ადამიანი. კაცია, ადამიანი. ... იწყებს მაცივრების კარის კეტვას... აუუუ, სადა ხარ... ღვინოს ისხამს ბოკალში და ისევ ბუზების თვლას იწყებს, ბროწეულის ხესთან მიდის, ისევ ბალიშს ანანავებს და ისევ, ბუზების თვლას განაგრძობს, მიუჯდება დარეჯანს, იტყვის 40 და ისიც კვდება, უფრო სწორად აკვდება, ამქვეყნად მისთვის ერთადერთ ძვირფას, საყვარელ დარეჯანს.

მიუხედავად იმისა,  რომ ილიას მოთხრობიდან ძალიან ცოტა რამ დარჩა, ვფიქრობ, საბა ასლამაზიშვილმა შემოქმედებით დასთან: მსახიობებთან - შაკო მირიანაშვილი, თამრი ბზიავა, ბექა ჯუმუტია, მხატვართან - გიორგი უსტიაშვილთან, კომპოზიტორთან - კონსტანტინე ეჯიბაშვილთან და ქორეოგრაფთან - კოტე ფურცელაძესთან ერთად, მოტივებზე შექმნილ დადგმაში, ნაწარმოების სული შეინარჩუნა, ჩვენს თანამედროვე ყოფა/ცხოვრებას მოარგო და დღევანდელ საზოგადოებაში არსებული პრობლემები ტკივილნარევი იუმორით გადმოსცა.

 

 

 

 

 

[1] კიკნაძე გ. თხზულებანი, ტ. II. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2003. გვ. 331

[2] კიკნაძე გ. თხზულებანი, ტ. II. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2003. გვ. 330

[3] ჭავჭავაძე ი. კაცია-ადამიანი?! გვ. 8 https://interesi.wordpress.com/wp-content/uploads/2018/01/kacia-adamiani.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 20.07.2026)

[4] ჭავჭავაძე ი. კაცია-ადამიანი?! გვ. 59-60 https://interesi.wordpress.com/wp-content/uploads/2018/01/kacia-adamiani.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 20.07.2026)

bottom of page