
თამთა თავდიშვილის მიკრ ოსკოპული სამყარო












ანა ბენიძე
თამთა თავდიშვილის მიკროსკოპული სამყარო
რადიკალურად განსხვავებული, ზედმეტად თავისებური და არაორდინალური სტილი აქვს. სტანდარტულ ნორმებსა და ჩარჩოებს ვერ და არ ერგება. თავისუფალი სულია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აბრკოლებს ცხოვრებაში. გამოირჩევა რკინის დისცილინით, უდრეკი ხასიათით, შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალურობით. ნამდვილი ქართველია - ყველაფერში ერკვევა და ყველაფერი იცის. არასდროს უვლია ცეკვაზე, მაგრამ არაჩვეულებრივად ცეკვავს. ძლიერი ენერგეტიკისა და დადებითი მუხტის მატარებელია. ბევრს მოგზაურობს, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით. ძალიან უყვარს ლაპარაკი, თან ძალიან ჩქარა. სისხარტე და ენერგია არ აკლია. სხვათაშორის - არც გურული იუმორი. სამ უნივერსიტეტში ასწავლის: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; პირველადი პროფესიით დრამის მსახიობია. მაგისტრატურაზე რეჟისურა აქვს დამთავრებული. თეატრალური კომპანია - ,,ჰოჲს’’ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი დადგმული სპექტაკლებია: ,,ჰოჲ;’’ ,,ადამიანის ტრაგედია;’’ ,,ლისისტრატა;’’ ,,აია;’’ და სხვ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტობიდან მოყოლებული სხვადასხვა პრიზი აქვს მოპოვებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
გაიხსენე პირველი შეხება პროფესიასთან:
ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა თეატრთან - ოჯახშიც კინო, თეატრი, ოპერა იყო დღისწესრიგი, მაგრამ მსახიობობაზე არ მიფიქრია და არც სცენის მტვრით ვყოფილვარ მოწამლული, იმ დროისათვის, ეს არაცნობიერი იმპულსები იყო, რომელიც ჩემში დაილექა. ძალიან მიყვარს გეოგრაფია და ეკონომიკური გეოგრაფიის მიმართულებით მსურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა აბიტურიენტობისას, დედაჩემმა რომ მითხრა, მთელი ცხოვრება მეგონა, მსახიობი გამოხვიდოდიო, დავფიქრდი, მივხვდი, მართალი იყო და შევცვალე გადაწყვეტილება, რაც ძალიან მიხარია.
რა უპირატესობა აქვს საკუთარი თავის გამოხატვას არავერბალური ფორმით?
ჩემთვის სხეული გულწრფელობის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი და მრავალი ფორმის შექმნის შესაძლებლობაა. ძალიან მიყვარს სიმბოლიზმი, რადგან თხრობის ამ ფორმის მეშვეობით გაცილებით მეტყველი შეგიძლია გახადო სხეული ყველაზე მარტივი დეტალის ცვლილებითაც კი, ამ დროს ტვინი მუდმივ სიმბიოზშია სხეულთან. სწორედ ეს ამოუწურავი რესურსია ჩემთვის უპირატესობა, რაც ძალზე მხივლავს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
სათანადო მზაობას თუ ხედავ მაყურებელში იმ დადგმების მისაღებად და გასააზრებლად, რასაც შენ და შენი პარტნიორი, ტატო გელიაშვილი სთავაზობთ?
მე და ტატომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლზე - ,,ჰოჲ," რომელსაც სხვადასხვა სივრცეში ვთამაშობდით, ერთ-ერთი იყო კინოს სახლი. ერთი კვირის თავზე, გაჩერებაზე ბიჭი მოგვიახლოვდა და მორიდებით გვითხრა, მგონი თქვენს სპექტაკლზე ვიყავი, ძალიან მომეწონა. მაშინ რაც ვიგრძენი ყველაზე მეტად მეხმარება ჩემი პერსონალური არსებობის გადასააზრებლად ამ საზოგადოებასა და ცხოვრებაშიო. ამ სიტყვებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. ეს მაგალითი კარგი მოცემულობაა იმის აღსაქმელად, რომ თუ 100%-ით დავიხარჯებით, მაყურებელი თავისთავად გახდება ამ პროცესის ნაწილი წინასწარი ინტელექტუალური რესურსისა თუ ფონის გარეშე. ერთადერთი, რა საჭიროებაცაა მათი მხრიდან - ჰქონდეთ მიმღეობა და საკუთარი თავები ემოციურ კოლბაში არ ჩაკეტონ.
როგორ გადაიკვეთა შენი და ტატოს გზები და რა აღმოგაჩენინა მასთან ურთიერთობამ?
მე და ტატო კურსელები ვიყავით, მასთან ურთიერთობამ საკუთარი თავი აღმომაჩენინა. დავინახე მისი უსაზღვრო შესაძლებლობები, მსაგვსება და სხვაობა ჩვენ შორის, რის გამოც იდეალურდ ვეწყობით ერთმანეთს. იმდენად ძვირფასია ტატო და მასთან ურთიერთობა, რომ სიძვირფასესაც ცდება ჩემთვის. მასთან ერთად არაფერი მეგულება გაუკეთებელი. ხშირად ვკამათობთ, მაგრამ ეს კამათი იმ წუთასვე შეთანხმებით მთავრდება. იდეებთან და სათქმელთან დაკავშირებით არადროს გვიკამათია, რადგან იმდენად ვემთხვევით, შეთანხმებაც არ გვჭირდება. შეგრძნების დონეზე გვესმის ერთმანეთის და ხარისხის აღქმაც ერთი გვაქვს.
პროფესიული კუთხით რა სირთულეებთან გიწევს გამკლავება?
ძალზე მადლიერი ვარ, რომ ამ სოციუმში ნდობა გვაქვს გარკვეული ადამიანების, რომლებიც ყველაფრის შესაძლებლობას გვაძლევენ. სირთულეები მხოლოდ ჩვენთვის არაა, ზოგადად, ქვეყანაშია და ბუნებრივია, ჩვენც გვეხება, მაგრამ ეს ერთგვარი მოცემულობაა. რაც მაქვს ვაფასებ, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა ტექნოლოგიური ინდუსტრია აქტიურია და ამის გამოყენება შეგიძლია, ამ მხრივ შეზღუდულები ვართ. მეტი ფინანსური ბაზა რომ გვქონდეს, უფრო დაგვეტყობოდა სკრუპულოზურობა, თუმცა ეს გვაძლევს დამატებით შრეს იმისათვის, რომ არაფრისგან შევქმნათ რაღაც. დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურ თვითგანვითარებაში ეტაპობრივად მივიღებთ იმას, სადაც და როგორც წარმოგვიდგენია ჩვენი თავი.
რამ გააჩინა შენში თეატრალური კომპანიის დაარსების საჭიროება და რა დატვირთვა აქვს მის სახელს - ,,ჰოჲ’’
როდესაც ბუდაბეშტის ნაციონალურმა თეატრმა შემოგვთავაზა მათი ფესტივალისთვის იმრე მადაჩის ცნობილი პოემის, ,,ადამიანის ტრაგედიის’’ ინტერპრეტაციის გაკეთება, მოგვთხოვეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ და რადგან ოფიციალური სახე არ ჰქონდა იმ ყველაფერს, რაზეც წლებია ვმუშაობდით და მარტო თათა და ტატო ვიყავით, გადავწყვიტეთ ამ მხარეზეც გვეფიქრა, ერთი სახელის ქვეშ გაგვეერთიანებინა ჩვენი ნამუშევრები. ,,ჰოჲ’’ ჩვენს ერთ-ერთ სპექტაკლს ჰქვია. მაშინ იმიტომ დავარქვით ეს სახელი, რომ გვინდოდა, მთელი ემოცია, სათქმელი... ერთ ამოსუნთქვაში ყოფილიყო ჩატეული და როცა უკვე კომპანიის სახელის შერჩევის პროცესში ვიყავით და დიდად არცერთი ვერსია მოგვწონდა, ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, რად უნდა ამდენი ფიქრი, როცა თქვენს შემოქმედებაში თავისი ფორმითა თუ ჟღერადობით ასეთი მშვენიერი, დასამახსოვრებელი სახელი არსებობსო. გავითვალისწინეთ ეს რჩევა და ჩვენს კომპანიას დავრქვით “ჰოი.“
რა განაპირობებს ინდივიდუალური ხელწერის შექმნას და რამდენად მარტივია მისი შენარჩუნება დღეს?
ძალიან რთულია შენარჩუნება. მართლა გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით, რაიმე არ გაგვიმეორდეს. ქორეოგრაფია შედარებით მარტივად დასაპლაგიატებელია, რადგან სხვისი მოძრაობა შეიძლება შენს თავში ავტომატურად გამეორდეს, სხეულის კუნთოვანი და ემოციური მეხსიერაბა თავისთავად იმახსოვრებს და ამ მხრივ ძალიან მკაცრად ვუდგებით საკითხს. შექმნას რაც შეეხება, უსაზღვრო ფანტაზიას ყოველ ჯერზე ,,ვაიძულებთ,’’ სხვა მიმართულებით იფიქროს და სხვა დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება. სპექტაკლიდან სპექტაკლამდე აუცილებლად ჩნდება ეს მოთხოვნილება, რა დროსაც, შიგნიდანაც და გარედანაც ერთნაირი სიფრთხილით ვაკვირდებით პროცესს.
-გაქვთ ისეთი მოძრაობა, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ნიშაა?
ყველა სპექტაკლში გვაქვს ემოციური ხარჯვის ექსპრესია, ტემპერამენტი, ატმოსფერო, საერთო სურათის აღქმა და ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ერთგვარ ნიშად და კარგია, რომ ეს ხელწერა გვაქვს, მაგრამ ამ ხელწერაში ერთი და იგივე მოძრაობებისა და მიზანსცენების გამეორების წინააღმდეგნი ვართ და ამ კუთხით ძალიან ბევრს ვმუშაობთ.
როგორც მაყურებელი, რამდენად ახერხებ თეატრში სიარულს და რომელი თეატრის რეპერტუარს გამოარჩევდი?
როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება მარათონივით ვაწყობ. შეიძლება ყოველდღე თეატრში ვიყო სხვადასხვა სპექტაკლზე, თუმცა არის ისეთი პერიოდიც, როცა ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა საერთოდ ვერ მოვახერხო თეატრში წასვლა. განსაკუთრებით მომწონს დამოუკიდებელი კომპანიები. ძალზე საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ. ვაფასებ და მხარს ვუჭერ ახალგაზრდების დაუღალავ მცდელობას, შექმნან ალტერნატიული, ერთმანეთისგან განსხვავებული ესთეტიკის სპექტაკლები. თან რომ ვიცი, რამხელა რესურსი სჭირდება ამ ყველაფერს და რამდენ ენერგიას აქსოვენ მასში.
-აქვე ჩაგეძიები, როგორც მაყურებელს რა მოთხოვნილება გაქვს?
თავად რასაც ვაკეთებ იმის. სწორედ იმიტომ ვაკეთებ, რომ ამის დანაკლისი მაქვს და ვივსებ. ერთია კარგი სპექტაკლი, რომელიც სწორად გეუბნება სათქმელს, დრამატურგიულად სწორადაა აგებული, არ გღლის და ა.შ. და მეორეა, რა ემოციურ კვალს ტოვებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი და საინტერესოა ამოუხსნელობის განცდა, მისტიკურობა. ოღონდ მისტიკურობაში თემის მისტიკურობას არ ვგულისხმობ - ხშირად უნდა ამომიტივტივდეს და გამახსენდეს.
როგორი ხარ საქმის მიღმა, რითი ხარ გატაცებული და ვინ ან რა გაძლევს შთაგონებას?
განსატვირთად მთაში ვიხიზნები, ძალების აღდგენაში ბუნებასთან კონტაქტი მეხმარება. საკუთარ თავთან გატარებული დრო დიდ შთაგონებას მაძლევს. გაღვიძებისას გარკვეული პერიოდი არაფერზე ვფიქრობ, გონებას ვასვენებ და მზესთან ვამყარებ კომუნიკაციას. განწყობის ასამაღლებლად მჭირდება სპორტი, აუზი და ჩოგბურთი ჩემთვის ხელშეუხებელია. ადრე ვდგები, ძირითადად ფეხით დავდივარ, დღის განმავლობაში ხშირად ვუსმენ მუსიკას და რაც უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავ მით მეტი ენერგიით ვივსები. სიტუაციებზე დაკვირვება, სეირნობა, ერთი შეხედვით მოდუნებული მდგომარეობაა, თუმცა ამ დროს ჯიბეში აგროვებ ბევრ ფერს, ამბავს, ფორმებს, დინამიკას, რაზე ,,სანადიროდაც’’ ასე გამიზნულად შეიძლება არც გამოხვიდე. ძალიან მიყვარს სკულპტურები, ტექსტილი, მინერალები თავისი სიღრმით, გარდატეხებით, შრეებით. ასეთი მიკროსკოპით შემოტანილი ინფორმაცია მძლავრ გავლენას ახდენს ჩემზე.
როგორია შენთვის კომფორტული სამუშაო გარემო?
სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგჯერ არაა იმის ფუფუნება, ყველაფერი ისე იყოს, როგორც გვსურს. არ მიყვარს ბევრი დასვენება. მეტად მხიბლავს ერთიანი პროცესი - დაწყება და დამთავრება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იწყება და აღარასდროს მთავრდება ხოლმე. მომწონს პასტელური გარემო. დღის რეპეტიციებზე ძალიან მსიამოვნებს მზის შუქიც თუ შემოდის. საღამოს მიყვარს სიმყუდეოვე, სიბნელე. კონცენტრირებული განათებით ვრეპეტიციობთ. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ისეთი სივრცე, როგორიც გვინდა, შესაბამისად, მუდმივად გვიწევს, სხვადასხვა სივრცეს მოვერგოთ.
სხვადასხვა პრიზი გაქვს მოპოვებული და არაერთ ფესტივალზე მიგიღია მონაწილეობა - რა დატვირთვა აქვს ამას შენთვის და რა მხრივ იძენ გამოცდილებას?
თითოეული ასეთი „გამარჯვება“ იმ ეტაპის შეჯამებაა. გამოგივიდა, დაგიფასდა, დაგინახეს და შენი წარმოსახვა, ქმედითუნარიანობა, გამოსახულება და შესაძლებლობები დადებითად შეაფასეს. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, ვისაც ეგ ადუნებს, პირიქით, ნებისმიერი წარმატება მოტივაციაა და მეტის მიღების სურვილი მიჩნდება. ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ „დამსახურებულს’’ ვგულისხმობ. განსაკუთრებულად მახსოვს სტუდენტური პერიოდი. ეტიუდების ფესტივალზე ზედიზედ ორჯერ მოვიპოვე საუკეთესო მსახიობი გოგოს პრიზი. მაშინ ამას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. პირველი აღიარების დროს უფრო მეტი ნაპერწკალი ჩნდება, თვითშეფასება გიმაღლდება, მეტად დარწმუნებული ხდები საკუთარ თავში და იმისათვის, რომ ეს შეგრძნებები არ დაკარგო, მუდმივად მოჭიმული უნდა გყავდეს შენი თავი, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში.
რა არის შენი ცხოვრებისეული საზრისი?
საზრისი ყველა ეტაპზე იცვლება, მაგრამ ძირითადი ხაზი, რასაც მივყვები ისაა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან. ყველა ჩვენგანმა სამყაროს აუცილებელ ნაწილად უნდა ჩავთავლოთ თავი და მთელი არსებით ვიგრძნოთ, დავიჯეროთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. არასდროს ვფიქრობ და ვამბობ რაიმე არ მაქვს-მეთქი, რადგან რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს და ამ ყველაფრით თვითკმარი ვარ. თუმცა ეს მდგომარეობა არ გულისხმობს ერთ ადგილზე გაყინვას, გაჩერებას. მთავარი მიზანია, დღევანდელი დღე იყოს სრულყოფილი, რადგან აქ და ახლა ვცხოვრობ და თითოეულ წუთს ვიყენებ ბედნიერებისთვის, რასაც რეალურად თვითმყოფადობა (თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით) განსაზღვრავს და არა სიხარულის განცდა.
როგორ შეაფასებდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რა გარდამტეხი ცვლილებები მოგიტანა ამ ყველაფერმა და რაში ხედავ გამოსავალს?
ძალზე ნათელია, რა ჩიხშიცაა ქვეყანა. ან ძალიან გავბრწყინდებით, რასაც მუდმივად ოპტიმიზმით შევყურებ, ან დავსრულდებით. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. საქართველოს ბედკრული ბედი ტანჯვაზე გადის და ზოგად სურათში მაგ გზას გავდივართ მე და ყველა თანამოაზრე. გარდამტეხ ცვლილებას რაც შეეხება, ამ პროცესმა ადამიანები დაყო ჩემ ირგვლივ და მათი ღირებულებები თუ ფასეულობები კიდევ უფრო მკაფიო გახადა. ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. ორივე მხარეს გვინდა ქვეყნის გადარჩენა, ორივესთანაა სიყვარული, მაგრამ ჩემთვის საქართველოა წინ და მასთან მიმართებაში ყველანი ნუმერაციები ვართ იმ საერთო და ძირითადი იდეის წინაშე, რომელიც ჩემთვის უმთავრესი, ხელშეუხებელია. ადამიანები დაიყვნენ შემდეგნაირად - ისინი, ვინც იდეას ირგებენ და ისინი, ვინც იდეას ერგებიან. მე, რომელსაც დადებითი ენერგიების მჯერა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავალთ იმ შედეგზე, რომელიც სწორად მიგვაჩნია, მაგრამ დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩვენი ქცევა რამდენადაა სწორი ამას ვერ განვსაზღვრავ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, ნებისმიერი ტიპის ჩაგვრა, ძალადობა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურა ახორციელებს, ამის წახალისებასა და მხარდაჭერას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. იმის ფონზე, რაც დღეს ხდება, ძალიან მაღიზიანებს ორმაგი სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობა ძალიან სუბიექტური მცნებაა, სიმართლე არის ერთი - ყველამ კარგად ვიცით საკუთარი სიმართლის ფასი. სანამ დაიძინებ, უნდა გქონდეს განცდა, რომ მართალი ხარ, რამაც მშვიდად და თავისუფლად მოსვენების საშუალება უნდა მოგცეს. ჩვენ ჩვენს პოზიციას შიშველი ხელებით დავიცავთ - ბოლომდე.