top of page

„თამაში“ თამაშ-თამაშით ამბობს სათქმელს

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

247101607_4298956906882338_804390576778575306_n.jpeg

მარინა მითაიშვილი

„თამაში“ თამაშ-თამაშით ამბობს სათქმელს

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, 2021 წლის ოქტომბრის მიწურულს, მაყურებელმა პაოლო ჯენოვეზეს ცნობილი ფილმის („იდეალური უცნობები“) მიხედვით დადგმული სპექტაკლის -„თამაში“ პრემიერა ნახა. დავით დოიაშვილმა იგი  შვიდი პროფესიონალი და  ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის ერთი სტუდენტის მონაწილეობით დადგა.

 

ვინაიდან „თამაში“ აღიარებული ოსტატის ფილმის თეატრალური ვერსიაა, თავისთავად ჩნდება მათი შედარების სურვილიც. რეჟისორმა დავით დოიაშვილმა იტალიელი ხელოვანის პირველწყარო (კინოსცენარი) საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა და მაქსიმალურად გააჯერა ქართული ტემპერამენტით, რაც იტალიურზე  ცეცხლოვანი აღმოჩნდა. ჰოდა,  ბევრად ფერადოვანი, განწყობითა და ფსიქოლოგიური შტრიხებით, ნიუანსებით მდიდარი სანახაობა გამოვიდა. იტალიური ფილმი ქართულ სპექტაკლთან შედარებით, მაპატიოს პაოლო ჯენოვეზემ და მოსაწყენიც კია. კაცმა რომ თქვას, სპექტაკლი თავისთავად, განსხვავებული და უფრო ცოცხალი უნდა გამოსულიყო და ასეც მოხდა, თუმცა ყველა რეჟისორი რომ ამას ვერ მოახერხებდა, ისიც ცხადია.

 

დავით დოიაშვილის დადგმაში ყოველი პერსონაჟის ხასიათი უფრო მკაფიოა, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით: წვეულების მასპინძელი როკო (ზაალ გოგუაძე) მომთმენი მეოჯახე, თუმცა ისეთი განრისხებაც შეუძლია, სიამოვნებით ზედიზედ რამდენიმეჯერ რომ ჩააკვრევინოს მოღალატე ცოლს - ევას (მაია ცეცხლაძის) მშვენიერი თავი წყლით სავსე სათლში,  ცანცარა და მხიარული ბიანკა (თათია თათარაშვილი), მოდუდღუნე და ექსტრავაგანტური ელე (ანი ცეცხლაძე), თითქოს ყველაფრისადმი გულგრილი ლეო (დავით ჯაყელი), ტემპერამენტიანი ლუკა (მამუკა მანჯგალაძე), მშვიდი, საკუთარი „განსაკუთრებულობით“ გათანგული პეპე (ტიტე კომახიძე) და ცბიერი, თავის ღირსებებში მეტისმეტად დარწმუნებული ევა მოქმედებაში ხმაურიან, მრავალწახნაგოვან (ბასრი კიდეებით) და ფრიად საყურადღებო სამყაროს ქმნიან.

 

მოქმედების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა მჟღავნდება, რომ ახალშეუღლებულთა (ლუკა და ბიანკა) გადარეული, ნაპირს გადამსკდარი სიყვარული სულაც არ ყოფილა უხინჯო, ხოლო ჩვიდმეტი წლის ქალიშვილის სამაგალითო მშობლების (როკო და ევა) ცოლქმრული კავშირი - მყარი. რაც შეეხება ლეოსა და ელეს ოჯახს, აქ წყვილზე საუბარიც არ ღირს, იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რაც სატელეფონო შეტყობინებების გარეშეც ცხადია, თუმცა ლეოს მობილურზე მოსული ფოტოსურათებიანი მესიჯები მათი არშემდგარი ქორწინების ილუსტრირებული, ვირტუალური ჟურნალია. ისიც აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგის (ევა) მეუღლე (როკო) თავად დადის ფსიქოლოგთან, რათა მის არაერთგვაროვან ოჯახურ კერაში სიმშვიდე შეინარჩუნოს, ოჯახის დიასახლისი  (ელე) კი ქმართან გაციებული ურთიერთობების კომპენსაციას ვირტუალურ უცნობთან საუბრებში ეძებს, რომლის მითითებით წვეულებაზე უსაცვლოდ გამოცხადდება. ამ ფონზე ის ფაქტი, რამაც თავიდან ყველა სხვადასხვაგვარად აიტაცა - ლეოს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, სრულიად უმნიშვნელო გამოჩნდა, ოღონდ არა - ლეოსთვის, რომელიც სრულიად დაანგრია თანამესუფრე მეგობართა დამოკიდებულებამ როგორც მის, ისე, ზოგადად, ამ ორიენტაციის ადამიანთა მიმართ. ეს პრობლემა, როგორც ჩანს, იტალიურ საზოგადოებაშიც დგას, თუმცა ისე მწვავედ მაინც არა, როგორც საქართველოში და ამ გარემოებას ხატოვნად უსვამს ხაზს რეჟისორი დავით დოიაშვილი.

 

მოკლედ, თამაშ-თამაშში, შემხვედრი კონფლიქტების კვალდაკვალ სპექტაკლი არაერთ საინტერესო საკითხზე სვამს კითხვის ნიშნებს - რამდენად რეალურია ჩვენი ცხოვრება? სახელდახელოდ გადაღებული სელფით ასახული ბედნიერება რაოდენ განსხვავდება სინამდვილისგან? რატომ გახდა ასეთი შეუცვლელი „პანდორას ყუთი“ ანუ მობილური ტელეფონი? რა საიდუმლო ცოდვებს შეიძლება ინახავდეს ჩვენი ახლობელი ადამიანების ჯიბის ტელეფონები? რამდენი მეგობარი დაგვრჩება, თუკი მათთანაც იგივე თამაშს ვითამაშებთ, როგორითაც სპექტაკლში „გაერთნენ“? საერთოდ, როგორი მეგობრები  და პარტნიორები, ან  მშობლები ვართ?

 

მართალია, სპექტაკლი ამ სათქმელის სიმძაფრით არ გამოირჩევა, რადგან ეს არცაა მისი მიზანი, მაგრამ მსუბუქი ირონიით, სახალისო დიალოგებით, რომლებსაც მეტ კომიკურობას მატებს შესანიშნავად მიგნებული მიზანსცენები, დინამიკა, გემოვნებიანი მუსიკა (ნინი ნუცუბიძის, გიორგი გიგაშვილის, ჯანგოს სიმღერები) და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ესთეტიკური გარემო - სცენოგრაფია და კოსტიუმები (გოგლა და ნინო გოგიბერიძეები), ყურადღებას ბოლომდე იპყრობს და საინტერესო სანახაობის თანამონაწილედ გხდის.  დასაწყისში მაყურებელი, ჩვეულებისამებრ, დარბაზიდან უყურებს სპექტაკლს, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მსახიობები, რომლებიც დარბაზშიც ისევე თავისუფლად მიდი-მოდიან, როგორც სცენაზე, მათ დროსტარებაში მონაწილეობისთვის  სცენაზე იხმობენ. ამგვარად, „დარბაზი“ (მაყურებელი) სცენის უკანა მხარეს გადაინაცვლებს, რაც პირველად არ ხდება ჩვენი  და მით უფრო მსოფლიო თეატრის ისტორიაში, მაგრამ ამჯერად, მართლაც, მშვენიერი ხერხი გამოდგა  სუფრასთან აკუმულირებული მოქმედებისა და მონაწილეთა „კადრების“ ახლოს მოსატანად. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რეჟისორის ოსტატობის წყალობით, მოქმედი გმირების ასე ხანგრძლივად სუფრასთან ჯდომა სულაც არ არის მოსაწყენი აღსაქმელი, რადგან გაცოცხლებულია საინტერესო, ლამაზი მიზანსცენებით და მოქმედებებით, რომლებიც მაგიდის მიღმაც გადაინაცვლებს ხოლმე.  საინტერესოა ცოცხალი სურათების ეფექტი - რეჟისორი სხვადასხვა მიზანსცენაში თითქოს დროებით აჩერებს „კადრს“ (მსახიობები რამდენიმე წამით ქვავდებიან), რომელსაც მაყურებელი მბრუნავი სცენის მეშვეობით და შესაბამისი მუსიკის თანხლებით, ასე ვთქვათ, 3დ-ში ხედავს. ეს ერთგვარი „ფოტოპაუზები“ (ასე დავარქვათ) ვიზუალურადაც ლამაზია და აზრის შემცველიც - ერთგვარი დაყოვნების, ფიქრის, დაკვირვების საშუალებას იძლევა.

 

რეჟისორმა მინიშნებისთვის გამოიყენა ნარინჯისფერიც,  სწორედ ასეთი სამოსი აცვია დადგმაში მონაწილე ყველა მსახიობს სოფოს (როკოსა და ევას ქალიშვილი - მსახიობი ქეთევან ბარამიძე) გარდა, თუმცა ფინალში შავ სამოსს   გადაიძრობს და ისიც ნარინჯისფერ კაბაში აღმოჩნდება... რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ნარინჯისფერი ფიგურებით (მსახიობთა კოსტიუმები, მართლაც, გემოვნებითაა შექმნილი) სავსე სცენა საცქერლად მშვენიერია, ამას აზრობრივი დატვირთვა აქვს. ცხადია, რეჟისორი  დადგმის ყველა პერსონაჟს ერთი ნიშნით აიგივებს - რა არის ეს? იქნებ სამყაროს და საკუთარი თავის არაადეკვატური აღქმა?   სოფოს შავი ტანსაცმლის ნარინჯისფრით შეცვლა სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ასეთ სამყაროს უერთდება ნორჩი გოგონაც, რომელმაც პირველ სექსუალურ გამოცდილებასთან ერთად „დიდ“ და შეშლილ სამყაროში შეაბიჯა.

 

ქართული მენტალობისთვის საკმაოდ უცხოა მამა-შვილის (როკო და სოფო) თავისუფალი საუბარი გოგონას პირველ სექსთან დაკავშირებით - მამა თავად უწყობს მას ჩანთაში თავდაცვის საშუალებებს, რითაც მშობლის მზრუნველობას იჩენს გარდაუვალთან (ადრე თუ გვიან მისმა პირმშომ ეს გამოცდილება უნდა მიიღოს) დაკავშირებით. დავით დოიაშვილი აქ, უდავოდ, პიონერია - იქნებ ქართველმა მამებმაც გაითვალისწინონ, რომ შვილის დაცვა მხოლოდ მასთან სიახლოვის და მისი გულწრფელობის, ნდობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი და სექსუალური გამოცდილების მიღება გოგონასაც სჭირდება იმისთვის, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვოს და უბრალოდ, სისხლის ყივილისგან გაარჩიოს?! ქართველების (მამაკაცებზე მეტად სწორედ ქალების) უმრავლესობა, როგორც წესი, ასეთ აზრებს (თუ გაუჩნდათ) საკუთარ თავშიც ქოლავს და თუ სხვებს წამოსცდებათ, მათ ხომ ანათემას გადასცემენ. „თამაში“ კი თამაშ-თამაშით ისე ამბობს სათქმელს, აგრესიას, თითქოს, არ იწვევს და ესეც საქმეა...

 

სპექტაკლი დინამიკურია, რიტმი თითქმის არსად ნელდება. მაყურებელს ყურადღების მოდუნების საშუალება არ ეძლევა, არა მარტო იმის გამო, რომ დრამატურგიულ მასალაშიც სულ რაღაც ხდება, არამედ იმითაც, რომ რეჟისორი მათ სიცოცხლეს ანიჭებს - მნიშვნელოვანია, სათქმელს როგორ გამოხატავ, რამდენად მიგაქვს იგი მაყურებლამდე, რა ხარისხით ზემოქმედებს მასზე და აქ დოიაშვილის ოსტატობა უდავოა. მოსაწონია მსახიობების მისეული არჩევანიც - მათი პერსონაჟების ხასიათები მეტყველი და სიცოცხლისუნარიანია.

 

ბათუმელი არტისტები ჩინებულად თამაშობენ. სხვათა შორის, იმას, რომ ჩვენი დრამატული თეატრის მსახიობები თავიანთ საქმეს პროფესიულად აკეთებენ, დავით დოიაშვილმა სპექტაკლის წინ სატელევიზიო ინტერვიუშიც საგანგებოდ გაუსვა ხაზი. მოკლედ, „თამაში“ ის სპექტაკლია, რამდენიმეჯერ რომ ნახავ და თვალ-გულს გაახარებ. იმედია, მისი ნახვის საშუალება სისტემატურად მოგვეცემა და ამაში ხელს არც პანდემია შეგვიშლის, არც ბათუმელთა პასიურობა, ანუ მაყურებელი თეატრს მიაკითხავს და ეს დადგმა რეპერტუარში, რომლის არსებობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს, თავის ადგილს დაიჭერს.

bottom of page