top of page

თამაში მთვარის სრული დაბნელების დროს

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

279446323_956352208241141_5569405704956949697_n.jpg
279602912_1005263753428449_3326744396259648850_n.jpg
279429489_525029482604324_1799257455355003115_n.jpg
279318656_713008260141886_7600721719262478338_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

თამაში მთვარის სრული დაბნელების დროს

 

„მთვარის სრული დაბნელების დროს უცნაური რამეები ხდება,

ზოგჯერ დაუჯერებელიც.

დრო ჩერდება და

ჩადენილი ცოდვებიც ქრება ...“

 

შემოქმედებითი „მიმოცვლა“ კინოსა და თეატრს შორის, უფრო სწორად კინოსცენარსა და პიესებს შორის ახალი არაა. უილიამ შექსპირის ეკრანიზაციებზე რომ არაფერი ვთქვათ, კინოს და თეატრის რეჟისორები ხშირად მიმართავენ ამ გზას. „რომანსი შეყვარებულებზე“ (ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში - რეჟისორი ზაზა სიხარულიძე), „ამადეოსი“ (კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მისივე რეჟისორობით), „სკანდალური დღიური“ და „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ (თავისუფალ თეატრში - რეჟისორი ნიკუშა ჩიკვაიძე) კინოსცენარების მიხედვით დადგმული წარმოდგენებია, საპირისპიროდ  ფლორიან ზელერის პიესის „მამა“, რომელიც დავით ჩხარტიშვილმა გორის დრამატულ თეატრში დადგა, კინოშიც განხორციელდა ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით. ან თუნდაც პულიცერის პრემიის ლაურეატის ტრეისი ლეტსის „აგვისტო, ოსეიჯის ოლქი“ მერილ სტრიპის მონაწილეობით;  „მედეა“ და „ოიდიპოსი“ პაზოლინის და აშ. ყოველივე ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ბოლო დროს ქართულ თეატრში „იდეალურ უცნობები“ ფილიპე ბოლონიას, პაოლო კოსტელას, პაოლა მამინის, როლანდო რაველოს და პაოლო ჯენოვეზეს სცენარის მიხედვით ძალიან პოპულარული გახდა. ამ უკანასკნელის რეჟისორობით გადაღებული ფილმის მიხედვით უკვე სამი სპექტაკლი დაიდგა სხვადასხვა თეატრში და სხვადასხვა დროს. იტალიური ფილმის სცენარი მაშინვე აიტაცეს. საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, თურქეთი, მექსიკაში, უნგრეთი, სომხეთსა და გერმანიაში მისი ბევრი რიმეიქი შეიქმნა.

დავით ჩხარტიშვილის დადგმას გორის გიორგი ერისთავის თეატრში სულ მალე გურანდა იაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა მოჰყვა ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში, გასულ წლის ოქტომბერში კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა, რომლის რეჟისორი მოწვეული რეჟისორი დავით დოიაშვილი იყო.

სპექტაკლი „თამაშის“ სახელით იქნა განხორციელებული (ისევე როგორც მისი ფრანგული ვერსია „Le jeu“), რაც ჩემი აზრით, ზუსტად ესადაგება იმას, რაც სცენაზე ხდება, არა როლების გათამაშების თვალსაზრისით, არამედ უფრო მეტი - იმის გარკვევით როდის „თამაშობდნენ“ პერსონაჟები საკუთარ ცხოვრებას, იქამდე ვიდრე ამ თამაშს წამოიწყებდნენ, თუ ახალა, როცა ამ თამაშის თამაშში არიან ჩართული (ბოდიშს ვიხდი ამ ტავტოლოგიისათვის, თუმცა რეალურად სცენაზე სწორედ ეს ხდება).

საინტერესო დამთხვევა, რომ სამივე რეჟისორმა წარმოდგენის თითქმის ერთნაირი ფორმა აირჩია, თამაში უშუალოდ მაყურებლის სიახლოვეს. გორის თეატრში მაყურებელი სცენაზე იჯდა სათამაშო მოედნის გარშემო, დრამისა და მუსიკის თეატრშიც, სასადილო მაგიდა, რის გარშემოც ძირითადი მოქმედება ხდება სწორედ მაყურებელთა დარბაზის პირველ რიგთან იყო გაშლილი და ბათუმის თეატრის სპექტაკლიც მიუხედავად იმის, რომ მისი დასაწყისი ჩვეულებრივ სცენაზე იწყება, სულ მალე მსახიობები მაყურებელს სცენაზე ეპატიჟებიან, რომ ერთად გააგრძელონ მთვარის სრული დაბნელების ცქერაც და სპექტაკლის ყურება.

და მართლაც მსახიობებთან მაყურებლის ასეთ სიახლოვეს  ყოფნა უფრო დამაჯერებელს და ემოციურს ხდის იმ მოვლენებისა და ფაქტების აღქმას, რაც ამ შემოთავაზებული თამაშის ფორმას მოჰყვება - როგორ იცვლებიან ჩვენს წინაშე პერსონაჟები, როგორ ღალატობენ ერთმანეთს, როგორ აეხდება ფარდა მათ „სიყვარულს“ - ჩვენს თვალწინ „შიშვლდებიან“, აშკარავდება მათი ზნეობრივი მხარეები და ის ტყუილები, რომელ ტყუილებშიც ცხოვრებდნენ თვითონ და ამ ტყუილებში აცხოვრებდნენ საკუთარი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს.

სცენაზე რვა სკამი დგას, რვა პერსონაჟისთვის, ისინი დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრებია არიან. სამი წყვილი, ასევე პეპე და სოფი - როკო-ევას ქალიშვილი. როკო და ევა, ლეო და ელე დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან, ლუკა და ბიანკა ახალდაქორწინებულები, პეპეს საცოლე ჰყავს (ყოველ შემთხვევაში ასეა ცნობილი). სოფი ჩვიდმეტი წლისაა („სახიფათო ასაკის“ როგორც დედამისი ევა თვლის). ისინი ყველა ჩვენს წინ ავანსცენაზე გამოტანილ სკამებს იკავებენ - ყველა თითქმის ერთი ფერის სტაფილოსფერ, ფორთოხლისფერ სამოსში არიან გამოწყობილი (კოსტიუმების მხატვრები ნინო გოგიბერიძე, გოგლა გოგიბერიძე), სოფის (ქეთევან ბარამიძე) გარდა - მას შავები აცვია - იგი ამ „დაჯგუფების“ წევრია ჯერ არაა. რეჟისორი ხაზგასმით მიუთითებს ამ შვიდეულის ურთიერთმსგავსებას, თვით გარემოც კი, სადაც ისინი არსებობენ იმავე ფერისაა, გალიის მსგავსი რკინის გისოსებიც, სადაც დროდადრო არიან თავშეყრილი, აბაჟურები და თვით სამზარეულოს ინვენტარი (მხატვარი გოგლა გოგიბერიძე). მსახიობები ჩვენ წინაშე მუსიკის თანხლებით (ნინო ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, Jango, Anna Doi) „პოზიორობენ“, დარბაზს აკვირდებიან, იცვლიან პოზებს და გამომეტყველებას, გარშემო ფორთოხლებია მიმობნეული, აქ-იქ ღვინის ბოთლებიც მოჩანს, მათი ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტი. ჯერ-ჯერით ტოვებენ ავანსცენას და როკოსთან (ზაალ გოგულაძე) და ევასთან (მაია ცეცხლაძე) სტუმრად წასასვლელად ემზადებიან, პეპე (ტიტე კომახიძე) სავარჯიშოდ გადის, ლეო (დავით ჯაყელი) ტუალეტიდან ძლივს გამოდის, ელე (ანი ცეცხლაძე) სასწრაფოდ იცვლის ან იცვამს ქვედა საცვალს, ნერვიულობს, ხელიდან რამდენჯერმე ტირამისუ უვარდება. ქმარსა და ცოლს შორის გამუდმებით კამათი გრძელდება, დიდი ხანია მათ შორის „იდილია“ დაირღვა. ლუკა (მამუკა მანჯგალაძე) და ბიანკა (თათია თათარაშვილი) გამუდმებით თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებაში არიან ახლაც და მთელი სპექტაკლის განმავალობაში, რაც ძალიან მოქმედებს ევაზე, დროდადრო იგრძნობა რომ ლუკასა და ევას რაღაც სასიყვარულო ისტორია ჰქონდათ წარსულში.

ევა ფსიქოლოგია, როკო ექიმი ქირურგი, არაღიარებული სპეციალისტი ევას მამა სახელგანთქმული კოლეგა ექიმის მიერ, ლუკა ტაქსის კომპანიაში მუშაობს, პეპემ ახლახანს დაუკარგავს სამსახური და ახლის ძიებაშია, ლეო საჯარო მოხელეა, ბიანკა ყველაზე ახალგაზრდა ყველაზე ემოციურია, ამაყობს იმით რომ ბოლოს და ბოლოს ამ საზოგადოების წევრი გახდა. სტუმრებიც და მასპინძლებიც პეპეს საცოლის მოლოდინში არიან, იგი არავის უნახავს, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ, პეპე მარტო მოდის სტუმრად. იწყება საინტერესო და სახალისო საღამო, ჯერ მთვარის დაბნელებას აკვირდებიან, მერე სელფებს იღებენ, ბევრ ღვინოს მიირთმევენ, რაც თავისთავად მათ ქმედებაშიც აისახება, საუბრისას ერთმანეთის სხვადასხვა ინტიმურ მომენტებს მოურიდებლად ააშკარავებენ.

რეჟისორი და მსახიობები ჩვენს წინაშე წარმოგვიდგენენ ჯერ კიდევ შემორჩენილ იტალიურ, „ბურჟუაზიულ“, სნობურ საზოგადოებრივ ფენას, რომელთა ძირითადი აზროვნება ერთმანეთის წინაშე თამაშში გამოიხატება, ფენას, რომელსაც ზნეობრივი სიწმინდე არ აწუხებთ, ყოველდღიურ თვალთმაქცობაში გაქრა გულწრფელობა, სინდისი და ერთმანეთის პატივისცემა. სარგებლობს რა მობილური ტელეფონების შემაწუხებელი ზარებით და მესიჯებით, „შავი ყუთით“, სადაც მათ შესახებ ყველა ინფორმაცია ინახება ევა სთავაზობს სტუმრებს თამაშის წამოწყებას, როცა საჯაროდ წაკითხული იქნება, ყველა შეტყობინება, მეილი ან მოისმინება ყველა შემოსული ზარი განსახილველად. მავანთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლების დაჟინებული მოთხოვნით თამაში იწყება. მიუხედავად გარეგანი მხიარულებისა, სიტუაცია თანდათან იძაბება და ზედაპირზე ამოდის ბევრი რამ, რასაც ერთმანეთს უმალავდნენ: ირკვევა რომ ელეს დედამთილის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანას ცდილობს ქმრისგან უნებართვოდ, როკო ფსიქოლოგთან დადის ცოლთან შეუთანხმებლად ოჯახური პრობლემების გამო, ელეს ვირტუალური კავშირი აქვს სრულიად უცხო მამაკაცთან, ბიანკას ლუკა ღალატობს და მორიგ საყვარელს საჩუქრებს უგზავნის, პეპე გეია და მისი საცოლის არსებობა მოგონილია და აშ. და აშ.

თამაში თანდათან ემსგავსება „რუსულ რულეტკას“, სადაც არაა ცნობილი მორიგი ზარი ამ მესიჯი ტყვიასავით ვის მოხვდება. ამასობაში ისე მიირთვეს სადილი, დალიეს ბევრი ღვინო და დესერტიც დააგემოვნეს რომ აღარც ახსოვთ, რომ სადილად და მხოლოდ დროს გასატარებლად შეიკრიბნენ.

ყველა ოჯახურმა კავშირმა ფიასკო განიცადა. ბიანკა ბეჭედს უბრუნებს ლუკას, ევა სახლიდან გარბის, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ცხოვრებაში არაფერი იცვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არცერთ მათგანს ამის უნარი არ გააჩნიათ და მეორე არც აქვთ ამის სურვილი, რადგან ასე ტყუილებში ცხოვრებას არიან მიჩვეული. მიყენებული შეურაცხყოფები მომენტალური და დროებითია. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. იმ საზოგადოების ნგრევა კი, რომელსაც ჩვენი გმირები წარმოადგენენ სახეზეა.

 სპექტაკლში არა აქვს პრეტენზია დიდაქტიკასა და ასე ვთქვათ „ჭკუის სწავლებაზე“. მასში გაჯერებულია იუმორი და სარკაზმი, იმ მანკიერი თვისებების გამოკვეთა რითაცაა დაავადებული ეს საზოგადოება.

ამ სცენარის მიხედვით შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებში კინოფილმი იყოს თუნდაც თეატრალური წარმოდგენა რეჟისორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მსახიობთა თამაშს. ბათუმელების სპექტაკლიც ანსამბლურია, მასში ასევე ხაზგასმულია თითოეულ მათგანს ხასიათი, ინდივიდუალიზმი და როლებში დაკავებული მსახიობები შესანიშნავად ართმევენ თავს პერსონაჟთა გრძნობათა ბუნების გამოხატვას.

აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, ის რეჟისორი სვლები და ხერხები, რითაც დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი სარგებლობს ამ ამოცანის მისაღწევად. ავიღოთ თუნდაც წარმოდგენის დასაწყისი, როცა ავანსცენაზე საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ პერსონაჟები დარბაზში ბრუნდებიან - ევასა და როკოსთან მიდიან სტუმრად. მათი შემოსვლა ხმაურიანია, სადღაც საკარნავალო-ბალაგანურიც, ბუშტების გაბერვით, მაყურებელთა ჩართულობით ამ ზეიმში და ეს ცოცხალი, აქტიური რიტმი მთელი სპექტაკლის განმავლობაში შენარჩუნდება; ან სადილის სცენა, სადაც მრგვალი მაგიდა ბრუნავს. კინემატოგრაფიულად სტოპკადრებით, მუსიკის ჰანგებზე იცვლება სცენები და ახალი ზარის ან ახალი მესიჯის შემოსვლის შემდეგ იწყება ახალი მოვლენა, ახალი ისტორია, ახალი ამბავი ჩვენს პერსონაჟებზე; ან თუ გნებავთ ევას და როკოს საუბარი, რომელიც როკოს ცივი წყლის გადავლებით თავდება და ბოლოს ზუსტად ასევე გადაუხდის სამაგიეროს როკო მეუღლეს, წლით სავსე ყვავილების ვაზაში თავს რამდენიმეჯერ ჩააყოფინებს, როცა დარწმუნდება რომ ევას ახალი საყურეები ლუკას ნაჩუქარია. ან ელეს გამოაშკარავება, რომელსაც ჩვევად აქვს უტრუსიკოდ ყოფნა - ლეო მაგიდის თავზე ჩამოკიდებს და დიდი ვენტილატორის დახმარებით დემონსტრირებას უკეთებს ქცევის მის „უსირცხვილო“ მანერას.

და ბოლოს სოფი - ეს ახალგაზრდა გოგონა, დედის გამუდმებითი ყურადღების „მსხვერპლი“, შავ სამოსს გაიხდის და ისიც ასეთივე ფერის სტაფილოსფერ-ფორთოხლისფერი კაბით შეყვარებულთან იპარება. იმავე საზოგადოების წევრი ხდება, სადაც გაიზარდა, რომლის მიმართაც თავიდან პროტესტს გამოხატავდა.

მთვარის დაბნელება დასრულდა, ცაზე უშველებელი მთვარე ანათებს.

ფოტო: ნიკა ქორბუდიანი

bottom of page