top of page

ტაირონების სახლის „ბედნიერება“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

4CB948B2-E0DE-4A23-968A-27B609D8483C.png

გიორგი ყაჯრიშვილი

ტაირონების სახლის „ბედნიერება“

 

იუჯინ ო′ნილი ამერიკული დრამატურგიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შეიძლება ითქვას იმ ეპოქის სახეა, რომლის დროსაც მოღვაწეობდა. ხშირად მას ამერიკული ტრაგედიის ფუძემდებლად და „ახალი დრამის“ წარმომადგენლად მოიხსენიებენ, რაც მართლაც ახლოსაა სიმართლესთან. ოკეანის გაღმა დრამატურგებს (თუნდაც ტენესი უილიამსს) ის ახასიათებთ, რომ მათ პერსონაჟებში ხშირად ავტობიოგრაფიული ელემენტები სჭარბობს ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური დაავადებებით, ნარკომანით შეპყრობილნი, მოძალადეები არიან, ცუდი (შელახული) მემკვიდრეობა აქვთ, კონფლიქტობენ  მშობლებთან, და ძმასთან, იბრძვიან მემკვიდრეობისთვის ა.შ. ყველა მათგანი თავის პიესებში ცდილობს გადმოსცეს იმ ეპოქის საზოგადოების სახე, სადაც თვითონ ტრიალებდნენ, რომლის წევრებიც აღმოჩნდნენ და რომელიც ზიზღსა და სიძულვილს იწვევდა მათში.

 

იუჯინ ო′ნილი იშვიათი სტუმარი იყო ქართულ სცენაზე, თუ არ ჩავთვლით თემურ ჩხეიძის სპექტაკლს „სიყვარული თელებს ქვეშ“ რუსთაველის თეატრში (აქვე დავუმატებ, რომ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ჩალაძე მუშაობს ამ პიესაზე და სულ მალე მაყურებელი მასაც იხილავს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე). ხოლო „გრძელი დღის შემოღამება“ პირველად იდგმება საქართველოში (კინომოყვარულებს ალბათ ემახსოვრებათ ეს ფილმები კეტრინ ჰეპბერნით და ჯესიკა ლანგით მერი ტაირონის როლში).

 

დიმიტრი ტროიანოვსკი გამოცდილი რეჟისორი და სამსახიობო ხელოვანების ოსტატია. რამდენიმე წლის წინ იგი სტუმრობდა რეგიონული თეატრების ფესტივალს და ფოთში საკმაოდ საინტერესო მასტერ-კლასი ჩაუტარა ახალგაზრდა ქართველ მსახიობებს (მათ შორის ლუკა ჩიბუხაიას, რომელიც ამ სპექტაკლშია დაკავებული).

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თუმანიშვილის თეატრში მართლაც ამერიკული სპექტაკლი გამოვიდა, სადაც პიესის პერსონაჟები საკუთარი ნებით ერთად ჩაკეტილ სივრცეში მოექცევიან და ამ გარემოს ერთმანეთისთვის ჯოჯოხეთად აქცევენ (მახსენდება მოგვიანებით ჟან პოლ სარტრის მიერ დაწერილი „Huit clos“). ერთმანეთის დადანაშაულება, გამუდმებით ტყუილები, უნდობლობა, ურთიერთსიძულვილი (თუ სიყვარულის გამოვლენის ეს ფორმა) სუფევს ამ საზაფხულო სახლში და ჯეიმს ტაირონის (პაატა ბარათაშვილი) „სამაგიეროდ მთელი ოჯახი ერთად ვართ“ ისეთივე ტყუილია, როგორც ედმუნდ ტაირონის (ლუკა ჩიბუხაია) გამოჯანმრთელება.
ერთად ცხოვრების მიუხედავად მათ ვერ შექმნეს ოჯახი და არც სახლი მიაჩნია მერი ტაირონს (ნინელი ჭანკვეტაძე) სახლად. იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს ოთხი ადამიანი ერთმანეთის სატანჯველად მოევლინა ამ ქვეყანას. მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილებმა ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანეს. სრულ ჭეშმარიტებად ჟღერს მერის სიტყვები, რომ ისინი ვერასდროს შეიცვლებიან. რაც არ უნდა მოხდეს, რა ტრაგედიაც არ უნდა დატრიალდეს მერი - ნარკომანად, ჯეიმი - ლოთად და უსაქმურად, ედუარდი ჭლექიანად და ჯეიმსი გამოუსწორებელ წუწკად დარჩება - სახლის ბინადართ უკან რომ დასდევს ზედმეტად ანთებული ნატურის გამოსართავად.

 

მართლად ჯოჯოხეთად ქცეულ ამ ერთ დღეს - დილიდან დაღამებამდე, რომელსაც სპექტაკლის გმირები ჩვენს წინაშე გაითამაშებენ, ფინალი არ აქვს და ურთიერთ გვემას დასასრული არ უჩანს.

 

ზღვისპირა სახლს, სადაც ისინი ჩამოვიდნენ მართლაც სახლს ვერ დაარქმევ - ეს მხოლოდ კედლებია, თანაც შეუღებავი (მხატვარი ავთო მოდებაძე) და უფერული. მეორე სართულზე საძინებლებით, პირველზე სასადილო-სამზარეულო და ოთახი, სადაც ისინი იკრიბებიან: მაყურებლისკენ ზურგით შემობრუნებული სავარძელი, ორი სკამი კედლებთან, მაგიდა მასზე ღამის ფანრით, კარადა და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ბარი ბოთლებით - ალკოჰოლით სავსე, რომლებიც ატრიბუტი სულაც არაა - იგი მთავარი და წამყვანი ფაქტორია თითოეული მათგანის წეს-ჩვევებში. ედმუნდიც კი, ვისაც სასტიკად ეკრძალება ავადმყოფობის გამო ალკოჰოლის მიღება, პერიოდულად მაინც მიირთმევს „ორ ყლუპს, რომელიც არ აწყენს“.

 

კამათი და ჩხუბი მათ შორის ჩვეულებრივი ამბავია - რა თემაზეც არ უნდა ჩამოვარდეს საუბარი, იმაზე რომ ჯეიმსი ხვრინავს, ჯეიმი სასმელში და საროსკიპოში ფლანგავს ფულს, ყოველივე ერთმანეთთან ჩხუბით და შეურაცხყოფით სრულდება. საკამათო და გასარჩევი კი მრავალი საკითხია: დედა (ნინელი ჭანკვეტაძე)- ნარკომანი, მამა (პაატა ბარათაშვილი) მსახიობი, რომელმაც წარმატებულ კარიერაზე („შექსპირი იყო ჩემი კერპი“) უარი თქვა და კომერციულ პიესებში მონაწილეობდა, რაშიც სეზონში 45 ათასს უხდიდნენ. ფულის დაგროვებით შეპყრობილი ძუნწი და ყველა იმ უბედურების შემოქმედი რაც ტაირონებს თავს დაატყდათ. ამიტომაც ხდება იგი შვილებისა და მეუღლის თავდასხმის ობიექტი. წარსულში ჩადენილი დანაშაულებები დღევანდელ დღეზე აისახება და თუ ეს დღე, მართლაც ანგარიშსწორების დღეა ჯეიმსი სამართლიანად ისჯება. „ისჯება“ აქ გადამეტებული ნათქვამია, რადგან ჯეიმსი მაინცდამაინც არ გრძნობს თავს დამნაშავედ. ედმუნდთან საუბარში, თავის მონოლოგში თუ რა სიმწარე გამოიარა, როგორ გადაიქცა პერსპექტიული მსახიობისგან უბრალო ერთი როლის, მაგრამ კარგად ანაზღაურებად შემსრულებლად სინდისის ქენჯნას სრულიად არ განიცდის. არც ცოლის წინაშე მიჩნია თავი დამნაშავედ და სხვადასხვა სასტუმროებში მეუღლესთან ერთად წანწალს, დედის მიერ ძიძის ამარა შვილების მიტოვებას მხოლოდ იმით ამართლებს, რომ მერის უყვარდა იგი და მასთან ყოფნა სურდა. მატყუარა და თვალთმაქცი სიძუნწესთან ერთად ცდილობს მარტივი და იაფი გამოსავალი მონახოს ჯერ საკუთარი მეუღლის ნარკომანიით, ხოლო მოგვიანებით უმცროსი შვილის ედუარდის ტუბერკულოზისგან განსაკურნავად.

 

ადგილი, რასაც ჯეიმსი სახლს უწოდებს სრულიად მიუღებელია მერისთვის, რომელსაც ეზიზღება ეს სახლი, მაგრამ უყვარს შვილები და მეუღლე, გამეტებით იცავს ყოველ მათგანს მეორის შეურაცხყოფისგან: „მამაზე ასე ნუ ლაპარაკობ“, „არ გაბედო საკუთარ ძმაზე ასე საუბარი“ ასეთია მერის დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ მაშინ, როცა ნარკოლოგიური თრობას არ განიცდის, თუმცა ეს თრობა სამწუხაროდ მუდმივია: „ტკივილებს მიყუჩებს, სხვა სამყაროში გადავყავარ“ - ესაა ის რაც მას გამუდმებით სჭირდება. არა მხოლოდ საბედისწერო შემთხვევა მიიყვანა იგი ნარკოდამოკიდებულებამდე, პატარა შვილის იუჯინის ადრეულმა სიკვდილმა, არეულმა ცხოვრებამ და სასტუმროს ოთახებში ქმრის გარეშე გამუდმებით მარტო ყოფნამ აქცია იგი ასეთად. ახლა კი ძალა აღარ ჰყოფნის თავის გადასარჩენად. გადაჭარბებული ნარკოტიკის მოხმარებით თითქმის ამ ქვეყანაზე აღარაა, ცხოვრობს წარსულის მოგონებებით, ადრეული სურვილების - მონაზვნად აღკვეცის, პიანისტად გახდომის წარუმატებელი მცდელობების გახსენებით.

 

პიესის ავტორი პერსონაჟთა ხასიათების გახსნის მიზნით დიდი გრძელი მონოლოგებით ავსებს დრამატულ ტექსტს. ჯერ მერის, შემდგომ ჯეიმსის და ედმუნდის, ბოლოს ჯეიმის (ბექა ჯუმუტია), ყველა მათგანში გადმოცემულია გმირთა სულისკვეთება იცხოვროს ბედნიერად, თუმცა საკუთარმა არასწორმა ქცევებმა მერის ჯეიმსის მიმართ უსაზღვრო სიყვარულმა, ჯეიმსის სიძუნწემ, ჯეიმის ცინიზმი და თავაშვებულობამ, ედუარდის გულუბრყვილობამ და რომანტიკულმა ხასიათმა არ მისცა საშუალება რომ მართლა ბედნიერად ეგრძნოთ თავი. მათი ეს შეკრება თითქოს იმ დანაშაულებათა გვირგვინია, რომლების ერთმანეთის მიმართ აქვთ ჩადენილი: „ცხოვრება ნელ-ნელა გვცვლის! სანამ გონს მოვეგებით სულ სხვა ადამიანად ვიქცევით...“ ამბობს მერი. თუ დანაშაულებათა მთელი ჯაჭვი ჯეიმს ტაირონს უკავშირდება, მისი მეუღლე მერი მსხვერპლია, რომელიც უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მას შველა აღარ უწერია. „ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი“ - როგორც თვითონ თავის მონოლოგში ჰყვება სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მერი - ნინელი ჭანკვეტაძე ხშირად და მწარედ იხსენებს თავის წარსულს, შვილის სიკვდილს, საკუთარ ავადმყოფობას, სასტუმროს ნომრებში გატარებულ ცხოვრებას, საგასტროლო ხეტიალს, სინდისის ქენჯნას, რომ შვილების აღზრდაში ვერ მიიღო მონაწილეობა და წამალზე დამოკიდებული გახდა, მაინც უზომოდ შეყვარებულია მეუღლეში, რომელიც ასეთ სიყვარულსა და ერთგულებას არც კი იმსახურებს. ჯეიმსის „სილამაზე“ ერთგვარ მახედ იქცა მისთვის. მუდმივად წამლის ზემოქმედების ბურანში, ზღვის სანაპიროზე ჩამოწოლილი ნისლიც კი მისი საოცნებოა, რომელიც შემოეხვევა, წარსულსა და განცდილ ტკივილებს დაავიწყებს. მის მიერ უმცროსი, ავადმყოფი შვილის მიმართ სიყვარულს გამოვლინებაც ტრაფარეტულია, ექსტაზური, ზედმეტი ემოციით გამოხატული, ნარკოტიკთან შეზავებული და ხშირად ვერც ხვდები ეს ყოველივე ზედმეტი დოზის მოქმედების შედეგი ხომ არაა, რისთვისაც ილტვის. მერი ცდილობს იყოს მკაცრი შვილების მიმართ, მაგრამ შვილები დიდი ხანია ნაკლებად უჯერებენ მას.

 

ძალიან ემოციური და გამომსახველია მერი - ნინელი ჭანკვეტაძის სცენა, როდესაც იგი სულ მარტო რჩება. ნარკოტიკული თრობა აპოგეას აღწევს, მისი სხეული გონებისგან დამოუკიდებლად რაღაც მოძრაობებს აკეთებს, კედლებს ეხეთქება, ეს ერთგვარი ცეკვაცაა (ქორეოგრაფი თიკო ქოიავა), სასოწარკვეთილი და თავგანწირული კონვულსიებით, მუსიკის ჰანგებს აყოლილი უკვე ვერც ხვდება სადაა და რას სჩადის.

ამ სახლში, ტყუილების, დაფარული სიმართლეს და ჭეშმარიტების, ბოლომდე ართქმის გარემო სუფევს და მხოლოდ უკიდურეს მომენტში თუ ისმის სცენიდან პერსონაჟთა „აღსარება“: ჯეიმსი - ედუარს უყვება და პირიქით, ედუარდი - დედას, ჯეიმი - ედუარდს.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ო′ნილის ტექსტმა საკმაო რედაქტირება გაიარა (მანანა ანთაძე), იმ თარგმანიდან რომელიც გოდერძი რუაძემ შეასრულა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მონოლოგები ძალიან გრძელია და თავისთავად აგდებს სპექტაკლის მიმდინარეობის რიტმს.

 

ჯეიმი (ბექა ჯუმუტია) თავგასული, ალკოჰოლზე დამოკიდებული 35 წლის ახალგაზრდაა, რომელიც მთავარია დედის წინააღმდეგ „ბრძოლაში“. ცინიკური, სამსახიობო კარიერაში ხელმოცარული, საკუთარი უღიმღამო ცხოვრების გადაფარვის მიზნით, ამოცანად დაისახავს სააშკარაოზე გამოიტანოს დედის „ცოდვები“, გამუდმებით უთვალთვალებს მას და უმცროს ძმასაც აიძულებს ასევე მოიქცეს. მუდმივი კამათი მამასთან მისი სიძუნწეზე, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებაზე მერისა და ედმუნდის მიმართ ერთი მხრივ მას მზრუნველ, ყურადღებიან პიროვნებად სახავს, თუმცა მეორე მხრივ, განსაკუთრებით კი ნასვამ მდგომარეობაში ედმუნდს საკუთარ შავბნელ ზრახვებს გაუმხელს, თუ როგორ ცდილობდა უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა უმცროს ძმაზე, რათა მასზე უკეთესი გამოჩენილიყო და როგორი შორს მიმავალი გეგმები აწუხებს ძმის სიკვდილის მერე მემკვიდრეობის მისაღებად. ბექა ჯუმუტიას ახერხებს ყოველივე ამის გადმოცემას და ჩვენს წინაშეა ტიპური თვალთმაქცი, რომელიც ყოველივე ამის შემდეგ არხეინად გადმოიღებს გიტარას და საყვარელ სიმღერას დაამღერებს.

 

უმცროსი ძმაც აჰყვება ამ სიმღერას, კეთილი ბუნების ადამიანი ადვილად პატიობს ყველას შეცდომებს და ჩადენილ ცოდვებს.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ედმუნდის როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ჩიბუხაია. დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რეჟისორი გიორგი კაშია), თუნჯერ ჯუჯენოღლუ „ზვავი“ (რეჟისორი რუსუდან ბოლქვაძე), ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე) ეს იმ სპექტაკლების ჩამონათვალია, სადაც იგი თამაშობდა. რაც შეეხება ახალ როლს, ეს მისთვის ურთულესი როლია, რომელსაც ჩემი აზრით წარმატებით გაართვა თავი.

მისი ედმუნდი მშობლებისგან დამოუკიდებელი ახალგაზრდაა, რომელიც აქ სტუმრობს მხოლოდ უკურნებელი სენისგან გამოჯანმრთელების მიზნით (გავიხსენოთ რომ ამბავი მეოცე საუკუნის დასაწყისში ხდება, როცა ტუბერკულოზი განუკურნავი იყო). მან რამდენიმეჯერ სცადა ბედი ჟურნალისტიკაში, შემდგომ მეზღვაურობაში, ლექსებსაც სწერდა და საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა, თუმცა ახლა ისიც და მისი ძმა ჯეიმიც ჯიბეგაფხეკილები მამის ხარჯზე ცხოვრობენ. ყურადღებიანი და მოსიყვარულე დედის მიმართ, ისიც ძალიან კრიტიკულია მამამისის საქციელების გამო და არც ერიდება თავისი დამოკიდებულება გაუმხილოს მასთან პირდაპირ საუბარში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამის სიძუნწე მასზეც აისახება, (იაფფასიან სამკურნალო დაწესებულებაში მის გადაყვანის გამო), არამედ მერის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო. მამასა და შვილის ამ კამათში იკვეთება არა მხოლოდ ის მიზეზები, რამაც ჯეიმსი ასეთად აქცია, არამედ ედმუნდის დამოკიდებულება სამყაროს, საკუთარი ცხოვრების, თავის განვლილი გზის მიმართ. საკმაოდ ძლიერია სცენა ძმებს შორის, როდესაც ჯეიმი საროსკიპოდან ბრუნდება. ედმუნდი კეთილია, უმტკივნეულოდ აღიქვამს იმ სიმართლეს, რასაც უფროსი ძმა გაუმხელს მის აღზრდასა და მისი სიკვდილის შემდეგ მამის ქონების დაუფლებაზე. ედუმუნდი - ლუკა ჩიბუხაია ისე ატარებს ამ სცენას, როგორც ღირსეული პიროვნება, რომელსაც ნაკლებად აწუხებს ის რაც მისი სიკვდილის შემდეგ შეიძლება მოხდეს, მხოლოდ საკუთარი დედის გადარჩენაზე ფიქრობს. „შენ დიდებული ადამიანი ხარ“ - ბოლოს მაინც ასე ასრულებს თავის მონოლოგს ჯეიმი.

 

დიმიტრი ტროანოვსკი გამოცდილი რეჟისორი და პედაგოგია. მას დადგმული აქვს ანტონ ჩეხოვის, ევრიპიდეს, ეჟენ იონესკოს, სარა კეინის, თანამედროვე ამერიკელი დრამატურგების პიესები. მისი ო′ნილთან შეხვედრა ასევე პირველია, როგორ თუმანიშვილის თეატრის მსახიობებისთვის.

 

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სპექტაკლი გამოვიდა ამერიკული თეატრის სტილსა და მანერაში. გრძელი დიალოგები, მდორე რიტმი, მოჩვენებითი სიმშვიდე, თუმცა სცენაზე დიდი ვნებები ტრიალებს. რეჟისორმა ოსტატურად გამოიყენა ქართული თეატრალური სკოლის მსახიობთა ტემპერამენტი, პლასტიკურობა და მათი ღრმა გრძნობათა ბუნება, რამაც განაპირობა დრამატურგ ო′ნილის პიესის ამგვარი აღსრულება, წარმოდგენა, რომელმაც გულგრილი ვერ დატოვა ქართველი მაყურებელი და უკანასკნელ ფრაზამდე თანაუგრძნობდა პერსონაჟებს, თუმცა გასაგებია, მრავალი რამ მათი ქმედებიდან მათთვის სრულიად მიუღებელი დარჩა.

სპექტაკლში რეჟისორმა რამდენიმეჯერ გამოიყენა უსიტყვო სცენა, როდესაც პერსონაჟები მხოლოდ დადიან, ერთმანეთს აკვირდებიან, თითქოს შორიდან აფასებენ ურთიერთ, ან შესაძლებელია ეს მერის ჰალუცინაციური ზმანებაც კი იყოს. ასევე საინტერესოდაა ჩაფიქრებული მერისა და ჯეიმსის ამ დღის დასასრულს, ძილის წინ დამშვიდობების სცენა - მერი წინ ზის, მის ზურგს უკან ჯეიმსია. მერი წამოიწევს ასადგომად, მაგრამ უმალ სკამზე დაეშვება. ჯეიმსი დგება, თითქოს სურს მერის ხელი შეაშველოს, მაგრამ ისიც ჯდება. მერი კვლავ წამოდგება ფიქრობს ავიდეს მაღლა თუ არა, მაგრამ ისევ სკამზე დაჯდება. ახლა ჯეიმსი წამოდგება, ვერ ხვდება მერი რატომ არ მიდის  საძინებელში. ბოლოს მერი - ნინელი ჭანკვეტაძე მიიღებს გადაწყვეტილებას და თავისი საქორწინო კაბის საძებნელად ადის სახლის სხვენში.

 

უკან, ზემოდან ქვევით ჩამოსული, ხელში ვითომ საქორწინო კაბით, სრულიად გონდაკარგული, სასოწარკვეთილი იმ „რაღაცის, მთავარის ძებნაშია“ - ალბათ საკუთარი თავის, რომელიც დიდი ხანია დაკარგა. და წარმოთქვამს იმ საბედისწერო ფრაზას, რაც ამ პიესის ერთ-ერთი მთავარი აზრია: გამახსენდა... ჯეიმს ტაირონი შემიყვარდა და ერთხანს ბედნიერი ვიყავი...“

bottom of page