top of page

სხვა „სამი და”

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_4762.JPG

სხვა „სამი და”

 

ანასტასია ჩერნეცოვა

 

ჩემსავით ძალიან ბევრი თეატრალი ფიქრობდა, რომ თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“ ნახავს ახალი დრამის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ანტონ ჩეხოვის „სამი დის“ სცენურ ვერსიას, მაგრამ  საბოლოო ჯამში  თანამედროვე ქართველი დრამატურგის, მარიამ მეღვინეთუხუცესის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა  (რეჟისორი - სანდრო კალანდაძე).

გამიჩნდა   კითხვა- „ჩეხოვს რა  დაუწუნეს?”,  მაგრამ  წარმოდგენის ნახვისას, მივხვდი, რომ დრამატურგმა, რეჟისორმა და საერთოდ, შემოქმედებითმა ჯგუფმა საინტერესო და თამამი გადაწყვეტილებები მიიღეს. მოქმედება მიმდინარეობს დღევანდელ საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი  პრობლემებით. მსგავს ხერხს არაერთი ქართველი რეჟისორი მიმართავს, ამის  ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია   თავისუფალ თეატრში დადგმული ავთანდილ ვარსიმაშვილის „მექანიკური ფორთოხალი“, სადაც ასახულია არა  მომავლის ინგლისური საზოგადოება, როგორც  ენტონი ბერჯესთანაა, არამედ 90-იანი წლების საქართველო. 

 

სანდრო კალანდაძის სპექტაკლში წარმოჩენილია საზოგადოებაში არსებული  სხვადასხვა სახის  პრობლემა, მათგან, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია  უთქმელობა და ეგოიზმი.  სამ,  ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ, დას -  უფროს მაიას (ნატალია გაბისონია), შუათანა მარგოს ( ანანო მახარაძე )  და უმცროს მარიამს (ანასტასია ჭანტურაია)  აკლიათ ერთიანობა, რაც ოჯახებში საკამაოდ ხშირი მოვლენაა. პირველი ცხოვრობს უკეთესს მომავალზე ფიქრით, ყველანაირად ცდილობს წარსულის მოშორებას საკუთარი ცხოვრებიდან - თუნდაც მშობლების სახლის. მეორე წარსულით, მოგონებებითა და ილუზიებით  სუნთქავს, ცდილობს მშობლიური სახლის შენარჩუნებას. ხოლო მესამე,  ყველაზე ძლიერია, ნებისმიერ პრობლემას უძლებს, მისთვის პრიორიტეტულია ოჯახის და არა საკუთარი თავის კეთილდღეობა, რაც ერთგვარ იმედს აჩენს იმისა, რომ  ყველაფერი შეიძლება უკეთესობისაკენ შეიცვალოს. ეგოიზმის გარდა, ბზარი ოჯახსა და საზოგადოებში, სწორედ უთქმელობით ჩნდება, აუცილებელია რომ  ადამიანებმა ერთმანეთს უთხრან ის, თუ რა აწუხებთ, რა სტკივათ, სწორედ მოცემულ პრობლემაზე საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი  თომა - „ჩვენ თავებს ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ? ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება. ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით…“.

მსახიობი ანასტასია ჭანტურაია კარგად წარმოაჩენს სერიოზულ, სევდიან, მზრუნველ და ერთგულ უმცროს დას - მარიამს.  იგი ძლიერი, თავშეკავებული ახალგაზრდაა, რომელიც არ გაურბის პრობლემებს და დამოუკიდებლად უმკლავდება მათ. ყოველივე,  როგორც მის მოქმედებაში, ასევე შემდეგ სიტყვებში ჩანს: „… არავინ არ მჭირდება და არავის იმედად არ უნდა  ვიყო, სრულებით თვითკმარი ვარ  სრულებით… და ყველანი ეგრე უნდა ვიყოთ…“ მაყურებელსა და მკითხველში  ყველაზე დიდ სიმპათიას სწორედ მარიამი იწვევს თავისი ცხოვრებისეული  მიდგომით, საღი აზროვნებითა და მომავლისადმი რწმენით.

 

შუათანა   დის,  ახალგაზრდა პოეტის, მარგოს  შემსრულებელი ანანო მახარაძეა. მარგო ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ცხოვრობს წარსულითა და ილუზიებით,  ყველაზე მეტად სწორედ მას უჭირს საკუთარი თავის ხელში აყვანა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. თავად ამბობს - „რა ბედნიერი ხარ, ნეტავ არ მახსოვდეს წარსული“.  მსახიობი შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს პერსონაჟის თავქარიანობას, ბოჰემურობას, სევდას, აგრესიას,  ირონიულობასა და შეშლილობას, ემოციურ მომენტებშიც კი ძალზე ბუნებრივია.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელზე სწორედ მისი სამსახიობო შესრულება ახდენს ყველაზე დიდ ემოციურ გავლენას.

 

ნატალია გაბისონია ასრულებს უფროსი დის, მაიას როლს. მის პერსონაჟზე გადაჭრით ვერ ისაუბრებ: ერთი მხრივ, იგი გეცოდება, რადგან გათხოვილია მამაკაცზე, რომელიც არ უყვარს  და საზღვარგარეთ „ვირივით მუშაობს“ - როგორც თავად ამბობს. მეორე მხრივ, იგი კარგი მანიპულატორი და ეგოისტია, რაც ბაჩოსთან (გიორგი შარვაშიძე) ურთიერთობასა და სახლის გაყიდვის ამბავში ვლინდება. მსახიობი კარგად გადმოსცემს თავისი პერსონაჟის სხვადასხვა, განსაკუთრებით კი, მანკიერ  მხარეს. მაიამ გამახსენა  ანტონ ჩეხოვის „სამი დის“ მაშა, რომელიც  იძულებით არასასურველ მამაკაცთან ცხოვრობს, ძირითადად შავ სამოსს ატარებს  და რომანს აბამს სხვა მამაკაცთან, რომელიც  მაიასგან განსხვავებით მას ნამდვილად შეუყვარდა.

 

როგორც პიესაში, ისე სპექტაკლში  ცენტრალურ  ფიგურებს  დები წარმოადგენენ,  ხოლო მამაკაცი პერსონაჟები მეორე პლანზე არიან, პოტენციალისა და ნიჭის მიუხედავად მსახიობები მაინც  ერთგვარად ჩრდილში რჩებიან.

გიორგი შარვაშიძე 39 წლის, მარტოხელა მამაკაცის როლს ასრულებს, რომელიც „25 წლის ბავშვებში იმკვიდრებს თავს“, საუბრის მანერით, მიხვრა - მოხვრებით  სპექტაკლის დასაწყისიდანვე ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მასში „დემონები“ არიან ჩასახლებულნი. მსახიობი მომენტებში მახსენებდა თავის პერსონაჟ - სოსოს  სერიალიდან „სეანსი“. ძალადობის სცენაში მან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აჩვენა უტიფარი კაცის სახე.

 ბიჭიკო  ჭეიშვილი  მარიამის შეყვარებულის, თომას როლს ასრულებს,  მას სპექტაკლში არ  ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნების შესაძლებლობა, ამისდა მიუხედავად მსახიობმა შეძლო   სიმართლის მოყვარული, პირდაპირი ახალგაზრდა მამაკაცის წარმოჩენა.

 

გიორგი რაზმაძის  შესრულების მანერა ბუნებრიობით გამოირჩევა. იგი განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს თავის არტისტიზმს სცენაში, სადაც „აცოცხლებს“ ბავშვობის მოგონებას.

 

სპექტაკლსა და პიესაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა წამოჭრილი - სტერეოტიპული დამოკიდებულება ემიგრაციაზე.  ბაჩოს (გიორგი შარვაშიძე), როგორც ზოგადად ბევრ ქართველს  ჰგონია, რომ საზღვარგარეთ წასულები ნებივრობენ, უცხო ქვეყანაში რჩებიან იმის გამო, რომ  იქ ცხოვრება ბევრად მარტივია, ვიდრე საქართველოში. რეალობა კი სხვაგვარია, ხალხი იძულებულია იმუშაოს ევროპაში, როგორც, მაგალითად „სამი დის“ ერთ-ერთი პერსონაჟი   მაია (ნატალია გაბისონია), რათა არჩინოს საკუთარი ოჯახი. 

 

დადგმა ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ძალადობას. გიორგი შარვაშიძის პერსონაჟი როდესაც იგებს, რომ მაიამ იგი გამოიყენა, როგორც სათამაშო, იწყებს მასზე ფიზიკურ ზეწოლას და ამბობს  შემდეგ სიტყვებს : „… შენი ქმარი შეიძლება  ცუციკი ჩმორია, აქ არაფერი შეგეშალოს, გაიგე?“.  მაიას საქციელი მისაბაძი რომ არ არის ცხადზე ცხადია, მაგრამ  ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ კაცების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ღირსების დასაცავად  არა ცივილურ საქციელს, არამედ  ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ  ძალადობას მიმართავს.

 

„სამი დის“ შესახებ რეცენზიებსა და  ვიდეო ბლოგში საუბარი იყო იმაზე, რომ სპექტაკლში არის ნატურალისტური თეატრის ნიშნები, რაზეც მეც მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველ რიგში, ნატურალიზმი ვლინდება იმაში, რომ სამსახიობო შესრულებაში  პათეტიკის  ნატამალიც არაა. დეკორაცია  რეალურ პირობებს  ასახავს, სცენაზე ძირითადად ძველებური ავეჯი და რეკვიზიტია, რაც თბილისური სახლის ასოციაციას იწვევს.  პერსონაჟთა კოსტიუმებიც დღევანდელობისთვის დამახასიათებელია, ამასთანავე, მათი საუბარი გაჟღენთილია ჟარგონებით და არა ლიტერატურული ენით.

 

მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესა და სანდრო კალანდაძის  სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის რამდენიმე პიესას მახსენებს. პირველ რიგში „სამ დას“ - სახელწოდებით, წარსულის განდიდებით და რამდენიმე პერსონაჟთან ხასიათის მსგავსებით, „თოლიას“ ეგოიზმის თემით,  ხოლო „ალუბლის ბაღს“ უძრავი ქონების გაყიდვის პრობლემით.

 

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ   სანდრო კალანდაძის „სამი და“ არის სპექტაკლი, რომელიც  სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შეხედულების  მაყურებელს დააინტერესებს თავისი  მრავალფეროვანი თემატიკით.

ფოტო: ჯამბაკურ ბაქრაძე

bottom of page