top of page

სხეულთა ბიოგრაფიები კაფკას „მეტამორფოზადან“ რეალურ და გაყინულ ლტოლვილებამდე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

39BFD0D4-785A-4FB5-AC47-002CADCEC948.png

დავით ბუხრიკიძე

სხეულთა ბიოგრაფიები კაფკას „მეტამორფოზადან“ რეალურ და გაყინულ ლტოლვილებამდე

 

 

მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალმა თბილისში, თანამედროვე სამყაროს განცდები და ტრავმები დაგვანახა.

 

პოლიტიკური მოვლენების სრული სიშლეგის ფონზე, ბევრი რამ, რაც კულტურის მნიშვნელოვან ამბებს უკავშირდება, უბრალოდ ჩვენს თვალწინ უჩინარება, ან საერთოდ გვავიწყდება. ერთი-ერთი ასეთია მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს ივნისის ბოლოს უკვე მეხუთედ გაიმართა და რომლის ისტორია ჯერ კიდევ პანდემიის დროიდან, 2021 წლიდან იწყება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი ფესტივალი ამიერკავკასიაში, რომელიც აერთიანებს და მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას - მოძრაობის, ფიზიკურ და ცეკვის თეატრებს. ფესტივალის დირექტორისა და ერთ-ერთი დამაარსებლის, ლევან ხეთაგურის თქმით, წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო მონაწილეების სრულიად ახალი გეოგრაფიით, უახლესი ქართული თუ უცხოური სპექტაკლებით, ვორქშოპებით და მრგვალი მაგიდის სადისკუსიო ფორმატით.

 

საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ იაპონელი მოცეკვავე და მსახიობი ჩიკა ოჯი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ქართულ კულტურასთან; ჰუბეის პროვინციის (ჩინეთი) მოცეკვავეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჟანგ სინრუ და ცნობილი ინდოელი მოცეკვავე, აპეკშა ნირანჯანი.

 

ფესტივალის ძირითადი ეპიცენტრი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოძრაობის თეატრი იყო, სადაც ოთხი დღის განმავლობაში მაყურეველს 12 პერფორმანსის ნახვა შეეძლო.

მაგალითად, წარმოდგენა სახელწოდებით „ანუბჰავა: გამოცდილება“ ინდური კულტურის სიმბოლოებს, ექსპრესიულ ჟესტებს, ფეხისა და ხელის მოძრაობების ურთულეს კომბინაციებს ეყრდნობა, რომელშიც კლასიკური ინდური მუსიკა და ღვთისმსახურების ელემენტები ერთმანეთშია შერწყმული.

 

ირანული წარმოშობისა და საფრანგეთში მცხოვრები მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და რეჟისორის, მეჰდი ფარაჯპურის პერფორმასი KA-F-KA („კა-ფ-კა“), ერთდროულად მოცეკვავის ავტობიორაფიული სხეულებრივი დრამატიზმისა და კაფას ცნობილი ნოველის, „მეტამორფოზის“ მეტაფიზიკის გაერთიანების მცდელობაა. თითქმის შიშველი მოცეკვავის „სხვად“ გადაქცევის ფიზიკურ ტკივილსა და სხეულის მეტამორფოზას მთელი პერფორმანსის განმავლობაში თანადათან იგრძნობთ. ისევე როგორც,  ელექტრონული მუსიკისა თუ განათების დრამატურგიის მახვილგონივრულ შერწყმას, რომლის წყალობითაც კაფკას მრავლჯერ სცენაზე ინტერპრეტირებული ნოველა სრულიად ახალ განზომილებას იძენს.

 

სრულიად გამორჩეულია რეჟისორ კოტე ლიპარტელიანის ქორეოგრაფიითა და სცენოგრაფიით, ასევე, კოკა ესაიაშვილის დოკუმენტური მასალით შექმნილი უჩვეულო პერფორმანსი სახელწოდებით „277, 403“. ეს არის აფხაზეთიდან დევნილების რაოდენობა, რომელთა ნაწილმა 1993 წელს, სექტემბრის ბოლოს შემდეგ თავად გაიარა გზა ჭუბერის უღელტეხილზე (რომელსაც ხშირად „გოლგოთის გზას“ უწოდებენ).

 

ეკრანზე მაყურებელი ხედავს ინტერვიუს ჯაბა ჯანაშიასთან, რომელიც რომელიც დაწვრილებით ყვება როგორ გაიარა ლამის ჯოჯოხეთად ქცეული ჭუბერის უღელტეხილის გზა. ამის პარალელურად, ლაივ-რეჟიმში მაყურებელი ეკრანზე ხედავს არტისტების მსვლელობას და შემოსვლას თეატრში. ამდენად, დოკუმენტური მასალა ეკრანიდან თითქოს პირდაპირ დარბაზში, სხეულების ენითა და დრამატიზმით ცოცხლდება.

 

უზარმაზარი, წითელი ფერის პოლიეთილენის ხალიჩა, რომლებიც მსახიობებს დარბაზში შემოაქვთ, ჯერ მონიშნული მოქმედებისა და მოძრაობის არეალად, ხოლო ფინალში ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. მძლავრი და ემოციური ზემოქმედების გარდა, კოტე ლიპარტელიანის პერფორმანსი დოკუმენტური მასალისა და მოძრაობის თეატრის მიხედვით შექმნილი გაბედული მოქალაქეობრივი და ;პოლიტიკური არტ-განაცხადია.

 

სამწუხაროდ, ირანში დაწყებული საომარი მოქმედების გამო ფესტივალზე ვერ ვიხილეთ ორი ირანული ქორეოგრაფიული წარმოდგენა - „მაკბეტი“ (რეჟისორი იუნეს ვალიპური, თეატრი „ნამარეი“) და „ანტიგონე“ (რეჟისორი და მსახიობი მაჰდი სალეჰიარი, თეატრი „ოინარ“).

 

ფესტივალის ყველაზე ხანმოკლე (დაახლოებით 15 წუთი), თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ტექნიკური და ემოციური არსენალით აღბეჭდილი სოლო პერფორმანსი „მერკური“, ახალგაზრდა პოლონელმა მოცეკვავემ, სებასტიან ვიერტელაკმა შემოგვთავაზა. ეს იყო უფრო თანამედროვე ცეკვის ტექნიკის ცოდნით და მსუბუქი ირონიული ენით მოთხრობილი ეგზერსისი.

 

ფიზიკური თეატრის ერთგვარ ექსტრემალურ განზომილებაში გადაიყვანა მაყურებელი ირანულ-შვეიცარიულმა ჯგუფმა, რომლის სახელწოდებაა „სხეულის ჯადოქრობა“. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში მოძრაობის თეატრის იატაკი თუ სივრცე სამმა პერსონაჟმა შეიძლება ითქვას, რომ სრული დატვირთვით აითვისა. წარმოდგენა „რეკვიემი როიანისთვის“ იარანული წარმოშობისა და შვეიცარიაში მცხოვრებმა რეჟისორმა, მსახიობმა და დრამატურგმა, ჰადი მოჰამადხანმა დადგა.

 

იატაკზე დაყრილი ქვიშა, შავი პოლიეთილენისგან შექმნილი ერთ-ერთი პერსონაჟის გიგანტური კოსტიუმი და წყლით სავსე აბაზანა, რომელშიც მას მოგვიანებით თავიდან ბოლომდე საპნის ქაფში განბანენ, გარკვეულ ვიზუალურ და სცენოგრაფიულ ექსტრემიზმს გულისმობს. კონცეფტუალურად რეჟისორის ეს ძიება „შთაგონებულია აბრეშუმის ჭიების პეპლებად ქცევის პროცესით“.

 

მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე, დამოუკიდებელმა თეატრალურმა ჯგუფმა, სახელწოდებით „ანარეკლი“ ერთსაათიანი ქორეოდრამა „ასულნი“ წარმოადგინა. რეჟისორი - გიგი ლორია, ქორეოგრაფი - სალომე ფილიშვილი, მხატვარი და სცენოგრაფი - ანანო დოლიძე, კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე. პოლიკარპე კაკაბაძის თავის დროზე ავანგარდული პიესით, „სამი ასულით“ ინსპირირებული ქორეოდრამა, 21-ე საუკუნეში რეჟისორს უამრავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ქორეოგრაფს ფანტაზიის ასევე უსაზღვრო არეალს უტოვებს.

 

იგავური ფორმისა და სცენოგრაფული მეტაფორის ფონზე, „ასულნის“ უმთავრესი აქცენტი მაინც თანამედროვე ცეკვაა, რომელიც ფიზიკური თეატრის ქმედით ელემენტებსაც ითავსებს. მიტოვებული და მარტოსული ქალების თემა, რომელთა შიშნარევი წუხილი თუ ეგზიტენციური მღელვარება მათი სხეულების გამომსახველობის პირდაპირპროპორციულია,  ერთგვარად ივსება სახარებისეული იგავითაც: ფანჯარასთან მდგომი ქალწულები მთელი ღამე ქრისტეს გამოჩენას ელოდებიან, მაგრამ ჩაეძინებათ და მათ კარზე მაცხოვარის კაკუნს ვერ გაიგებენ...

 

 

საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპექტაკლი - „ფაუსტი“ მოძრაობის თეატრმა წარმოადგინა: რეჟისორი და მხატვარი - კახა ბაკურაძე, ქორეოგრაფია - ლაშა რობაქიძე, კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე. ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა 50 წუთიანი ქორეოგრაფიულ ვერსიაში თეატრმა გარკვეული პასუხები გასცეს გოეთეს პოემიაში წამოჭრილ უთვალავ ფილოსოფიურ შეკითხვას.

 

მეფისტოფელისა და ფაუსტის ჭიდილი (მიხეილ ზაქაიძე და ლაშა რობაქიძე) ფიზიკური თეატრის, პანტომიმის, ბუტოსა და საჰაერო აკრობატიის ელემენტების სანახაობასთან ერთად, მაყურებელს გარკვეული ექშენის განცდას უქმნის. თუმცა, უკეთესი იქნება თუ მოძრაობის თეატრი, განვითარების შემდგომი პერსპექტივის გათვალისწინებით, მაინც გათავისუფლდება რელიქტურად შემორჩენილი პანტომიმის ჟანრისგან.

 

თანამედროვე ცეკვის ელემენტების, პოეტურ-პუბლიცისტური თხრობის, ცოცხალი მუსიკის (ელექტრონული გიტარა და დაიარა) და დოკუმენტური ვიდეოარტის საინტერესო სინთეზი შექმენს „მოძრაობის თეატრის“ სცენაზე  სომეხმა არტისტებმა. პერფორმანსი სახელწოდებით „კედელი“, ცხოვრებისული განცდებისგან შეკრებილი ხმაურების, ტექსტებისა და დრამატიზმით გაჯერებული სხეულების მოძრაობათა შეკრების მცდელობაა; ასე ვთქვათ, ისტორიის კედლებისგან ჩამოცვენილი ქვების შეგროვების ჩვენების მცდელობაც.

ეს ერთგვარ თერაპიას, ან თავდახსნის მცდელობას ჰგავდა, რაც კარგად იგრძნობა სომხეთში ახლახან გადატანილი ომის განწყობითა და დანაკარგების ტკივილის გააზრებითაც.

 

იტალიელმა მოცეკვავემ, ავტორმა და შემსრულებელმა, დავიდე ვალროსომ მაყურებელს 25 წუთიანიანი, სრულიად უჩვეულო სოლო-პერფორმანსი, „ვინ არის იოსები?“ უჩვენა. სპორტული აღნაგობის, მოკლე შარვალსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი მოცეკავავე, „ადიდასის“ მაისურითა და შავი კეპით, უფრო საკლუბო საღამოდან სცენაზე შემთხვევით შემოსულსა და შემორბენლს ჰგავდა.

 

მისი მასკულინური იმიჯი, მკვეთრი, მინიმალისტური და ზუსტი მოძრაობები (რომელიც თან სიძლიერითაა აღბეჭდილი და თან გამოხატულად ირონიულია), გაგრძნობინებთ  სოციალურ გარემოს და სპორტული ცხოვრების რიტმსაც. დღეს ხომ უთვალავი ასეთი „იოსები“ ცხოვრობს ჩვენს გვერდით, ფსევდომასკულინური გამოხატულებითა და სპორტულ დარბაზებში ნავარჯიშევი სხეულებით.

 

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და მუსიკოსის, მიხეილ ზაქაიძისა და ჯონათან რასელის ინტერნაციონალურმა, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა ქორეოგრაფიულ-ვერბალურმა პროექტმა, სახელწოდებით Fake my self („ყალბი მე“). სცენის გარეთ მჟღერი ტექსტი ამ პერფორმანსში ერთგვარი კონტრაპუნტის ფუნციას ასრულებს (ტექსტის ავტორები - ჯონათან რასელი და ეთერი რასელი).

 

ელექტრონული მუსიკა, რომელიც მიხეილ ზაქაიძემ შექმნა, ერთგვარად, დამატებით იმპულსს იძლევა ამ ქორეოგრაფიულ დუეტსა თუ „დუელში“ გასარკვევად - რომელია ყალბი და რომელი რეალური; რომელია ლიდერი და რომელი შემსრულებელი? ძნელი სათქმელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხეულების ასეთი ცოცხალი დინამიკა, ტემპო-რიტმის გრძნობა, გამეორებული თუ მრავალფეროვანი მოძრაობები, მთლიანობაში, ტექსტუალური კონცეფციის გარეშეც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

 

ჰებეის პროვინციის ცეკვის ასოციაციამ (ჩინეთი) წარმოადგინა თანამედროვე ცეკვის თეატრითა და საკლუბო ცეკვის სინთეზით შთაგონებული პერფორმანსი სახელწოდებით - „რთულია თვითგანსაზღვრა“. თავისუფლებისა და იდენტობის ძიება ერთფეროვანი „კონვეიერული ცნობიერების“ გარემოში - სწორედ ესაა მთავარი მესიჯი, რითაც ენერგიული ახალგაზრდა მოცეკვავეები მაყურებლის ყურადღებას იპყრობენ.

 

მოძრაობის თეატრში გაიმართა საფესტივალო პროგრამის გამორჩეული წარმოდგენა „იქამდე, სანამ ენა არ იტყვის“, რომელიც ექსპერიმენტული ცეკვის პერფორმანსის ჯგუფმა წარმოადგინა: მოცეკვავე, სოლიტი და ქორეოგრაფი - ნატალია კუკულაძე, მუსიკა - ალექსანდრე მიშველაძე, რეჟისორი და დრამატურგი - მაკა კილაძე. ახალგაზრდა ქალის განცდების, სურვილების და თვითრეალიზაციის საზღვრების აღწერა-ანალიზი, ამ 40 წუთიანი პერფორმანსის ცხადი და მძაფრი გზავნილია.

 

ქალი, რომელიც საოჯახო რუტინისგან გათავისუფლებას და საკუთარი თავის, საკუთარი „მეს“ ძიებას იწყებს, არახალია თანამედროვე ქორეოგრაფიაში. ჯერ კიდევ პინა ბაუშიდან, ანა-ტერეზა დე კეერსმაკერიდან თუ მატილდა მონიედან მოყოლებული, ქალი-ქორეოგრაფები დღესაც ცდილობენ გენდერული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებული ქალების ჩვენებას და შესაბამისად, ამ თემის უფრო გასაგებად, მძაფრად წარმოჩენას.  ამდენად, ნატალია კუკულაძის სხეულის „ენაც და კარდიოგრამაც“ ამ ტრანფორმაციული ქორეოგრაფიის ხილული მაგალითია.

 

ფესტივალის ოფიციალური დახურვა მოძრაობის თეატრში გაიმართა, სადაც ჟიურიას წევრებმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები კახა ბაკურაძის მიერ სპეციალურად დამზადებული მოცეკვავის ფიგურებით დააჯილდოვეს:

საუკეთესო დუეტი - მიხეილ ზაქაიძე და ჯონათან რასელი (პერფორმასი „ყალბი მე“).

საუკეთესო ქორეოგრაფია - ქორეოგრაფი სებასტიან ვიერტელაკი („მერკური“).

საუკეთესო მოცეკვავე - მიხეილ ზაქაიძე („ყალბი მე“ და „ფაუსტი“).

საუკეთესო სპექტაკლი - „ფაუსტი“ (მოძრაობის თეატრი, რეჟისორი კახა ბაკურაძე).
 

bottom of page