top of page

სვლა ომიდან მშვიდობისაკენ;

ბაქოს მოკლე სპექტაკლების ფესტივალის მიმოხილვა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

325937518_733834075126111_7414000311076561878_n.jpg

დავით ბუხრიკიძე

სვლა ომიდან მშვიდობისაკენ

 

ბაქოს მოკლე სპექტაკლების ფესტივალის მიმოხილვა

 

                             

უამრავ საერთაშორისო თუ რეგიონული მასშტაბის თეატრალურ ფესტივალებს შორის, რომელთაგან ზოგი ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა, ზოგი ახალი ავტორების ძიება-აღმოჩენით, ზოგი კი სახელოვანი რეჟისორებისა და სპექტაკლების მოწვევით, ბაქოს მოკლე სპექტაკლების მეორე ფესტივალი უბრალოდ, დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მაუწყებელი წარმოდგენების დემონსტრაციას წააგავდა - მოკლე ფორმატით, ხშირად ტკივილიანი და გასაგები დრამატიზმით, ზოგჯერ ნაივური სენტიმენტებით, ცხადია, ცრემლით და ომისგან დატოვებული დრამატული გამოცდილებით.

 

2022 წლის ნოემბრის ბოლოს გამართული, რიგით მეორე ფესტივალი ბაქოში, ფაქტობრივად, უძველესი აზერბაიჯანული  ქალაქის, შუშას გათავისუფლებას მიეძღვნა და ამდენად ომის „ხმაური და მძვინვარება“ მასში ტრავმული მეხსიერების კვალდაკვალ აისახა. ფესტივალის სათაურში გამოტანილი ციფრი 4.4 კი 44 დღიანი ყარაბაღის ომის ექოსა და დღეების გამოძახილია.

 

ფესტივალის მთავარი გზავნილები სწორედ ომისა და მშვიდობის თემას, ჰუმანიზმის კრიზისს და თეატრალურ ხელოვნებაში ახალი ინიციატივებისა და გამომსახველობით საშუალებებს ასახავდა. ფესტივალზე წარმოდგენილი 20-ზე მეტი სპექტაკლიდან მთავარ პროგრამაში სულ 12 შეირჩა: ექვსი სპექტაკლი ბაქოს თეატრებმა წარმოადგინეს, ოთხი აზერბაიჯანის რეგიონების სახელმწიფო თეატრებმა, ორი სპექტაკლი კი დამოუკიდებელი თეატრების ნამუშევარია. ფესტივალის პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იყო კონკურსგარეშე სპექტაკლები.

 

ცხადია, როგორც ყველა ფესტივალზე, ბაქოშიც წარმოდგენები განსხვავებული ხარისხის და მასშტაბისა იყო - დრამა, მონო-სპექტაკლი, ტრაგედია, პანტომიმა თუ თოჯინური პერფორმანსი. თუმცა, სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნიდა მაცდურ სიჭრელესა და ვარიაბილურობას. ხშირად ტექსტისადმი, ან მასალისადმი ემოციურ-ნაივური დამოკიდებულება თეატრალურ ენას ჩამორჩებოდა, ხოლო სტანდარტული და ძველმოდური  რეჟისორული მიდგომა, ნაკლებად გვაგრძნობინებდა სიახლის სურვილსა და განსაკუთრებულ ინოვაციურ ფორმებს.

 

მაგალითად, ყაზახი დრამატურგის, მურატ კოლგანატის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმული „პონი“, რომელიც  გუსარის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა (რეჟისორი ალიარ ალიევი). ასევე ძველმოდურობის დამღით იყო აღბეჭდილი ისტორიული დრამა „სისხლიანი სახელი“ (რეჟისორი ტარლან აბდულაევი, ლენქორანის დრამატული თეატრი). მოხუცთა თავშესაფრის დრამატული თემის მიუხედავად, ოდნავ ყალბი და ხელოვნურია სპექტაკლი „მარტოობის სახლიც“ (ფიზულის დრამატული თეატრი).

 

ჩვენი კულტურისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბაქოს სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ფესტივალის დღეებში წარმოადგინეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობის, „წერილი ნაძვებს“, მიხედვით დადგმული სპექტაკლი (რეჟისორი ნიგარ გიულმამედოვა), რომელსაც ფესტივალის ფარგლებში პრესამ საკმაოდ მაღალი შეფასებაც მისცა.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს, ცნობილი რუმინელი დრამატურგის, მატეი ვიშნეკის პიესის - „იძებნება მოხუცი კლოუნი, საინტერესო ვერსია, რომელიც რეჟისორმა მიხაილ მიხაილოვმა გაიაზრა არა როგორც სამი ხანდაზმული კლოუნის დრამა, არამედ როგორც ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგონების ფერადოვანი და აბსურდული სამყაროს ურთიერთდაპირისპირება. სპექტაკლში მთავარი სწორედ ფერების თამაშია: წითელი, ყვითელი და მწვანე სამოსი და ფერადი ფეხსაცმელიც კი გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. რეჟისორ ვაგიფ ასადოვის მონოსპექტაკლი „ფისტას ხე“ ფსიქოლოგიური თეატრისა და სიმბოლიზმით გაჯერებული სცენოგრაფიის შეერთების მცდელობაა. თუმცა  ამ საინტერესო სინთეზის ბოლომდე დამაჯერებლად მიყვანა რეჟისორმა ბოლომდე ვერ მოახერხა.

 

ფესტივალის საკონკურსო სპექტაკლები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც აზერბაიჯანული თეატრის წამყვანი ექსპერტებით იყო წარმოდგენილი:  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ისრაფილ ისრაფილოვი, ცნობილი მსახიობი და პედაგოგი, ჯაჰანგირ ნოვრუზოვი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მწერალი აიდინ ტალიბზადე, დრამატურგი და სცენარისტი ალი ამირლი და თეატრის რეჟისორი, მეჰრიბან ალაკბარზადე.

 

მთავარი ჟიურის პარალელურად, დამოუკიდებელმა თეატრმცოდნეებმა და ფესტივალის სტუმრებმა - ლაშა ჩხარტიშვილმა, დავით ბუხრიკიძემ (საქართველო), ემილია დემენცოვამ (რუსეთი) და ანარა ერკებაიმ (ყაზახეთი), სპეციალური და იმპროვიზებული პრიზი დააწესეს „ფესტივალის გამორჩეული სპექტაკლისათვის“, რომლითაც დაჯილდოვდა რეჟისორ ირადა გოზალოვას სპექტაკლი „დედაჩემის წიგნი“ („ჰუმანიზმისა და ხალხთა შორის მშვიდობის იდეების ასახვისთვის“).

 

გოზალოვას სპექტაკლი გამოჩენილი აზერბაიჯანელი ავტორისა და მწერელის, ჯალილ მამაგულუზადეს პიესის თანამედროვე ადაპტაციაა, რომელიც თანამედროვე მულტიკულტურულ გარემოს დრამატულად და ფაქიზად აირეკლავს. სამი ძმა, რომელთაგან ერთი ინგლისურად ლაპარაკობს, მეორე - რუსულად და მესამე - აზერბაიჯანულად, სრულიად გაუცხოებულია ერთმანეთისაგან. თუმცა ფინალში, დედის სიკვდილი მათ მაინც აერთიანებთ და უბრუნებს ერთიანობის, ოჯახისა და სამშობლოს განცდას.

 

ფესტივალის მთავარი ჯილდო - პირველი პრიზი, ჯეიჰუნ დადაევის პანტომიმური ჟანრის „შინელმა“ დაიმსახურა (ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის მიხედვით). სპექტაკლს ასევე გადაეცა ახალგაზრდა თეატრალური ექსპერტების პრემია. აზერბაიჯანის პანტომიმის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილმა „შინელმა“ რაღაცით ამირან შალიკაშვილიც გამახსენა და კლასიკური პანტომიმის ელემენტებით გაჯერებული მისი სპექტაკლებიც. თუმცა ჯეიჰუნ დადაევი უფრო ცეკვისა და პანტომიმის ჟანრობრივი სინთეზის მომხრეა. „შინელი“ უფრო სოციალური მიზანსწრაფვის, ცდუნებების, წარმატებისა და იერარქიის თემებს ასახავს და სრულიად აცდენილია დოსტოევსკის  კლასიკურ შეფასებას -  „ჩვენ, ყველანი გოგოლის „შინელიდან“ გამოვედით“. სპექტაკლში ასევე საინტერესოდაა დანახული მრავალრიცხოვანი პერსონაჟების სოციალური თვითდამკვიდრებისა და ნებისმიერ ფასად წარმატების მიღწევის ილუზორულობა.

მეორე პრიზი გადაეცა აზერბაიჯანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მონოსპექტაკლს, „მე მჯერა“. მწერალ ულვია ჰეიდაროვას  დრამატული, ზამბარასავით შეკუმშული და ემოციური მოთხრობის მთავარი გმირია დედა, რომელმაც ომში შვილი დაკარგა. აღსანიშნავია მონოლოგი სცენაზე მდგარ ერთადერთ ხესთან, რომელიც სიცოცხლისა და შეუდრეკელობის სიმბოლოა. სხვათა შორის, ზემფირა აბდულსამადოვა აზერბაიჯანის ერთ-ერთი გამოჩენილი თეატრალური მსახიობია, რომელსაც გადაეცა პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“.

ნომინაციაში  „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“,  საუკეთესოდ დაასახელეს ვუსარ რზასოი, რომელმაც რეჟისორ ნამიგ აღაევის მონოპიესაში „ლეგენდა მგელზე“ მართლაც შთამბეჭდავი აქტიორული ნამუშევარი შექმნა. სპექტაკლი უფრო მისტიკურ რიტუალს წააგავს, რაც ასე იშვიათია დღევანდელი კომერციული თეატრების რეპერტუარის ფონზე. თუმცა აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ნაციონალური თეატრის გიგანტური სცენა ზედმეტად დიდია ამ კამერულ-რიტუალური წარმოდგენისათვის და მსახიობის თამაშიც ახლო ხედს ითხოვს.

 

ფესტივალის დღეებში მასტერკლასები გამართეს ქართველმა რეჟისორებმა - ლევან წულაძემ და სოსო ბაკურაძემ,  ხოლო სტუმრის სტატუსით კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით დადგმული „კრეიცერის სონატა“ წარმოადგინა, რომელიც სახელმწიფო მუსიკალური თეატრის გადაჭედილმა დარბაზმა ძალიან კარგად მიიღო.

bottom of page