
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

02.02.2026
ლელა ოჩიაური
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის
სპექტაკლი სრულ სიბნელეში იწყება. მხოლოდ შორეული ხმაურები ისმის. ძაღლის ყეფა, წვიმის, ქუხილის, ქარის ხმები (ეს ხმები შემდგომ პერიოდულად კვლავ არღვევს სამყაროს მდუმარებას). შემდეგ, როდესაც ნათდება, პატარა სცენაზე პატარა ოთახში წინ და უკან, უმიზნოდ და მექანიკურად მიმომავალი, შავებში ჩაცმული ქალი ჩნდება. ხან იატაკს წმენდს, ხან ნივთებს ალაგებს, ხან სარკეს ქსოვილს აფარებს, როგორც მიღებულია, როდესაც სახლში მიცვალებულია. და აქ ყველაფერი თითქოს ისე უნდა ხდებოდეს, როგორც ყველა სახლში, რომელშიც ვიღაც კვდება. იშვიათად, სხვანაირად ან, სხვანაირად, თითქმის არასდროს.
სარკეზე ჩამოფარებული ქსოვილი ჩრჩილნაჭამია. ავეჯი - უბრალო, კუსტარული, ხისგან გამოთლილი, შეუღებავი - სკამები, მაგიდა, საკიდი, საქანელა, კომოდი. რეკვიზიტიდან - სადურგლო იარაღებიანი ყუთი, ჭიქები, გრაფინი, ღვინის ბოთლი, ყავის მადუღარა. იატაკი შავისა და ჭუჭყიანი, სიძველისგან დალაქავებული „გაცვეთილი“ თეთრი ფერის კომბინაციაა, ზუსტი გეომეტრიული ნახაზით. სოფლის (არა მხოლოდ) სახლებისთვის ჩვეული შუშაბანდი, ფერადვიტრაჟიანი, გასარეცხი, თითქოს ტალახმისხმული და ალაგ-ალაგ, ნასროლი ტყვიით ჩამსხვრეული მინებით. კედელი, რომელიც წარსულის კვალსა და წარსულში დარჩენილი სინათლის ხსოვნას ინახავს. განათებაც სპეციფიკურია. ერთ კუთხეში კედელზე მიმაგრებული პროჟექტორის ძლიერი შუქი, ნახევრადსიბნელის იდუმალება და გარემოს პირობითობა. არაფერი ზედმეტი. არაფერი გამორჩეული. ყველაფერს აქვს ფუნქცია, საჭიროება, დატვირთვა, მნიშვნელობა. აკაკი ჯაშის სცენოგრაფია ლაკონურობის მიუხედავად, მეტყველი, გამომსახველი, ორაზროვანი და მოცულობითია, რომელიც ნათლად გამოხატავს სარეჟისორო ჩანაფიქრის არსსა და ბუნებას. აძლიერებს პირქუშ ატმოსფეროსა და ყოფიერების ამაოების შეგრძნებას.
სახლში სიჩუმეა. სიცარიელე. შემდეგ ოთახში კაცი შედის. ქალი და კაცი რამდენიმე რეპლიკას ცვლიან. ქალი ნერვიულად აგრძელებს საქმიანობას. შემდეგ იაფფასიან, უბრალო ხელჩანთას ათვალიერებს და იქიდან, ასევე იაფფასიანი კოსმეტიკა, საფულე (რამდენიმე ლარით), მატარებლის ძველი ბილეთი - თბილისი-ბათუმი - ამოაქვს, როგორც საიდუმლო ზარდახშიდან. აღმოაჩენს, რომ გარდაცვლილს ჩანთაში მისი ახალგაზრდობის ფოტო უდევს და უხარია. სახლის ინტერიერის მსგავსად, ჩანთაც, პატრონის ცხოვრების წესის, დუხჭირი სოციალური მდგომარეობის გამომხატველია.
ამბავი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე ხდება, გაგა (გაბრიელ) გოშაძის ახალ სპექტაკლში, ალექს ჩიღვინაძის პიესაზე, „უხერხემლო“. რეჟისორის თანაშემწეა ნატო ღლონტი. (ეს ბათუმის „დრამატულის“ ახალგახსნილი 147-ე სეზონის მეორე პრემიერაა, დიდ სცენაზე წარმოდგენილი, გიორგი კაშიას „დარისპანის გასაჭირის“ შემდეგ).
„უხერხემლოში“ კვანძი პირველივე სცენებში იკვრება, როდესაც ნათელი ხდება, რომ ეს ადამიანები - ქალი - მართა - მაია ცეცხლაძე და კაცი - მამია - ტიტე კომახიძე - გარდაცვლილ შვილს გლოვობენ. გლოვა ჩუმია. გულჩახურული. ჩახშული. თითქმის უსიტყვო. ტრაგიზმის სიმწვავე ისიცაა, რომ გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია - ელენე (ადრე ლევანი ერქვა), რომელიც სწორედ იმიტომ, რომ „განსხვავებულია“, რბილად რომ ვთქვა, მიუღებელია უმეცარი და აზროვნებაშეზღუდული ადამიანებისთვის. სწორედ მათ გამო, ელენე წლების წინათ წავიდა სახლიდან და შინ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა. წასვლის მიზეზი - სოფლიდან განდევნაა, სიკვდილის მიზეზი - თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა - უცნობია. „განსხვავებულობისა“ და თვითმკვლელობის გამო, მღვდელი - კახა კობალაძე - წესის აგებისგან თავს იკავებს; მეკუბოვე კუბოს გაკეთებაზე ამბობს უარს, სოფელი სასაფლაოზე დაკრძალვის წინააღმდეგია და არც არავინაა, ქელეხში მიმსვლელი და არც ვინმეა, ვინც კუბოს, ბოლო გზაზე, მხარს შეუდგამს.
ფარისეველთა საზოგადოება არღვევს წესებს, ტრადიციებს, ნორმებს, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროს ახასიათებს - მორალურ და ჰუმანურ კანონებს უპირისპირდება და სისასტიკეს, არაკაცთმოყვარეობას, უსიყვარულობას ამჟღავნებს. ეს არა მხოლოდ სპექტაკლის, სამწუხარო რეალობაა. „არატრადიცულსა“ და მიუღებელს, სხვანაირსა და ამორალურს - სხვას უწოდებს.
„უხერხემლოში“ მოქმედება ორ „სათავსოში“ ხდება - სცენაზე - ხილულ - ძირითად სამოქმედო არეში და მის მიღმა - შუშაბანდის კედლის უკან, სადაც მიცვალებული ასვენია. იქ ჩრდილებისა თუ ფერების ფრაგმენტების, ფრაგმენტული მოძრაობის ბუნდოვანი დეტალების გარდა არაფერი ჩანს. მაგრამ ისმის ხმები. მიცვალებულიც უხილავია. გამყოფ კართან ხშირად დგას დედა და შვილის უსულო სხეულს მწუხარედ შორიდან უყურებს.
გაგა გოშაძის სპექტაკლი თავისუფალია ეფექტებისა და „მომგებიანი“ სცენებისგან. ბუტაფორიულობისგან. რეჟისორი ყურადღებას მოვლენების შინაგან გამომსახველობაზე, შინაგანად დაძაბულ და ზუსტი აქცენტებით აწყობილ გრძნობიერ გარემოზე ამახვილებს და ამბის, პრობლემის მნიშვნელობას, პირობითობას - ხილულისა და უხილავის უცნაურ კავშირს ანიჭებს უპირატესობას.
ქარაგმულობა და იდუმალების ხაზი სპექტაკლის სტრუქტურაში საერთო სტილისგან განსხვავებული, ნამდვილობის მიღმიერი, წარმოსახვითი ფინალური სცენით გვირგვინდება - მთელ სივრცეს მფრინავი პეპლების შავ-თეთრი პროექცია ედება, იმ „გაცოცხლებული“ პეპლების, რომლებითაც ელენეს ოდესღაც ღობე მოუხატავს და რომლის ფიცრებით მამია შვილის კუბოს კრავს; პეპლების, როგორც გარდაცვლილების სულების, როგორც „სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის“. (დავით წერედიანი).
გაგა გოშაძისთვის (ფსიქოლოგიური თეატრის მიმდევარი რეჟისორისთვის) სპექტაკლის მთავარი „ობიექტი“ მსახიობი და მათი მეშვეობით აგებული, „მონათხრობია“. ბათუმის თეატრში კი, „ფსიქოლოგიური“ თეატრის მსახიობების დეფიციტი ნამდვილად არაა და ისიც ფაქტია, რომ უფროს და შედარებით უფროს თაობას ახალგაზრდებიც გზადაგზა ემატებიან.
„უხერხემლოში“ ორი ასეთი ახალგაზრდა მონაწილეობს - გარდაცვლილის მეგობრების როლებში - მარიამ გველესიანი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი) - ნინო და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თეატრის მსახიობი - თორნიკე ბარამიძე - დანიელი, რომლებიც სამძიმარზე და გარკვეული მისიით ჩადიან. (თორნიკე ბარამიძემ, ზემოაღნიშნულ „დარისპანის გასაჭირში“ ოსიკოს როლი, ასევე წარმატებულად შეასრულა).
მარიამ გველესიანის ნინო მებრძოლი ხასიათის, პირდაპირი და თამამი, აქტიური ადამიანია. ის, მართალია, არ არღვევს სუბორდინაციას, მაგრამ რადიკალურია და ემოციურად და პრინციპულად ეწინააღმდეგება, უპროტესტებს მამიასა და მართას. ეჩხუბება, მოითხოვს, პატივი სცენ მეგობრის არჩევანს და დანიელისგანაც აქტიურობას, პრინციპულობასა და ქმედებას ითხოვს. მასაც, დანიელის მსგავსად, ეშინია მიცვალებულის, ბევრი რამის ეშინია, მაგრამ გარემოებებს არ ნებდება, და ამით ყველასგან თავს იცავს.
დანიელი, თორნიკე ბარამიძის შესრულებით, ჩაკეტილი, მორიდებული და გრძნობიერია. უმეტესად დუმს და უტრირებისა და აფექტების გარეშე ქმნის პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას, მის ემოციებს თავშეკავებით გამოხატავს. მღელვარებას თოკავს, ფრთხილობს, ნინოს, როგორც საყრდენს, ისე უყურებს და მისი გვერდში ყოფნა სჭირდება. დანიელის სიყვარული და განცდა ისევე შეფარულია, როგორც ბევრი რამ სპექტაკლში, მაგრამ, როდესაც აღიარების ჟამი დგება და მამიას აღსარებასავით უმხელს ელენესთან ურთიერთობის ამბავს, მართალია, წამით, მაგრამ მისი თავშეკავებულობისგან აღარაფერი რჩება და დიდი ხნის წუხილი და ტკივილი აშკარავდება.
ორივე ახალგაზრდა მსახიობი დამაჯერებელი და გულწრფელია თავიანთი პერსონაჟების მიმართ, აქვთ თანაგანცდა და თანადგომა და ზუსტი მახასიათებელი ნიუანსებით, ახალგაზრდა თაობის ზოგად ფსიქოლოგიური სახე ქმნიან.
„უხერხემლოში“, მორიგ ჯერზე, აშკარაა, რომ მაია ცეცხლაძის, ტიტე კომახიძისა და კახა კობალაძის სამსახიობო დიაპაზონი შეუზღუდავია. უნივერსალური. მათ ყველა ტიპისა და ხასიათის როლისა და ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლში თამაში თავისუფლად შეუძლიათ - სახასიათო, კომედიური, დრამატული სახეებიდან ტრაგედიამდე, კლასიკურ თუ მოდერნისტულ, აკადემიურ თუ ავანგარდულ დადგმებში. სხვადასხვა სტილისა და ხელწერის რეჟისორთან, ყოველთვის ზუსტად პოულობენ შესატყვის და მუდამ განსხვავებულ ხერხებს და არასდროს მეორდებიან. მათი ნამუშევარი იმდენად ბუნებრივი და უშუალოა, იმდენად გაცნობიერებული და განცდილი, რომ ადამიანებისა და ამბის რეალობის განწყობასა და შთაბეჭდილებას იწვევს.
მაია ცეცხლაძის დახვეწილი და მეტყველი სახე, მანერები, ხავერდოვანი, მდიდარი დიაპაზონის ხმა და ემოციური, არტისტული გამომსახველობის ძალა, ზუსტად და დეტალებამდე მოფიქრებული ხასიათის შტრიხები, გრძნობების ცვალებადობა და მათთან ერთად შეცვლილი საშემსრულებლო მანერა, უკიდურესი თავშეკავებიდან რისხვისა და უმართავი ისტერიკის ამოხეთქვამდე, მართას მრავალპლანიან პერსონაჟად წარმოადგენს.
როგორც დავით წერედიანის ლექსშია: „ამ ქვადქცეული ღამიდან, ამ ბნელეთით და მკვდრეთით, სხვა რა გააღწევს ნამდვილი, მწარე ძახილის მეტი...“ და მართა ცდილობს, ხმა მიაწვდინოს მეზობლებს, რომლების სახლებიდან, ხმაური, მუსიკისა თუ ტელევიზორის ხმა გამოდის. ხმა „მიაწვდინოს“ მღვდელს, რომლის დაკეტილ კართან (გამორჩეულად დადგმული და შესრულებული ეპიზოდი - კარის ორივე მხარეს). კახა კობალაძე დუმს და მაია ცეცხლაძე, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ საოცრად „ხმამაღლა“ მჟღერი მუდარით, სასოწარკვეთილ მონოლოგს წარმოთქვამს და ცდილობს, როგორმე ხმა მიაწვდინოს მოძღვარს (ეს სულისშემძვრელი ხმა და ინტონაცია ანგრევს „ვალდებულებისა დაა წესების“ ყრუ კედელს და შედეგიც მოაქვს). შემდეგ, „ცდილობს“, ასევე უკანასკნელად, დიდი ხნის შემდეგ, ასევე გულისმომკვლელად ესაუბროს გარდაცვლილ შვილს, დაიტიროს, როგორც „ზარს“ ამბობენ და სასურველ წითელ კაბაში შემოსოს.
ტიტე კომახიძის მამია, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვის, რომ მიიღოს შვილი, ისეთად, როგორიცაა და როგორც გულით ეგლოვება, იგლოვოს. მისი ყოველ ჟესტი, სიტყვა, ფრაზა სხვადასხვა ემოციითა და განსხვავებული დამოკიდებულებითაა ამოქმედებული და წარმოთქმული. მსახიობი დაღლილი და მძიმე ტვირთის მატარებელი კაცის პიროვნული გარდაქმნის რთულ და მტკივნეულ პროცესს მსუბუქად და ძალდაუტანებლად გადის. თითქოს არაფერს აკეთებს პერსონაჟის მრავალწახნაგიანი სახის შესაქმნელად (საერთოდ, ეს თვისება ტიტე კომახიძის სამსახიობო სტილისთვის დამახასიათებელია). მამია საკუთარ თავზე და ყველაზე იმარჯვებს, რადგან საკუთარ თავში პოულობს ძალას და გამოფხიზლების, გაცნობიერების ეს პროცესი ალბათ ყველაზე საიმედოა მთელ სპექტაკლში.
კახა კობალაძე მღვდლის სახეს ლაკონური და სიღრმისეული ხერხებით ქმნის. სცენაში, როდესაც ის პირველად ჩნდება და მართას კარსმიღმა უსმენს, გრძნობებსა და მათ ცვალებადობას მხოლოდ მიმიკითა და პლასტიკით გადმოსცემს. სახეზე სხვადასხვა განცდა ესახება, მაგრამ ჯერ კიდევ ყოყმანობს და დუმს. შემდეგ, როდესაც მართასა და მამიასთან მიდის და მიცვალებულს წესს უგებს, სრულიად იცვლება. ის პირველ რიგში, ადამიანია, თბილი, მოყვარული და კეთილი, მამიას მეგობარი, საერთო მოსაგონარიც ბევრი აქვთ და საერთოც. მსახიობი აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს სასულიერო პირი, პირველ რიგში, ადამიანი და დოგმებს, აკრძალვებს დაუპირისპირდეს და მამიასავით, „კანონებს“ აჯობოს.
„უხერხემლო“ შეუმდგარ და ცხოვრებაზე, იმედგაცრუებაზე და ნატკენ გულებზეა; ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრებამ გააუხეშა და ერთმანეთს დააშორა, ადამიანებზე, რომლებსაც ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ, იქნებ, კვლავ უყვართ, მაგრამ „გადაეჩვიენ“ სიყვარულისა და სითბოს ერთმანეთისთვის გამჟღავნებას.
„უხერხემლო“ სინანულზე, პატიების უთქმელ თხოვნაზე და აუხდენელ ოცნებებზეა; მამიას აუსრულებელ სურვილზე, მეზღვაური გამხდარიყო; სურვილზე, შვილი ზღვაზე წაეყვანა, პატარა რომ იყო; შვილისთვის ბავშვობაში გაკეთებულ სათამაშო გემზეცაა, რომლის აფრაც მამიამ თავისი საუკეთესო აბრეშუმის ცხვირსახოცისგან გააკეთა; ლევანისთვის წართმეულ და ცეცხლში ჩაგდებულ თოჯინაზეცაა. „უხერხემლო“ მართას (და ბევრის) დაკარგულ წლებზე და პროფესიაზე, უკვე აუხდენელ სურვილზე, სხვანაირად ეცხოვრა, გვერდით ყოლოდა შვილი, რომლის სანახავად ქალაქში წავიდა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მხოლოდ შორიდან უყურა და რომლის გულისთვისც მზესუმზირის გამყიდველი ქალი, რომელსაც კოსა ჰქონდა გაკეთებული და რომელმაც ელენეს შეაგინა და კიდეც მიაწყევლა, ცემა, წაავლო იმ კოსაში ხელი, სულ მუხლზე არტყმევინა თავი და რომელსაც ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა... ამ ამბავს უყვება მართა ელენეს კაბის ჩაცმის - უკანასკნელად და სურვილის ალბათ ერთადერთხელ ასრულების დროს...
ალექს ჩიღვინაძემ „უხერხემლო“ თემურ ჩხეიძის (ამჟამად, ლიკვიდირებულ) სახელოსნოში სწავლის დროს (2016-2017) დაწერა და ის მაშინვე იქცა რეჟისორების სამიზნედ. შემდეგ, ტექსტს რამდენიმე ეპიზოდი დაემატა, რამაც თითქოს უფრო იმედიანად აქცია ის და ამ ვერსიით შექმნილი სპექტაკლები. გაგა გოშაძის „უხერხემლო“ პიესის მეხუთე დადგმაა. პრობლემა, რომელსაც ის შეიცავს, კვლავ პრობლემაა. ტრაგედიას, რომელიც პიესის საფუძველი გახდა, სხვები დაემატა. საბი ბერიანის შემდეგ ბიანკა შიგუროვა, ზიზი შეყილაძე, კესარია აბრამიძე მოკლეს... ადამიანები, რომლებსაც ისეთები უნდოდათ ყოფილიყვნენ და ისე უნდოდათ ეცხოვრათ, როგორადაც თავს გრძნობდნენ, მოსწონდათ და რომლებსაც, მკვლელებამდე, ჯერ საზოგადოება დაუპირისპირდა.
ალექს ჩიღვინაძის პიესაც და გაგა გოშაძის სპექტაკლიც იმ ადამიანებზეა, გულგრილი, აგრესიული და უსიყვარულო საზოგადოების მსხვერპლი რომ ხდებიან. „უხერხემლოს“ მთავარი და მნიშვნელოვანი გზავნილი კახა კობალაძის მღვდლის არჩევანი, გადაწყვეტილება და საქციელი ხდება. ის იღებს პასუხისმგებლობას და სიბნელეში ჩაძირულ, სასტიკ და შეუწყნარებელ სამყაროში, როგორც მამიას კათარზისი, იმედს აჩენს. როგორი ილუზორულიც უნდა იყოს, მაინც გახარებს ასეთი ფინალი. ყველაფრის მიუხედავად, ადამიანს აქვს იმედის უფლება. თუნდაც იმის იმედის, რომ უკეთეს გარემოში, ნორმალურ საზოგადოებაში რაღაც მაინც სხვანაირად იქნებოდა.
და კიდევ, „უხერხემლო“, პირველ რიგში, იმ ძლიერ და გამბედავ ადამიანებზეა, რომლებსაც, რაც უნდა ელოდეთ, მაინც შეუძლიათ უშიშრები და თამამები იყვნენ, რომლებმაც იციან და სხვებსაც შეუძლიათ უჩვენონ და აგრძნობინონ, რა არის, რას ნიშნავს და როგორ შეიძლება მოიპოვო თავისუფლება.
ფოტო: თორნიკე თავაძე