top of page

სტუმრად ლექციაზე

412497383_905841760907159_6989048545240735017_n.jpg

 სტუმრად ლექციაზე

 

      

პირველი სემესტრის მიწურულს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, „სასცენო მეტაფორის” ლექციაზე, მოვიწვიეთ ამჯერად უკვე გასული თეატრალური სეზონის ფავორიტი რეჟისორები გიორგი კაშია და თინათინ კორძაძე. მსახიობები - შაკო მირიანაშვილი და  ნუცა სულაბერიძე. 

     

როგორც ცნობილია, გიორგი კაშიამ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე დადგა წარმატებული სპექტაკლი - დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“. მსახიობისა და რეჟისორის თინათინ კორძაძის მიერ კი თავისუფალი თეატრის სცენაზე განხორციელდა შალვა დადიანის „გუშინდელნი დღეს“, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო სცენური სახე და მათ შორის ნუცა სულაბერიძის მიერ განსახიერებული, უდავოდ ორიგინალური ქალბატონი ჩიტუნიას პერსონაჟი. მსახიობი შაკო მირიანაშვილი უკანასკნელ სეზონებში არაერთი რთული და საპასუხისმგებლო როლის მაღალპროფესიულ შემსრულებლად მოგვევლინა. თითოეულმა მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრეს მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებსა თუ განსახიერებულ როლებზე, თანამედროვე მსახიობის აღზრდის მათეულ თვალთახედვაზე, რეჟისურასა თუ სამსახიობო ხელოვნებაში თეატროლოგიის პოზიტიურ როლსა თუ მის ხარვეზზე, თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებით ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე, დასადგმელად განზრახულ პიესათა არჩევანის მოტივზე, სამომავლო გეგმებზე და მრავალ საინტერესო საკითხზე.

                           

გიორგი კაშია  - დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ დასადგმელად მხოლოდ  ჩვენი სახელოვანი დრამატურგის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არ  შემირჩევია. იმერეთი ჩემი მშობლიური მხარეა და პიესას რომ ვკითხულობდი, ლამის საკუთარ მამულსა თუ სამეგობროში მეგონა თავი. გარდა ამისა, ძალიან დავინტერესდი აბესალოს ფსიქოტიპით. ის რთული და ძალიან ტრაგიკული ადამიანია. უსაზღვროდ მეცოდება ეს საშინლად უბედური ახალგაზრდა, რომელიც სწორედ   მისმა ოჯახმა დაღუპა და განსაკუთრებით კი დედამ, რომელიც სავარაუდოდ ყოველთვის ათამამებდა, ხოლო სრულიად პასიური მამა, აღმაშფოთებლად დისტანცირებულია შვილის აღზრდისგან და თავის სამყაროშია გამოკეტილი. ამით მშობლებმა საკუთარი პიროვნული ღირებულებები  დააკარგვინეს აბესალოს, ჩაუხშეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გააუცხოვეს საკუთარი თავისა და ოჯახისგან. ამიტომაც მთელი არსებით ელტვის სხვათა გავლენისგან თავდახსნას, გამორჩეულობის იმიჯის შექმნას, თავისუფლებასა და სიყვარულს. აქვს არაერთი ღირსებაც. ის გულწრფელია, მამაცი, ქარიზმატული, მოხერხებული, მაგრამ დაბნეულია. აქედან გამომდინარე კი, გაბოროტებულიცაა და აგრესიულიც. მისი გაუხარჯავი ენერგეტიკა და მებრძოლი სულისკვეთება მტაცებლურ სახეს იძენს და ვლინდება ყველაფერი მშვენიერის დასაკუთრების, მეტოქეთა განადგურების ინსტინქტში.

   

ჩემს პედაგოგ გოგი თოდაძესთან მქონდა დაპირება რომ სადიპლომოდ აუცილებლად დავდგამდი ფედერიკო გარსია ლორკას ტრაგედიას „ბერნარდა ალბას სახლი“ და აუცილებლად უნდა შევასრულო ეს დათქმა. მეორე კურსზე ნაწყვეტი ვუჩვენე კიდეც, ამჯერად კი ვამზადებ სპექტაკლს. მიმაჩნია რომ თავად ბერნარდაც გარემოებების მსხვერპლია. უკიდურესად ღატაკ და შუასაუკუნეობრივ სიბნელეში ჩარჩენილი საზოგადოების ლამის ტყვეობაში მოქცეული მედიდური ქალბატონის მიმართაც გამიჩნდა ემპათია. აქ ყველა საინტერესო პერსონაჟია. ბერნარდას ორივე ქმრის გარდაცვალების მიზეზებიც გარკვეულწილად იდუმალებით მოცულ ხლართად მეჩვენება. პონსიაც რთული ხასიათის პერსონაა. არც ბებიაა გიჟი, ის ისეთ მრავალაზროვან ფრაზებს ისვრის ტყვიასავით, რომ შეუძლებელია იყოს შეურაცხადი. ჩემს მომავალ სპექტაკლში სცენაზე კუბო დევს და ამ კუბოს ირგვლივ ვითარდება მოქმედება, რადგან ეს სახლი კუბოა, სადაც იხრჩობიან თავისუფლებისგან განძარცვული, აუტანელი სიცხისგან ტანჯული ადამიანები. ეს მეტაფორები ვფიქრობ სახიერად უნდა გათამაშდეს წარმოდგენაში. ამ სამყაროში მამაკაცების მდგომარეობაც უმწარესია. ასეთ  ჩამორჩენილ, განუვითარებელ, კარჩაკეტილ, ტუსაღურ გარემოში, ერთადერთ პერსპექტიულ მამაკაცად მიჩნეული პეპოც ცდილობს რაც შეიძლება სარფიანად გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი მდგომარეობა და ბერნარდას ორივე ქალიშვილთან ელტვის მოსინჯოს თავისი ინტერესების რეალიზება. ორაზროვანია უყვარს ადელა თუ მისთვის მთავარია მომგებიანი მზითევის მქონე ქალს დაეპატრონოს?.. ვამზადებ „ანტიგონესაც“, მაგრამ ჩემს ვერსიაში მხოლოდ ერთ პიესაზე არ ვმუშაობ. სცენური ტექსტი ანუის, ესქილესა და სოფოკლეს ტრაგედიების შეჯერებულ ვარიანტად მექნება წარმოდგენილი, ანუ ლაბდაკიდების მითის ინტერპრეტირებას ვცდილობ. ვგეგმავ სოლიდური რაოდენობის ქოროს ჩართვას სპექტაკლში და 50-დე სტატისტი მჭირდება. ძალიან მომწონდა თემურ ჩხეიძის სპექტაკლი. არ არის კრეონტი უარყოფითი პერსონაჟი, აქ ორივე მათგანი ტრაგიკული სახეა, სადაც ორივე მათგანის სიმართლეც გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული. ეს მარადიული დილემა საუკუნეების მანძილზე გადაულახავ დაბრკოლებად ექცა  კაცობრიობას. ესეც საინტერესოა.

 

თიკო კორძაძემ ისაუბრა მსახიობის ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმზე, პროფესიის სირთულეზე და არაერთი საინტერესო თემა წამოჭრა. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში ის მსახიობია, მხოლოდ ამის შემდეგ არის რეჟისორი და პედაგოგი. ადრეული წლებიდანვე მოსწონდა და ეხერხებოდა რეჟისორული საქმიანობა. ჯერ კიდევ სკოლის წლებში სიამოვნებით დგამდა ხოლმე სხვადასხვა ხასიათის საღამოებსა თუ წარმოდგენებს, კლასიდან კლასში გარდამავალ სადღესასწაულო თუ სკოლის ბოლო ზარის აღსანიშნავ დადგმებს,  პარალელურად კი მსახიობობდა კიდეც. შემდეგ მისმა პედაგოგმა, სახელოვანმა რეჟისორმა შალვა გაწერელიამაც გაამძაფრა მისი ინტერესი რეჟისურისადმი. იგი უნერგავდა სტუდენტებს - მსახიობმა საკუთარი უფლებები უნდა დაიბრუნოს, რაც რეჟისორმა წაართვაო. მოითხოვდა არასდროს არ ყოფილიყვნენ კმაყოფილი საკუთარი ნამუშევრით და მუდამ ეძებნათ ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის მოტივაციები...  ყოველ წუთს კითხულობდა ხოლმე - მაგას რატომ აკეთებთ?... როცა როლზე ვმუშაობდი, სულ ვფიქრობდი  ჩემეულ ვერსიაზე, რომ მე ახლა ამ რაღაცას ასე ან ისე გავაკეთებდი სპექტაკლში. ეს დაგროვდა, დაგროვდა და მერე ვთქვი - რატომაც არა?.. მოდი  თავად დავდგამ. მერე ვიფიქრე ვისთან დავდგამდი. როცა მსახიობი ხარ, სრულად უნდა მიენდო რეჟისორს. უნდა იგრძნო რომ რეჟისორი შენიანია, შენი თანამოაზრე, ისე არაფერი გამოვა. საახალწლოდ თუ ჩვენი მაესტროს დაბადების დღის აღსანიშნად, ყოველწლიურად ვდგამდი „კაპუსტნიკებს“, რაც მოწონებით სარგებლობდა და სრულიად შეუმჩნევლად გადავინაცვლე ჯერ რეჟისორის ასისტენტის პოზიციაზე, შემდეგ კი სპექტაკლის დადგმაც გავბედე. არასდროს დამავიწყდება ბატონი შალვას რეაქცია როცა ვუჩვენეთ ჩემს მიერ მომზადებული გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“. ძალიან გახალისდა, ბევრი იცინა და განაცხადა, - „როცა თავად გახდებით პედაგოგები, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით რას ნიშნავს როცა თქვენი სტუდენტების დამოუკიდებელი ნამუშევრით მოიხიბლები და გაიხარებო!“. 2024 წელს, ბატონი შალვას გარდაცვალებიდან 12 წელი სრულდება. მისი დაბადების დღეს 19 იანვარს, მუდამ ვულოცავდით ხოლმე ჩვენივე მომზადებული საახალწლო დადგმებით. ამჯერად თქვენი საშუალებით ვისარგებლებ და მივულოცავ დაბადების დღეს და დამდეგ ახალ წელს. მისგან ძალიან დავალებული ვართ მისი სტუდენტები. დარწმუნებული ვარ ნათელში იმყოფება იმიერში, ვალმოხდილი და ამაყი.

     

როგორც ქ-მა თიკომ აღნიშნა, მსახიობის პროფესია ერთ-ერთი ურთულესია, საჭიროებს დიდ ნებისყოფას, თავდაუზოგავ შრომას და ბუნებრივია უზენაესისგან ბოძებულ სამსახიობო მონაცემებს. ხშირად მოდის აბიტურიენტი სამსახიობოზე ჩასაბარებლად და  აცხადებს... ვაიმე არ ვმღერი. ამას ვერ ვაკეთებ ეხლა და მერე გავაკეთებ!... არ არსებობს... ის ვინც  არ მღერის, არ ცეკვავს, როგორ შეიძლება მსახიობობაზე ოცნებობდეს?... რას ნიშნავს არ ვმღერი ან არ ვცეკვავ ან რომელიმე ეტიუდს ახლა ვერა და შემდეგ შეასრულებს?! -  მსახიობობით უნდა იყო დაავადებული, სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვა. აუცილებელია მსახიობმა თავისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენოს, რაც ხშირად პირად ცხოვრებასაც იწირავს მსხვერპლად და უსაზღვროდ მტკივნეულია. ქალბატონმა თინათინმა აღნიშნა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა შემთხვევა, როცა იძულებული გახდა სიცხიანი შვილი დაეტოვებინა შინ და სპექტაკლზე წასულიყო. სპექტაკლამდე კი აუცილებლად სჭირდება საკუთარ თავთან განმარტოება, ინტიმური კავშირის დამყარება როლთან, რომ მაქსიმალურად იგრძნოს განსასახიერებელი პერსონაჟის გრძნობათა ბუნება. მისი თქმით, მსახიობი ყოველთვის შემოქმედის კრიტიკული თვალთახედვით აღიქვამს ცხოვრების თითოეულ დეტალს. ვისაც მსახიობობა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. უპ.ყ. ფანატიზმამდე განცდილი არანორმალური სიყვარული უნდა გააჩნდეს საკუთარი არჩევანისადმი და მისთვის თავგანწირვა უნდა შეძლოს... თეატრი ნარკოტიკია. იმდენი ენერგია მიაქვს ლიმონივით გწურავს. როდესაც სცენაზე ვდგავარ, პერსონაჟი ვარ, რომელიც ცხოვრობს იმ გამოგონილ სამყაროში და სრულიად გაწყვეტილი მაქვს კავშირი ცხოვრებისეულ რეალობასთან. ამ დროს მთელი არსებით ვარ ჩართული ჩემი გმირის პრობლემებში, ვაზროვნებ და ვიბრძვი მისი ინტერესებით, ვცდილობ ვიყო კარგი პარტნიორი, ვითვალისწინებ რეჟისორის კონცეფციას. დროდადრო სატელევიზიო სერიალებშიც მიხდება მონაწილეობა. ხოლო სატელევიზიო სერიალსა და სპექტაკლს შორის ისეთი სხვაობაა როგორც დედის მიერ მომზადებულ დელიკატესსა და სწრაფი კვების პროდუქტს შორის.  სატელევიზიო სერიალში როლის მომზადებისას, მოდის ტექსტი და დროც არ არის, რომ მას ჩაუღრმავდე, ბევრი იფიქრო. იქ სწრაფი აზროვნებისა და უეცარი გარდასახვის პრინციპია აუცილებელი. თუმცა, ფინანსურად მომხიბლავია და პროფესიული თვალსაზრისითაც სამუშაო რეჟიმში ამყოფებს მსახიობს, აიძულებს ფორმაში იყოს. სატელევიზიო სერიალი გარკვეულწილად ერთგვარი გარდამავალი რგოლია თეატრსა და მხატვრულ ფილმს შორის, თუმცა მე არ მხვდა წილად ბედნიერება, რომ  ფილმში მეთამაშა. რეჟისურული მუშაობა სულ სხვა, კიდევ უფრო რთული პროცესია. ამიტომაც ჩემს დადგმულ სპექტაკლებში თითქმის არასდროს ვთამაშობ. აქ გარედან ვუყურებ სპექტაკლს. გარდა ამისა, ტეხნიკური მხარის მოგვარებაზეც თავად ზრუნავ. ყველაფრის ყიდვა თავად გიხდება რომ მწირი ფინანსები ეკონომიურად გაანაწილო და მუდამ ნერვიულობ, სულ ფიქრობ, ეხლა ლილოში რომ წახვალ, ის „პალავიკი“ ნეტავ გაძვირებული არ იყოს, რომ ფული მეყოს... მიდიხარ შენი მანქანით და  თავადვე მოგაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა.

      

სტუდენტობის წლები ყველაზე კარგი დროა ცოდნის დასაგროვებლად. დრო დიდი ფუფუნებაა და პროფესიული თვალსაზრისით აუცილებელი ყველა წიგნი უნდა წაიკითხოთ. მე ზაფხულს ველოდები და ვაგროვებ წასაკითხ წიგნებს, რადგან სამუშაო პერიოდი სრული კატასტროფაა. მსახიობობა, რეჟისურა და პედაგოგიური მოღვაწეობა დიდ დროს მოითხოვს. სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტ მსახიობებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ზღაპარი წაიკითხონ, უყურონ მულტფილმებს, ხოლო ჩაპლინი სულ ჩართული უნდა ჰქონდეთ როგორც მასტერკლასი, როგორც დიდი ინსპირაცია ფანტაზიის გასავითარებლად. სტუდენტებთან ვამზადებ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“, თავისუფალ თეატრში რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი იწყებს ოთხკაციან ახალ სპექტაკლზე მუშაობას და როლი მაქვს მოსამზადებელი.  ვნახოთ რა გამომივა. ჩვენი ბედი თქვენ ხელშია თეატრმცოდნეებო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს სიტყვას, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დაგვაკლდა მაღალპროფესიული რეცენზიები... როდესაც თეატრმცოდნე რეჟისორის კონცეფციაზე საუბრობს და არაფერს ამბობს მსახიობზე, როლში როგორ განვითარდა, რა სახე შექმნა, ძალიან გულსატკენია. რეჟისურაშიც გვაქვს პრობლემები. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზოგიერთი რეჟისორი ქმნის სპექტაკლს, რომელიც შეკოწიწებულია ეტიუდებით და რა მოხდა სპექტაკლში ვერ გამიგია. ორი კაცი იდგა და რიგრიგობით ლაპარაკობდა, თუმცა  არაფერიც არ მოხდა და ვერაფერი გავიგე. მასში თითქოს მთავარი ამბის მკაფიოდ გადმოცემის დეფიციტია. ჩვენმა პედაგოგებმა კი გვასწავლეს რომ რეჟისორი საინტერესოდ უნდა ყვებოდეს ამბავს.

 

 

შაკო მირიანაშვილი - ჩემი პირველი, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მსახიობის პროფესიაში და ჩემი პირველი წარმატებული როლი უკავშირდება თიკო კორძაძესთან მუშაობას ჩვენს სახელოვან 28-ე აუდიტორიაში, სადაც გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ დადგა. ძალიან კომფორტული იყო თიკოსთან მუშაობა. სპექტაკლი სასწავლო პროცესის შემდეგ, ფარულად მომზადდა. ამ დადგმით გვინდოდა სიურპრიზი მოგვეწყო ჩვენი პედაგოგისთვის. როცა ვუჩვენეთ შეგვაქო და ბავშვივით გაიხარა. ისეთი ამაყი იყო სტუდენტების დამოუკიდებელი ნამუშევრით რომ მისი ქება ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება გახდა ჩვენთვის და გავთამამდით. ამის შემდეგ ვუჩვენეთ ფართო საზოგადოებას და წარმატებაც მოვიპოვეთ. არაჩვეულებრივად საინტერესო კომედია გამოგვივიდა. მასში ექსცენტრიკულ ქართველ აზნაურს ვთამაშობდი და სომეხი ვაჭრის გაბრიყვების პარალელურად, მოახლე გოგოს ვეარშიყებოდი. ზოგადად  არ ვარ პრეტენზიული მსახიობი. მგონია რომ ჩემთან მუშაობა რეჟისორისთვისაც არ არის რთული. ვარ შემსრულებელი მსახიობი და მთელი არსებით ვენდობი მას. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მივიღე პირველი პრემია და ამის შემდეგ აღმოვჩნდი ყურადღების ცენტრში. რეჟისორების მხრიდან უყურადღებობასა და როლების სიმცირეს არ ვუჩივი,  არ ვგრძნობ თავს დაჩაგრულ მსახიობად  და არც შემოქმედებითი პაუზის სიმწარე განმიცდია. სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან ვთანამშრომლობ და ეს პროცესი უსაზღვროდ მხიბლავს. მიყვარს ჩემი პროფესია. ის ჩემი სულისა და ფიზიკის ნაწილია და არასდროს მიფიქრია მის „ღალატზე“, თუმცა უნდა ვარიარო, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მომცენ შესაძლებლობა ვითამაშო ჩემი საოცნებო როლი - ჰამლეტი. უზომოდ მიყვარს ეს პერსონაჟი.

 

ნუცა სულაბერიძე - გულდასაწყვეტი ის არის, რომ  თბილისში მიშა ანდღულაძე უფრო ცნობილია, ვიდრე შაკო მირიანაშვილი. არ ვაკნინებ მიშა ანდღულაძეს მაგრამ ეგრეა. ზოგს უმართლებს და ზოგს არა. ალბათ საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა იყო. მაგალითად, პირველ წელს რომ ვაბარებდი, მხოლოდ იმიტომ ვერ მოვხვდი რომ მისი (რეჟისორის) ტიპაჟი არ ვიყავი და მეორე წელს თავისუფლად ჩავირიცხე, ყველაზე მაღალი ქულა ავიღე და ვსწავლობდი უფასოზე.  აბა რა არის ეს? თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც ჩემი პედაგოგი გიორგი სიხარულიძე იყო, რამდენიმე სეზონი ქუთაისის თეატრში ვიმუშავე, მქონდა საინტერესო როლებიც, ბოლოს ელექტრა განვასახიერე სარტის ,,ბუზებში“, რომელიც დადგა ჩემმა ჯგუფელმა რეჟისორმა რეზი ქაროსანიძემ. მან გასულ წელს, სცენაზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამწუხაროდ, ოჯახური პრობლემების გამო, იძულებული გავხდი ქუთაისის თეატრი დამეტოვებინა და სამწლიანი პაუზა მქონდა. ძნელია როცა მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება გიწევს და სხვა ქალაქში მიდიხარ ყოველდღიურად რეპეტიციასა თუ სპექტაკლზე.

თიკო კორძაძე - მაგრამ მაინც ყველაზე კარგი იყო ნუცას ჩიტუნია.

ნუცა - მეე? (იცინის) მე მიყვარს ჩიტუნია. უპირობოდ ვენდობოდი თიკოს, მიუხედავად იმისა, რომ თიკოს ნამუშევარებიდან ბევრი არაფერი მქონდა ნანახი. იმ პერიოდში რთული რეჟიმი მქონდა, ბევრ პროექტში ვიყავი დაკავებული და რადგანაც პიესის დასწყისში ისე აქტიურად არ ფიგურირებს ჩიტუნია, ბევრს ვაცდენდი. მართალია ისე ვერ ვიძიეთ მე და თიკომ რაც მე მიყვარს პიესაში, მაგრამ მომწონს რომ ყველა სპექტაკლზე რაღაც მეტი და მეტი აღმოჩენა ხდება ამ პერსონაჟში. ყველა სპექტაკლზე ახალ დეტალებს ვამატებთ ხოლმე და ეს მომწონს. რაღაცნაირად ცოცხალია... (იცინის). სიამოვნებით მივიღებდი თიკოსგან მიწვევას ახალ სპექტაკლზე სამუშაოდ. მომწონს ასევე მარიამ სიხარულიძესთან ნამუშევარი ჩემი ხაიალეს როლიც „გეტოში“, ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო  ილიაუნის თეატრში კახა შარტავას დადგმული  ,,თოვლის დედოფალი“. ამ საბავშვო სპექტაკლში პატარა როლი მქონდა, მაგრამ ისეთ გადამდებ დადებით ენერგეტიკას ვგრძნობდი ბავშვებისგან, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მივიღე. ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“ კი, სადაც ირინე განვასახიერე, ძალზე მცირე დროში მომზადდა  და რაც გამოვიდა შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო. სპექტაკლის შეფასების დროს, სავარაუდოდ ეს ფაქტიც უნდა იყოს ხოლმე გათვალისწინებული. ძალიან უცნაური რეპეტიციები მქონდა, ასეთ მოკლე დროში სპექტაკლი არასდროს გაგვიკეთებია. 13 სარეპეტიციო დღე მქონდა. აქედან ორი გაცდა. პრემიერის წინა დღე იყო როცა ყველა მსახიობი პირველად შევიკრიბეთ ერთად და არცერთი რეპეტიცია არ ყოფილა სამ საათზე მეტი. ეს რომ ყოფილიყო 7 წლის წინ, დავფრთხებოდი. ასაკთან ერთად  ღელვა გაქრა. ეხლა  ფორიაქის მაგივრად, იმ დროს ვუთმობ როლს. ბევრს აღარ ვნერვიულობ და აღარ ვთანხმდები ისეთ რეჟისორთან მუშაობას, ვისი ნდობაც არ მაქვს. ეგ ფუფუნება, რომ არჩევანი შეგვიძლია გავაკეთოთ, ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. იყო დრო როცა ყველას და ყველგან მივყვებოდი. ახლა უკვე შეიძლება რომ კი და არა ვთქვა.

თამარ ქუთათელაძე - რატომ? არ შეიძლება ყველაფერზე  თქვა კი, და  თავად გახდე შენი როლის რეჟისორი?..

ნუცა სულაბერიძე - არა, მე არ მინდა რეჟისორობა, მე მსახიობობა მინდა. ვერ მექნება მაგხელა ამბიცია. პედაგოგობისკენ უფრო შეიძლება გადავიხარო, ვიდრე რეჟისორობისკენ...

 

ჩანაწერზე იმუშავეს:

თამთა კობახიძემ, გიორგი შამუგიამ, მიხეილ რამიშვილმა

მასობრივი კომუნიკაციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის II და IV კურსის სტუდენტები.

bottom of page