top of page

სტრინდბერგისეული კონფლიქტი ქალსა და მამაკაცს შორის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

274993487_5055247521232328_9014225928591120799_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი  

სტრინდბერგისეული კონფლიქტი ქალსა და მამაკაცს შორის

 

მსოფლიო დრამატურგიაში ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი იმ პიესათაგანია, რომელსაც ავტორმა თითქმის ათ გვერდიანი შესავალი დაურთო, სადაც ზუსტადაა მოცემული არა მარტო პიესის ჟანრობრივი თავისებურებანი, არამედ პერსონაჟთა ხასიათები და მიზანსცენებიც კი.

 

დრამატურგმა როგორც ჩანს ამოცანად დაისახა სწორედ ამ პიესით მეშვეობით გაგრძელებინა ის რეფორმა, რომელიც რეალიზმის წინააღმდეგ ემილ ზოლამ წამოიწყო („ნატურალიზმი თეატრში“) სტრინდბერგი, მეტერლინკის, ჰაუპტმანის, ჩეხოვის და იბსენის მსგავსად ერთ-ერთი პირველია, რომელმაც აიტაცა ფრანგი კოლეგის ნააზრევი და თავის შემოქმედების ძირითად დოქტრინად აქცია. მაგრამ ნატურალიზმი მხოლოდ მიმართულებად რომ არ დარჩენილიყო და მას განსხეულება ჰქონოდა, როგორც თეატრალურ მიმდინარეობას, იგი უნდა ასახულიყო მსახიობთა თამაშსა და თუნდაც სცენოგრაფიაში.

 

სწორედ ამ ყველაფერს ემსახურება მის შესავალიც და ის ამონარიდებიც, რასაც კრისტინა (თაკი მუმლაძე) კითხულობს და რითაც იწყება ახალგაზრდა რეჟისორ სოფიო ქელბაქიანის „ფრეკენ ჟული“ ათონელის თეატრში. აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ დათა თავაძის 2014 წ. ნამუშევარი სამეფო უბნის თეატრში, რომელიც პირველი იყო ქართულ თანამედროვე თეატრში, სადაც შემოქმედებითმა ჯგუფმა ასევე დრამატურგის ზუსტ მითითებებზე დაყრდნობით განასახიერა ეს „საპროგრამო“ პიესა.

 

„ამ დრამაში არაფერი ახლის შექმნას არ ვაპირებდი - ვინაიდან ეს შეუძლებელია - ერთადერთი, რაც მსურდა, მინდოდა გამეთანამედროვებინა ფორმა, იმ მოთხოვნილებათა შესაბამისად, რომელიც ჩემი აზრით ახალი დროის ადამიანებმა უნდა წაუყენონ ხელოვნების ამ ფორმას“ – „მორიდებით“ წერდა ავგუსტ სტრინდბერგი, თუმცა კარგად ესმოდა, რომ ეს ახალი ფორმა უკვე ხდებოდა ახალი სიტყვა სათეატრო ხელოვნებაში. ამის დასტურია მისი პიესები: „ამხანაგები“, „მამა“, „სიზმართა თამაში“, „სიკვდილის როკვა“, „ფრეკენ ჟული“, „მოჩვენებათა სონატა“. „სიუჟეტი ცხოვრებიდან ავიღე, იგი რამდენიმე წლის წინ მომითხრეს და მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩავთვალე, რომ ის დრამას მიესადაგებოდა... “ - ამბობს ჩვენკენ ზურგით მდგომი კატარინა, რომელსაც ქერა პარიკი ადევს თავზე, პარიკი, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებს (მეორედაც), როდესაც ავტორის სიტყვებს ახმოვანებს. ფარდის უკან კი საჯინიბოში ჟანი (ირაკლი გოგოლაძე) და ფრეკენ ჟული (ანასტასია ჭანტურაია) თავდავიწყებით ცეკვავენ (სცენოგრაფია დამდგმელი რეჟისორის). ფრეკენ ჟული ნიშნობის ჩაშლის შემდეგ სრულიად შეიცვალა - აღნიშნავს კრისტინა, თუმცა მამის მიერ განებივრებული, თვითონაც რომ ვერ ხვდება ვაჟია თუ ქალი. ფრეკენ ჟული არც იქამდე გამოირჩეოდა მშვიდი და წყნარი ხასიათით. ცხენებზე ჯირითი, ნადირობა იყო მისი ძირითადი საქმიანობა, მთავარი - მამაკაცების სიძულვილი კი ახალგაზრდობის ასაკიდან მოსდევს. ანასტასია ჭანტურაიას ფრეკენ ჟული ძირითადად შავ მამაკაცურ სამოსს ხმარობს. მანერებიც მაინცდამაინც ქალიშვილური არ აქვს. მამაკაცურად ხსნის ლუდის ბოთლს და ასევე მამაკაცურად მიირთმევს მას. მკაცრია და სასტიკია გარშემო არსებულ სამყაროსა და ადამიანების მიმართ. ოჯახურმა ტრაგედიამ - მათი მამულის ხანძარმა, დედის ღალატმა და მისი საიდუმლოებების გამოაშკარავებამ დაღი დაასვა მის ახალგაზრდულ ცხოვრებას და ძალაუნებურად მხოლოდ მამის ერთგული გახდა. მსახიობის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ზუსტად მიესადაგება სტრინდბერგისეულ აღწერილობას, უფრო მეტიც მისი თამაში ნატურალური სკოლის მიმართულების შესაბამისია. ავიღოთ თუნდაც ის სცენა, როცა ჟანის მიერ აკვარიუმიდან ამოყვანილ თავწაწყვეტილ თევზს ეფერება და საკუთარ სისხლში ამოავლებს. რეჟისორის მიერ მოფიქრებული ეს სცენა (პიესაში გალიიდან გამოყვანილ ჩიტს წააწყვეტენ თავს) ამ მიმდინარეობის სრული ასახვაა, ისევე როგორც სამზარეულოში კრისტინას მიერ სადილის მზადება ან კიდევ ფრეკენ ჟულის მიერ კრისტინას „წვალება“ სკამზე რომ ჩამოსვამს. ან კიდევ ჟანის მიმართ მისი დამოკიდებულება და გაუთავებელი კამათი იმაზე, რომ იგი მსახურია და რაც არ უნდა მოხდეს მათ შორის, გახდებიან თუ არა ისინი საყვარლები ან კომპანიონები ჟანი მაინც ვერ მიაღწევს მის სიმაღლეს, ვინაიდან იგი მხოლოდ მსახურია და მეტი არავინ. ჟანისა და ფრეკენ ჟულის დაპირისპირება ეს ფენათა შორის ომია, რომელსაც დასასრული არა აქვს.

 

ჟანი (ირაკლი გოგოლაძე) ამაოდ იბრძვის, რომ თავი დააღწიოს ასეთ შეურაცხყოფას, თუმცა შეყვარებულია ფრეკენ ჟულიში, თუმცა ეს არაა რომანტიული სიყვარული, ესაა მისი დაუფლების სურვილი და ეს იმდენად ძლიერია, რომ მოთმინებით ითმენს ყველაფერს, რასაც კი მის ქალბატონი ჰკადრებს. კრისტინას (თაკო მუმლაძე) სულ ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ მისი და ჟანის ქორწინება შედგება. ამას არც ფრეკენ ჟული დაუშვებს და არც ჟანია ამაზე წამსვლელი. კატერინა კი ამაოდ ცდილობს ჟანის მოხიბვლას - მის გამოჩენისთანავე წინსაფარს მოიხსნის, ლამაზ მკერდს გამოუჩენს, თუმცა ფრეკენ ჟულის შემოსვლისთანავე ისევ აიფარებს, ჰგონია, რომ ქალბატონის რისხვა გამოიწვევს, თუმცა ფრეკენ ჟული პირიქით ერთხელ წინსაფარსაც კი წაართმევს, რომ მკერდი არ დაიფაროს. ეს მხოლოდ ჟულის კაპრიზია, ყველაფერი აკონტროლოს და ყველა მხოლოდ თავის თამაშის წესით ამოქმედოს. კრისტინა კი ტყუილად ცდილობს ამ სამკუთხედში რაღაც როლი მაინც შეასრულოს და მხოლოდ ის დარჩენია ორივე მათგანს რელიგიურ სიწმინდეებზე ესაუბროს და მათში გააღვიძოს ღვთისმოსაობა. „...უფრო ადვილია აქლემი ნემსის ყუნწში გაძვრეს, ვიდრე მდიდარი ზეციურ სამყაროში შევიდეს“- პათეტიკური ტონით აღმოხდება კრისტინას (იმდენად ყალბი და უადგილო იყო ეს მოწოდება, რომ დარბაზში მაყურებელთა სიცილი გამოიწვია). ფრეკენ ჟული გამუდმებით თრობის მდგომარეობაშია, ასე ვთქვათ ფხიზელი თვალით უჭირს თავის ყოფის აღქმა - ასე აღმოჩნდება ჟანის საწოლში, ამავე მდგომარეობაში მიიღებს გადაწყვეტილებას მასთან ერთად გაიქცეს, ასევე მთვრალი „გაქურდავს“ გრაფს. „ზაფხულის ღამის დღესასწაულის“ მიზეზით სულ უფრო მეტს სვამს და ასე ამზადებს საკუთარ თავს თვითმკვლელობისთვის. ნატურალისტური და ზოგადად „ახალი დრამის“ დრამატურგიისთვის არაა ახალი ასეთი ფინალი, მას ვხვდებით არა მხოლოდ სტრინდბერგის დრამატურგიას - ასეა იბსენთან, ჩეხოვთან, ზუდერმანთან, სადაც პერსონაჟები თვითმკვლელობით ამთავრებენ ცხოვრებას.

 

რეჟისორმა (სოფიო ქელბაქიანმა) კარგი ფინალი შემოგვთავაზა. ფრეკენ ჟული ჩუმად, მალულად იმ სამართებლით კი არ გადაიჭრის ვენებს, რომელიც ჟანმა მიაწოდა, არამედ ღიად, ექსტაზში, ვაჟკაცურად ღვინის ბოთლს მიამტვრევს კედელზე და მისი ბასრი ყელით გადაისერავს მაჯებს. ძნელი იყო რასაკვირველია ახალგაზრდა რეჟისორს თავი აერიდებინა სტრინდბერგისეული განმარტებისგან და არ მოქცეულიყო მის გავლენაში. რეჟისორი რასაკვირველია მიჰყვება მის „შთაგონება“, თუმცა თავის საკუთარი და საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილები შეაქვს მასში.

 

„ფრეკენ ჟულის“ მოქმედი პირები ავტორმა განსაზღვრა როგორც „ხასიათები-კონგლომერატები“, რომლებიც თავის თავში შეიცავენ მხატვრული ასახვის პოტენციური შესაძლებლობების არცთუ სიცოტავეს, გრაფინია და მსახური იხსნებიან რეალური და სიმბოლურ მოტივების რთულ გამაში. თითოეული მათგანი ასახიერებენ თავის ფენის დაცემას“ - წერს თეატრმცოდნე ბ. ზუდერმანი, „ახალი დრამის“ დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი და მართლაც ათონელის თეატრში განხორციელებული სოფიო ქელბაქიანის „ფრეკენ ჟული“ სწორედ ასეთი წარმოდგენაა, დახვეწილი, ნატურალიზმის თეორიულ საფუძველზე დამყარებული, ძალზე რთული სათამაშო, მაგრამ მსახიობების მიერ შესრულებული უმაღლეს მხატვრულ დონეზე, რომელიც ღრმა ჩააფიქრებს მაყურებელს.

bottom of page