სპექტაკლი სიყვარულზე, რომელიც ჩვენს სხვადასხვანაირობას აერთიანებს
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მარინა მითაიშვილი
სპექტაკლი სიყვარულზე, რომელიც ჩვენს სხვადასხვანაირობას აერთიანებს
ნოდარ დუმბაძის ყველასთვის საყვარელი მოთხრობის გასცენიურება, რომელიც ბერძენი ბიჭის, იანგულის, საქრთველოსადმი სიყვარულზე, საერთოდ, სიყვარულის ყოვლისმომცველობაზე გვიამბობს, თავიდანვე დადებით მოლოდინს ქმნიდა. ეს მწერალი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გააფუჭებ. რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა, რომელმაც სპექტკლი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე განახორციელა, შეძლო არა მარტო არ შეენელებინა ამ ცნობილი მოთხრობისადმი ინტერესი, არამედ გაეზარდა კიდეც. დარწმუნებული ვარ, იმ მოზარდთა შორის, რომლებმაც ეს სპექტაკლი ნახეს, ბევრი წაიკითხავს ან გადაიკითხავს მას. ვფიქრობ, თეატრისა და რეჟისორის მხრიდან თუნდაც ამიტომ იყო „ჰელადოსის“ დადგმა კარგი არჩევანი.
ძველი ბათუმური სახლის დეკორაცია თეატრის გვერდითი ფასადის ფონზე საინტერესო სურათს ქმნიდა. მხატვარმა ვერა ყიფიანმა მხატვრული გაფორმება არათუ მოარგო სპექტაკლს, არამედ გარკვეული დატვირთვაც შემატა. რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც სახლის ეზოს კვეთს, თითქოს ამ სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობის ატრიბუტიცაა და ხიდის ქვეშ ბიჭების შეხვედრის ადგილიც, თუმცა ერთ მინიშნებადაც მეჩვენება, სოხუმთან (სადაც მოქმედება ხდება) დანგრეული ურთიერთობების აღდგენა-აშენების კუთხით და გზადაც, რომელმაც შერიგებამდე უნდა მიგვიყვანოს. რეჟისორმა ცადა, სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟთა კონფლიქტისა და ამის მეგობრობა-სიყვარულით დასრულების სიუჟეტი ნაწილობრივ, ემიგრაციის ტკივილთან, უფრო მეტად კი ეროვნული შუღლის ნიადაგზე პირგამეხებული ორი ხალხის (ქართველების და აფხაზების) სიყვარულით შეერთების აუცილებლობასთან დაეკავშირებინა. ამაზე მეტყველებს ფინალში სახლის ფასადზე ნაჩვენები ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, მთხრობელი როგორ დაადგა ლიანდაგს, სიმბოლურად - გზას სოხუმისკენ (საიდანაც იყო წამოსული), როცა საკიდიდან თეთრი (სისუფთავის სიმბოლო) ლაბადა ჩამოხსნა და ქუდიც (საქმის კეთილად დაბოლოების ნიშანი) დაიხურა...
... მანამდე კი გულწრფელად გათამაშდა ისტორია ორ მოზარდს შორის მტრობით დაწყებული სიყვარულისა. არსებობს მოსაზრება, რომ ცხოველები და ბავშვები ყველაზე კარგი მსახიობები არიან. ვფიქრობ, ამის მიზეზი მათი უშუალობა და გარდასახვისას თავგანწირული გულწრფელობაა... დიახ, ნიჭიერებასთან ერთად სწორედ გულწრფელობაა ის იარაღი, რომლითაც მოზარდმა მსახიობებმა (თავიანთ თანატოლებს თამაშობდნენ), თითქოს ხელში ჩაიგდეს მაყურებლის გული და ცრემლებად დაწურეს. უდავოდ, მრავალმხრივ მომგებიანია რეჟისორის გადაწყვეტილება, სპექტაკლში პერსონაჟების ასაკის ყმაწვილები დაეკავებინა. ბათუმის სკოლებში შერჩეული ეს პატარა არტისტები თავიანთი ემოციებით ახდენენ პროფესიონალიზმის კომპენსაციას და ინადირებენ მაყურებლის სიმპათიას. სანამ პერსონალურად წარმოგიდგენდეთ, რასაც თითოეული იმსახურებს, რამდენიმე სიტყვით მოთხრობის სცენურ ადაპტაციას შევეხებით. პეტრე ჩარგეიშვილის გადაწყვეტით, სახლის რესტავრაციაზე მომუშავე ოსტატი ძველ წიგნებს შორის პოულობს ერთს, რომელშიც გამოქვეყნებულია „HELADOS“ და იწყებს მის კითხვას, როგორც მთხრობელი, ამავე დროს წლების შემდეგ გაზრდილი მთავარი პერსონაჟი ჯემალო, რომელსაც ჩვეული ოსტატობით განასახიერებს მხახიობი ზაალ გოგუაძე. მის მიერ წაკითხული ტექსტი არ გღლის და ბუნებრივად შეჰყავხარ მეორე მსოფლიოომამდელ სოხუმში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების და მრწამსის ადამიანები. მოქმედების დინამიკურად განვითარებამდე ცოტა არ იყოს, გაწელილი შესავალი ნაწილის მთავარი აკორდია მოწიფული ჯემალოს სიზმარი, რომელშიც დიდი ხნის წინანდელი ამბის მონაწილე, ბავშვობას შერჩენილი სახეები ცოცხლდებიან: ბერძენი ბიჭი იანგული და მისი ამალა, დეიდა ნინა, იანგულის მამა ხრისტო, მუსიკის მასწავლებელი ელენა მიხაილოვნა... განსაკუთრებულად ამაღელვებელია იანგულის დატირება იმ სიტყვებით, რომლებსაც ჯემალო მას მტრობის ნიშნად ესროდა: „იანგული, ბერძენო მემწვანილე, ვირის მწყემსო, ლაწირაკო...“ გულს ამომსკდარი, ტკივილიანი, ცრემლებით ნათქვამი ეს სალანძღავი სიტყვები იქვე ტრანსფორმირდებოდა სიყვარულის მარგალიტებად და გარწმუნებდა, რომ დიახაც, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“... სხვა მხრივ, სპექტაკლი თითქმის ბოლომდე მიჰყვება მოთხრობის ტექსტს, თუმცა ვხვდებით მცირეოდენ ცვლილებებს სოხუმში დაბრუნებაზე მინიშნებებით.
რეჟისორმა, უდავოდ, მიაგნო ნიჭიერ ბავშვებს, რომლებმაც ჩინებულად გაართვეს თავი პერსონაჟების განსახიერებას. ლევან თედორაძე (სასულიერო გიმნაზია), რომელიც თავიდან თითქოს ზედმეტად ლამაზი და ნაზი გეჩვენება ქუჩის ბატონ-პატრონი ბიჭების დაკუნთულ-გარუჯული მეფის ამპლუაში, საკმაოდ მოკლე დროში გავიწყებს ამ მეორეხარისხოვან დეტალს და ემოციურობის გარდა ისეთი შტრიხებითაც ამდიდრებს თავის პერსონაჟს, როგორიცაა ყოჩური მიხვრა-მოხვრა და სწორად გააზრებული აქცენტები, რაშიც უდავოდ, თავისი წვლილი მიუძღვის რეჟისორს. მისი ხელი, ბუნებრივია, დანარჩენ მსახიობებსაც ატყვიათ. 13 წლის ჯემალოს როლის შემსრულებელი ანდრია გიორგაძე (მე-16 საჯარო სკოლა) უშუალობით, თავისი პერსონაჟის ხასიათის სრულად გათავისებით გვხიბლავს. მისი გულწრფელობა მომსყიდველია და ემოციურად ზემოქმედებს მაყურებელზე, განსაკუთრებით, მიცვალებული იანგულის დატირებისას. პროფესიონალი მსახიობისთვისაც ძნელი იქნებოდა ამ სცენის ისე თამაში, რომ მაყურებელს სიყალბის ნოტები ვერ დაეჭირა.
ანდრია ახერხებს, მაყურებლის აღელვებას სწორედ თავისი გულწრფელი განცდებით, რასაც ხშირად ვერ ახერხებენ ჩამოყალიბებული მსახიობები. დიდი მონდომებით გარდაისახებიან თავიანთ გმირებად და საკმაოდ ღირსეულად ირგებენ როლებს გაბრიელ გოგუაძე, ზუკა გოგუა (პეტკა, სასულიერო გიმნაზია, მე-20 საჯარო სკოლა), ავთო სანიკიძე (კურლიკა, მე-11 საჯარო სკოლა), იესე ჯინჭველაშვილი (გენა, 1-ლი საჯარო სკოლა), თედო თავბერიძე (ფემა, 1-ლი საჯარო სკოლა), ანდრია თურაძე (კოკა, მე-9 საჯარო სკოლა), მიქაელ გოგუაძე (პანჩო, სასულიერო გიმნაზია)... ნორჩი ბალერინა ქეთი ფოფხაძე (მე-2 საჯარო სკოლა) კი შესანიშნავი პლასტკით გვიხატავს იანგულის სიყვარულის ობიექტს, ოცნებასავით ჰაეროვან გოგონას. ეპიზოდურ როლებს ასრულებენ პროფესიონალი მსახიობები ნანა კიკვაძე (დეიდა), ზურაბ ქავთარაძე (ხრისტო), მასწავლებელი (დიანა ჩახუნაშვილი).
სპექტაკლი ემოციურად გაამდიდრა ბერძნული ცეკვა „სირტაკის“ ჰანგებზე ქართველი ყმაწვილი მსახიობების ფერხულმა, რასაც ღია ცის ქვეშ ფეიერვერკიც მოჰყვა და ერებს შორის მეგობრობა-სიყვარულის აპოგეის განცდა მოჰგვარა მაყურებელს.
ამბავს, რომელზეც სპექტაკლში მოგვითხრობენ, თავისებურად გვიყვება რეჟისორის მიერ საინტერესოდ შერჩეული მუსიკაც, იგი სრულიად განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებებისგან შედგება და კი არ ამძიმებს ისედაც ტრაგიკულ სიუჟეტს, არამედ თითქოს უფრო განყენებულად, მსუბუქი სევდით, სიყვარულით აღქმაში გვეხმარება.
ცალკე ემოციის მომტანი იყო ზემოთ უკვე ნახსენები ვიდეოკადრები სპექტაკლის ბოლოს, რომელშიც მთხრობელის როლში, მისივე ჩაცმულობით გვევლინება არა ზაალ გოგუაძე, არამედ ამ პერსონაჟის პირველი შემსრულებელი, აწ გარდაცვლილი ლაშა კუხიანიძე. იგი ტრაგიკული შემთხვევის გამო მანამდე დაიღუპა, ვიდრე დადგმაზე მუშაობა დასრულდებოდა. ამ გარემოებამ კიდევ ერთი დატვირთვა მისცა სპექტაკლს - პრემიერა მის ხსოვნას მიეძღვნა და მეგობრული სიყვარულის უფრო მეტად გამომხატველი გახდა. სპექტაკლზე მუშაობა ერთი წლის წინათ დაიწყეს, თუმცა პანდემიამ შეაყოვნა. საბოლოოდ, მაინც მივიღეთ სპექტაკლი, რომელიც არა დიდაქტიკური შეგონებებით, არამედ ნამდვილი, სუფთა ემოციებით გვაჩვენებს, რომ ჩვენი, ადამიანების სხვადასხვანაირობას (ეროვნების, მრწამსის, შეხედულებების, სოციალური წარმომავლობის, ხასიათის... მიუხედავად) ერთი მთლიანის სხვადასხვა ფერად აქცევს და მნიშვნელობასაც უკარგავს სიყვარული, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა მეგობრობაც.