top of page

 „სოფელსა შინა“ - პრემიერა ბათუმში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

329479275_583545250322064_5491849116597738048_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

 „სოფელსა შინა“ - პრემიერა ბათუმში

 

ამბავი, რაზეც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი და მისი რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია მოგვითხრობს 1904 წლის გლეხთა აჯანყებას ასახავს და მიხეილ ჯავახიშვილმა ის ჟენევაში ყოფნის დროს შექმნა, ეს მისი ერთადერთი პიესაა, თუმცა ავტორის სხვა პროზაული ნაწარმოები ხშირად იდგმებოდა და დღესაც იდგმება ქართულ თეატრში. თვით ავტორი ფედერალისტებთან ურთიერთობის გამო ნასამართლევიც კი იყო. მიხეილ ჯავახიშვილის დამოკიდებულება ნაწარმოებში ასახულ მოვლენებთან ცხადყოფს, რომ ამ აჯანყების დამარცხების მიზეზად მხოლოდ რუსეთის მრავალრიცხოვან ჯარს არ თვლის.

თავიდანვე უნდა ითქვას, ეს პიესა ავტორის მცდელობაა დრამატული ნაწარმოები შესაქმნელად, თუმცა იგი ვერ გაუტოლდება იმ პროზაულ შედევრებს, რასაც მიხეილ ჯავახიშვილი მოგვიანებით წლებში შექმნის: პერსონაჟთა ხასიათები არაა დახვეწილი, გაურკვეველია მამის - გიორგი აბელაშვილის და შალვას კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მხოლოდ მამის მზრუნველობაში არ უნდა იყოს გამოხატული, სუსტია ელენეს პერსონაჟიც, ისევე როგორც სხვა ამბოხებულთა ხასიათები. ამ ყველაფერმა რასაკვირველია გავლენა იქონია სპექტაკლის ლოგიკაზეც - არის ბევრი კარგად აწყობილი მიზანსცენა: მიტინგის სცენა დასაწყისში, სოფლის კრება, და რასაკვირველია სპექტაკლის ფინალი, როდესაც თეთრ ზეწარ-სუდარაში გახვეული ელენე სარეცხის თოკით თავს ჩამოიხრჩობს და ეკლესიის კედელზე ნინო წმინდას ხატი ისახება, სანდროს და ახალგაზრდა გოგონა ავანსცენაზე, ერთგვარი ხიდი ახალ თაობასთან, მაგრამ ამავე დროს არის ნაკლებად საინტერესო და ოდნავ გაჭიმული მომენტებიც.

ნიშანდობლივია, რომ რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას მიერ დადგმულს სპექტაკლთა შორის „შერცხვენილნი“ სწორედ რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჩნდება. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თავის სამსახიობო ჯგუფთან დადგმულმა სპექტაკლმა მალე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ პროფესიული თეატრის სცენაზე გადაინაცვლა.

პირველ ვერსიაშიც და ახლაც რეჟისორი მკაცრად მიჰყვება ავტორისეულ ტექსტს (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არაარსებით ცვლილებას ელენე დიაკვნის ნაცვლად მასწავლებელ სანდროს ქალიშვილია). მიხეილ ჯავახიშვილის მთავარი გმირი შალვა (მამუკა მანჯგალაძე) - აჯანყების მეთაური ის გმირია, რომელმაც გამოუცდელობის, მერყეობისა და თეორიულად თუ პრაქტიკულად მომზადებულობის გამო ვერ შეძლო დაწყებული საქვეყნო საქმის ბოლომდე, გამარჯვებამდე მიტანა. ზუსტად ასეთია მსახიობ მამუკა მანჯგალაძის მიერ შექმნილი სცენური გმირი. სპექტაკლში გამოკვეთილია ამ დამარცხების მიზეზებიც: რუსმა ჯარმა არა მხოლოდ რაოდენობით სძლია აჯანყებულებს, საკუთარ მიწებსა და კარ-მიდამოს და სამშობლოს რომ იცავდნენ, არამედ იმიტომ რომ ქართველი ერისთვის სამწუხაროდ სენად ქცეულმა ღალატმა და ურთიერთდაპირისპირებამ იჩინა თავი. ინტელიგენცია: მასწავლებელი სანდრო (კახა კობალაძე), ექიმი გელაშვილი - ზაალ გოგუაძე თავისთვის, თავად-აზნაურობა თავადი ლუარსაბი (ნოდარ იაკობიძე), თავადი მამუკა (სესე მიქავა) თავისთვის, სამღვდელოება - ესტატე დიაკვანი (ტიტე კომახიძე) - ცალ-ცალკე დაყოფილმა ამ გურიის პატარა მოსახლეობამ ვერაფრით შეინარჩუნა იმ უმცირესი მონაპოვარი, რასაც ამბოხის პირველ ეტაპზე მიაღწიეს. წინააღმდეგობა შალვასა და ქაიხოსროს (დავით ჯაყელი) შორის, ვინც თავიდან მოახერხეს გლეხთა და გლახაკ-უქონელთა გაერთიანება და სამღვდელოებაც კი გვერდში ამოიყენეს, რუსის ჯარის მიერ დამსჯელი ოპერაციების ჩატარების შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ღალატმა იჩინა თავი. რაც არ უნდა თავი იმართლოს ქაიხოსრომ: „ერთობის კაცი ისა არის, ვინც ხალხს ემსახურება მის სურვილს ემორჩილება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოდესმე ხალხის წინააღმდეგ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგას...ერთგულად ვემსახურებოდი ერთობას“ - გადამწყვეტ მომენტში შალვასთვის ზურგის შექცევა საბედისწერო ხდება და დანაშაულის ტოლფასია. რეჟისორი ბათუმის თეატრის მსახიობებთან და მთელ შემქმნელ ჯგუფთან ერთად (მხატვარი გოგლა გოგიბერიძე, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე) ცდილობს გამოკვეთოს და ხაზი გაუსვას პოლიტიკურ ბრძოლაში პიროვნების, ლიდერის როლს, რომლის გამბედაობა, გამჭრიახობა, ინტელექტი და გამოცდილება დიდ წილად დამოკიდებულია იმ შედეგზე, რა მიზანსაც ისახავს ეს პოლიტიკური ბრძოლა.

პიესაში მიმდინარე ამბავი, რეჟისორისა და მხატვრის მიერ ეკლესიის ეზოში, მის ჩამონგრეულ გალავანთან მიმდინარეობს. იქვე ეზოში თუნუქის ღუმელია, საფლავის ქვები, უკან ნახევრად წაქცეული ძველი კარადა, სადაც ქაიხოსრო აჯანყებულთა ფულად სახსრებს მალავს, კარები, რომლის დასაწყისში გამუდმებით ჯახუნობს. ასეთი პირობითი სივრცე სრულიად მისაღებია აჯანყებული სოფლის საველე პირობებში თუ არა ერთი ნიუანსი: კარები, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში ხშირად იყო გამოყენებული თავისი ძირითადი ფუნქციით, კარებიდან შემოდიან და გადიან პერსონაჟები, შემდგომ უცნაურად იგნორირებულია მსახიობების მიერ და მისი გვერდის ავლით, ხან მარჯვენიდან და ხან მარცხნიდან შემოდიან ძირითად სცენაზე. შალვა (მამუკა მანჯგალაძე) მშობლებთან (მამა, გიორგი აბელაშვილი -ავთო ქარჩავა, დედა, მაიკო - ლია აბულაძე) მძაფრი კონფლიქტის მიუხედავად სათავეში ჩაუდგება ამ აჯანყებას. მისი ამ ეზოში გამართული მიტინგი მისი მგზნებარე სიტყვა აღაფრთოვანებს მასებს, საბრძოლველად განაწყობს ყველას და უბიძგებს საგმირო საქმეებისკენ. მაგრამ ის ჩამოყალიბებულ ლიდერად მაინც ვერ ხდება - კრიტიკულ მომენტში დაბნეულია, არ ჰყოფნის წინამძღოლად ყოფნის გამოცდილება და ალბათ ასაკიც, რომ მოცემულ სიტუაციაში თავის გადამწყვეტი სიტყვა თქვას. რასაკვირველია, ამ გათითოებულ სოფელშიც ხალხის მასაც ძალიან სუსტია, თუნდაც რაოდენობით, ეს აჯანყება მთელი საქართველოს ამბოხებად ვერ იქცა და შალვა მხოლოდ ვანოსა და მისი ძმის მხარდაჭერა ვერ იხსნის მათ იდეებსა და გამარჯვებისკენ ლტოლვას.

ქაიხოსრო (დავით ჯაყელი) მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი პერსონაჟია, საკუთარ საქციელში იგი უფრო სრულყოფილად და დამაჯერებლად გამოიყურება თავის ქმედებაში, ვიდრე შალვა. მათ შორის პირველი ბზარი სპექტაკლის დასაწყისშივე ვლინდება: „…შალვა თავის ქერქში ვერ არის, .... ერთი მითხარი, შენი ჭირი მე, რათ იკისრა მაგ კაცმა ამოდენა ხალხის მეთაურობა? თითქო პირველად ხალხის წინააღმდეგ იყო!“ (მ. ჯავახიშვილი, თხზულებათა მეხუთე ტომი, გვ. 337), რაც შემდგომ თანდათანობით ღრმავდება და თუ შალვა მერყეობს, თავზე დატეხილ უბედურებას - საცოლის გაუპატიურებას მძიმედ განიცდის, თვითმკვლელობასაც კი ცდილობს, სადაც კიდევ ერთხელ ვლინდება მისი მერყევი ხასიათი, ქაიხოსრო სრულიად თავდაჯერებული, მიზანდასახულია და უფრო ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა რასაკვირველია, ბუნებით მოღალატეა. სარგებლობს რა სოფლის კრების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ აჯანყება და წინააღმდეგობის გაწევა, ერთ-ერთი პირველი განუდგება შალვას და მის მცირერიცხოვან მხარდამჭერებს. ალბათ, ძნელია შალვას პროტოტიპის მონახვა საქართველოს ისტორიაში, (პარალელი ალბათ არსენა მარაბდელისკენ უნდა მიდიოდეს) სამაგიეროდ, ქაიხოსრომ მსგავსნი კი ნამდვილად ბევრი იყვნენ და ახლაც ძალიან არიან.

სოფლის კრება სავალალო გადაწყვეტილებას იღებს - პურ-მარილით, თეთრი დროშებით, ბოდიშის მოსახდელად ეწვიონ დამპყრობელ რუსის ჯარს. მიუხედავად შალვას შეგონებისა: „ნუ მიდიხართ დასახვედრად, ნუ მიგყავთ ქალები და ბავშვები, ნუ მიგაქვთ ეს დროშები, ბაირაღები... ხატები, პურ-მარილით თქვენვე ნუ სთლით თქვენს უღელს, ნუ ისხამთ თავზე ლაფს“. სოფლის მაცხოვრებლები სამუდამოდ შეირცხვენენ თავს.

მეორე მოქმედება სწორედ შერცხვენილ, დამცირებულ და დაპყრობილ სოფელში იწყება, თეთრი ზეწრები, რომელიც ამ ეზოში გამოუფენიათ იმ თეთრ ბაირაღებს მოგვაგონებს, რითაც რუსის ჯარის მეთაურებს ეახლნენ. „ეგზეკუცია“ გრძელდება - დამპყრობლები მეთაურის მათთვის გადაცემას მოითხოვენ - აქ კი შალვა ავლენს საკუთარი ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას - მცირე ყოყმანის შემდეგ, თანხმდება ეახლოს მათ და საკუთარი თავის განწირვით იხსნას დასჯისგან ისინი ვინც რუსის ჯარის მიერ დაპყრობის ოპერაციას გადაურჩნენ. აქვე განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კომპოზიტორ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა (რაც სამწუხაროდ უკვე იშვიათი გახდა ქართულ თეატრში), რომელიც თავის მრავალხმოვანებით, დრამატიზმით ზედმიწევნით გამოხატავს იმ მძიმე სამყაროსა და განწყობას, რომელიც აჯანყებულ სოფელს სუფევს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის პროფესიული დრამატული თეატრი ამ პრემიერით იწყება თავის ახალი ეტაპს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას ხელმძღვანელობით, წინ საინტერესო გეგმებია, მზადდება კიდევ ორი პრემიერა.

bottom of page