
სოციუმისგან სტიგმატიზებული ქალები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანი ცხვედაძე
სოციუმისგან სტიგმატიზებული ქალები
2025 წლის 1 ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა _ მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლის პრემიერით „ჰაიდე“ ანშლაგით გაავსო მაყურებელთა დარბაზი.
დღევანდელი სამყაროს პულსაციაში, ტექნოკრატიული აღზევების პირობებში, როცა ერთგვარი ჰიპერაქტიური თვითშემეცნებისა და მენტალური ცნობიერების განვითარების გზებზეც - ადამიანი თანდათან თვითდაკვირვებასა და სხვადასხვა ტიპის კვლევითი პრაქტიკების რეალიზაციას უწყობს ფეხს., თანამედროვე საქართველოს ზოგიერთი რეგიონის (და არა მარტო რეგიონის) ეთნიკურ ჯგუფებში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონები და სრულწლოვნები - ჯერ კიდევ დისკრიმინაციულად დაუსრულებელ დაღდასმულ წნეხში არსებობენ!
ფემინური სქესის, როგორც უუფლებო მარიონეტის, სხეულის საკუთრების შეგრძნების გარეშე მყოფის, იდენტობის არმქონე <სუბიექტის> სტიგმატიზაცია, ერთი შეხედვით უხერხულობას უნდა იწვევდეს დღევანდელ დღეს(!), თუმცაღა ერთ-ერთ მოწინავე პრობლემად რჩება არსებულ სოციუმში ქალთა უფლებების, თავისუფალი მოქმედებების, ინდივიდუალური ცხოვრების გზის დისკრედიტაციულ რაკურსში განხილვა.
„ჰაიდე“ (ტექსტის ავტორი: ქეთევან სამხარაძე) უტრირებულად ხაზს უსვამს - მდედრობითი სქესის სხვადასხვა კუთხით კოლექტიურ სტიგმატიზაციას.
დიდი ხნის ხავსმოკიდებულ პარადიგმებად ქცეული <სტერეოტიპები> ქალის ინდივიდუმს ავტომატურად სამსხვერპლო ჩარჩოში აქცევს. ქალის ვიტალურ და მენტალურ ყოფას უკიდურესად სევდიანს, უსიხარულოს, ლოკალიზებულს, მყარად ჩაკეტილს, კონვულსიურსა და დესტრუქციულს ხდის!..
პერმანენტულ რეჟიმში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები, მარგინალური სტერეოტიპების კორიანტელში ეხვევიან, როგორც ოჯახის, ისე სხვადასხვა მიკრო სოციალური სეგმენტის მხრიდან. ამ დროს ქალის შინაგანი სურვილები, მისწრაფებები, იდენტობა, არჩევანი და კიდევ ბევრი რამ _ აბსოლუტურად უგულებელყოფილია, მკაცრად ნიველირებული.
ქალი ზუსტად იმავე ხარისხით იმსახურებს თავისუფალ არჩევანს - შვილის ყოლის, დაოჯახების, განათლების მიღების, დასაქმების თვალსაზრისით ნებისმიერ ასაკში, როგორც კაცი; და ამ რუდიმენტულ საკითხზე არ უნდა უხდებოდეთ ქალებს თავის დაცვა და მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის თემა უშუალოდ მხოლოდ ქალთა საკითხს განიხილავს, აქვე მსურს აღვნიშნო იმ კატეგორიის კაცების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენს და თავის მხრივ სამწუხარო ‘მსხვერპლები’ არიან ოდესღაც დაკანონებული კოლექტიური ცნობიერებისა, რის მიხედვითაც ქალს მოიაზრებენ, როგორც <საკუთრებასა და მორჩილ არსებას>! სამწუხაროდ ამ პერვერსიულ ასპექტს ნაკლებად უსვამენ ხაზს, როცა უფლებების შესახებ დისკურსს აწარმოებენ.
თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის, როგორც მხატვარ-ქორეოგრაფ-რეჟისორების ერთობლივი კოლაბორაციული ნამუშევრები (თეატრალური კომპანია „ჰოი“) უახლეს ქართულ თეატრს უნახავს; ამჯერად <ჰაიდე> ვერბალურ-ფიზიკური თეატრის სინთეზის ერთგვარი ნიმუშია, სადაც წამოჭრილ პრობლემურ თემატიკას ზედმიწევნით ავთენტურად ერწყმის თათა თავდიშვილის ქორეოგრაფიული, ექსპრესიული ფრაგმენტები, ტატო გელიაშვილის მხატვრულ-ესთეტურ არჩევანსა და რეჟისურასთან.
ტრაგიკულ ექსპრესიას ცალსახა პროფესიონალიზმით აღწევს დადგმაში მარინა ჯოხაძე; და მასთან ერთად სცენაზე მდგარი თითოეული ერთი ამბის მთხრობელი, როგორც <ჰისტრიონი>: თათია თათარაშვილი; ზურა ხაფთანი; ლიზა ნიკვაშვილი; ნინი ნოზაძე; პაპუნა ირემაძე; ალექსანდრე შარაბიძე; მაკა სტეფანია; მარიამ ჭოხონელიძე; ნიკა გუგუნავა. მუსიკა - მიხეილ ზაქაიძის.
„ჰაიდე“ ავადაქტუალურ პრობლემას - ქალთა უუფლებობას, ჩაგვრას, მათ მიმართ ძალადობას, დისკრიმინაციას დემონსტრირებს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე;
აღნიშნული დემონსტრირება უტყვი მანიფესტაციაც არის და ამავე დროს, ხმამაღალი, ბუკვალურად სკარიფიკაციული, <ფერწერული კონვულსიური> რიტმი.