
სოციალური სატირა - მარჯანიშვილის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანი ცხვედაძე
სოციალური სატირა - მარჯანიშვილის თეატრში
კონსუმერულ ეპოქაში, კლიმატური ცვლილებების, წარმოებული ომებისა და სხვადასხვანაირი ფსიქო-სომატური სიმპტომატიკის მიმდინარეობის პარალელურად, რა სახის დისკომფორტი აქვს თანამედროვე ადამიანს?!
მაგალითად, ერთ-ერთია:
კომუნალური პირობების შეზღუდვა; დენის, წყლის, გაზის და სხვა ფუნდამენტურად გარდაუვალი საჭიროებების ხელმიუწვდომლობა, ან როცა პროდუქტებზე ფასები იმატებს, ან ბანკების საპროცენტო განაკვეთები იზრდება; ამ მოცემულობების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტს განიცდის, ხოლო ობიექტურად თუ ვიტყვით, მაშინ ადამიანი მწვავე სტრესში ვარდება! არა პროდუქტიული და არაპრაგმატულიც ხდება, შესაძლოა მარტივად მართვადიც გახდეს, დანებებული და შეშინებული <ზემდგომი კონიუნქტურული სისტემების> მხრიდან, ვის ხელშიც არის, სწორედ ადამიანის ბაზისური კომუნიკაციების მართვის ორიენტირი! ან შესაძლოა კრიზისში მყოფი მოქალაქე დისციპლინურად პრაგმატული, მეამბოხე და რეზისტენტული გახდეს!
ქეთი ცხაკაიას გმირი-ანტონია, ლაშა შეროზიას სპექტაკლში (დარიო ფოს პიესის ინსცენირება) - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით!“ – შემოთავაზებული პარტიტურის ერთგვარი მოდულაციური ღერძია, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე სცენაზე დგას და არცერთი წამით არ აგდებს ვერბალურ და ფიზიკურ რიტმს, ინდივიდუალური ხელწერით ჰაეროვნად ჟონგლიორობს თავისი გმირის მანიპულაციურ ლაბირინთში. მაყურებელს არ აძლევს მოდუნების, ან ზოგიერთ მაყურებელს ჩაძინების საშუალებას (ჩაძინების პირდაპირი მნიშვნელობით).
ცხაკაიას ანტონია მთლიანი დრამატურგიული სქემის მაორგანიზებელიცაა და პერსონალური ენერგეტიკული მუხტით ზემოქმედებს თანადამსწრე დამკვირვებელზე - აღნიშნული ნიუანსები პარტერში კონცენტრაციას წარმოშობს ხოლმე. მისი პერსონა არც ნებდება, არც უშინდება უშიშროების უწყების გამომძიებლებს და არც ფარ-ხმალს ყრის., ის იბრძვის, ეშმაკურად ჟონგლიორობს, ზემოქმედებს და გადარჩება კიდეც. ზუსტად ისე წარმართავს მიზანსცენურ კომპოზიციას, რომ საბოლოოდ რენტაბელური მდგომარეობა მიიღოს.
სპექტაკლის ანოტაციიდან ამონარიდი ასეთია: „ანტონია სხვა მუშათა კლასის ქალებთან ერთად, რომლებიც უარს ამბობენ გაბერილი ფასების გადახდაზე, მაღაზიიდან პროდუქტებს ისე დაიტაცებენ არაფერს არ გადაიხდიან“.
ცხაკაიას ანტონია, ანა სანაიას შესანიშნავ-მარგარიტასთან უნისონში თავბრუდამხვევი ხრიკების კორიანტელს მოიფიქრებს, რათა ქვეყანაში ფასების უკანონო მატებას კონტროვერსიული ნაბიჯით უპასუხოს. ის თანდათანობით იმორჩილებს თავის კანონმორჩილ, გაუბედავ ქმარს-ჯოვანის (ბესო ბარათაშვილი), გავლენას ახდენს ძალიან ფლეგმატურ პერსონაჟ ლუიჯიზეც (დიმიტრი ტატიშვილი),
ხოლო, თუ და რა სახის <სასპენსს> შექმნის მანიპულაციების შედეგად პოლიციელსა (გვანცა კორშია) და უშიშროების თანამშრომელთან (ვალერი კორშია), ეს სიტყვიერი აღწერის გარეშე თავად უკეთ ნახეთ...
სცენოგრაფიული ნარატივი (სცენოგრაფია და კოსტიუმები - შოთიკო ბაგალიშვილი) ამ დადგმის შემთხვევაში თვალსაჩინოდ მივიჩნიე, რამდენადაც სათქმელის ამეტყველების თვალსაზრისით რეჟისორის კარგი დამხმარე აღმოჩნდა. დაბალჭერიანი, ვიწრო, მონოქრომული, პასტელის ფერში ვარდისფერი სამოქმედო სივრცე - მშვენივრად უტრირებს <სოციალური გაუმართაობის> საკითხის სიმწვავეს, როგორც ყოველი ადამიანის ბაზისურ ფუნდამენტურ პრობლემას.
სცენის ამ დაკონკრეტებულ სივრცულ არეალში წელში გაუმართავი გმირები მოქმედებენ, ხშირად კომიკური მოძრაობებით, (ქორეოგრაფია - გია მარღანია) სოციალური ფარსის, ან სატირის კონტექსტში.
დასაფიქრებელია, რიგი რეპრესიების შედეგად აქტიური პროტესტების ფონზე, ძირითადად რატომ არასდროს ანონსდება, მაგალითად, კომუნალური გადასახადების მატებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია?! ან თუნდაც, ზედმეტად მცირე გასამრჯელოების (ხელფასებისა და პენსიების) პარალელურად, რამდენად ეკვივალენტურია არსებული საბანკო კრედიტების ნიშნულები?!.. რატომღაც ამგვარ სოციალურ საკითხებზე მსჯელობა არც ისე <კარდინალურად გვეჩვენება> და ცოტა გვეუხერხულება კიდეც - ყოველი მოქალაქისთვის ელემენტარულ საბაზისო პრობლემებზე სკანდირება.
ის კი გვახსოვდეს, რომ სანამ <ხელოვნების სფეროებამდე>; <გამოხატვის თავისუფლების ხარისხამდე>; და სხვა <სუბკულტურულად, გვინდა არ გვინდა, ვიწრო საკითხებამდე> მივალთ, მანამდე არსებობს სოციალურ პრობლემათა ჯაჭვი,. და არც ისაა დიდად საკვირველი სუბკულტურულ წრეებში ჩაკეტილი პროტესტი, რომ ვერ გახდეს მასობრივი - მუდმივად საბაზისო საჭიროებებით შეწუხებული მოქალაქეებისთვის!..
დარიო ფოს დრამატურგია კი, არა მხოლოდ იტალიური კულტურის თანამედროვე მონაპოვარია, არამედ გლობალურ მასშტაბს მოიაზრებს.
მაშასადამე, რამდენადაც სახალხო, უკომპრომისო, თავისუფალი და სუბლიმაციურია, იმდენად საპასუხისმგებლოა, როგორც უნივერსალური ავტორი-შემქმნელის (დრამატურგი-რეჟისორი-მსახიობი) მასალასთან ფრთხილი ფლირტი და სცენაზე არტიკულირება - მიმდინარე დროის კონტექსტში თუ მიმდინარე დროსთან უკონტექსტობაში.
**<არ გვიხდით?! არ გადავიხდით!> ლაშა შეროზიას მეორე ნამუშევარია მარჯანიშვილის თეატრში; მაყურებელს გვახსოვს 2016 წელს, თეატრის სხვენში - არისტოფანეს კომედიის მიხედვით დადგმული ეპატაჟური სპექტაკლი „ლისისტრატე“.
*ფოტო: ცოტნე წერეთელი