top of page

სოციალური სატირა დღევანდელობაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

317493943_5761707963920798_1703630035276718879_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

სოციალური სატირა დღევანდელობაზე

 

თუკი პოსტსაბჭოთა სივრცის თეატრში (რუსეთი, ლიეტუვა, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა) ტრენდული გახდა გასული საუკუნის 30-40-იანი წლების საბჭოთა დრამატურგიის ახლებური სცენური ინტერპრეტაცია (კომუნიზმის შენებისა და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული თემები, ან საბჭოთა რეპრესიებზე შექმნილი ახალი პიესები), ქართულ თეატრში სულ უფრო აქტუალური ხდება საბჭოთა კავშირის ეპოქის მიწურულის, მისი ნგრევისა და შემდგომი პერიოდის ჩვენება სცენაზე.

 

საქართველოს უახლესი წარსულის გაანალიზების მცდელობა სცენიდან საინტერესოცაა და აუცილებელიც, მაგრამ ქართული თეატრი, პოსტსაბჭოთა თეატრების მსგავსად, არ აღმოჩნდა თანმიმდევრული. ლოგიკური იქნებოდა თანამედროვე მაყურებელს ჯერ ის გაეგო როგორ და რა გზა განვლო საზოგადოებამ და საბჭოთა კავშირის წევრმა ქვეყნებმა მათი გაერთიანების შექმნისას (რეპრესიები, ომი, დიქტატურა...), ხოლო შემდეგ გაეაზრებინა უახლესი წარსული. როგორც გასული საუკუნის 90-იანებში ქართულმა თეატრმა გამოტოვა ბევრი მიმდინარეობა და ტენდენცია, სწორედ ასე აურა გვერდი დამოუკიდებელი საქართველოს თეატრმა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პერიოდის გადაფასება-გააზრებას.

 

XX საუკუნის 80-90-იანი წლების საქართველო წარმოგვიდგინა დავით დოიაშვილმა ბასა ჯანიკაშვილის პიესით „მე გადმოვცურავ ზღვას“ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში. წარმოდგენა წლის სათეატრო „ბესტსელერად“ უმალვე იქცა, რასაც მოწმობს ანშლაგებით გამართული წარმოდგენები, რომელზედაც დასასწრები ბილეთიც თვალის დახამხამებაში დეფიციტური ხდება. წარმოდგენამ ახალ თეატრში მიიყვანა ისეთი მაყურებელიც, რომელსაც თეატრი აქამდე არ იზიდავდა და შესაბამისად არც დადიოდა.

 

ამბავი, რომელსაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მოგვითხრობს დავით დოიაშვილის ახალ სპექტაკლში „მე გადმოვცურავ ზღვას”, საბჭოთა კავშირის ნგრევის შეუქცევადი პროცესის და დამოუკიდებლობის მოპოვების მიჯნაზე მიმდინარეობს. ეპოქაზე, რომელიც გვგონია, რომ წარსულს ჩაბარდა და მისგან გაქცევას ვცდილობთ, სინამდვილეში კი ჩვენს მენტალურ გენეტიკაში კვლავაც აქტიურად ცოცხლობს, სისტემა კი კვლავაც წარმატებით მუშაობს. ამიტომაც, ბასა ჯანიკაშვილის ტექსტი აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტსაც შეიცავს. მუსიკალური წარმოდგენა ორ მოქმედებად, სულაც არ არის მეფე ირაკლი ჩარკვიანზე, თუმცა მთელ წარმოდგენას მისი და ქეთათოს ახლებურად გადამუშავებული მუსიკალური თემები და მოტივები ფონად გასდევს, უფრო სწორად ეს მუსიკაა წარმმართველი სპექტაკლში.

 

 „მე გადმოვცურავ ზღვას“  ხატავს ეპოქას მახინჯი სისტემით, რომელშიც ადამიანები ტოტალური დასმენებისა და მიყურადების მსხვერპლნი არიან, ვხედავთ როგორ აკარგვინებს ადამიანურ სახეს საბჭოთა მართვის სისტემა და როგორ განიცადა რეინკარნაცია საბჭოთა ლიდერებმა დამოუკიდებელ საქართველოში და როგორ ხდებიან თავიანთივე შექმნილი სისტემის მსხვერპლნი. მუსიკალურ სპექტაკლში, რამდენიმე ოჯახის მაგალითზე, იშლება „პერესტროიკის“ ეპოქის ქართული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოების შავ-თეთრი პეიზაჟი.

 

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს მოიცავს მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი „ბუნკერი“, რომელიც ივა ფეზუაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში. ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა 2021 წელს ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, მანამდე იყო წინანდლის პრემია (2020), ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. ვფიქრობ, „ბუნკერის“ დადგმით რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა და ახალმა თეატრმა კიდევ უფრო გააფართოვა აუდიტორია, რომელმაც სპექტაკლის წყალობით, ივა ფეზუაშვილის შემოქმედება უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო.

 

ახალი თეატრის „ბუნკერი“ ივა ფეზუაშვილის რომანის ტექსტის თეატრის სცენაზე გადატანის მორიგი მცდელობაა და არა რომანის სათეატრო ინტერპრეტაცია. სპექტაკლში, ისევე როგორც რომანში, ერთი ოჯახის მაგალითზე მსახიობი-პერსონაჟები მოგვითხრობენ (და არ წარმოგვიდგენენ) არა მხოლოდ დღევანდელ ცხოვრებაზე, არამედ რეტროსპექტივის პრინციპით, გვიამბობენ უახლოეს წარსულზეც.

 

რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ივა ფეზუაშვილის რომანის ტექსტის (პირველ და მესამე პირში დაწერილი მონოლოგების) ილუსტრირების და თეატრალიზებული კითხვის ხერხს მიმართავს. ამ პროცესში იკვეთებიან „ბუნკერის“ პერსონაჟები - უბრალო ადამიანები, ოცნებებითა და სენტიმენტებით, წარუმატებლობითა და მომავლის იმედით. რეჟისორი არ ცდილობს მწერლის შექმნილი სამყაროს „შელამაზებას“, ინტერპრეტირებას, „პირველწყაროდან გაქცევას და დისტანცირებას. ამიტომაც სპექტაკლი „ბუნკერი“ ჩვენს საზოგადოებაზეა, საბჭოთა სისტემაზე, რომლითაც დღემდე იმართება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ბიუროკრატიაზე, ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუციაზე, ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებზე, შიშსა და გაჭირვებაში ცხოვრებაზე, ბუტაფორიულ დემოკრატიაზე, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თაობაზე...

 

ტექსტის ილუსტრირება განსაზღვრავს სპექტაკლის (უფრო სწორად, თეატრალიზებულ კითხვაზე ცოტა მეტის) თხრობის სტილსა და მანერას, მსახიობ-პერსონაჟთა ქმედებას. სრული ტექსტი მიკროფონის თანხლებით ისმის, რაც ბუნებრიობას უკარგავს პერსონაჟებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც გარდაისახებიან (იშვიათი გამონაკლისის გარდა), წარმოდგენის მსვლელობისას მსახიობები ხაზგასმით გვახსენებენ, რომ ჩვენ (მაყურებელი) თეატრში ვართ და მეორე მოქმედებასაც უნდა დაველოდოთ, სადაც მოვლენები სხვაგვარად განვითარდება...

 

მსახიობები -  დავით ბეშიტაიშვილი (გენა), ბუბა გოგორიშვილი (მილა), ანასტასია ჭანტურაია (ზემა), გივიკო ბარათაშვილი (ლაზარე), გიგა დათიაშვილი (მამუკა),  ალექსანდრე ბეგალიშვილი (კაცი სამინისტროდან), გიგი ქარსელაძე (პითა), დევი ბიბილეიშვილი (ნუგო) გრძელი და სტატიკური მონოლოგებით თავადვე გვაცნობენ პერსონაჟებს, რომლებსაც ახმოვანებენ. ისინი 2 მოქმედებიანი წარმოდგენის დროს თითქმის არ გარდაისახებიან, ისინი მესამე პირში მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, თუმცა აქა-იქ ინტონაციებში გამოკრთება ხოლმე პერსონაჟთა ხასიათებიც. მიუხედავად გრძელი მონოლოგებისა მაყურებელთან კონტაქტს მსახიობები არ წყვეტენ, ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან დარბაზთან, რომელსაც „იჭერს“ ტექსტი და მსახიობთა კითხვა. რეჟისორი ცდილობს ახალი თეატრის მონუმენტურად მასშტაბური სივრცე ქმედებით დატვირთოს და შეავსოს, თუმცა ეს მცდელობა ფუჭი მგონია, რადგან მსახიობთა ქმედებები, მოძრაობები, სირბილები უმიზნო და უშინაარსოა (ყოველ შემთხვევაში ილუსტარციული და დეკლამაციური). მსახიობთა თამაშის მანერას ერწყმის ანანო მოსიძის თითქმის შავ ფერში გადაწყვეტილი კოსტიუმები (გამონაკლისია ბუბა გოგორიშვილის მილა, რომელიც ასევე შავ კომბინეზონშია გამოწყობილი, მაგრამ ვერცხლივით ბრჭყვიალებს).

 

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის მთავარი/წამყვანი კომპონენტი მუსიკალურ-ხმოვანი რიგი და მისი პარტიტურაა. მუსიკის საორკესტრო ვერსიის ავტორი ნიკოლოზ რაჭველია, წარმოდგენის მსვლელობისას პიანისტი თამარ ჟვანია სპექტაკლის კონცერტმაისტერად გვევლინება, რომელსაც სცენის სიღრმეში ვხედავთ, შესაბამისად, სპექტაკლში ცოცხლად სრულდება ოლივიე მესიანის ნაწარმოებები, რომელსაც სიმებიანი კვარტეტიც (ელენე ჩხარტიშვილი, აფინა პაპანდოპულო, ნინო ხოჭოლავა, სოფიო აფხაზავა-შარაშენიძე) ასრულებს. მუსიკალურობით გამოირჩევიან ახალი თეატრის არტისტები: დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი, გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანჭურაია, რომლებიც პერიოდულად რეჩიტატივს მიმართავენ და რეპავენ კიდეც (ამ მხრივ, გამორჩეულია გივიკო ბარათაშვილი (ლაზარე)), ასევე სრულ ჰარმონიაში არიან სპექტაკლის კონცეპტუალურ მუსიკალურ-ხმოვანი რიგის პარტიტურასთან. ხმაურები, რომელიც ინტენსიურად ისმის წარმოდგენის მსვლელობის დროს განსაზღვრავენ არა მხოლოდ წარმოდგენის ტემპო-რიტმს, არამედ მსახიობთა მეტყველების სტილსა და მანერასაც, რომელიც ზოგჯერ მონოტონურობაშიც გადადის, ზოგჯერ კი მუსიკალობის ფარგლებს არ სცდება.

 

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი „ბუნკერი“ რადიო სპექტაკლის შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც სიუჟეტი ხმოვან სიგნალში ვითარდება ვიზუალის გარეშე. ამიტომაც უახლოვდება ის თეატრალიზებული კითხვის ფორმას. უკვე ზუსტად ვიცით, რომ წარმოუდგენელია მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი ტელევიზორების გარეშე. ტელევიზორები ერთგვარ რეფრენად გასდევს თითქმის ყველა მის სპექტაკლს. „ბუნკერში“ ჩნდებიან ისინი, ჯერ შორიდან, ხოლო შემდეგ (მეორე მოქმედებაში) უფრო თვალშისაცემი ხდება, რომელშიც გამოსახულია მიტინგები, სახელმწიფო ატრიბუტიკები და უახლესი წარსულის ამსახველი კადრები. ტელევიზორების გარდა ახალი თეატრის სცენას „ავსებს“ ტრენაჟორი-ველოსიპედები და ნაგვის შავი პარკები, რომელიც ფინალში ავანსცენაზე იყრის თავს და გვახსენებს, რომ როგორც ბუნკერი, ისე ყარს მთელი საზოგადოება.

ფოტოები ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის Facebook გვერდიდან.

bottom of page