top of page

სისხლიანი ქორწილი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

327518303_1182919762592825_4873921398829672546_n.jpg

თამარ ქუთათელაძე

 

„სისხლიანი ქორწილი“

 

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის მსახიობთა საკურსო სპექტაკლად, დადგა ესპანელი დრამატურგის ფედერიკო გარსია ლორკას სიმბოლისტური ტრაგედია ,,სისხლიანი ქორწილი’’. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში განხორციელებული წარმოდგენა თანამედროვე ტენდენციების გააზრებით გათამაშდა (რეჟისორის ასისტენტი - თინათინ კორძაძე).

 

რეჟისორი და დედის როლის შემსრულებელი მსახიობი სპექტაკლის დასაწყისიდანვე ინფორმაციულ გარემოს ქმნიან. ჯერ კიდევ წარმოდგენის დაწყებამდე, ავანსცენის სიახლოვეს განთავსებულ სკამზე ჩამომჯდარი შავსამოსიანი ქალი, დიდხანს და მოთმინებით იცდის. გასათამაშებელი მოვლენების თაობაზე ექსპოზიციური ნაწილი უკვე გვთავაზობს ლორკას პოეტურ სამყაროს, სადაც მისი ტემპერამენტიანი, უკომპრომისო გმირები თავზეხელაღებით მიექანებიან  სასიკვდილო შეჯახებისკენ და სისხლიც უხვად იღვრება.  ინტერესს ბუნებრივად ამძაფრებს ორიგინალურად, უახლესი თვალთახედვით, თითქოსდა ძალზე მარტივად, დახვეწილად და მინიმალური გამომსახველი ხერხებით შექმნილი ატმოსფერო. გიორგი სიხარულიძის გადაწყვეტა, რეპორტაჟია. თავად რეჟისორი ინტერვიუერის როლს ირგებს და ამით, მთელი წარმოდგენის მანძილზე მსახიობებთან პირისპირ მყოფი, ეხმარება კიდეც სტუდენტებს მათი პირველი როლების შექმნის პროცესში. ანა ბერელაშვილის მიერ დიდი ზომიერებითაა განსახიერებული უკვე შვილმკვდარი, ძაძებით შემოსილი სასიძოს დედა. იგი ინტერვიუერის შეკითხვებზე შინაგანი მღელვარებით სუნთქვაშეკრული, ვრცელი პაუზებით ყვება მომხდარი ტრაგედიის პერიპეტიებს. ახალგაზრდა მსახიობი მაყურებლის წინაშე წარსდგა მწუხარებისგან უსწრაფესად მოტეხილი ღრმა მოხუცის სახით, ფიზიკურ ტკივილებამდე განცდილი სულიერი ტკივილით. დედა წარმოდგენაში მთხრობელის ფუნქციასაც ასრულებს და უშუალოდაც ერთვება მოქმედებაში. ის პასუხისმგებელია სიუჟეტში არსებული ნებისმიერი სიცარიელის შევსებაზე იმ ინფორმაციით, რაც აადვილებს სხვა პერსონაჟებისა და მათი ქმედებების გაგებას.

 

ესპანური მოდერნიზმის გამორჩეულმა ავტორმა „სისხლიანი ქორწილით“ ბუნებრივ, უანგარო სიყვარულს დაუდგა ძეგლი. პიესის ჟანრი დრამატული პოემაა, თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი მას სოფლის მელოდრამად მიიჩნევს. ორი ჟანრის შერეულ ტრაგედიას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ანდალუსიის ბოშათა მითოლოგიის ჩართული კუპლეტები. სიუჟეტი მარტივია: ქორწილის დღეს პატარძალი ყოფილ შეყვარებულთან ერთად გაიქცა. საქმრო დაედევნა მათ და მეტოქეებმა ერთმანეთი დახოცეს. ეს მარტივი ფაბულა ლორკას შემოქმედებითი ოსტატობით გაიჟღინთა პოეზიით, მუსიკით და მითის ზოგადი ატმოსფეროთი. ტრივიალური სიუჟეტი ხელოვნების არაორდინალურ მოვლენად იქცა. მისი მუდმივი პოპულარობაც ამის დასტურია. იგი დღემდე იდგმება მსოფლიოს მრავალ სცენაზე. მის სიუჟეტზე იღებენ ფილმებს, დგამენ ცეკვებს.

     

 „სისხლიანი ქორწილი“ ავტორისეული განსაზღვრით ტრაგედიაა, სადაც ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟი მონაწილეობს და ორატორიასაც წააგავს: ხმები ერთმანეთში ირევა, შემდეგ იფანტება და ისევ ემთხვევა ერთმანეთს.  მოქმედ პირთა შორის გვხვდებიან: დედა, საქმრო, პატარძალი, მეზობელი, მსახური, ახალგაზრდები. აქ მხოლოდ ერთ პერსონაჟს, ლეონარდოს აქვს საკუთარი სახელი. სწორედ იგია ძირითადი კონფლიქტის კატალიზატორი. პიესისა და შესაბამისად, სპექტაკლის ცენტრალური გმირის „სახელი „ლეონარდო“, - ცხოველთა მეფესავით ძლიერს ნიშნავს და კონსტანტინე ფოცხვერაშვილიც ცდილობს მისი ლეონარდოს შემოსვლა სცენაზე, დიდი ენერგეტიკული მუხტით შეავსოს. იგი ეს წუთია  სატრფოსგან  დაბრუნდა ცხენის ჭენებით დაღლილი, უკმაყოფილო, ნერვიული და ფეხმძიმე ცოლთან უხდება კამათი მისი ყოველდღიური საეჭვო „ვოიაჟების“ თაობაზე.

     

 „სისხლიან ქორწილში“ მრავალი სიმბოლო მოქმედებს როგორც მისტიკური პერსონაჟი და გათამაშებული ისტორიის წარმმართველი. ასეთია მთვარე - ის სპექტაკლის მიწურულს  ამოდის ტყის თავზე, სადაც შეყვარებულებმა შეაფარეს თავი, უხვად აფრქვევს  გაავებულ სხივებს და მეტოქეთა სასიკვდილო დუელის წარმმართველი ხდება. მთვარე ლორკასთან სიკვდილთან ასოცირდება, თუმცა ასევე მოქმედებს როგორც სიწმინდის, სისხლისა და ძალადობის ანარეკლი. პიესის ბოლო ნაწილშივე ჩნდება მთვარის თანამზრახველი, მწვანეში ჩაცმული სიკვდილის სიმბოლო - მათხოვარი. იგი მთვარისგან მოითხოვს მეტოქეთა სასიკვდილო შეჯახებაში დახმარებას, - „გაანათე მისი ქურთუკი, გააბრწყინე მისი  ღილები - მაშინ დანა აუცილებლად იპოვის თავის უშეცდომო გზას!“. მთვარეც პედანტურად ასრულებს თავის ამოცანას და მეტოქეებს სასიკვდილოდ აკავშირებს ერთმანეთთან. სპექტაკლის სცენოგრაფია და მისი მხატვრული განათების ძირითადი ფერიც, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებითაა შექმნილი (მხატვარი – თეო კუხიანიძე). სანახაობის უცვლელ დეკორაციაში არსებული მაღალი, თითქოსდა მასიური ქვის თლილი კედლებით შემოსაზღვრული სამოქმედო არენა, გამოქვაბულს წააგავს, რომელსაც მთვარის მოყვითალო სინათლე სუსხიან ატმოსფეროში ახვევს.

    

ანდალუსია, სადაც პიესის მოქმედება მიმდინარეობს, სამხრეთ ესპანეთის უზარმაზარი რეგიონია, ჩრდილოეთ აფრიკის მავრებით დასახლებული. მათი მდიდარი კულტურის  ზეგავლენა შესამჩნევია  ხელოვნების თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის სახელოვანი ფლამენკოს შექმნაზე, მოსახლეობის განწყობასა და ტემპერამენტზე. დამკვიდრებული ტრადიცია პატარძლის სახლში ცერემონიის გამართვა, სპექტაკლშიც აისახა. დიალოგს ენაცვლება  სიმღერები და ფოლკლორის ლირიკული სტრიქონები იავნანიდან ბოშათა კუპლეტებამდე.

      

ლორკამ თავისი კლასიკურად მკაცრი და მარტივი ტრაგედიები, ძველი ბერძნული ტრაგედიის ფორმებში გაიაზრა. სწორედ ამ მიზნით შემოიყვანა გუნდი, რომლის როლი, ისევე როგორც ანტიკურ ტრაგედიაში, სცენაზე მომხდარის შეფასებაა. ლორკას მიაჩნდა, რომ „სისხლიან ქორწილის“  ყველა ლირიკული მონაკვეთი უნდა ემღერათ და მუსიკაც თავად დაწერა ხალხური მელოდიების დამუშავებით. სცენასა თუ მოგვიანებით გამოქვაბულის მაღალ კედლებზე სასმისით ხელში გადმოფენილი,  წვეული სტუმრები სპექტაკლში გატაცებით  უკრავენ და მღერიან. ცოცხალი მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვებით უხვად გაფორმებულ სანახაობაში შესამჩნევია ცეცხლოვანი ესპანური ტემპერამენტი, სადაც  გუნდი თავდაპირველად აღმგზნებ ფუნქციას ასრულებს, ხოლო მოგვიანებით, მოსეირე - მოთვალყურე და შურისძიების წამახალისებელი ხდება. (ვოკალი – მაია მიქაბერიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ანი მურღულია,  ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, სასცენო მოძრაობა – შოთა გეგიაძე).

          

ერთმოქმედებიან, ლაკონურ სპექტაკლში სცენური მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. ანდალუსიურ ქალაქში ყველა მზად არის ქორწილის აღსანიშნავად. ამ ქორწილმა უნდა დაასრულოს ორი ოჯახის მრავალწლიანი კონფლიქტი. საქმროს ოჯახი მხოლოდ დედისგან შედგება, რომელმაც დაკარგა ქმარი და ერთ-ერთი შვილი ფელიქსთან ორთაბრძოლაში, რომლის ვაჟს ლეონარდოს, დაოჯახების მიუხედავად, ისევ მხურვალედ უყვარს თავისი ძველი სიყვარული.

      

სპექტაკლის დასაწყისშივე ჩნდება დანის თემა: ვაჟი ყურძნის მტევნების მოსაჭრელად სთხოვს დედას დანა მიუტანოს. შიშისაგან შემკრთალ ქალს შინაგანი ტკივილით აღმოხდება: „დანა ... დანა! ჯანდაბას, ეს დანები და ის ბანდიტი, რომელმაც გამოიგონა ისინი!“. როგორც ირკვევა, დედამ სწორედ დანის მეშვეობით დაკარგა ქმარი და უფროსი ვაჟი. ამჯერად, მას წინათგრძნობამ უკარნახა, რომ სწორედ დანა წაართმევს უმცროსსაც. ეს საგანი მართლაც საბედისწერო როლს შეასრულებს. დედის ამ სიტყვებთან ერთად, მოქმედებაში იჭრება  „ბედი“, რომელიც მოგვიანებით აცხადებს, რომ მეტოქეები უნდა დაიღუპონ. დედისა (ანა ბერელაშვილი, ნანუკი მაკრახიძე) და შვილის (გიორგი გიორგიძე)   ემოციურ დიალოგს სპექტაკლში მალევე ენაცვლება ლეონარდოსა და მისი ცოლის (ელისაბედ რუხაძე, ქეთევან მუმლაძე) დაძაბული ურთიერთობის ჩვენება. ლეონარდოს ცოლი აღშფოთებულია ქმრის უმართავი, საბედისწერო ვნებით და დედამთილთან საუბარში ღიად წინასწარმეტყველებს გარდაუვალ ტრაგედიას.

         

 „სისხლიანი ქორწილი“ ძალადობის პოეზიაცაა. იგი მიჩნეულია ფედერიკო გარსია ლორკას ერთ-ერთ დიდ ნაწარმოებად. ღირსების შეურაცხყოფისათვის შურისძიებისა და ყოვლისწამლეკი ვნების გარდა, პიესაში მოცემულია ფართო სოციალური მოტივი. ჰუმანისტმა  ლორკამ სიყვარული აღიარა უმაღლეს ადამიანურ გრძნობად, რომელიც სრულად გამოხატავს ადამიანის ღირებულებებს. ლორკას აზრით, ბუნების კანონთა დაცვა, უმაღლესი მორალური პრინციპია, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებამ არა მხოლოდ დაივიწყა ადამიანური ურთიერთობების ბუნებრივი საფუძვლები, არამედ ის სრულიად უცხო კრიტერიუმებს დაუქვემდებარა, რაც ამახინჯებს ადამიანის ბუნებას. პატარძლის ოჯახი ცდილობს ქალიშვილი შეძლებულ სასიძოზე გაათხოვოს, „გაყიდოს“, მომგებიანად დააბანდოს სილამაზე. ამ ნორმებით მოქმედი „ზნეობრივი ადამიანები“ ახდენენ ბუნების კანონთა დამახინჯებას და ეს იწვევს ტრაგედიას. გამოქვაბულის სცენაში სარძლოს მამასა (დავით ჩოგოვაძე) და მოახლეს (ანანო ლომიძე) შორის  საპატარძლოს (ნუცა აბაშიძე, ანა ბანძელაძე) ფსიქიკურ მდგომარეობაზე იმართება დიალოგი.  მზრუნველი მამა უშედეგოდ ცდილობს ავადმყოფი ქალიშვილი მოხიბლოს საქმროს ძვირფასი საჩუქრებით, სასწრაფოდ გამართოს საქორწილო რიტუალი, დააგვირგვინოს ანგარებიანი ექსპერიმენტი, თავი დააღწიოს უკიდურეს  სიღატაკეს.

        

სინათლის სიმბოლიკის გარდა, ლორკა შთაგონებულია ყვავილებითაც. სიმღერაში, რომელსაც ლეონარდოს ბავშვს უმღერიან, წყალი შავია. სიმბოლურია ფორთოხლის ყვავილებიც, რომლითაც ამშვენებენ პატარძალს. იგი მიუთითებს პატარძლის ქალიშვილობაზე. მაგრამ პატარძალი უარს ამბობს მათ მიღებაზე, რაც მინიშნებაა იმაზე, რომ ის აღარ არის ქალწული, ან არაფრად  მიიჩნევს აღიარებულ ტრადიციულ „ღირებულებას“. ამ ტრაგედიის მთავარი, სიღრმისეული თემაა სასიყვარულო ვნება, დაუმარცხებელი, მძლავრი, მშთანთქმელი გრძნობა, ყოვლისმომცველი სურვილი. როგორ უნდა ებრძოლო მას?.. სიმბოლურია ლეონარდოს სიტყვები, რაც  შემდეგ პატარძალმაც გაიმეორა: „ეს ჩემი ბრალი არ არის!“ მართლაც, სწორედ ეროსი მართავს მათ გრძნობებს და ვეღარ აკონტროლებენ  საკუთარ თავს. „დამნაშავეა“ სისხლში აბობოქრებული ცეცხლი - ოლიმპიელი ღმერთების ეს საშიში საჩუქარი, რომელიც კამიუს თქმით, „მზის სხივებით მოქმედებენ“. ვნებიანი, მერყევი პატარძალი და მისი შეყვარებულიც ამ ცეცხლით არიან შეპყრობილნი. მათი  იმპულსურობა ფეთქდება ქორწილის შემდეგ.

           

ლორკამ თავისი პიესა მხურვალე, დაუკმაყოფილებელი ვნებით გაჟღინთა. პერსონაჟებს  ალეგორიული ქვეტექსტი აქვთ. ლეონარდო - ვეღარ ერევა საკუთარ გრძნობას და გადაწყვეტს პატარძალთან ერთად გაქცევას. მან ქალი ცხენით გაიტაცა, რაც  მამაკაცურობის, ტემპერამენტის, სექსის ტრიუმფია. ვნების მონად გადაქცეული პატარძალი, საქმროს დედასთან თავის „დანაშაულს“ ასე განმარტავს: „ცეცხლმა დამწვა, შიგნიდან და გარედან დაწყლულებული ვიყავი, შენი შვილი კი ჩემთვის წყალი უნდა ყოფილიყო, რომლისგანაც ველოდი სიმშვიდეს, ბავშვებსა და ჯანმრთელებას. მაგრამ, ვნებამ  გამიტაცა და ყველაფერი გაანადგურა“, - ასე წარმოიდგინა ლორკამ სიყვარული, შეუძლებელი, აკრძალული სიყვარული.

      

ლეონარდო ღარიბი იყო და სიღატაკის შიშით, პატარძალმა გაწირა თავისი გრძნობები, შესაბამისად, ის დამნაშავეა, რადგან მის გრძნობებში ანგარებიანი გათვლა შეიჭრა. ტრაგედიის სოციალური საწყისები მკვეთრად ვლინდება პატარძლისა და ლეონარდოს ურთიერთობის ისტორიაში. სატრფოს ღალატით აღშფოთებული ლეონარდო შეურაცხყოფილი ეკითხება პატარძალს მათი დაშორების მიზეზს: „მითხარი: რა ვიყავი შენთვის? რა იყო  ჩვენი დაშორების მიზეზი?. ორი ხარი და საზიზღარი ქოხი - ეს თითქმის არაფერია! და სწორედ ამან განაპირობა ეს ყველაფერი“. ქალიშვილთან ერთად, დანაშაულის მიზეზია საზოგადოებაც, რომელმაც საკუთარი სარგებლისმოყვარე დირექტივებით „აღზარდა“, დაამახინჯა და იმსხვერპლა ახალგაზრდები. ის ფაქტი, რომ ტრაგედიის საბოლოო მიზეზი გმირების პირად მოტივებს მიღმაა, არ ათავისუფლებს თითოეულ მათგანს პასუხისმგებლობისგან. ამიტომ ლეონარდოსა და პატარძლის ბედნიერება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა ისინი საბოლოოდ ემორჩილებიან ბუნების კარნახს, ან როგორც ლორკა ამბობს, - „სისხლის ხმას“. მათ ერთხელ უკვე უღალატეს ამ ხმას და ტრაგიკული განწირულობის ნიშანს ატარებენ. ლორკას აზრით, ანგარებაზე დაფუძნებული ქორწინება არაბუნებრივი და ტრაგიკული დანაშაულია. მისი სამარცხვინო კრახი გარდაუვალია.

     

ვერ ვიტყვი რომ სპექტაკლი უნაკლოა, ან მსახიობები სიღრმისეულად წვდებიან ლორკასეულ ფილოსოფიურ პლასტებს, რომელსაც მართლაც გააჩნიათ უღრმესი კავშირები ანტიკურ ტრაგედიასთნ. ლორკასეული ტრაგიკული მსოფლგანცდის დასტურია მისი გენიალური ესსე „დუენდეც“, რომელსაც აშკარად გააჩნია კავშირი როგორც ნიცშე იტყოდა „მუსიკის სულისკვეთებიდან აღმოცენებულ ტრაგედიასთან“. აღსანიშნია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ უჩვეულოდ გაიღვიძა ინტერესმა ლორკას მთავარი ტრაგედიებისადმი. სტუდენტური სპექტაკლის აშკარა ღირებულების გარდა, „ოჯახური ტირანიისადმი“ მომძლავრებული ინტერესიც საყურადღებო ფაქტად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე აღნიშნულ მოვლენაზე რეაგირება.

bottom of page