top of page

სინათლისა და სიბნელის თანაარსებობა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

415148309_261735613407161_6177469357387113229_n.jpg

ნუცა კობაიძე

 

მოხეტიალე მთვარის თეატრი

სპექტაკლი „ფიროსმანი“

პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი - ნიკა ლუარსაბიშვილი

სცენოგრაფია და თოჯინები - ნინო კიტია, ირინე ყველიაშვილი;

მეთოჯინეები: ლევან ბაიდაური, გიორგი თოთაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნინი კოტაშვილი, ნიკა მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ლუკა ჭულუხაძე, ლელა ხაჩატუროვი.

სპექტაკლს ახმოვანებენ: ლევან წულაძე (არქივარიუსი), გია კიტია (მეეზოვე), არჩილ სულაქველიძე (ნიკო ფიროსმანი), ნიკოლოზ ღუღუნიშვილი (პატარა ნიკო), მარი კიტია (ნიკო ფიროსმანის დედა), ნანიშა მეტრეველი (ელისაბედი), ალექსანდრე კვეზერელი (ლადო), ნიკა ლუარსაბიშვილი (დიმიტრა), მარიამ გულაშვილი (მარგარიტა), ჯეჯი სხირტლაძე (ქალანთაროვები, რკინიგზისა და კაფე შანტანის დირექტორი);

 

სინათლისა და სიბნელის თანაარსებობა

ხელოვნებას აქვს დროისა და სივრცის გადალახვის შესანიშნავი უნარი, რაც დიდი ხელოვანების უკვდავყოფის საშუალებას იძლევა. მარჯანიშვილის სხვენში მოხეტიალე მთვარის თეატრი მომხიბლავი წარმოდგენით აცოცხლებს უნიკალურ ნიკო ფიროსმანს. ეს არის ამბავი დუქნიდან დუქანში მოხეტიალე მწუხარე სახის მხატვარზე, ზედმეტ სახელად - გრაფი.

რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი ორი წლის განმავლობაში ეცნობა თითქმის ყველა პუბლიკაციას ქართულ და უცხოურ ენაზე; გიორგი ლეონიძის, ძმები ზდანევიჩების, ლადო გუდიაშვილის დღიურებიდან შეგროვებულ მასალებს; აპიესებს და რეალობასთან მიახლოებულად გვთავაზობს ბურუსით მოცულ ფიროსმანის ცხოვრებას, რომელიც ჩვენში გარომანტიზებული და ლეგენდასავით შემორჩენილია. მისი მთავარი ამოცანაა გვაჩვენოს მაყურებელს თუ რაშია მხატვრის გენიოსობა, გავავლოთ ზღვარი ყოფითსა და საკრალურს შორის, როგორც ფიროსმანის შემოქმედებაშია. რა ემართება ადამიანს, როდესაც ის უპირისპირდება საკუთარ ბედისწერას/ყოფას? ნიკა ლუარსაბიშვილის წარმოდგენა არის არასტერეოტიპულ ნიკო ფიროსმანზე და მის განვლილ გზაზე - დაბადებიდან აღდგომამდე.

დისკუსიის საგანია, თუ რატომ განიხილავენ ფიროსმანაშვილის შემოქმედებას პრიმიტივიზმის ჭრილში. ეს კითხვა სავარაუდოდ, სპექტაკლიდან გამოსულ მაყურებელსაც გაუჩნდება. ერთი შეხედვით მარტივი, გულუბრყვილო, არარაფინირებული ფორმები, რომელიც დამოუკიდებლად, პროფესიული ცოდნის გარეშე განავითარა მხატვარმა, ამის თქმის უფლებას გვაძლევს. თუმცა, ფიროსმანის ნახატებს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და ალეგორიული ელემენტები, რაც უფრო ღრმა გზავნილებს გადმოსცემს ვიდრე პრიმიტივიზმისთვის დამახასიათებელი ნარატივია. 

პასაჟები სპექტაკლზე:

  • იწყება წარმოდგენა - მეეზოვეს წიგნს უკითხავენ დიდ მხატვარზე. ისიც აიქნევს თავის ცოცხს, როგორც ჯადოსნურ ჯოხს და იწყება სევდიანი, ლამაზი და საინტერესო ისტორია. ამ სცენაში ერთადერთ დისკომფორტს მიქმნის მუსიკა - „Ave Maria“, რაც ამოვარდნილია არსებული ატმოსფეროდან;

  • ჩრდილების თეატრის ხერხის გამოყენებით ვხედავთ შეყვარებული ნიკოს სახლიდან გაგდებას და რკინიგზის სადგურში მუშაობის დაწყებას.

  • ბევრ ჟანრს ნახავთ წარმოდგენაში. ერთ-ერთი მუნჯი კინოს ელემენტია, როცა ჩვენს თვალწინ იშლება სკეტჩები: გამოჭრილ ქაღალდში თოჯინები ყოფენ თავს და აცოცხლებენ სურათებს. იქვე კუთხეში დაფაზე დაწერილი ტიტრები კი მიგვითითებს სიუჟეტზე. მეეზოვე როიალთან ზის და მუსიკალურად აფორმებს წარმოდგენას.

  • 1914 წლამდე ნიკალას შეკვეთები არ მოკლებია, - ამის აღმნიშვნელი მიზანსცენაა შარფი, რომელსაც მხატვარს კისერზე შემოახვევენ, როგორც ფინანსურად წელში გამართულ ადამიანს - „ერთ დროს ოქროს საათიც კი ჰქონდა“. ნიკო ცხოვრების მხოლოდ ბოლო 3-4 წელი იყო გაჭირვებაში. ამით რეჟისორი ხაზგასმით გვეუბნება, რომ ჩვენი გარომანტიზებულია ფიროსმანის მთელი ცხოვრების უიღბლოდ და მძიმედ წარმოსახვა.

 

ფიროსმანის ცხოვრებისეული ისტორია თოჯინების გამოყენებით სცენაზე ოსტატურად არის გადმოტანილი. თითოეული პერსონაჟი ზედმიწევნით არის შემუშავებული, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს მხატვრის შემოქმედებასთან, რაც ქმნის ვიზუალურად განსაცვიფრებელ და ემოციურ ატმოსფეროს. მსახიობებად მოვლენილი ფიგურები აღბეჭდავენ თავიანთი გმირების/პიროვნებების უნიკალურ თვისებებს, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. რეჟისორს მათი მეშვეობით ოსტატურად აქვს გათამაშებული ყოფითი სიტუაციები თავისი საკრალური ნიშნებით, რასაც თან სდევს რელიგიური მოტივი, როგორც ფიროსმანის ტილოებს - იქნება ეს ქვეყნიერების შექმნის 7 დღე და ფიროსმანის 7 ნახატი (რამდენიმე სააღდგომო სერიიდან), თუ გათამაშებული წმინდა გიორგის სცენა: წითელი განათების ფონზე შემოსულ ურჩხულს  ნიკო თავისი ყურძნის მარცვლით ისე განგმირავს, როგორც წმინდა გიორგი გველეშაპს.

ვაზი ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა. არ არსებობს ტაძარი მისი ორნამენტების გარეშე. არა მხოლოდ ქრისტე, არამედ მოკვდავი ადამიანებიც ხშირად გაიგივებული იყვნენ ვაზთან „დანერგულიცა ვართ, ვითარცა ვენახნი საყურძნესსა ქრისტესა, რამეთუ იგი თავად არის ვენახი ჭეშმარიტი“. რეჟისორს განათებული ყურძნის მარცვალი სპექტაკლის დასაწყისშივე შემოაქვს - ნიკოს პატარაობიდან (მაშინ, როცა მშობლები ეხოცება) გარდაცვალებამდე სულ გვერდით ყავს, როგორც დედა და მამა; როგორც სიკეთე; რწმენა; სიყვარული; იმედი; ძალა, რომელიც ამარცხებს ბოროტებას;  მუზა, რომელიც ახატინებს ტილოებს. ციცინათელას ასოციაციას აჩენს ეს პატარა ნათება - „ნათელი მომაფინე, მეც გამინათე ბინდი!..“ (აკაკი წერეთელი) - თუმცა, ეს ისე... მოხელედ დამდგარ, დაობლებულ, გასაჭირში მყოფ, პატარა ნიკოს,  უცებ ყურძნის მარცვალი გაიტაცებს სულ სხვა სამყაროში, სადაც უამრავი ფერია. ეს სცენა, როგორც ზმანება ისე აქვს გათამაშებული ნიკა ლუარსაბიშვილს - პატარა ნათება წვავს სახატავ ტილოს და ამ ხვრელში ფიროსმანთან ერთად უჩინარდება.

განვიხილოთ მეთევზე და მისი მნიშვნელობა სპექტაკლში, რომელიც დომინირებს არაერთ სცენაში, განსაკუთრებით კი ფინალში. ფიროსმანის „მეთევზე“- მისტიკური სიბნელის ფონზე წვივებამდე წყალში (როგორც განწმენდის რიტუალი) თევზით და სათლით ფრესკულ სტილში შესრულებულ, შარავანდედიან (ყვითელი, გასხივოსნებული, მზის ქუდი) წმინდანს წააგავს. თევზი, როგორც ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო, მრავალმნიშვნელოვანია (სულიერება, სასწაული, განახლება). სპექტაკლის ფინალში მეთევზის პერსონაჟი ღვთაებრივსა და მიწიერს შორის მარადიულ კავშირს ქმნის. ეს იკონოგრაფიული პასაჟები მეტ მისტიკურ ელფერს სძენს წარმოდგენას და მაყურებელს დაგვაფიქრებს უბრალო მომენტების მიღმა არსებულ სიღრმეებზე.

ემოციური სცენაა, როცა ნიკო ხატავს ორთაჭალის ლამაზმანებს: „მე მათ შავი ცხოვრების შავ ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც გააჩნიათ ცხოვრების სიყვარული… ჩიტები მხრებთან მათი ოცნებებია… თეთრ ზეწრებში იმიტომ ვხატავ, რომ ისინიც ადამიანები არიან, მეცოდებინ და მებრალებიან. თეთრი ფერით მათ ცოდვებისგან ვასუფთავებ, ასე მგონია…“ რეჟისორს ნიკოს შემოქმედება ღვთაებრივ ძალად აქვს წარმოჩენილი, რომელიც თავისი სიდიადით ემპათიის, სიყვარულის, მიტევების ემოციებს ბადებს ადამიანებში.

სპექტაკლში სინათლისა და სიბნელის მეტაფორული გამოყენება სიმბოლურია. ამით რეჟისორმა მხატვართან ერთად მიზანმიმართულად შექმნა ფიროსმანის ფერწერული ატმოსფერო. განათების კონტრასტი დაპირისპირებაა წესრიგსა და ქაოსს, სიკეთესა და ბოროტებას, ცოდნასა და უმეცრებას შორის. სინათლე სტრატეგიულად გამოიყენება კონკრეტულ პერსონაჟებზე სცენების ხაზგასასმელად, სიუჟეტის ძირითადი ელემენტების გამოსაკვეთად, რისი მეშვეობითაც ვუყურებთ ცოცხალ თეატრალურ წარმოდგენას.

დაბოლოს, მაშინ, როცა უნიკალური ნიკო ფიროსმანი ასოცირდება პრიმიტივიზმთან გარკვეული სტილისტური მახასიათებლების გამო, ამ დროს კი მისი შემოქმედების სიღრმე ავთენტურობა, ინდივიდუალიზმი და კულტურული მნიშვნელობა უფრო ფართო ინტერპრეტაციებს იწვევს - უკვე ეჭვქვეშ აყენებს ზემოთხსენებულ მიმდინარეობას. რისი მაგალითიც თუნდაც ეს უკანასკნელი - ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-კულტურული, ხალხური მემკვიდრეობის ორიგინალური თვალსაჩინოებისთვის.

bottom of page