top of page

ლინეინის სილამაზის დედოფალი    

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

430104155_376984655288287_8911130755514720781_n.jpg

ნუცა კობაიძე

ლინეინის სილამაზის დედოფალი    

(მარტინ მაკდონა)

 

თარგმანი - ქეთევან სამხარაძე, ანა გოგიშვილი

რეჟისორი - დავით თარბა

სცენოგრაფი - აჩიკო შამახია

მუსიკალური გაფორმება - ნიკა კოხრეიძე

კოსტიუმების მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი

 

მონაწილეობენ: ანი იმნაძე - მორინ ფოლანი, ქეთო ცხაკაია - მეგ ფოლანი,

ირაკლი ჩხიკვაძე - პატო დული, ნიკა ჯაფარიძე - რეი დული - პატოს ძმა.

 

მარტინ მაკდონას ბნელი კომედია-დრამა „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ წარუშლელ კვალს ტოვებს თავისი მომხიბვლელი შინაარსით და პერსონაჟებით. ტრაგი-კომიკური პიესა ემოციური სიღრმით გამოირჩევა. ტექსტი თავისი ავთენტურობით, ზუსტად ასახავს ირლანდიური სოფლის (ლინეინის) ცხოვრების თავისებურებებს. ლინეინის სახლი დგას ციცაბო, ქვა-ღორღიან და ტალახიან აღმართზე, რაც ერთგვარი სიმბოლოა ფიზიკური/ემოციური სურვილების შეზღუდვის და ხაზს უსვამს სპექტაკლის, ისევე როგორც პიესის, კლაუსტროფობიურ ატმოსფეროს, აძლიერებს ოჯახური დისფუნქციისა და სასოწარკვეთის განცდას. მეგისა და მორინის (დედა-შვილის) დაბალჭერიან გაჭვარტლულ სახლს, სუსტი განათებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბნელი გარემო მკვეთრად ეწინააღმდეგება გარე სამყაროს. ეს  ემოციური ბარიერების ვიზუალური მეტაფორა, თითქოს გვაკარგვინებს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობის წარმოსახვის უნარს.

მარტინ მაკდონას დრამატული პასაჟები ხშირად ხაზს უსვამს იმ მჩაგვრელ ბუნებას, რომელშიც პერსონაჟები ცხოვრობენ და ასახავს მათი ურთიერთობის მახრჩობელა დინამიკას. რეჟისორი დავით თარბა, მხატვარ აჩიკო შამახიასთან ერთად ზუსტად მიყვება დრამატურგის მითითებებს.  გარემო, რომელიც იწვევს სასოწარკვეთას, გვიჩვენებს გმირების ბრძოლებს და დაბრკოლებებს; დედა-შვილის დაძაბულობას/კონფლიქტს; ოჯახური კავშირის სირთულეს.

ქალაქის თეატრში დადგმული დავით თარბას სპექტაკლი იკვლევს ტოქსიკურ დამოკიდებულებას მორინსა და მის მანიპულატორ დედას - მეგის შორის. იზოლირებულ გარემოში განმარტოებით მცხოვრები ურთიერთდამოკიდებულ და საბოლოოდ დესტრუქციულ ურთიერთობაში მყოფი ორი პერსონაჟი კატასტროფისკენ მიექანება. დედის მანიპულაცია და ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება მაკონტროლებელი მექანიზმი. თუმცა თავის მხრივ არანაკლებ მჩაგვრელია ქალიშვილიც, რასაც სპექტაკლის დაწყებიდანვე ვხედავთ და ფინალში დედის ადგილის დაკავებით - კულმინაციას აღწევს.

სავარძელი ხელოვნური ხელით მონობის მუდმივი შეხსენებაა. ჩემთვის, ეს ვიზუალური მეტაფორა ასახავს გმირების საერთო ტრავმას. სახელურზე მიმაგრებული ხელი სიმბოლურად განასახიერებს დედის კონტროლს და შვილის ბრძოლას მისი მარწუხებიდან გათავისუფლებისთვის. ასევე შეიძლება დამწვარ ხელთან ასოცირდეს, რაც მუდმივად ახსენებს ქალიშვილს წარსულში ჩადენილ დანაშაულს.

ჭარბი წონისგან გამოწვეული უმოძრაო მდგომარეობა, მთელი დღე ტელევიზორის წინ ჯდომა და ფაფის ჭამა - სტაგნაციაში გატარებული ცხოვრების პირდაპირი ასახვაა. გაძნელებული სუნთქვა, საკვების მიღება მაშინაც კი როცა არ შია, ტელევიზორის წინ თვლემა - მსახიობი ქეთი ცხაკაია შთამბეჭდავად ასახიერებს ჭარბწონიანი ადამიანის თვითდესტრუქციულ თვისებებსა და ქცევებს. ინფორმაციის ქონის ძალაუფლებით შეპყრობილი შვილისთვის განკუთვნილ წერილებს წვავს რითაც ამტკიცებს თავის დომინანტობას - მაქსიმალურად უზღუდავს გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. ერთი შეხედვით სუსტი ფასადის ქვეშ იმალება ძალადობა და სისასტიკე. ქეთი ცხაკაია გადმოსცემს პერსონაჟის ემოციურ  არასტაბილურობას, მსახიობი ქმნის ფსიქიკურად შეშლილი დედის უნაკლო პორტრეტს.

ანი იმნაძის პერსონაჟი (მორინ ფოლანი) გაცილებით მიმზიდველი და საინტერესოა. მეგის (დედის) შემთხვევაში თუ ყველაფერი თვალსაჩინოა, მორინთან პირიქით - მისი ქცევები შეიძლება მშვიდი და მომხიბვლელიც კი იყოს, მაგრამ მდუმარე ბრაზი დანაღმულ ტერიტორიას ჰგავს, რომელიც არასწორ ნაბიჯზე აფეთქდება. მორინი დედას ჩვილის ვარდისფერ წინსაფარს უკეთებს და ხელით აჭმევს ფაფას - ამით რეჟისორი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ძალადობრივ ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ მეგის არ უყვარს კურკუშელებიანი ფაფა შვილი აიძულებს მის ჭამას. ჩაგვრით შეპყრობილები ერთმანეთის ტყვეები ხდებიან. ქალიშვილს სიამოვნებას გვრის  დედის კუბოში წარმოდგენა და ამ დროს სიმპათიურ მამაკაცთან ფლირტი, რომელსაც იმ დღესვე დანებდებოდა.  მეგი - ჩემს გასვენებაში შენ სამოცდაათი წლის იქნები. კონტრასტი დედის გარდაცვალების ფანტაზიასა და პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობას შორის ასახავს ანი იმნაძის პერსონაჟის ფსიქოლოგიურ სირთულეს - „იცი, ხანდახან მგონია, რომ შენ არასდროს მოკვდები. ასე მეჯდები სამუდამოდ კისერზე და მომიწამლავ სიცოცხლეს“. მორინი მიზანმიმართულად დედის გასაღიზიანებლად ყიდულობს კიმბერლიზის ორცხობილებს, რომელსაც თვითონაც ძალით ჭამს - [...] მეზიზღება. მარტო დედაჩემის გასამწარებლად ვყიდულობ. ასე ეჯიბრება მეგის ავტონომიურ მმართველობაში, დისკომფორტს უქმნის და აიძულებს მისი სურვილების საწინააღმდეგოდ წავიდეს. დედა, სამაგიეროდ ამ პროვოკაციას უპასუხოდ არ ტოვებს და ყოველ დილით სამზარეულოს ნიჟარაში ცლის ღამის ქოთანს - პასიურ-აგრესიული ომი ერთმანეთზე დომინირების დასამტკიცებლად.

უბადლო სამსახიობო ოსტატობას გვაჩვენებენ ქეთი ცხაკაია და ანი იმნაძე. ორივე მათგანი ერთდროულად მიმზიდველიც არის და შემაშფოთებელიც. ქმნიან დინამიკურ დუეტს, ერთმანეთს ავსებენ, წარმოაჩენენ თავიანთ ნიჭს და რაც მთავარია - სპექტაკლს, რომელიც მათი მეშვეობით დაუვიწყარი ხდება.

ირაკლი ჩხიკვაძე (პატო დული) და ნიკა ჯაფარიძე (რეი დული) ასახიერებენ ძმებს პატო და რეი დულიებს. ერთს რომანტიკული, მეორეს კი კომიკური პასაჟი შემოაქვს სპექტაკლში.

მორინი: ჰო, ეს ხომ ირლანდიაა. აქედან ხომ სულ ვიღაც მიემგზავრება... ეს სევდიანი ფრაზა საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე, მარტო დარჩენაზე, უიმედობაზე - ცხოვრების შეცვლისთვის გარდაუვალ მოცემულობას წარმოადგენს. ლინეინის დატოვება აუცილებელია ახალი ცხოვრების დასაწყებად - აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ.

გარდამტეხი მომენტია დედის სიკვდილი - ფინალური სცენა. გარემოება ფუნდამენტურად იცვლება, იცვლება ანი იმნაძის როლიც. ქალიშვილი ჯდება მეგის სავარძელში და ბრძანებებს იძლევა - გარდაისახება ადამიანად, რომელსაც 20 წელი ებრძოდა და რომლისგანაც ასე ძალიან ცდილობდა თავის დაღწევას. მემკვიდრეობით გადაეცა სკამი და ცხოვრების ზიზღი. მშობელთან საკუთარი თავის გაიგივებით იდენტობას პოულობს ან კარგავს. გასვენებიდან შინ დაბრუნებული, ტელევიზორის წინ მოთავსებით მომენტალურად ადაპტირდა უბედურებასთან და შეისისხლხორცა ახალი პასუხისმგებლობა - გახდა ის ვინც დაკარგა.

 

The beauty queen of Leenane says goodbye

bottom of page