top of page

„სიკვდილი“, როგორც უხილავი დამლაგებელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-10-15 at 20.57.28.jpeg

15.10.2026

ზუკა ნემსაძე

„სიკვდილი“, როგორც უხილავი დამლაგებელი

 

ფედერიკო გარსია ლორკას დრამატურგია იმ იშვიათ მხატვრულ სამყაროს ქმნის, სადაც პოეტური ენა, ადამიანური ვნება, სოციალური წესრიგი და ტრაგიკული გარდაუვალობა ერთმანეთისგან თითქმის განუყოფელია. მისი პერსონაჟები ხშირად არსებობენ სურვილსა და მოვალეობას, პირად თავისუფლებასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ საზღვრებს შორის - სივრცეში, სადაც არჩევანს ყოველთვის თავისი ფასი აქვს. სწორედ ამ წინააღმდეგობებზეა აგებული „სისხლიანი ქორწილიც“ - ლორკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია, რომელშიც სიყვარული, ვნება, ოჯახური ღირსება, შურისძიება და სიკვდილი თანდათან ერთ საბედისწერო ჯაჭვად იკვრება. რეალურ ამბავზე დაფუძნებული სიუჟეტი ავტორთან სცდება კონკრეტული ყოფითი ტრაგედიის ფარგლებს და თითქმის რიტუალურ განზომილებას იძენს. ამიტომაც „სისხლიანი ქორწილი“ რეჟისორისთვის მხოლოდ ცნობილი კლასიკური ტექსტის სცენაზე გადატანა არ არის - იგი ყოველთვის მოითხოვს საკუთარი პასუხის მოძებნას კითხვაზე, როგორ უნდა გაჟღერდეს დღეს ლორკას სამყარო და რამდენად ახლოს შეიძლება აღმოჩნდეს თითქმის საუკუნის წინ დაწერილი ტრაგედია თანამედროვე მაყურებელთან.

 

ლორკა, თავისი დრამატურგიული ბუნებით და განსაკუთრებით „სისხლიანი ქორწილით“, ქართული სცენისთვის მარტივი ავტორი ნამდვილად არ არის. მისი სამყაროს გააზრებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ პიესაში არსებული სოციალური და ოჯახური ტრადიციები ქართულ კულტურულ გამოცდილებასთან პირდაპირ თანხვედრაში არ მოდის, რამდენადაც ახლოსაა ამავდროულად იმდენადვე შორსაა. ჩვენში ტრადიციის, ოჯახის, ღირსებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საზღვრები ხშირად სრულიად სხვაგვარად იკითხება - ზოგჯერ უფრო მძიმედ და მკაცრად, ზოგჯერ კი პირიქით, გაცილებით მარტივად. ამიტომ ლორკას დადგმისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მისი სამყაროს პირდაპირი გადმოტანა, არამედ იმ ეკვივალენტის პოვნა, რომელიც ამ ტრაგედიას ქართველი მაყურებლისთვის გასაგებსა და შინაგანად ახლობელს გახდის.

 

რაც გიორგი ჭანტურიას ვიცნობ - თითქმის მუდმივად მესმოდა მისი სურვილი, რომ სურდა დაედგა „სისხლიანი ქორწილი“. მეტიც, გარკვეული დროის შემდეგ ეს სურვილი მის ერთგვარ შემოქმედებით რეფრენადაც კი იქცა: საჯარო ინტერვიუ იქნებოდა თუ პირადი, მეგობრული საუბარი, დასაწყისში, შუაში თუ ბოლოს, ლორკას ეს პიესა როგორღაც აუცილებლად ჩნდებოდა და ჭანტურია თითქმის უცვლელად იმეორებდა, რომ ერთ დღეს „სისხლიანი ქორწილი“ უნდა დაედგა. ამიტომ ამ სპექტაკლის განხორციელება ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა - უფრო იმ დიდი ხნის შემოქმედებითი ჩანაფიქრის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც რეჟისორი წლების განმავლობაში თან დაატარებდა.

 

ამ დიდი ხნის სურვილს პროფესიულ სცენაზე განხორციელების შესაძლებლობა ზუგდიდის თეატრის დირექტორმა გიორგი კაშიამ მისცა, ახალგაზრდა რეჟისორს თეატრის კარი გაუხსნა და საშუალება მისცა, წლების განმავლობაში ნაფიქრი „სისხლიანი ქორწილი“ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ექცია სპექტაკლად. სწორედ გიორგი კაშიას მხარდაჭერითა და ძალისხმევით დაიდგა ზუგდიდის თეატრში ლორკას „სისხლიანი ქორწილი“, რომლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, მხატვარი გვანცა ჯავახიშვილი, კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ტექსტის ადაპტაციას ნინია სადღობელაშვილს ეკუთვნის, ტექნიკური რეჟისორი კი ნონა როგავა. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიგა აბულაძე - ლეონარდო, ნანა ბუკია - დედა, ირაკლი სამუშია - სასიძო, ელენე ქურთიშვილი - სარძლო, სალომე ბუღაძე - ლეონარდოს ცოლი, მარინა დარასელია - მოახლე, მარიამ მღებრიშვილი - დამლაგებელი და რეზო ჯოჯუა - მამა.

 

გიორგი ჭანტურიას „სისხლიანი ქორწილი“, უპირველესად, ძალიან ესთეტიკური, ვიზუალურად გამართული და ნაფიქრი ნამუშევარია. რეჟისორი ლორკას ტექსტს საკუთარი მხატვრული ხედვით ეკიდება და სწორედ ამიტომ მისი სპექტაკლი არ ცდილობს საქართველოში აქამდე დადგმული „სისხლიანი ქორწილების“ ესთეტიკის გამეორებას. რეჟისორი ქმნის განსხვავებულ სცენურ სამყაროს, რომელსაც საკუთარი ფორმა, რიტმი და მხატვრული ღირებულება აქვს. ცალკეულ ეპიზოდებში განსაკუთრებით კარგად ჩანს რეჟისორის უნარი, იფიქროს არა მხოლოდ ტექსტით, არამედ სცენური სახეებით, სივრცითა და ატმოსფეროთი  და სწორედ ეს ხდის სპექტაკლს დასამახსოვრებელს.

 

თუმცა ამ გამართული ვიზუალური და რეჟისორული კონცეფციის მიუხედავად, სპექტაკლს აქვს პრობლემებიც - მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ამ მასშტაბისა და ასე ხანგრძლივად ნაფიქრი ნამუშევრის შემთხვევაში, წესით, აღარ უნდა არსებობდეს. ეს ხარვეზები ზოგჯერ სპექტაკლის შიდა დინამიკასა და მთლიანობასაც აზიანებს, თუმცა ვერ აუქმებს მთავარს: გიორგი ჭანტურიას „სისხლიანი ქორწილი“ საინტერესო სცენური მასალაა, რომელსაც საკუთარი მხატვრული სახე აქვს და რომელზეც საუბარი ნამდვილად ღირს - როგორც მისი აშკარა ღირსებების, ისე პრობლემური მხარეების გამო.

 

სპექტაკლის პრობლემები ყველაზე თვალსაჩინოდ მსახიობებთან მუშაობისას იჩენს თავს. გიორგი ჭანტურია რიგ ეპიზოდებში მსახიობებს საკმაოდ დიდ სცენურ თავისუფლებას უტოვებს: იმდენად დიდს, რომ ზოგჯერ იქმნება განცდა, თითქოს თითოეული მათგანი მისთვის სასურველი მიმართულებით იწყებს „ფრენას“, საერთო რეჟისორული რიტმისა და ჩარჩოსგან დამოუკიდებლად. შედეგად, ირღვევა სპექტაკლის დინამიკა და ის ერთიანი სცენური ქსოვილი, რომელსაც რეჟისორი სხვა ეპიზოდებში საკმაოდ ზუსტად და გემოვნებით ქმნის. რთულია გარედან განსაზღვრო, ეს თავად გიორგი ჭანტურიას შეგნებული რეჟისორული გადაწყვეტილებაა თუ მსახიობების მიერ რეპეტიციების პროცესში მოპოვებული ზედმეტი თავისუფლების შედეგი. თუმცა ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საბოლოოდ რეჟისორთან ბრუნდება: თუ ეს მისი არჩევანია - არჩევანი ყოველთვის ვერ მუშაობს; ხოლო თუ რეჟისორის ამოცანა სხვა იყო და მსახიობმა სცენაზე მისგან დამოუკიდებელი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, მაშინ ამ პროცესის გაკონტროლებაც რეჟისურის ნაწილია. სწორედ ამიტომ მსახიობთა თავისუფლება, რომელიც შესაძლოა სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი გამხდარიყო, ცალკეულ მონაკვეთებში მისივე დინამიკის დამრღვევ ფაქტორად იქცევა.

 

რაც შეეხება სამსახიობო ანსამბლს, გიგა აბულაძის ლეონარდო მთლად სახარბიელო მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდა. მსახიობი სცენაზე ნაწილობრივ საკუთარი პერსონაჟის ბედსაც იზიარებს - თითქოს მუდმივად ცდილობს იმ ჩარჩოდან თავის დაღწევას, რომელშიც ლეონარდოა მოქცეული. ცალკეულ ეპიზოდებში მსახიობის ინტონაციები ზოგჯერ ზედმეტად აქცენტირებული ხდება, რის გამოც პერსონაჟის შინაგანი დაძაბულობა ბუნებრივ დინებას სცდება. თუმცა  რიგ ეპიზოდებში, მსახიობი ორგანულია და დამაჯერებელი.  განსაკუთრებით ზუსტია იმ სცენებში, სადაც ზედმეტი ემოციური აქცენტებისგან თავისუფლდება - სწორედ ამ დროს იკვეთება გიგა აბულაძის სცენური ენერგია და ლეონარდოს შინაგანი წინააღმდეგობაც გაცილებით მკაფიო და დამაჯერებელი ხდება.

 

ნანა ბუკიას დედა, თავისი ბუნებით, ტიპური ქართველი ქალია, რომელშიც ესპანური ხასიათის ელემენტებიც ორგანულად იკითხება. საინტერესოა, რომ გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი დედის ფიგურაზე არ არის აგებული, თუმცა ნანა ბუკია საკუთარი სამსახიობო შესაძლებლობებით თანდათან ახერხებს, წარმოდგენის ერთ-ერთ მთავარ ღერძად იქცეს. იგი მაქსიმალურად იყენებს მისთვის მოცემულ სცენურ სივრცეს და საბოლოოდ მაყურებლის ყურადღებაც ხშირად სწორედ მისკენ მიემართება - მას უყურებ, მის რეაქციებს აკვირდები, მასზე ფიქრობ და რაც მთავარია, მის გამო ღელავ. შესაძლოა, ეს გარკვეულ დისბალანსსაც ქმნიდეს რეჟისორის თავდაპირველ კონცეფციასთან მიმართებით, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ეს გარემოება უსვამს ხაზს ნანა ბუკიას სამსახიობო მასშტაბს: სპექტაკლში, რომელიც დედაზე არ არის აწყობილი, იგი მაინც ახერხებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურად დასამახსოვრებელ ფიგურად დარჩენას.

 

ირაკლი სამუშიას სასიძო კიდევ ერთხელ აჩვენებს მსახიობის მასშტაბსა და იმ დიდ სცენურ შესაძლებლობებს, რომელსაც იგი ფლობს. მსახიობს გააჩნია იშვიათი უნარი, სცენაზე ყოფნითვე შექმნას პერსონაჟის წონა და მაყურებლის ყურადღება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიზიდოს. ამ სპექტაკლშიც არის ცალკეული ეპიზოდები, სადაც მის ნამუშევარს მეტი სიზუსტე და ზომიერება სჭირდება, თუმცა ეს ხარვეზები საერთო შთაბეჭდილებას არსებითად ვერ ცვლის. მსახიობთა ანსამბლში ირაკლი სამუშიას ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და სრულყოფილია - მისი სასიძო შინაგანი ენერგიით, სცენური მასშტაბითა და პროფესიული შესაძლებლობებით წარმოდგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად რჩება. 

 

 

აღნიშვნას იმსახურებს, გიორგი კაკალაძის მიერ შექმნილი ქორეოგრაფიული სცენა, სადაც სასიძოს, სარძლოსა და ლეონარდოს ცეკვა რეალურად ერთი ქალისათვის ბრძოლის პლასტიკურ სახედ იქცევა - ირაკლი სამუშია, ელენე ქურთიშვილი და გიგა აბულაძე თავიანთი პერსონაჟებისთვის ზუსტად მიგნებული მოძრაობითა და მანერებით ურთიერთობის მთელ დაძაბულობას უსიტყვოდ გადმოსცემენ, ხოლო ნანა ბუკიას დედის ჩართვა სცენას კიდევ უფრო მძაფრ დრამატულ დატვირთვას სძენს. აქ არც ერთი მსახიობის ნაბიჯი თუ ჟესტი არ რჩება მხოლოდ ქორეოგრაფიულ მოძრაობად, თითოეული მათგანი მოქმედებაა, პერსონაჟის სურვილიდან და მდგომარეობიდან გამომდინარეობს და სწორედ ამიტომ ახერხებენ მსახიობები, რომ ცეკვის დროსაც არ დაკარგონ თავიანთი გმირები და პლასტიკა სრულფასოვან სამსახიობო ენად აქციონ.

 

მარიამ მღებრიშვილის დამლაგებელი, იგივე სიკვდილი სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ ამიტომ მის მიმართ მოთხოვნაც ბუნებრივად უფრო მაღალია: ეს პერსონაჟი წარმოდგენის ერთ-ერთ მთავარ ღერძად უნდა იქცეს და საკუთარ თავში შეკრას ის ავისმომასწავებელი განცდა, რომელიც ლორკას ტრაგედიას თან სდევს. მსახიობი ნამუშევარში არის ცალკეული გამონათებები, ეპიზოდები, სადაც მსახიობი პერსონაჟის ბუნებას ზუსტად უახლოვდება, თუმცა მთლიანობაში ამ ხაზის ბოლომდე შენარჩუნებას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით იგრძნობა ორგანულობის პრობლემა - თითქოს მსახიობი გარკვეულ სცენურ ჩარჩოში რჩება, რომლის გარღვევასაც ცდილობს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებს. აქედან ჩნდება შესამჩნევი დისბალანსიც ცალკეულ სცენებს შორის: ერთ მომენტში პერსონაჟი იძენს საჭირო სიმძაფრესა და ძალას, მომდევნო ეპიზოდში კი ამ ენერგიას კარგავს. ეს განსაკუთრებით დასანანია სწორედ იმიტომ, რომ რეჟისორის კონცეფციაში სიკვდილის ფიგურას გაცილებით დიდი პოტენციალი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მსახიობის შესრულება ამ ეტაპზე ბოლომდე გვთავაზობს. მით უფრო, რომ მარიამ მღებრიშვილის სამსახიობო შესაძლებლობები არაერთ სხვა სპექტაკლში გვინახავს და ვიცით, რომ მას გაცილებით, ბევრად მეტი შეუძლია. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში კრიტიკული შეფასება არა მსახიობის პროფესიულ შესაძლებლობებს, არამედ კონკრეტულად ამ როლში მიღებულ შედეგს ეხება.

 

რაც შეეხება ელენე ქურთიშვილის სარძლოს, სალომე ბუღაძის ლეონარდოს ცოლს, რეზო ჯოჯუას მამასა და მარინა დარასელიას მოახლეს, მათ ნამუშევრებში არაერთი საინტერესო დეტალი იკითხება, თუმცა სწორედ ამ პერსონაჟებთან ხდება განსაკუთრებით შესამჩნევი ის ანსამბლური დისბალანსი, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრე. ცალკეულ ეპიზოდებში იქმნება განცდა, თითქოს მსახიობები სხვადასხვა სცენური რეალობიდან მოდიან, განსხვავებულია მათი არსებობის მანერა, ტემპორიტმი და ზოგჯერ თავად ლორკას სამყაროსთან ურთიერთობის ხარისხიც, რის გამოც ისინი ყოველთვის ვერ ერთიანდებიან სპექტაკლის საერთო მხატვრულ ქსოვილში. თუმცა ეს შთაბეჭდილება მუდმივი არ არის: თითოეულ მათგანს აქვს მომენტები, როდესაც პერსონაჟი ზუსტდება, ცოცხლდება და წარმოდგენის ორგანულ ნაწილად იქცევა.

 

ამ მხრივ განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მარიამ მღებრიშვილის დასკვნითი მიზანსცენა და მისი თითქოს სრულიად უბრალო კითხვა - „დამლაგებელი ხომ არ გჭირდებათ?!“ სწორედ ამ მომენტში მსახიობი ზუსტად პოულობს ინტონაციას, ზომას და სცენური არსებობის იმ ბუნებრიობას, რომელიც სხვა ეპიზოდებში ზოგჯერ იკარგება. ასეთი მონაკვეთები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრობლემა ნაკლებად მსახიობთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებშია და უფრო იმ საერთო სამსახიობო ენის ჩამოყალიბებაში, რომელმაც გიორგი ჭანტურიას ესთეტიკურად მკაფიო სამყარო  - ერთიან და თანაბრად გამართულ სცენურ ორგანიზმად უნდა შეკრას.

 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკა - ამ შემთხვევაში კომპოზიტორი უბრალოდ სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებას კი არ ქმნის, არამედ გიორგი ჭანტურიას სცენური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს. მუსიკა საოცარი სიზუსტით მიჰყვება ლორკას ტრაგიკულ ბუნებას, თუმცა არც ესპანური მოტივების პირდაპირ ილუსტრაციად იქცევა და არც მოქმედების უბრალო ემოციურ ფონად რჩება. მას საკუთარი ხასიათი, დრამატურგია და ენერგია აქვს; ზოგჯერ თითქოს წინასწარ გვკარნახობს მოახლოებულ უბედურებას, ზოგჯერ კი იმ ვნებასა და შინაგან დაძაბულობას აძლიერებს, რომელსაც პერსონაჟები სიტყვებით ბოლომდე ვერ გამოხატავენ.  მუსიკა „სისხლიან ქორწილში“ არა მხოლოდ ისმის, იგი მოქმედებს, ქმნის ატმოსფეროს და სპექტაკლის საერთო მხატვრული ღირებულების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპონენტი ხდება.

 

გიორგი ჭანტურია ფიქრობს, ეძებს და იკვლევს და ეს მის ბოლო პერიოდის სარეჟისორო ნამუშევრებში სულ უფრო მკაფიოდ იკითხება. მისი ინტერესის სფეროში კვლავ და კვლავ ბრუნდება სიკვდილი, ადამიანური ბუნება, ღალატი, სიყვარული და ყველაზე მეტად, ფასი, რომელსაც ადამიანი საკუთარი არჩევანისთვის იხდის. ეს თემები ჩანს როგორც მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სპექტაკლებში, ისე იმ პიესაშიც, რომელზეც რეჟისორი ახლა მუშაობს. გიორგი ჭანტურიას განსაკუთრებით აინტერესებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში დგამს და რომელიც ზოგჯერ საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ მისი და მის გარშემო მყოფთა ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალოს.

 

ლორკა მაინც მძიმე ენაა - რთული როგორც გასააზრებლად, ისე სცენაზე სათქმელად. მასთან შეჭიდება კი ახალგაზრდა რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სტარტიცაა. მით უფრო მაშინ, როდესაც რეჟისორი არ კმაყოფილდება ერთხელ ნაპოვნი ფორმით, არ ნებდება, მუშაობს, ეძებს და საკუთარ სცენურ ენას თანდათან აყალიბებს. „სისხლიანი ქორწილი“, არსებული პრობლემების მიუხედავად, მხატვრული ღირებულების მატარებელი სპექტაკლია, რომელსაც საკუთარი სახე და მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს. აქვე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ გიორგი ჭანტურია არც ისე დიდი ხნის შემდეგ, აუცილებლად მიუბრუნდება ლორკას,  რა თქმა უნდა ისევ  „სისხლიან ქორწილს“ და აუცილებლად კიდევ  ერთხელ დადგამს.

 

და ბოლოს, რეჟისორის მიერ შექმნილ ამ სამყაროში სიკვდილი მართლაც იმ უხილავ დამლაგებლად რჩება, რომელიც ადამიანების მიერ დატოვებულ უწესრიგობას მოთმინებით ელოდება  და როცა ყველაფერი დასრულებული გონია, მოდის და საბოლოოდ ალაგებს.

​

ფოტო: ირინა აბჟანდაძე

bottom of page