top of page

სიყვარულის  ბნელი და ნათელი ხეივნები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_2039.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

სიყვარულის  ბნელი და ნათელი ხეივნები

 

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ა. ვარსიმაშვილი  მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „სიყვარულის ხეივნები“, რომელიც  ი. ბუნინის  9 მოთხრობის  ( „კავკაზი“; „პარიზში“ ; „ბნელი ხეივნები“; „მუზა“; „რუსია“; „სავიზიტო ბარათები“; „გემი „სარატოვი“; „მზის დარტყმა“) მიხედვით დაიდგა.

მაყურებელი  ხეივანზე მომხდარ სასიყვარულო ვნებიან ამბებს არა დარბაზიდან, არამედ სცენაზე განლაგებული პარტერიდან ადევნებს თვალს. წელს არაერთმა რეჟისორმა მიმართა მსგავს ხერხს. ხელოვანები ცდილობენ მაყურებლის შემოქმედებით ჯგუფთან  დაახლოებას, რადგან პანდემიამ თითქოს დაგვავიწყა თეატრის არსებობა.

თითოეული ამბავი არაა მოცემული ცალკეულ სურათად, რამდენიმე  სცენა პარალელურად თამაშდება და ერთმანეთს უკავშირდება, რეჟისორი  კი ერთ-ერთზე  აკეთებს აქცენტს, ოღონდ ის არ სრულდება, მას ანაცვლებს სხვა სასიყვარულო ისტორია, რაც დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში თითოეული  ამბის მიმართ.

რეჟისორი ბრმად არ მიყვება ამა თუ იმ მოთხრობას, ის  თითოეულის ინტერპრეტაციას  ახდენს - მაგალითად, „კავკაზის“  მთავარი  პერსონაჟი ქალი (ნ. კალატოზიშვილი) სპექტაკლში პოპულარული  მსახიობია, ხოლო ნაწარმოებში   არაა საუბარი გმირის  პროფესიაზე. ამასთანავე,  საყვარელთა წყვილის  საცეკვაო ნომერი  (ნ. კალატოზიშვილი და  ვ. გაბაშვილი)  ჩნდება ეკრანზე  რომელსაც უცქერის  სხვა ნოველის („პარიზში“) საყვარელთა  წყვილი (ნ. კიკაჩეიშვილი და მ. გავაშელი). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნ. კალატოზიშვილი სპექტაკლის შუა ნაწილში განიცდის მეტამორფოზას, მისი პერსონაჟი რადიკალურად იცვლება,  დახვეწილი, მოვლილი, ლაღი ქალის ნაცვლად  ხდება უბედური ადამიანი, რომელმაც არ დააფასა მეუღლის სიყვარული. გარდასახვა არა მარტო ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ სამსახიობო ოსტატობაშიც ვლინდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მაყურებელი არა მარტო „ხეივანზე“ უცქერის სასიყვარულო ამბებს, არამედ აივანზეც, რომელიც გემბანის ფუნქციას ასრულებს; დარბაზი,  რომელიც ხან კინოდარბაზს წარმოადგენს, ხანაც ტბას, მაყურებელს პერსონაჟების სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა-გაგების საშუალებას აძლევს.

ყველა სასიყვარულო ისტორია ღალატით ან ლეტალური შედეგით, ფატალურად სრულდება. იბადება კითხვა, არის თუ არა ასახული ჭეშმარიტი სიყვარული? - რა თქმა უნდა, არის! უბრალოდ, რეჟისორი გვაჩვენებს, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე. თავად სიყვარული არის საოცარი გრძნობა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა განიცადოს. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ უმეტესობა  არ აფასებს ამ გრძნობას და ხედავენ მასში მხოლოდ ვნებას.  

„გემი „სარატოვის“ პერსონაჟებში ( გ. შარვაძე და ა. ბარათაშვილი)  საერთოდ არ იგრძნობა სიყვარული, მათი საუბრიდან და მოქმედებიდან გამომდინარე მხოლოდ  ის ჩანს, რომ ამ გმირთა ურთიერთობა აგებულია ეგოიზმზე. 

„სიყვარულის ხეივნების“ სცენოგრაფია ეკუთვნის მ. შველიძეს, რომელიც საინტერესო  ხელწერით გამოირჩევა. აღნიშნულ სპექტაკლში დეკორაცია მინიმალისტურია, არაფერი არაა ზედმეტი. ხელოვანი გვაჩვენებს სპექტაკლში არსებულ ეპოქას, ატმოსფეროს. თვალშისაცემია  თეთრი, ნატიფი კოსტიუმები შავი დეტალებით (მხატვარი ნ. კობახიძე). შესაძლოა თეთრი ასოცირდებოდეს ჭეშმარიტ სიყვარულთან, ხოლო შავი, ეს ნეგატიური ფერი აქარწყლებს ამ მშვენიერ გრძნობას. ამასთან პერსონაჟებს თეთრი შუქი ეფინება, რომელიც აფერმკრთალებს მათ სახეებს.

სცენის კუთხეში, პროექციით გამოსახულია შტორმი, თავიდან გაუგებარია, თუ რა დანიშნულება გააჩნია მას, მაგრამ, როდესაც ამ შტორმის ფონზე ვხედავთ პერსონაჟთა ჩრდილებს, მაშინ ნათელი ხდება, რომ ეს არის სიმბოლო ამა თუ იმ ისტორიის  ტრაგიკული დასასრულის. 

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ შემოქმედებით ჯგუფს სინთეზურად კარგად  გამოუვიდა იმის ასახვა, რომ ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, სიყვარული არის საოცარი გრძნობა, რომელიც ადამიანს უკეთესს ხდის, უბრალოდ მთავარია ამ სიყვარულის დაფასება, და მისი განსხვავება ეგოიზმისგან, ხორციელი ზრახვებისგან.

ფოტო: გოგა ჩანადირი

bottom of page