
„LOVE is…“ - სიყვარული სიძულვილის წინააღმდეგ
.jpeg)
01.11.2026
ანა მირიანაშვილი
„LOVE is…“ - სიყვარული სიძულვილის წინააღმდეგ
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი, 90-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი მიუზიკლით „LOVE is…“ გაიხსნა. სალომე ჯიჯავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ვესტსაიდის ისტორიას“ (West Side Story) ეფუძნება, პრემიერა 2026 წლის 25 სექტემბერს გაიმართა.
„ვესტსაიდის ისტორია“ მსოფლიო მიუზიკლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. პირველად 1957 წელს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე დაიდგა. მიუზიკლის იდეა რეჟისორსა და ქორეოგრაფ ჯერომ რობინსს ეკუთვნის, მუსიკა ლეონარდ ბერნსტაინმა შექმნა, სიმღერების ტექსტები - სტივენ სონდჰაიმმა, ხოლო ლიბრეტო არტურ ლორენცმა დაწერა. ავტორებმა უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ მარადიული სიყვარულის ტრაგედია თანამედროვე ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიტანეს და ორი დაპირისპირებული ახალგაზრდული ჯგუფის ურთიერთობის ფონზე ახალი სიცოცხლე შესძინეს. ვერონის ქუჩები ნიუ-იორკის დასავლეთი უბნის ქუჩებით შეიცვალა, მონტეკებისა და კაპულეტების დაპირისპირება კი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების მტრობამ ჩაანაცვლა.
ნაწარმოები არაერთხელ გაცოცხლდა სცენასა და ეკრანზე. მისი პირველი კინოადაპტაცია 1961 წელს რობერტ უაიზისა და ჯერომ რობინსის რეჟისორობით შეიქმნა და ათი „ოსკარი“ მოიპოვა. 2021 წელს კი სტივენ სპილბერგმა მიუზიკლის ახალი კინოვერსია გადაიღო. West Side Story დღესაც არაერთი თეატრის სცენაზე იდგმება.
სალომე ჯიჯავაძის „LOVE is…“ ამ ცნობილი ისტორიის საკუთარ სცენურ ვერსიას გვთავაზობს, ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია, ხოლო ლიბრეტოზე მაკა აროშიძემ იმუშავა.
წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე სივრცის ორგანიზებაა (დამდგმელი მხატვარი - დავით ტაკიძე, მხატვარ-შემსრულებელი - გიორგი გოგიტიძე). დეკორაცია სცენის ფარგლებს სცდება და მაყურებელთა დარბაზში იჭრება. გრძელი პოდიუმი სცენიდან თითქმის დარბაზის ბოლომდე გრძელდება, სცენისა და პოდიუმის გარდა სხვადასხვა სცენა თამაშდება აივნებზე, აქტიურად ჩართულია დარბაზის გვერდითა გასასვლელებიც. მსახიობები მუდმივად მოძრაობენ სხვადასხვა სივრცეს შორის, შედეგად, მაყურებელი მხოლოდ დარბაზში მჯდომი დამკვირვებელი აღარ არის - ის მოქმედების ეპიცენტრში ხვდება.
მსახიობების მაყურებელთან ასეთი სიახლოვე განსაკუთრებულ დინამიკას ქმნის და წარმოდგენის მსვლელობისას ჩართულობის განცდას აძლიერებს. რეჟისორი კარგად იყენებს თეატრის არქიტექტურულ შესაძლებლობებს და არსებულ სივრცეს ისე გარდაქმნის, რომ იგი მიუზიკლის ხასიათს მოერგოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც თეატრის სცენა მასშტაბური, მრავალრიცხოვანი მიუზიკლისთვის თავიდანვე არ ყოფილა გათვლილი. მიუხედავად ამისა, სცენისა და დარბაზის ერთიანობა წარმოდგენის ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ მახასიათებლად იქცევა.
ფერადი კოსტიუმები და მინიმალისტური, ასევე ფერადოვანი დეკორაცია სპექტაკლის საერთო ვიზუალურ სახეს ქმნის. აქ დეკორაციის მთავარი დანიშნულება, როგორც ჩანს, მსახიობებისა და მოცეკვავეებისთვის მოქმედების თავისუფალი სივრცის დატოვებაა და არა სცენის ზედმეტი დეტალებით გადატვირთვა. ამგვარი გადაწყვეტა გამართლებულია: ამ წარმოდგენაში მთავარი თავად მსახიობების მოძრაობა და ურთიერთქმედებაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათებაც, სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის ორგანულ ნაწილად გვევლინება (მხატვარ-გამნათებელი - რეზი ლორთქიფანიძე).
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წარმოდგენას უმეტესად სხვადასხვა თაობის მაყურებელი ესწრება - თინეიჯერებიდან დაწყებული, უფროსი ასაკის ადამიანებით დასრულებული. ჩვენში ხომ გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეა. სინამდვილეში, კარგი საბავშვო თუ საყმაწვილო სპექტაკლი სწორედ ის წარმოდგენაა, რომელსაც მთელი ოჯახი სიამოვნებით უყურებს. „LOVE is…“ ამ თვალსაზრისითაც საინტერესო გამოცდილებაა: იგი აერთიანებს განსხვავებული ასაკისა და მოთხოვნილებების მაყურებელს.
მიუზიკლის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ტონის სიტყვებში იკვეთება: „გაფუჭებას გაკეთება ჯობია“. ეს ფრაზა თითქოს მთელი ნაწარმოების მორალურ საყრდენად შეიძლება იქცეს - დაპირისპირებისა და ნგრევის ნაცვლად, აჯობებს ადამიანმა შექმნა, სიყვარული აირჩიოს და არა სიძულვილი. თუმცა, ჩემი აზრით, წარმოდგენაში სასურველი იქნებოდა, ეს დრამატურგიული ხაზი უფრო მკაფიოდ გამოკვეთილიყო. ზოგიერთ ეპიზოდში მუსიკალური და პლასტიკური მონახაზის ზუსტად შესრულებისკენ მიმართული ყურადღება სიუჟეტის განვითარებასა და პერსონაჟებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ჩრდილავს. შედეგად, ცალკეულ მომენტებში მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო ხდება შესრულების ფორმა, ვიდრე ის დრამატული მიზეზები და ემოციები, რომლებიც პერსონაჟებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასი ამგვარ ჟანრში საკუთარ თავს პირველად ცდის. ამიტომაც კიდევ უფრო დასაფასებელია მსახიობების სითამამე, მონდომება და თავდადება, რაც წარმოდგენის მსვლელობისას აშკარად იგრძნობა. მათ უწევთ ერთდროულად სამსახიობო, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ამოცანების შესრულება, თანაც საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან სივრცეში (ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი). ზოგიერთ სცენაში იგრძნობა გარკვეული შებოჭილობა, თითქოს შემსრულებლებისთვის მთავარი ამოცანაა, ზუსტად დაიცვან ქორეოგრაფიული ნახაზი და მუსიკალური სტრუქტურა. ამ ჟანრისთვის კი აუცილებელია არა მხოლოდ სიზუსტე, არამედ შინაგანი თავისუფლება და სიმსუბუქე.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ემოციური და ორგანული აღმოჩნდა წარმოდგენის ბოლო ეპიზოდები, რომლებშიც მსახიობები ცოცხლად მღერიან (ვოკალის პედაგოგი - ირმა გოგელია). ცოცხალ შესრულებას თავისი განსაკუთრებული ენერგია აქვს. შესაძლოა, ვოკალურ შესრულებაში გარკვეული ხარვეზებიც შეინიშნოს, მაგრამ უშუალო კონტაქტი მომღერალ მსახიობსა და მაყურებელს შორის გაცილებით მეტ ემოციას წარმოშობს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა. ვოკალური და სამსახიობო შესრულების მხრივ განსაკუთრებით გამოვყოფდი მარიას როლის შემსრულებელ სალომე დოლიძეს.
პროფესიონალ მსახიობებთან ერთად წარმოდგენაში მოწვეული მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. მათ სპექტაკლში დამატებითი ენერგია, დინამიკა და ხალისი შემოაქვთ.
მისასალმებელია ისიც, რომ რეჟისორმა გაითვალისწინა წარმოდგენის ქრონომეტრაჟი. 75 წუთი საკმარისია ამ ამბის მოსაყოლად და ამავე დროს არ იწვევს მაყურებლის დაღლას. სპექტაკლი არ არის გაწელილი ან ზედმეტი სცენებით გადატვირთული. მისი რიტმი, განსაკუთრებით სამოქმედო სივრცის ხშირი ცვლილებისა და მოძრაობის ხარჯზე, მაყურებლის ყურადღებას ინარჩუნებს.
რომეოსა და ჯულიეტას ამბავი ყველა დროში აღელვებდა ადამიანებს და, როგორც ჩანს, არც მომავალში დაკარგავს აქტუალობას. სიყვარული, რომელიც მტრულად განწყობილი გარემოს წინააღმდეგ იბრძვის, ყოველთვის პოულობს გზას მაყურებლის გულამდე. სპექტაკლით „LOVE is…“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს სურს ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადავიდეს. ახალი ჟანრის ათვისების გარდა, ეს არის თეატრისთვის შესაძლებლობა, გააფართოოს შემოქმედებითი საზღვრები, მოსინჯოს განსხვავებული ფორმები და უფრო მრავალფეროვანი აუდიტორია მიიზიდოს.
ვფიქრობ, „LOVE is…“ თეატრში უფრო მეტ მოზარდს მოიყვანს და მაყურებელი დარწმუნდება, რომ ეს სივრცე მხოლოდ პატარებისთვის არ არის შექმნილი. იმედი მაქვს, რომ თეატრის რეპერტუარში კიდევ უფრო მეტი ადგილი დაეთმობა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ დრამატულ თუ მუსიკალურ წარმოდგენებს, რომლებსაც მათი ოჯახის უფროსი წევრებიც ინტერესითა და სიამოვნებით დაესწრებიან.