top of page

შთამომავლობის მაგიერ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

აღაზა - კადრი თენგის აბულაძის ფილმიდან ,,ვედრება''.jpg

16.11.2025

მარიამ საკანდელიძე

შთამომავლობის მაგიერ

,,მრავალი რამაა საოცარი, მაგრამ ადამიანზე უფრო საოცარი არაფერია. მისი ძალა ვრცელდება ზღვაზე, მაშინაც, როდესაც იგი თეთრდება სამხრეთის ქარის მოვარდნამდე და გზას იკვლევს ტალღებში, რომლებიც მას დანთქმით ემუქრებიან. ღმერთებს შორის უძველესსაც, დედამიწასაც, უკვდავს, სათავისოდ ფიტავს იგი, რადგან თავისი გუთანში შებმული ცხენით წლობით ხნავს და ხნავს. ფრინველთა უზრუნველ მოდგმას, ველურ ნადირთა წყებასა და ზღვის სიღრმეთა ბინადრებს იგი დაწნული ბადით იჭერს, ატყვევებს – ძალიან მარჯვეა ადამიანი. მრავალი ხერხით გარეულ მხეცებს ათვინიერებს, ხშირფაფრიან ცხენს კისერზე უღელს ადგამს, გუთანში აბამს მთის დაუოკებელ ხარსაც. სიტყვაცა და აზრიც ქარივით სწრაფი აქვს, თავად შეისწავლა განწყობა, რომელიც სახელმწიფოს წესრიგს ანიჭებს და გაერკვა, როგორ გაექცეს არასტუმართმოყვარე სიცივის ისრებს ღია ცის ქვეშ და კოკისპირულ წვიმაში. შეუძლია ყველაფერს გაართვას თავი; როცა ვერ ართმევს, მაშინაც წინ მიდის. მხოლოდ ჰადესს ვერ გაექცევა, თორემ სხვა აუხსნელ სენს მოუძებნა გასაქცევი. მახვილგონივრული შესაძლებლობებით, გასაოცარი სინატიფით მიიწევს ხან ბოროტისაკენ, ხან სიკეთისაკენ. როდესაც ქვეყნის კანონებსა და ღმერთების სამართლიანობას იცავს და ფიცს არ ტეხს, მისი ქალაქი ყვავის; მაგრამ ქალაქიდან გაძევებულია ის, ვინც თავისი დაუდევრობით სირცხვილში ჩავარდება. ვერასოდეს შემოვა ვერც ჩემს სახლში, ვერც ჩემს ფიქრებში, ვინც ასეთ საქციელს ჩაიდენს.” - სოფოკლე ,,ანტიგონე”, პირველი სტასიმონი.

ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, ცდილობენ და ეცდებიან ახსნან მოვლენები, იპოვონ კითხვებზე პასუხები, მიაკვლიონ საკუთარი ცხოვრების საზრისს, ჰქონდეთ რაღაცის იმედი და რწმენა გარკვეული წესრიგის არსებობისა, რომლითაც გამართლდება ყოფითი უსამართლობები. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლესთან გამკლავება, რადგან სრულიად უიმედოდ დარჩენილნი კრიტიკულ სიტუაციებში სასოწარკვეთილებისგან უუნარონი დავრჩებოდით. რაც უფრო ადამიანურად ტრაგიკულია ღმერთის, ღმერთებისა თუ ღვთიური არსებების ცხოვრება, მით უფრო მიმზიდველია მოკვდავისთვის, რომლის ნუგეშთა სიას ისიც ემატება, რომ ტრაგედიები ზებუნებრივი ძალის მატარებელთაც ემართებათ. ალბათ, მითების შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო - განემარტა ბუნებრივი მოვლენები, აეხსნა ცხოვრების წესრიგი ღმერთების, ნახევარღმერთებისა და გმირების სიუჟეტებით და დაებადა რწმენა, რომ რაღაც ზეციური შენს სიმართლეს ხედავს, კანონთა მორჩილებით კი ჭეშმარიტება იზეიმებს. ასეთი საოცარია ადამიანი - გონების ძალით შეძლო შეექმნა მეტაფიზიკური იდეა, რომლითაც თავის (სასიკეთოდ) მოტყუებას შეძლებდა.

,,განა შეიძლება გაექცეს ვინმე ბედისწერას?” - ეს საკითხი ყველაზე მწვავედ სწორედ თებეს ციკლში წამოიჭრება. თავად ქალაქის დამაარსებელი, კადმოსი, ხომ ღვთიურ ცოდვას, არესის დრაკონის მოკვლას, წლების განმავლობაში ვერ მოინანიებს და, საბოლოოდ, საზღაურით დაღლილი გველად გადაიქცევა. მაშ, რა გასაკვირია, რომ მისი შთამომავალი ლაიოსი ყველაზე სასტიკ წყევლას უანდერძებს შთამომავლობას? ლაბდაკეს შვილი (ხშირად ამ ოჯახურ ცოდვას სწორედ მისი სახელით მოიხსენიებენ, ლაბდაკიდესის წყევლა) ,,ქსენიას” წმინდა წესს დაარღვევს, მასპინძელი პელოპეს ვაჟს, ქრისიპოსს მოიტაცებს და გააუპატიურებს, რის გამოც ბიჭი თავს მოიკლავს. პელოპე დასწყევლის ლაიოსს: ,,ღმერთებმა ჩემი შვილის გამტაცებელი იმით დასაჯონ, რომ საკუთარმა შვილმა დაღუპოს”. წყევლა აღსრულდა - ლაიოსი ოიდიპოსმა მოკლა - მისი საბედისწერო წყევლა შვილს გადაეცა - ოიდიპოსი უარყოფს ბედს, კლავს მამას, ცოლად ირთავს დედას. საკუთრივ ოიდიპოსისგან წყევლა მის შვილებს გადაეცემა. იკვრება ჯაჭვი და მეორდება ციკლი ქედმაღლობის, ცოდვის ჩადენისა და ღვთიური სასჯელის.

გამწარებული მამის წყევლას სამეფო ოჯახი კიდევ დიდხანს ვერ მოიშორებდა, რომ არა ოიდიპოსის ქალიშვილი - ანტიგონე. მითის თანახმად ანტიგონე გაჰყვა მამას განდევნილობაში, გახდა მისი თვალები, ინაწილებდა მის უბედურებასა და გასაჭირს, მძიმე გზის მთელ სიძნელეს, ზრუნავდა მასზე და ქვეყნიდან ქვეყანაში დაჰყავდა. ანტიგონე იყო ის, ვინც პოლინიკეს ტახტისთვის ომზე ხელის აღება თხოვა, რადგან ხვდებოდა, როგორ დაღუპავდა დაპირისპირება ძმებსაც და თებესაც. მამის გარდაცვალების შემდეგ ანტიგონე თებეში ბრუნდება, ძმებმა ერთმანეთი უკვე დახოცეს ბრძოლაში. ამ დროისთვის თებეს მმართველობა კრეონს, ანტიგონეს ბიძას, აქვს გადაბარებული და მისი კანონის თანახმად, პოლინიკესს არ ეღირსება სამარე, დაკრძალვა და ფრინველებისა და ძაღლების საჯიჯგნად გაიწირება. ანტიგონე წინ აღუდგება კრეონს, დაარღვევს მის კანონს და დაისჯება ამისთვის. მითის შემთხვევაში ანტიგონე ოჯახური წყევლის ტრაგიკული გაგრძელების სიმბოლოა. მისი სახე გვიხატავს ღვთიური სამართლის აღსრულებისა და მემკვიდრეობითი დანაშაულის გრძნობის არსებობის გარდაუვალობას. მითში ანტიგონესთვის, როგორც პიროვნებისთვის, კრეონის კანონის წინააღმდეგ წასვლის მოტივი ბედისწერა, ზეციური მოვალეობის შესრულება და ოჯახის ერთგულებაა, ის ძმის წინაშე იხდის ვალს. მისი სახე სიმბოლო-მეტაფორაა მორალსა და ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედების, ბედისწერის მორჩილების.

ერთი შეხედვით ანტიგონეს მითი ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც დანარჩენი მითები. მაშინ, საინტერესოა, რატომ დაიწერა ანტიგონეს მითზე პიესები? რატომ ჩამოყალიბდა მისი სახე-სიმბოლო? რატომ რჩება კვლავ აქტუალური?

უპირველეს ყოვლისა, დაწყევლილი ოჯახიდან მხოლოდ ორი წევრი რჩება ცოცხალი და ნათელია განსხვავება მათ შორის. ანტიგონე და ისმენე სხვადასხვა პოლუსია, რომლებსაც საერთო მხოლოდ საბედისწერო ტანჯვა აქვთ. ანტიგონეა ერთადერთი შვილი, რომელიც განდევნილ ოიდიპოსს სიცოცხლის ბოლომდე გვერდიდან არ შორდება, ისმენეს კი ცნობები ჩამოაქვს ხანდახან თებედან მათთვის. როგორც კი ისმენე ანტიგონეს ძმის დაკრძალვის თხოვნაზე უარს ეუბნება, ვერ ბედავს კრეონის კანონი უარყოს და, მეტიც, ცდილობს ანტიგონეს გადმობირებას, აშკარა ხდება, რომ ის ცოდვილთა ჯაჭვის გაწყვეტას ვერ შეძლებს და საერთოდაც, შესაძლებელია, წყევლა მასზე არ ვრცელდებოდეს. ისმენეს არ შეუძლია დანაშაული ჩაიდინოს არც ღმერთების და არც ადამიანების წინაშე, მას ამისათვის არ ჰყოფნის სიჯიუტე, არ უსმენს ბრაზს და ამბოხის ნაპერწკალსაც აქრობს. ალბათ, ამიტომ არ ვიცით, რა ემართება ისმენეს ანტიგონეს სიკვდილის შემდეგ - აგრძელებს ცხოვრებას მოგონებებით ტრაგიკულად, სრულიად მარტო. ისმენე შეიძლება იყოს ჰორაციო ანტიგონეს ჰამლეტისთვის - მხოლოდ მას შეუძლია ოჯახის ისტორია სწორად, ზუსტად, თანმიმდევრობით მოჰყვეს: ,,ჰორაციო, ვკვდები და მას გთხოვ, შენ იცოცხლე და შეასმინე ჩემზედ ნამდვილი; ჩემი ამბავი უთხარ ყველას, ვინც კი მოისმენს”.

 უეჭველია, ჯაჭვი უნდა გაწყდეს და ციკლი დასრულდეს. ანტიგონემ მოხეტიალე ცხოვრების არჩევით უარი თქვა პირად სიამეებზე, კრეონთან დაპირისპირებით უარყო არა მხოლოდ მისი ძალაუფლება, არამედ მისი შვილიც, ჰემონი, შესაბამისად, უარი თქვა თეთრ კაბაზეც, ვინაიდან ჰემონის საცოლე იყო. ანტიგონე ფაქტობრივად ოჯახის წყევლასა და დასჯის ციკლს ასრულებს - მართალია, ყველა ნადგურდება, თუმცა ანტიგონეს სიკვდილი მორალურ სიწმინდეს უბრუნებს გვარს. ის არ ნებდება უსამართლობას, ეწირება საკუთარ რწმენას, აღადგენს ზეციურ წესრიგსა და ოჯახის ღირსებას. ანტიგონეს ოჯახის წყევლა ლაბდაკიდების აკლდამაში ჩააქვს და იქვე მარხავს. ოჯახის სირცხვილის, დანაშაულისა და ცოდვის ისტორიას კი მორალურ გმირობად გარდაქმნის.

განსხვავებით მითისა, სოფოკლეს პიესაში ,,ანტიგონე” სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები შემოაქვს და მთავარი პერსონაჟის სახესაც ცვლის. მიუხედავად იმისა, პიესა მითს ეფუძნება, ავტორი ცვლის ანტიგონეს გადაწყვეტილების მოტივს, ზრდის კრეონის როლს, ამძაფრებს კონფლიქტს და აყენებს ახალ იმპერატივებს.

,,ისმენე, დაო, დედაჩემის ჭეშმარიტო ასულო, იცი თუ არა რამე ოიდიპოსის ნაანდერძევი ბედუკუღმართობიდან, რომელსაც ზევსი არ აგვისრულებს ჩვენ, ორს, ჩვენს სიცოცხლეში?” - ანტიგონე გამოჩენისთანავე გვახვედრებს, რომ მასსა და ისმენეს შორის პიროვნული კონტრასტია. ამასთან, სვამს კითხვას, ოიდიპოსის წყევლას ბოლომდე დაატეხს თავს ზევსი ისმენესა და ანტიგონეს თუ ჯაჭვი გაგრძელდება. ანტიგონე ძმის ცხედრის არამწევს სახელოვან წინაპართა ცუდ შთამომავალს უწოდებს და ნათესავის დაკრძალვას საკუთარ ნებად აღიქვამს. სწორედ აქ ჩანს, რომ ანტიგონე ბედისწერის გარდაუვალობას კი არ ემორჩილება, არამედ არჩევანს თავად აკეთებს, პირად ვალდებულებად და მორალურ-ეთიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებად აღიქვამს ძმის დაკრძალვას. ისმენე კი ვერ ბედავს შეეწინააღმდეგოს ტირანს, კაცს, უნაყოფო საქმის კეთებას მორჩილებას ამჯობინებს.

კრეონთან საუბარში ანტიგონე ავლენს ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიმტკიცე, სიამაყე, ერთგულება, განსაზღვრულობა, ის მორალური სიმამაცის სიმბოლო ხდება - კრეონი კი ტირანული რეჟიმის სახეა, მმართველის, რომლისთვისაც ქალაქი მისია, ვინც მას მართავს. ამ შემთხვევაში პიესა პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს - როგორ უპირისპირდება ინდივიდი პოლიტიკურ აბსოლუტს და, საბოლოოდ, ამარცხებს კიდეც მას. აღსანიშნავია, რომ ანტიგონე არ მოქმედებს ინერციით, მას გაცნობიერებული აქვს თითოეული ნაბიჯი, ამიტომაც არ უჭირს ,,დანაშაულის” აღიარება: ,,ვამბობ, რომ ჩავიდინე და არ უარვყოფ”.

პიესაში ორი საპირისპირო მხარე - კრეონი და ანტიგონე - ადამიანური კანონებისა და ღვთიური კანონების მეტაფორაა. ანტიგონე პიესაშიც ასრულებს საგვარეულო წყევლას, თუმცა არა ბედისწერის მორჩილებით, არამედ არჩევანით, რომლითაც ღმერთებსა და მათ კანონებს მიწიერ ძალაუფლებაზე მაღლა აყენებს: ,,საფლავო, საქორწინო დარბაზო, ღრმა ქვაბულო, მარადიულო საცხოვრებელო, მანდ, ჩემიანებთან მოვდივარ, რომლებიც, დაღუპულები, ასე მრავლად მიუღია პერსეფასას. უკანასკნელი მათგან მე ვარ ყველაზე სამარცხვინო ვითარებაში.”

,,სიკვდილსა გლოვა უხდება,

მკვდარს ძმას - ტირილი დისაო”.

ქართულ ლიტერატურაში ქალის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ, ღრმა, ჩამოყალიბებულ სახეს ვაჟა-ფშაველა ქმნის პოემაში ,,სტუმარ-მასპინძელი”. ქალის, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ქისტ ანტიგონედ. აღაზა - ,,ციდამ მოცლილი ვარსკვლავი”, ,,სხივმიხდილი ვარსკვლავი”, ,,ტანად ალვა”, ,,ყელგადაგდებული არჩვი” - მეოჯახე, ქმრის თავმოსაწონი, ტრადიციული ქალია, რომელიც ცნობიერით ცხოვრობს. ჯოყოლა მას ესაუბრება როგორც თანასწორს და არა როგორც - დიაცს. მაშ, რა ემართება ქალს თემისა და ღმერთის კანონებით შებოჭილს? როგორ ახერხებს ყველაფრის უარყოფას და პიროვნულობის გამოვლენას?

ზვიადაური ზუსტად ისე გაწირა თემმა, როგორც კრეონმა - პოლინიკე.

,,ზეზე გაწირეს ტიალად.

თუნდა ძაღლებმა ათრიონ,

ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად.”

აღაზა ორად არა თემისა და ჯოყოლას დაპირისპირებისას, არამედ ზვიადაურის მსხვერპლშეწირვისას იყოფა. გული და გონება სწორედ ამ დროს იმიჯნება - გული დედაკაცობის რჯულს წყევლის, ზვიადაურის გადარჩენას ლამობს, ვერ ინელებს ,,კაცის კაცურად სიკვდილს”, დასტირის მკვდარს, უვლის, იფარავს მტაცებლებისაგან, გონებას კი ეშინია ღმერთის, ეხათრება თემის, რცხვენია მკვდრებისაც კი. თუკი ანტიგონეს ერთსახად გადაწყვეტილი ჰქონდა მკვდრისთვის პატივისგება, აღაზა შინაგან კონფლიქტში იძირება, თუმცა, საბოლოო ჯამში, გული გონებას გადაწონის მარადიული დანაშაულის გრძნობის ფასად. ორივე ქალი მტკიცე, პრინციპულ გადაწყვეტილებას იღებს, რომელსაც შინაგანი რწმენა-წარმოდგენები კარნახობენ მათ, უპირისპირდებიან ადამიანების მიერ შექმნილ ბარიერებს, კანონებს და არჩევანს სიყვარულის უნივერსალურობაზე აკეთებენ.

,,დაუტირებელი, უმეგობრო, საქორწინო სიმღერის გარეშე, უბედური მივდივარ ბოლო გზაზე... მეგობრებისგან მიტოვებული, ტანჯული მივდივარ, რომ მკვდრების ცარიელ საფლავში ვიცხოვრო.”

,,-რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?

ამას ჰფიქრობდა ქალია. -

ქისტეთში ჩემი ერთგული

კენჭიც კი არსად არია.”

ანტიგონე და აღაზა საკუთარი არჩევანის წინაშე სრულიად მარტო დარჩნენ. ანტიგონეს ტირანი არ ასვენებს, აღაზას კი ცოცხლებიც, მკვდრებიც და საკუთარი თმებიც კი საყვედურობენ. ორივე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს ყველა ღმერთის ნაქადაგები სიყვარულის გამო და რა ირონიულია, რომ ორივე ქალი ორჭოფობს - შესცოდეს და ისჯებიან თუ პირიქით. როგორც ანტიგონე აგრძელებს და ასრულებს ოჯახის წყევლას, აღაზაც ქმრის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ამთავრებს. არც ანტიგონეს და არც აღაზას არ რჩებათ შთამომავალი, რადგან მათ არ სჭირდებათ გვარის გამგრძელებელი ნაანდერძები ზნეობით, მათი სიმბოლურ-მეტაფორული სახე ყოველი მკითხველისთვის კათარზისის სტიმული და მშობელი დედაა.

მითზე დაიწერა მრავალჯერ და მითი გადაიწერა უამრავჯერ. ჟან ანუიმ ანტიგონეს მითი 1942 წელსაც გამოიყენა საკუთარ პიესაში ,,ანტიგონე”. ამ შემთხვევაშიც ანტიგონე, როგორც პერსონაჟი, კარდინალურად განსხვავდება სხვა ანტიგონეებისაგან და ეპოქისთვის საჭირო შეტყობინებას ატარებს.

ჟან ანუის ანტიგონეს სიცოცხლე უყვარს, შეუძლია მისით ტკბობა, მეოცნებეა, კეთილი და საკუთარ თავში ბავშვური სიწმინდის გადარჩენას ცდილობს. ,,პატარა ანტიგონეს გარეშე ყველანი გაცილებით მშვიდად იცხოვრებდნენ”, იმიტომ რომ ის ემოციურია, უკომპრომისო, ჯიუტი და სენტიმენტებით ცხოვრობს. ანტიგონე თავს აღწევს რეალიზმს და იდეალებით საკუთარ სამყაროს იქმნის, რაც საკუთარი ძმის დამარხვას აიძულებს. ,,მაღალი იდეალები კაცების საქმეა, დე, ისინი შეეწირონ ამ იდეალებს, შენ ხომ გოგო ხარ?” ახალგაზრდა ქალი სქესობრივ საზღვარსაც არად აგდებს და ჯანყდება.

ანტიგონეს არ სწამს სულის უთვისტომობის და არც პოლიტიკური გათვლა აქვს - კრეონს მორწმუნეები აუმხედროს, ანტიგონესთვის ეთიკური ვალია ძმის დამარხვა, ეს გადაწყვეტილია და ვერაფერი შეიცვლება. ამ ქმედებით ის საკუთარ თავთან მართალი და წმინდა გამოდის. მას არ ესმის არავისი, თუკი სხვების გაგება თავის თავს აშორებს.

ანტიგონე დარწმუნებულია, რომ დაისჯება და მისი დილა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ სიკვდილთან შეგებების ინტერლუდიაა: ,,მე რომ უბრალო მოახლე ვყოფილიყავი, ანდა მრეცხავი, მაშინაც კი წავიდოდი ძმის დასამარხავად. საპნიან ხელებს შევიმშრალებდი და ისე გავიქცეოდი, წინსაფარს არც კი მოვიხსნიდი”. ანტიგონეს სიამაყესა და შეუპოვრობას წყობიდან გამოჰყავს კრეონტი, რადგან ეს ხელს უშნის მეფეს, დის შვილი გადაარჩინოს. კრეონტი რეალისტია, ის მიწაზე ორი ფეხით დგას, ახალი დროების ჭეშმარიტი მონაა, რომელსაც არ შეუძლია თქვას არა, გონებით ცდილობს სამყაროს მოწყობას და მისთვის ყველაფერი პოლიტიკაა. რასაც კრეონტი უნამუსობას ეძახის, ანტიგონესთვის ნამუსია და ამ ორს შორის უფრო თავისუფალი მაინც სასიკვდილოდ განწირული პირია, იმიტომ რომ მხოლოდ მას ძალუძს ეყუდვნოდეს საკუთარ თავს: ,,საცოდავო კრეონტ! თუმცა ხელებზე ნაბორკილარი მეტყობა და შიშისაგან გული მიმდის, მაინც მე ვმეფობ და არა შენ!”

ანუი გვაჩვენებს, რომ ცხოვრება, უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, მაინც გრძელდება. ადამიანები გლოვობენ და მერე მათ მკვდრების სახელებიც კი ერთმანეთში ერევათ. ასეთ სამყაროში აუცილებელი არა მორჩილება, არა მუშობა, არა რუტინულობა, არამედ საკუთარი ჭეშმარიტების დაცვაა. ამ აბსურდიზმში მთავარია სარკეში ჩახედვის არ გრცხვენოდეს და შენი ქმედებები გარწმუნებდნენ, რომ საკუთარ თავთან მართალი ხარ - თუ რის ფასად, ეს ცალკე ამბავია.

,,მისთვის მთავარი იყო ეთქვა ,,არა” და მომკვდარიყო”. პირადად ჩემთვის ანტიგონე პეგასუსზე მოჯირითე გიშრის ხუჭუჭა, გრძელთმიანი გოგონაა ყავისფერი თვალებით, რომლის სულისკვეთებაც ისევე ერთი შეხედვითაა განწირული, როგორიც მერანზე მჯდომი ნიკოლოზ ბარათაშვილის. ანტიგონეს მტკიცე სახე, სიმბოლო, ამდენჯერ განსხეულებული ამდენ ვარიაციად უვალ გზებს თელავს და მკითხველს არჩევანს უადვილებს. არ ვიცი, რომელ ბერძენს მოუვიდა საუკუნეების წინათ ამ ქალისთვის ანტიგონეს დარქმევა, მაგრამ, ჩემი თავქარიანი აზრებით, გენიოსი იყო, იმიტომ რომ დაუჯერებელია, სახელით ყვებოდე ტრაგედიას. Ἀντιγόνη - ანტიგონე ბერძნულად ნიშნავს ნაცვლად შთამომავლობისა და ანტიგონეც ხომ ყველა შესაძლო შთამომავლის წყევლას აერთიანებს, მხრებზე იკიდებს და სამარეში ჩააქვს? ის ხომ შთამომავლობის მაგივრად დაამთავრებს დაუსრულებელ სამუშაოს, რომელსაც საზღაური ჰქვია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნიკოლაი კუნი - ,,ძველი ბერძნული მითოლოგია”

  2. სოფოკლე - ,,ანტიგონე”

  3. ვაჟა-ფშაველა - ,,სტუმარ-მასპინძელი”

  4. ჟან ანუი - ,,ანტიგონე”

  5. https://www.etymonline.com/word/Antigone

 

 

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

სახელმწუფო უნივერსიტეტის

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის

მასობრივი კომუნიკაციის (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა)

II კურსის სტუდენტი

bottom of page