top of page

შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

327887046_1167946750579572_3779593641031818606_n.jpg

თამთა ქაჯაია

შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი

 

მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო თოჯინურ სამყაროში მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება. მასში შემავალ ხუთივე თეატრს (თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომის, გურჯაანის თოჯინების თეატრები) დაიწყო სარემონტო სამუშაოები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი გასტროლები, მეტყველების მასტერკლასები (რომელსაც პროფესორი მანანა ბერიკაშვილი უძღვება), მზადდება წიგნი თბილისის თოჯინების თეატრზე, კეთდება საამქრო, რომელიც მაღალი ხარისხის დეკორაციით უზრუნველყოფს ხუთივე თეატრს, და უამრავი სხვა პროექტი. სწორედ ამ რეფორმების პერიოდში გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის, ინიციატივით თოჯინების თეატრის კარი გაიღო ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომლებსაც აქამდე თოჯინური წარმოდგენების გამართვის გამოცდილება არ ქონიათ. სწორედ ასეთი რეჟისორის სპექტაკლზე ვისაუბრებ.

დავით თარბამ პირველი თოჯინური სპექტაკლი თბილისის თოჯინების თეატრში მორის მეტერლინკის პიესა  „წმინდა ანტუანის სასწაული“ დადგა, რითაც 2022 წლის წინანდლის პრემიის ნომინანტი გახდა. ასევე სპექტაკლმა მონაწილეობა მიიღო პირველ საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე („Student’s Fringe), რომელიც 2022 წელს დააარსა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა - „საჩუქარი“. ხოლო მისი მეორე თოჯინური სპექტაკლია, ახალციხის თოჯინების თეატრში განხორციელებული, ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის ცნობილი სათავგადასავლო ჟანრის რომანი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, რომლსაც ქვემოთ მოკლედ განვიხილავ.

რთულია ჟიულ ვერნის ერთ-ერთი სქელტანიანი ნაწარმოების 60 წუთში ჩატევა, მაგრამ ინსცენირების ავტორი ანა გოგიშვილი ამას ძალიან ოსტატურად ახერხებს, ისე რომ ამბავი არ იკარგება და მაყურებელს უფრო მეტ ინტერესს უჩენს ორიგინალი ტექსტის წაკითხვის. თოჯინური თეატრის უპირველესი დანიშნულებაც, ხომ ეს არის, გაატაროს საგანმანათლებლო პოლიტიკა და გაზარდოს გემოვნებიანი და ინტელექტუალი მაყურებელი, რომელსაც ბიძგს მისმცემს გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურას.

როგორ შეიძლება შექმნა წყალქვეშა სამყარო, ისე, რომ ატმოსფეროს გრძნობდე? უცნაური ხომალდი სანათებით, რომელიც შთამბეჭდავად შთანთქა რვაფეხას საცეცებმა, სირინოზების შემოსვლა სცენაზე, წყალქვეშა სამყაროდან კაპიტან ნემოს კაბინეტამდე, გემის ბორტი და უამრავი სხვა სცენა/დეკორაცია - ეს ალბათ მარტო ვახო ქორიძეს შეუძლია - თოჯინების თეატრების ოსტატს, ჯადოქარ მხატვარს, რომელსაც არაერთი საოცარი თოჯინა თუ სცენოგრაფია აქვს შექმნილი, რომელთა მეტყველი სახის საშუალებით ზღვარი რეალურსა და ირეალურ სამყაროს შორის იშლება.  

შავი კაბინეტის ფილტრი (თეჯირის ეკრანი), მწვანე განათების მეშვეობით ქმნის ფანტასტიკურ წყალქვეშა სივრცეს/გარემოს, რაც ძალიან ეფექტურია, თუმცა ის საოცარი დეკორაცია, რომლის თითოეული დეტალი სკრუპულოზურად არის შესრულებული, სამწუხაროდ, იკარგება. სცენაში, როცა გემის ბორტზე რამდენიმე პერსონაჟი გამოდის, რთული დასადგენია რომელი გმირი საუბრობს, თოჯინები სტატიკურები არიან, მათ საუბრისას მოძრაობა აკლიათ. აქვე დავამატებ პატარა შენიშვნას - გადმოქართულებული მუსიკალური ნაწილი (მუსიკალური გაფორმება - თაზო იმნაძე), რომელიც გამოყენებულია სირინოზების სცენაში - „Say Something” (A Great Big World, Christina Aguilera) ამოვარდნილია სპექტაკლის ესთეტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ანი ხუბუტია კარგად ასრულებს სიმღერას. არ იქნებოდა ცუდი კაპიტან ნემოს და კიარას სცენაში გამოყენებული ბახის მესამე სუიტიდან რომელიმე პასაჟის გამოყენება, რაც შეკრავდა მუსიკალურად სპექტაკლს.

სპექტაკლის შექმნის დროს მნიშვნელოვანია მოქმედების ხშირი ცვლა, სცენები გაწელილი და მოსაწყენი რომ არ გახდეს მაყურებლისთვის. დავით თარბამ სპექტაკლს შესძინა რიტმი და ვიზუალური დეტალების გაფრომებით მოახერხა, შეექმნა ღირებული სპექტაკლი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რეჟისორმა „80 000 ათასი კილომეტრი წყალვქვეშ“ გვამოგზაურა და დაგვანახა ის სამყარო, რომელიც ჩვენს ფანტაზიებში არსებობდა აქამდე.

მიუხედავად შენიშვნებისა, რომლებიც ნამდვილად მარტივად გამოსასწორებელია, ახალციხის თოჯინების თეატრმა შემოგვთავაზა ერთ-ერთი საუკეთესო თოჯინური წარმოდგენა, რომელიც არ ჩამოუვარდება დედაქალაქის სპექტაკლებს. 6 წლიდან ზევით ასაკის მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თავისი ლიტერატურული თუ მხატვრული ღირებულებით.  

ვინ არის კაპიტან ნემო - გმირი თუ ბოროტმოქმედი? აი ამ კითხვიდან ამოდის რეჟისორი. „წმინდა ანტუანის სასწაულის“ შემდეგ დავით თარბას კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვხედავთ მის ბოლო ნამუშევარში და რაც მთავარია, დავინახეთ როგორ შეიძლება გაიზარდოს ახალგაზრდა რეჟისორი მონდომებით, შრომით და თავდადებით სპექტაკლიდან სპექტაკლამდე.

bottom of page