top of page

შთამბეჭდავი „კარმენიდან“ „მედეამდე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მითურისა და რეალურის ზღვარზე

ანი ცხვედაძე

შთამბეჭდავი „კარმენიდან“ „მედეამდე“


ჯერ კიდევ პანდემიის დროს, ყოფილი „მუსკომედიის“და ამჟამად, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრზე ამგვარი რამ დავწერე: (პერიფრაზი)

 <ერთგვარი მონოტონური სიზუსტით სავსე ცხოვრებას უახლოეს პერიოდში შეუერთდება - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ხელახალი გახსნის ცერემონიით, რომელიც, როგორც ითქვა მულტიფუნქციურობის მატარებელ ცოცხალ ორგანიზმად უნდა გენეზისდეს და ძალზე სასიხარულოა: თუკი, აღნიშნული თეატრი არ იქნება მონუმენტურობისა და განყენებულობის მორიგი ან მოდიფიცირებული ვარიანტი... თუ მასში გაიხსნება სხვადასხვა კარი საზოგადოების ყველა სოციალური ფენისთვის, თუ ის დარჩება საჭირო და აუცილებელ „ადგილად“, რომელიც დროთა განმავლობაში არ დაკარგავს აქტუალობას და ყველასთვის, მასშტაბურად მიმზიდველი იქნება(...); ვინაიდან, პანდემიურმა პროცესმა აქამდე, თითქოს ლატენტურ ნიუანსებს ახადა ფარდა და გააშიშვლა ყველასთვის. ახლა მაყურებელს არ აინტერესებს 40 წლის ჯულიეტასგან წარმოთქმული საკრალური სიტყვები თავისი რომეოსათვის, და რომ 40 წელი გერტრუდას მეტად მიმზიდველს ხდის. დიახ, მაყურებელს აინტერესებს ექსპერიმენტი, მაგრამ თვითმყოფადი და მხოლოდ შემოქმედის მოაზროვნე გონებაში აღმოცენებული - სუფთა ნიადაგზე, მათ შორის. რამეთუ დამეთანხმებით, ყველანაირი ასოციაცია, შესწავლა, მეთოდების მიმდევრობა, სტილურობა და სხვა არის მხოლოდ რემინისცენციები და არაფერი აქვს საერთო ასე ნანატრ „ქმნადობასთან“.>

დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემს მიერ დიდად რელევანტურად არ მიმაჩნია ამ ყველაფრის განხილვა. ამას დროითი დისტანცია მეტად გამოკვეთს, გაცილებით უკეთეს ანალიზს დაუსვამს დაღად ისტორიულ-სახელოვნებო არქივში. ერთი რამ კი ფაქტია, „ახალი თეატრი“ ყოველი მომდევნო ახალი პროდუქტის შექმნით პერმანენტულად ‘აბამს’ მაყურებელს და მის მზერას იჭერს. ეს კი ახალგაზრდა მსახიობების პოტენციალის დამსახურებაა, (პირობითად, როგორც ჯულიეტას, ისე გერტრუდას ავთენტური სახეები შეუძლიათ გამოიყვანონ სცენაზე) პოსტ-პანდემიურ პერიოდში რომ ‘გადაისხა სისხლი’ თეატრმა და ამავე დროს, მრავალფეროვანი რეპერტუარის, ერთგვარად ჭრელი რეპერტუარის ხარჯზეც. რასაც, სამწუხაროდ მაგრამ ვერ ახერხებს, ვერც სხვა სახელმწიფო თეატრები ერთფეროვანი, საკმაოდ ნელი მუშაობის ტემპით, და ვერც მრავლად შექმნილი ალტერნატიული სივრცეები, თუ ამ ალტერნატიულ სივრცეებში „მეინსტრიმულ სათეატრო ნარატივთან“ ყველაზე ღიად დაპირისპირებული ხანდაზმული ალტერნატიული თეატრი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს არის დღევანდელი <ქართული თეატრის> მიკრო და მაკრო მოდელი, საერთო ჯამში <ერთნაირი მერკანტილური ძალაუფლების> წყურვილის მქონე პოლიტიკის წარმოების სურვილით(!).


ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა „მედეა“ მრავალფეროვნების ერთ-ერთი ტონია. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ <მრავალფეროვნებას> სემანტიკურად პოზიტიური განმარტება აქვს, მაგრამ ავტომატურად, ასევე, დემოკრატიულად მრავალფეროვნებაში იგულისხმება დაბალი და ძალიან დაბალი ხარისხის უგემოვნო ნამუშევრებიც; თეატრალურ უნივერსიტეტში დადგმული ეფექტური “AIA-მედეას“ შემდეგ, მიმდინარე სეზონზე იდგმება კიდევ ორი მედეა: მარიამ ალექსიძის შესანიშნავი თანამედროვე ბალეტი „მედეა“ და კოტე ფურცელაძის „მედეა“ ახალ თეატრში. ტენდენციას, გეგონება მარათონში ჩაბმულები არიან, რაც გულისხმობს სეზონზე ერთი და იგივე მასალის ინტერპრეტირებას, ვერ ვუძებნი ვალიდურ ამოხსნას ამ ‘ინექციას’ რა შეიძლება იწვევდეს. დიდ აქცენტს არც იმაზე გავაკეთებ, დიდი თუ პატარა, ვისაც სივრცე მიეცემა შექსპირს რომ „ერკინება“, ბოლოს კი ძირითადად უხეშ პროფანაციას იღებს, რომელსაც სამწუხაროდ არაფერი ექნება საერთო <შექსპირის> სახელთან!..

კვლავ „მედეას“ დავუბრუნდეთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ქორეოდრამა მედეას შესახებ, ანუ პლასტიკური ნარატივით განსხეულებული ბრუტალური და ასე ცნობილი უკვდავი მითური გმირის, მედეას ამბავი.


ფურცელაძის „მედეა“ დინამიკურია, რომელიც კონკრეტული გემოვნების მქონე მაყურებელს დააკმაყოფილებს, ან შეიძლება ‘აღაფრთოვანოს’ კიდეც. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ქორეოდრამა არ არის დამდგმელი ქორეოგრაფის მაღალი პიედესტალი, ჩემს მეხსიერებას გაცილებით შთამბეჭდავად ჩარჩა, ფურცელაძის ამავე თეატრში დადგმული „კარმენი“ - უდავოდ ნიჭიერი მსახიობებით მთავარ როლში (ანა ალექსიშვილი და ბაჩო ჩაჩიბაია).

ფურცელაძის ქორეოდრამა, ერთგვარი ტრიადაა მედეას ამბავზე, სამი ასაკის მედეას დემონსტრირებით. რიჩარდ შეხნერი „გარემოს თეატრში“ იყენებს ოდნავ სხვა კონტექსტით ტერმინს „ბიფურკაცია“ _ რაც ნიშნავს, ორად გაყოფას/დაყოფას; ამ შემთხვევაში, ჩვენ კი გვაქვს სამსახოვანი მედეას სახე, ასაკობრივი გრადაციით, თუმცა ჩემი თვალთახედვით, ორად იყოფა მთელი ქორეოგრაფიული დრამა: ახალგაზრდა მედეა თავისი სინატიფით და მეორე მხრივ, ბრუტალური, შემტევი და არალაბილური მედეას ხაზი.


მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფიული მიზანსცენები სტრუქტურირებულია წინა პლანის წყვილთა ქორეო-პასაჟებით, რომლებიც, ცხადია, რომ კონცეფციურ დატვირთვას ატარებს, ამავდროულად, ანტურაჟის, ან ფონის შემქმნელი მოცეკვავე მსახიობების წვლილიც ჩანს მთლიან სტრუქტურაში, ისე რომ არ ნიველირდება. თუმცა, მაინც უნდა გამოვკვეთოთ, AIA-ს მედეასგან ‘მოტაცებული’ თეკლა სულაქველიძის თვალშისაცემად ნიშანდობლივი ქორეო-დრამატურგიული გათამაშება, მისი სხეულითა და გამომეტყველებით ნათქვამი კოლიზია, ამბოხი, შეუპოვრობა, სიმტკიცე, სიმკაცრე, ის მახასიათებლები, რომლებიც მითურ მედეას რუდიმენტულად განსაზღვრავს.

მცირეხნიანი ქორეოდრამა მედეას უმთავრეს დაღზე პედალირებას აკეთებს, როცა მსახიობები სიმბოლურად ორი ბავშვის სილუეტს გამოსახავენ სცენის იატაკზე უტრირებულად და არა კონკრეტული ქორეოგრაფიული მიზანსცენით. ცხადია ის ფაქტი, რომ მედეა შვილებს კლავს, კარდინალურად უცვლის რაკურსს მის გარშემო მომხდარი ამბის კალეიდოსკოპში.

bottom of page