შობის წინა ღამე მესხეთის თეატრში...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

შობის წინა ღამე მესხეთის თეატრში.._

ნერონ აბულაძე

შობის წინა ღამე მესხეთის თეატრში...

 

მესხეთის - (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქართული თეატრალური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. თავისი არსებობისა და ისტორიული განვითარების მანძილზე თეატრი ყოველთვის ასრულებდა მისადმი დაკისრებულ მისიას, რაც ქართული დრამატული მწერლობის მხარდაჭერას, ეროვნული ცნობიერების გაღრმავება - განმტკიცებასა და რეგიონში თეატრალური ცხოვრების გააქტიურებას გულისხმობს. გასული საუკუნის 60 - იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების საუკეთესო შემადგენლობამ მიიღო მესხეთში წასვლის გადაწყვეტილება, იწყება თეატრის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი, რაც დღემდე გრძელდება, მიუხედავად მოძველებული სათეატრო შენობისა და მწირი მატერიალურ - ტექნიკური ბაზისა. მესხეთის თეატრი აქტიურადაა ჩართული ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებში, გარდა პრემიერების სიმრავლისა, თეატრი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში. სწორედ მესხეთში ჩაეყარა საფუძველი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს, რომელიც წელს მეექვსედ გაიმართა. იშვიათად თუ მოიძებნება ქართველი რეჟისორი, რომელსაც მესხეთის თეატრთან არ ჰქონია შემოქმედებითი ურთიერთობა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურია რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, რომელმაც არაერთი წარმატებული, ინდივიდუალური ხელწერითა და მხატვრული ესთეტიკით გამორჩეული სპექტაკლი დადგა. ამჯერად ყურადღებას მესხეთის თეატრის სპექტაკლზე - ,,მშვიდი ღამე“ გავამახვილებთ, რომელიც ჰაროლდ მიულერის პიესის - ,,ჩუმი ღამე“ საფუძველზე გიორგი შალუტაშვილის რეჟისორობით განხორციელდა.

    

წარმოდგენა, რომლის ქრონომეტრაჟიც ერთ საათს არ აღემატება, ორ პერსონაჟს, დედა - შვილს აერთიანებს. სიუჟეტი მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება. რეჟისორი ინარჩუნებს ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრულ ქარგას, დრამატურგიულ სტრუქტურას, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის გარკვეულ პასაჟებსა და ფინალურ ნაწილს. სპექტაკლში შეცვლილია პერსონაჟების სახელებიც, რაც კონკრეტული ამბის განზოგადებისკენ არის მიმართული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი შალუტაშვილი პიესის თანაავტორია, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად ,,არბილებს“ მოქმედი პერსონაჟების ბიოგრაფიების ცალკეულ პათოლოგიურ გამოვლინებებს და თავადვე წერს ფინალურ სცენას.

   

შობის წინა საღამოს ლეო დედის მოსანახულებლად მოხუცთა თავშესაფარში მიდის. სპექტაკლიც დედა-შვილის შეხვედრით იწყება. სცენური სივრცე - (მხატვარი ლელა ფერაძე), თავშესაფარში დედის საცხოვრებელი ოთახის სახით არის წარმოდგენილი. ავანსცენაზე განლაგებულია საწოლი, კარადა, ტანსაცმლის საკიდი, ღამის სანათი და მცირე ზომის შირმა, როგორც გასასვლელი კარი. დედას წელიწადში ერთხელ, ყოველ შობას აქვს ოჯახის წევრების - შვილის, რძლისა და შვილიშვილების მონახულების შესაძლებლობა, დარჩენილი დროის გატარება კი თავშესაფარში უწევს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში დადგა თავშესაფრის აუცილებლობა, ლეოს საცხოვრებელი ფართის სიმცირე და რძალ-დედამთილს შორის უთანხმოება იყო. შვილის ხილვით გახარებული დედა გასამგზავრებლად ემზადება, თუმცა ირკვევა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად შობის გატარება თავშესაფარში მოუწევს. ლეო მურაბების ბიზნესით არის დაკავებული და საშობაოდ სტუმრად ჰოლანდიელ ბიზნეს პარტნიორს ელოდება, რის გამოც ბინაში აღარ იქნება დედის დასაძინებელი ადგილი. სამაგიეროდ შვილისგან საშობაო საჩუქარს, პლაზმურ ტელევიზორს იღებს და ამიერიდან შეუზღუდავად შეძლებს სასურველი სერიალების ყურებას. თავადაც აქვს ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები, თუმცა ლეო ისე ტოვებს თავშესაფარს, რომ დედის მიერ გამზადებული საჩუქრების თან წაღება ავიწყდება.

   

დედის როლს საქართველოს დამსახურებული არტისტი ლია სულუაშვილი ასრულებს. მსახიობი ამჯერადაც პროფესიონალიზმით, გარდასახვის მაღალმხატვრული ხარისხით გამოირჩევა და ქმნის მარტოობისათვის განწირული მოხუცის ტრაგიკულ სახეს, რომელიც მაყურებლის განსაკუთრებულ თანაგრძნობას იწვევს. ლია სულუაშვილის დედა ვერ ეგუება თავშესაფარში ცხოვრებას და შობიდან შობამდე ოჯახის წევრების მონახულების იმედით ცოცხლობს. კიდევ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც დასრულდება შვილის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები და მისთვისაც მოიძებნება დასარჩენი ადგილი. დედა მაქსიმალურად ცდილობს მიიპყროს შვილის ყურადღება, სპეციალურად თხზავს სასიყვარულო ისტორიებს, თუმცა შვილის რეაქცია ყველა შემთხვევაში ერთგვაროვანია. მსახიობი პროფესიული ოსტატობით ახერხებს სრულყოფილად გამოხატოს თავისი გმირის რთული, წინააღმდეგობრივი გრძნობათა ბუნება. მძიმე ყოველდღიურობის მიუხედავად დედა ცდილობს შვილის ნებისმიერ საქციელს თავისებური გამართლება მოუძებნოს, ის ბოლომდე ებღაუჭება იმედის მცირე ნაპერწკალს, თუმცა დასასრულს აცნობიერებს რომ საბოლოოდ მარტოობისთვის არის განწირული. შვილმა სოფლად საცხოვრებელი სახლიც გაუყიდა, სანაცვლოდ კი კერძო ექიმთან მკურნალობას შეჰპირდა. ,,გამოდის, რომ ჩემი ადგილი მხოლოდ სასაფლაოზეა“ - ამბობს ლია სულუაშვილის დედა და მარტოდ დარჩენილი იწყებს შვილიშვილისათვის მაცხოვრის შობის ბიბლიური სიუჟეტის მოყოლას. მსახიობი, რომელიც მთელის სპექტაკლის განმავლობაში ტრაგიკულისა და კომიკურის კონტრასტში ძერწავს თავისი გმირის ხასიათს, ფინალურ სცენაში სრულად ავლენს პროფესიული შესაძლებლობის შთამბეჭდავ შედეგს.

 

რეჟისორმა ლეოს როლის შესრულება უდავოდ ნიჭიერ მსახიობს, ანდრია ვაჭრიძეს ანდო. მსახიობს, რომლის პროფესიული პოტენციალის შესახებაც არაერთ წერილში გვისაუბრია, ამჯერადაც ახერხებს შექმნას ინდიფერენტული, მომხვეჭელობასა და პირად სარგებელზე ორიენტირებული პერსონაჟის მხატვრულად დამაჯერებელი სახე. ლეო პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც ნაკლებად ადარდებს მშობლის ბედი. დედა მისთვის ზედმეტი ტვირთია...მთავარია ბიზნეს პარტნიორებთან შეინარჩუნოს სტაბილური ურთიერთობა, რაც მზარდი ფინანსური რესურსის მობილიზების საუკეთესო წინაპირობა იქნება. მართალია მარტივად შეელია მშობლების სახლს, მაგრამ სამაგიეროდ დედას უზარმაზარი ტელევიზორი აჩუქა და კიდევ ის მინიატურული ნაძვის ხე, რომელიც ბავშვობის დროინდელ მოგონებებთან იყო დაკავშირებული.

 

ასეთი ტრაგიკული და ემოციებით სავსე იყო შობის წინა ღამე  მესხეთის თეატრში. ,,ჩემი ოცნება იყო ისეთი სპექტაკლი დამედგა, რომელსაც მაყურებელი ნახავდა და იტყოდა - აქ რეჟისორი რა შუაშია!?“ - მითხრა ერთ - ერთი საუბრის დროს თემურ ჩხეიძემ. დიდი რეჟისორი თავის სპექტაკლს - ,,ART ხელოვნება“ გულისხმობდა.  ამ შემთხვევაში თავისივე მოწაფე, გიორგი შალუტაშვილიც მინიმალისტური რეჟისურის რთულ პრინციპს მიმართავს, რაც ავანსცენაზე მხოლოდ  ორი მსახიობის ხანგრძლივ დიალოგს გულისხმობს, ყოველგვარი ,,პირდაპირი და გვერდითა ეფექტების“ გარეშე. რაც შეეხება მთლიანობაში სპექტაკლს, მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი შედეგის მიღწევაა ყველაზე რთული.