
შილერი, ორი
ვულკანი და ერთი
რეჟისორი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
10.03.2026
ზუკა ნემსაძე
შილერი, ორი ვულკანი და ერთი რეჟისორი
საკმაოდ დიდი ხანია, საბა ასლამაზიშვილს, თბილისელი მაყურებლისთვის სპექტაკლი არ შეუთავაზებია, ვინაიდან იგი ფოთის თეატრის ხელმძღვანელია, ალბათ ხშირად ვერ ახერხებს კიდეც იმუშაოს დედაქალაქში და დედაქალაქის მაყურებელს შესთავაზოს ახალი პროექტები. თუმცა, ფოთის თეატრი არა ერთ გზის ყოფილა, გასტროლით თბილისში და გვქონდა საშუალება გვენახა მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები. მიუხედავად ამისა, მოულოდნელი არ ყოფილა მისი სახელის და გვარის გამოჩენა მარჯანიშვილის თეატრის აფიშაზე, რომელიც პომპეზური აღმოჩნდა. ამიტომაც, საბა ასლამაზიშვილი, დღემდე რჩება ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორად ქართველი მაყურებლის აღქმაში, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ქართული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებით, შილერის „ყაჩაღებით“ (იგივე In tirannos) დაბრუნდა.
ბოლო წლებში მარჯანიშვილის თეატრის „სიმშვიდე“ თვალშისაცემი იყო, თუმცა ეს თეატრი ბოლო სეზონზე ისევ გააქტიურდა და საინტერესო რეჟისორები საინტერესო პრემიერებს გვთავაზობს.
ქართულ თეატრში 1933 წლის შემდეგ, დიდი სანდრო ახმეტელის მერე, გამოჩნდა ფრიდრიხ შილერის, „ყაჩაღები“, სრულიად თანამედროვე ინტერპრეტაციით და აქცენტებით.
ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ ის დრამაა, სადაც ამბოხი მხოლოდ სოციალური პროტესტი აღარ არის -ის ადამიანის მორალური და ეგზისტენციალური კრიზისის ფორმაა. როდესაც სამართლიანობის ძიება, უკიდურეს ფორმას იღებს, ადამიანი შეიძლება თავად იქცეს იმ ძალადობის ნაწილად, რომლის წინააღმდეგადაც იბრძვის. სწორედ ამ პარადოქსზე მიგვითითებს, შილერის „ყაჩაღები“. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამბოხი, ყოველთვის იწყება სამართლიანობის სურვილით, მაგრამ ხშირად თვითგანადგურებით სრულდება.
სწორედ ამ კონფლიქტის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი და ის ამ ისტორიას თანამედროვე სამყაროს პოლიტიკურ და მორალურ სარკედ აქცევს. რა ხდება მაშინ, როცა უსამართლობას, ძალაუფლებას, ძალადობას -იგივე მეთოდებით ებრძვი? რა ხდება მაშინ როცა, პოლიტიკურ, მორალურ, ზნეობრივ, პირადი ცხოვრების ან სხვა პრობლემების გადაჭრას იგივე გზებით აგრძელებ როგორც ამას შენი მტერი/მოწინააღმდეგე აკეთებს აკეთებდა?! ემსგავსები ტირანს, რომლის წინააღმდეგ იბრძვი. საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღები“, გამოკვეთილ პოლიტიკურ სათქმელს ატარებს, თუმცა ამასთან ერთად, საინტერესოდ გვიხატავს სასიყვარულოო სამკუთხედს.
ზემოთ ტირანიაზე ვსაუბრობდი და აქ მნიშვნელოვანი ასევე ისაა, ვინ იბრძვის ძალაუფლების წინააღმდეგ და ვის წინააღმდეგ იბრძვის?! - ძმა ძმის წინააღმდეგ. საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ნებისმიერ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ შილერის „ყაჩაღებში“ ოჯახში განვითარებულ ბრძოლას გავს. მოიპოვა გავლენა და დაამარცხო ტირანი „ძმა“. თუ შენი იდეა ემსახურება - შეცვალო ტირანია უკეთესობით, ეს გამართლებულია, თუმცა ასლამაზიშვილი გვიხატავს პერსონებს, ყაჩაღების სახით, რომლებიც ტირანიის დამარცხებაში თავად ყალიბდებიან ბოროტმოქმედებად.
კლასიკური დრამის ახალი სცენური სიცოცხლე ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თამამად ახერხებს რეჟისორი ტექსტთან დიალოგს. როდესაც რეჟისორი კლასიკურ ტექსტს ეხება, მთავარი კითხვა ყოველთვის ერთია - რას შემოგვთავაზებს ახალს, საინტერესოს, მნიშვნელოვანს და როგორ მოარგებს იგი აღნიშნულ პიესას თანამედროვეობას, მაგრამ საბა ასლამაზიშვილის დადგმა, არა მხოლოდ შილერის ტექსტის პირდაპირი სცენური ხორცშესხმა, არამედ რეჟისორული ხედვის მკაფიო განაცხადიც, სადაც ფორმა, რიტმი და სცენური ხერხები ქმნის ახალ თეატრალურ რეალობას. ასლამაზიშვილი მაყურებელს სთავაზობს გადაწყვეტათა მთელ სისტემას, რომელიც კლასიკურ დრამას თანამედროვე თეატრალური ენის საშუალებით საინტერესოდ აცოცხლებს.
თუმცა, რეჟისორს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი „გამორჩა“, 21-ე საუკუნის ადამიანი ძალიან დატვირთულია და შეიძლება, „ყაჩაღები“ წაკითხული არ ჰქონდეს, მაგრამ ეს სპექტაკლი მას პირველწყაროსთან მიიყვანს და მოცულობით ტექსტს წააკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის სიუჟეტი სავსებით გასაგებია.
სპექტაკლის ვიზუალურ სამყაროს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი, რომლის მხატვრული ხედვა სივრცეს დინამიკურ და ცოცხალ ორგანიზმად აქცევს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიზანსცენა, როდესაც სრულიად ცარიელ სივრცეში მოულოდნელად შემოდის უზარმაზარი კონსტრუქცია, განათების ზუსტი გადაწყვეტით ცარიელი სივრცე ერთ წამში გარდაიქმნება ძლიერ ვიზუალურ მეტაფორად. სწორედ ეს ეპიზოდი იქცევა სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შთამბეჭდავ მომენტად (როცა მაყურებელში მოულოდნელად გაოცების ხმები იფეთქებს).
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ანარეკლებზე ბევრი ვისაუბრე, სპექტაკლში განსაკუთრებულად საინტერესოა სასიყვარულო სამკუთხედი, ვინაიდან ძმები, ძალაუფლების მოპოვების გარდა, ქალისთვის იბრძვის. ოღონდ შაკო მირიანიშვილის, ფრანც მოორს უბრალოდ სექსის სურვილი კლავს ამ ქალთან, ვინაიდან იცის, რომ ამით ბოლომდე გააბოროტებს პაატა ინაურის კარლ მოორის, აქ კი შაკო მირიანაშვილის პერსონაჟისთვის, ანუკა გრიგოლიას ამალია ყველაზე დიდი გასაღებია მისი ძმის და მთავარი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. ეს განადგურება არ უნდა იყოს ფიზიკური, პირიქით მხოლოდ სულიერად უნდა დასცეს ძმა.
ფრანც მორის მხატვრულ სახეს განსაკუთრებული სიმძაფრით ქმნის მსახიობი შაკო მირიანიშვილი. მისი პერსონაჟი სცენაზე წარმოჩნდება როგორც უკიდურესი ბოროტების კონცენტრაცია - ცინიკური, დაუნდობელი და ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება. მსახიობი პერსონაჟს, თითქმის „იუდასავით“ გვიხატავს - მანიპულატორს, რომლისთვისაც ღალატი, ინტრიგა და ზნეობრივი საზღვრების დარღვევა ჩვეულებრივი იარაღია. სწორედ ამ სიბნელის მასშტაბი ქმნის პერსონაჟის საშიშ ძალას, ის თითქოს ეშმაკის მიწიერი სახეა, რომლის მოქმედებებსაც ერთდროულად წარმართავს სიძულვილი, შური და ძალაუფლების მანიაკური სურვილი. ის ყველგანაა, ის ყველაფერშია, ის მთავარი ბოროტება დედამიწაზე.
პაატა ინაური, პერსონაჟის რთულ შინაგან გზას თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ავითარებს. მისი კარლ მოორი თავდაპირველად იდეალებით შთაგონებული გმირია -ადამიანი, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ ასვენებს, თუმცა სწორედ ამ ბრძოლაში იკვეთება პერსონაჟის ტრაგიკული პარადოქსი: თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი ნელ-ნელა თავადაც ძალაუფლების მკაცრი ლოგიკის ტყვე ხდება. პაატა ინაური ამ გარდაქმნას ძალიან დამაჯერებლად და ინტენსიურად აჩვენებს, რის შედეგადაც კარლ მოორის სახე სცენაზე ტრაგიკულ და მრავალშრიან პერსონაჟად ყალიბდება.
პაატა ინაურის ვიზუალი გამოჩენის წამიდან ატყვევებს პარტერში შეკრებილ, გოგოებსა და ქალებს, აქა იქ გულები ფეთქავს და ეს განსაკუთრებულად შესამჩნევი ხდება, მაშინ როცა პაატა ინაური რეჟისორის გადაწყვეტილებით პარტერში ჩამოდის და მაყურებლის ნაწილი ხდება.
სპექტაკლში ჩანს, რომ პაატა ინაურის შესრულებას ახლავს გარკვეული პრობლემები, მეტყველებასთან დაკავშირებული და სუნთქვის კონტროლი, რაც ზოგჯერ სცენურ დინამიკას ართულებს. არის სცენები, სადაც პერსონაჟი სრულიად დაჩრდილულია შაკო მირიანაშვილის მიერ, თუმცა პაატა ინაური მაინც ღირსეულად ართმევს თავს რეჟისორის დავალებებს და ინარჩუნებს პერსონაჟის ტრაგიკულ ხაზს.
სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დრამატული სცენაა, როცა ყაჩაღად გავარდნილი პაატა ინაურის კარლ მოორი, იმარჯვებს. იმარჯვებს და თავად ხდება ტირანი. მიუხეავად იმისა, რომ სპექტაკლის განმავლობაში არა ერთ გზის ცდილობს შაკო მირიანაშვილის ფრანც მოორი, ანუკი გრიგოლიას ამალიაზე, სექსუალურად იძალადოს. ამალია, ძლიერი ქალია, მებრძოლი და ყოველ ჯერზე უსხლტება ხელიდან ბოროტ ფრანც მოორს. ანუკა გრიგოლიას პერსონაჟი ბოლომდე ერთგულია, არ ღალატობს პაატა ინაურის კარლ მოორს. ბოლომდე ელოდება მას.
და ფინალური სცენა, როცა ფრაანც მოორი მკვდარია, უკიდეგანო შესაძლებლობის მქონე პაატა ინაურის კარლ მოორი ბრუნდება შინ და ბოლომდე ნაძირალა ხდება, მისთვის ყველაზე ძვირფას, საყვარელ და ერთგულ ქალს კლავს. და, რომ არა ეს მსხვერპლი ალბათ ვერასდროს გაიაზრებს იგი, რომ ამ ბრძოლამ, ამ საზიზღარმა ბრძოლამ გავლენისთვის - იგი ტირანად აქცია.
ამ სცენას, მკვლელობის სცენას, განსაკუთრებულ შთამბეჭდაობას კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია სძენს.
პაატა ინაურის კარლ მოორი, უკვე გამარჯვებული, ღირსეული, ბედნიერად უნდა აგრძელებდეს ცხოვრებას მაგრამ, არა, იგი იმდენად გაბოროტებულია, რომ ვინც მის მტერს ახსენებს ყველას იშორებს, ერთ-ერთ კი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია, ანუკი გრიგოლიას ამალია. ისედაც მძიმე სცენას, კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია, უფრო ამძიმებს, როცა პაატა ინაური სამჯერ მისცემს იარაღს მის ცხოვრების მთავარ სიყვარულს, იმ იმედით, რომ იქნება და თავად დაასწროს და მოკლას ეს ბოროტი კაცი, მაგრამ არა, მაგრამ ქალი არასდროს ესვრის, მისი ერთგულება სრულყოფილი და შეუდრეკელია.
ტრაგიკულ კულმინაციაში, როცა ქალი უკვე მკვდარია, კარლ მოორი კვლავ ცდილობს მისთვის სიცოცხლის დაბრუნებას, ამ სცენაში ქორეოგრაფია არა მხოლოდ სივრცეს, არამედ ემოციურ ტკივილსა და პერსონაჟების შინაგან კონფლიქტსაც უსაზღვროდ აძლიერებს, ქმნის მაყურებლისთვის ძლიერ ვიზუალურ და ფსიქოლოგიურ შთაბეჭდილებას. კოტე ფურცელაძემ რეჟისორთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს სცენა ყველა სცენაზე მეტად მძიმე და პოეტური ყოფილიყო. შილერის სადარი. ვინაიდან, ბოლოს მაინც, ყველა „დიდი სკამის“, ბევრი ფულის შემდეგ, გვერდზე როცა მოვიხედებით ვუყურებთ ვინ გვრჩება, ვის ვუყვარვართ და ვინ არის ჩვენი ერთგული. მიუხედავად იმისა, როგორი ადამიანებიც არ უნდა ვიყოთ. მაგრამ გაუაზრებელი ტირანიით შეპყრობილი ხალხი, ბოლოს უკვე ცდილობს ჩაკლას ყველაფერი და გაანადგუროს.
მძიმე ფინალური სცენის შემდეგ, როცა უკვე პარტერშიც და სცენაზეც სიბნელეა, „პაკლონამდე“ ფიქრობ, ფიქრობ ბევრს, მერე სურვილიც გიქრება ტაში დაუკრა იმას, რაც არ მოგწონს, თუმცა მერე გახსენდება რომ თეატრში ხარ. უბრუნდები რეალობას და ძლიერ ტაშს უკრავ. რადგან გვერდზე, უკან, ან წინ, ან სცენაზეც კი შეიძლება, სწორედ ისეთი ტირანები, ბოროტები და არა ადამიანები ისხდნენ და იდგნენ, როგორებიც შილერის „ყაჩაღების“ პერსონაჟები არიან.
განსაკუთრებით, საინტერესოა საბა ასლამაზიშვილის პროექტები არა მხოლოდ მისი რეჟისორული ხედვით, არამედ სხვადასხვა შემოქმედებითი კომპონენტის ჰარმონიული ინტეგრაციით. ამ შემთხვევაში, კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკა დამატებით განასახიერებს სპექტაკლის ემოციურ ტონს: თითოეული დარტყმა, რითმული მომენტი და ჰარმონია ზუსტად შეესაბამება სცენაზე გათამაშებულ ყველა ემოციას და ამკვიდრებს საჭირო დაძაბულობას.
მუსიკისა და სცენური სივრცის სინქრონიზაცია ქმნის სრულყოფილ ემოციურ გარემოს, სადაც სცენაზე გათამაშებული ამბები არათუ სიტყვებით, არამედ ჟესტებით, მოძრაობით და მელოდიით საუბრობს მაყურებელთან. ეს ცხადყოფს, რომ საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლებში ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს, რაც საბოლოოდ სპექტაკლს ანსამბლურობას ანიჭებს.