top of page

შეხვედრა საქართველოს რუკასთან

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

45wt.jpg

12.05.2026

ანასტასია ჩერნეცოვა

შეხვედრა საქართველოს რუკასთან

დრამატურგ დავით ფირცხალავას პიესა „დიდი შესვენება“ ამ საუკუნის გასულ ათწლეულში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აღნიშნული პიესა რეჟისორმა და დრამატურგმა დაწერა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში. დრამატურგიული ნამუშევარი პირველად დაიდგა სამეფო უბნის თეატრში 2015 წელს, რეჟისორი - გიორგი ქათამაძე.

„დიდი შესვენება“ თავისუფალ თეატრშიც დაიდგა 2019 წელს. დადგმა ეკუთვნის დავით თურქიაშვილს.

ფირცხალავას პიესამ კინოსურათის სახეც მიიღო, რომელიც გამოვიდა 2022 წელს, ფილმის რეჟისორი თავად დრამატურგია. აღნიშნული ნამუშევარი ოსკარზეც კი იყო წარდგენილი.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დავით ფირცხალავას ტექსტმა ახალი სიცოცხლე პოვა თეატრ სახელოსნო 42-ის სარეპეტიციო სივრცეში, კონკრეტულად კი დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის მიხეილ რამიშვილის სადიპლომო სპექტაკლის სახით, სახეშეცვლილი სათაურით - „45 წუთი“.

არ ვიცი, რამ განაპირობა სათაურის შეცვლა, საავტორო უფლებების საკითხმა თუ სხვა მიზეზმა, მაგრამ სახელწოდების არსი მარტივად გასაგებია, იგი გულისხმობს ერთი გაკვეთილის ქრონომეტრაჟს, თანაც სპექტაკლიც დაახლოებით ამ დროის განმავლობაში გრძელდება.

სახელოსნო 42-ის სარეპეტიციო სივრცე გარეგნულად შეესაბამება პიესაში ასახულ სივრცეს - კლასს, თუმცა, დრამატურგიული ნამუშევრისგან განსხვავებით, სივრცე კეთილმოწყობილი და „დავარცხნილია“, ხოლო პიესაში გაპარტახებული კლასი გვხვდება. უცნაურია ის, თუ რატომ არ შეიტანა განსაკუთრებული ცვლილები სივრცულ გადაწყვეტაში დამწყებმა მხატვარმა ლანა-მარია ავაქიანმა. თავად პიესის გრძნობათა ბუნებაა ისეთი, რომ კლასი 90-იან წლებს უნდა გვახსენებდეს. ამასთანავე, პიესაში არის დიალოგი ვაჟა-ფშაველას პორტრეტთან დაკავშირებით, რომელიც დერეფანში ეკიდა, სპექტაკლში აღნიშნული პორტრეტი კი ფიგურირებს, მაგრამ კლასშია გამოფენილი და არანაირ დატვირთვას არ იძენს.

გაგიჩნდებოდათ კითხვა - რა შუაშია კლასელების შეხვედრა, ნადიმი და საქართველოს რუკა ერთმანეთთან? რეჟისორის გადაწყვეტით, კლასელების მიერ გაშლილი სუფრა სწორედ გადმობრუნებულ საქართველოს რუკაზეა მოწყობილი. აღნიშნული მეტაფორა საკმაოდ პირდაპირ, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად მიუთითებს იმ რეალობაზე, სადაც ქვეყნის ბედი ხშირად სმა-ჭამაზე, უსასრულო ქეიფსა და სიტყვიერ პატრიოტიზმზე დგას. სუფრა, რომელიც ქართულ კულტურაში ერთგვარი ერთობის, სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციის სიმბოლოა, აქ უკვე სხვა მნიშვნელობას იძენს - იგი გარდაიქმნება სივრცედ, სადაც ადამიანები, რეალური პრობლემების გააზრების ნაცვლად, მოგონებებს, ალკოჰოლსა და ერთმანეთისთვის მოყოლილ ამბებს აფარებენ თავს.

ამ გადაწყვეტაში განსაკუთრებით საინტერესოა თავად რუკის გადმობრუნებული მდგომარეობაც. საქართველო თითქოს თავდაყირა დგას, დეზორიენტირებულია, საკუთარი ღირებულებები და მიმართულება დაკარგული აქვს. კლასელების შეხვედრაც მხოლოდ ერთი თაობის ნოსტალგიური შეკრება აღარ არის - იგი იქცევა საზოგადოების მცირე მოდელად, სადაც ადამიანები წარსულის ილუზიებში ცხოვრობენ, ხოლო აწმყოსთან და მომავლის პასუხისმგებლობასთან შეჯახებას გაურბიან.

სუფრის სცენები სპექტაკლში ქმნის განცდას, რომ პერსონაჟები მუდმივად ცდილობენ სიცილით, სიმღერითა და სმით გადაფარონ საკუთარი მარცხები, გაუცხოება და შინაგანი სიცარიელე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რუკაზე გაშლილი ნადიმი მხოლოდ დეკორატიული ეფექტი არ არის - იგი სოციალურ-პოლიტიკური კომენტარია, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს საზოგადოების იმ მდგომარეობაზე, სადაც ეროვნული იდეა ხშირად ფორმალურ სადღეგრძელოებამდე დადის და არა რეალურ მოქმედებამდე. ამგვარად, რეჟისორი არა მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟების, არამედ მთლიანად სოციალური მენტალობის კრიტიკას გვთავაზობს - მენტალობისას, სადაც პრობლემების გააზრების ნაცვლად მათი დროებითი მიჩქმალვა უფრო მარტივ გამოსავლად მიიჩნევა.

მინიმალისტური სარეჟისორო გადაწყვეტების ფონზე, წინა პლანზე წამოწეულია სამსახიობო შესრულება. სტუდენტი რეჟისორის მხრიდან აღნიშნული ამოცანის აღება არაა მარტივი, მაგრამ მიხეილ რამიშვილი წარმატებით გადის ამ ბეწვის ხიდზე და ძალზე საინტერესო სამსახიობო ანსამბლს გვთავაზობს „45 წუთის“ სახით. დადგმაში მონაწილეობენ, როგორც მეტად გამოცდილი მსახიობები - ბუბა ჭოღოშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, ნიკა გოგიძე, ისე ახალკურსდამთავრებული ალექსანდრე შარაბიძე და სტუდენტები: ნიკა გუგუნავა და ნინუცა ნაჩხატაშვილი. რეჟისორს მსახიობებთან რუდუნებით უმუშავია ყოველ როლზე, რაც იკითხება მათ დამაჯერებლად შექმნილ სცენურ სახეებში, და, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა მსახიობის სცენურ გამოცდილებას.

სპექტაკლი შეიცავს ნატურალისტურ ელემენტებს, რაც პერსონაჟთა ქუჩურ მეტყველებასა და სცენაზე გაშლილ ნამდვილ სუფრაში იკითხება. რამდენიმე მსახიობის შესრულებამ ნადიმზე არსებული სასმლისა და საკვების ასოციაცია დატოვა - მაგალითად, ბუბა ჭოღოშვილის გუგა ვისკი „ჯეიმსონის“ ასოციაციას ტოვებს, რადგან მისი პერსონაჟი წარმოადგენს სხვა პერსონაჟებთან შედარებით, შეძლებულ, დაღვინებულ, დაფასებულ ახალგაზრდა მამაკაცს. ალექსანდრე შარაბიძის ციცი კი გუგას სრული ანტიპოდია, იგი დაღვინებულის მაგივრად თავისი ბოღმით, თითქოს აძმარებული ან კიტრის მწნილივით ამჟავებული პერსონაჟია.

სამსახიობო შესრულების თვალსაზრისით გამოვყოფდი ნიკა გუგუნავას, რომელიც ეტლში ჩავარდნილ ფოჩხუას როლს ასრულებს. სტუდენტი მსახიობი ფაქიზად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქმნის ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანის სახეს, რომელსაც შენდობის ნიჭი აქვს და სპექტაკლი სწორედაც რომ ამ ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებზეა. ლირიზმით გამოირჩევა ფოჩხუას და მარიკას სცენა, რომელიც გუგუნავას პერსონაჟის ყმაწვილკაცობის რეტროსპექტივას წარმოადგენს.

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება თავად მიხეილ რამიშვილს ეკუთვნის. მის მიერ შერჩეული მუსიკალური ნაწარმოები ორგანულად ერწყმოდა ნაწარმოების ერთიან ქარგას.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ იგი მაყურებელს მარტივ ემოციურ თანაგანცდაზე არ ჩერდება. „45 წუთი“ ნოსტალგიის საფარქვეშ მალავს საკმაოდ მტკივნეულ კითხვებს თაობაზე, საზოგადოებაზე, დაკარგულ ღირებულებებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების შემდეგაც ვერ ახერხებენ საკუთარი წარსულისგან გათავისუფლებას. კლასელების შეხვედრა აქ მხოლოდ მეგობრების თავყრილობა არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან იმედგაცრუებული ადამიანები, რომელთაც დრო სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანს, თუმცა შინაგანი სიცარიელე მაინც საერთო აღმოაჩნდებათ. სწორედ ამიტომ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელს არა მხიარული ნადიმის, არამედ სევდიანი და გარკვეულწილად დამანგრეველი რეალობის განცდა მიჰყვება. მიხეილ რამიშვილის სადიპლომო ნამუშევარი, მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, საინტერესო მცდელობაა დავით ფირცხალავას ტექსტის თანამედროვე ინტერპრეტაციისა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მსახიობები და მათ მიერ შექმნილი ცოცხალი, მტკივნეული ადამიანური სახეები იქცევს.

bottom of page