top of page

„შესაჭმელი კაცის“ ხორცით დამზადებული ხინკალი გაგისინჯავთ?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

432580519_720987930217232_7141836300454155068_n.jpg

ზუკა ნემსაძე

„შესაჭმელი კაცის“ ხორცით დამზადებული ხინკალი გაგისინჯავთ?!

 

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის განახლებული სივრცეები (მაყურებელთა ფოიე, დარბაზი) საპრემიერო წარმოდგენით, ერეკლე დეისაძის მონოპიესით „გემრიელად მიირთვით“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა ლექსო ჩემიამ დადგა. კამერული თეატრის რეაბილიტირებული სივრცე მაყურებლისთვის კომფორტულია, ორიგინალური ექსპოზიცია კი თვალისთვის მიმზიდველი, რომელიც სასიამოვნო განწყობას ქმნის სპექტაკლის წინ. სპექტაკლიც და სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

„გემრიელად მიირთვით“ ჩვენ იმ სამწუხარო მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით და ვერ ვუმკლავდებით. სამწუხაროდ, გვიწევს ვიცხოვროთ ისეთ სოციუმში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ჩვეულ ყოველდღიურობად იქცა. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ისევ შემორჩნენ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც თავისი სქესი უპირატესად მიაჩნიათ, მათ ცნობიერებაში კი, ქალი ისევ სუსტ და უსუსურ არსებად დარჩა.

 

ერეკლე დეისაძის მონოპიესაში ის პრობლემაა წამოჭრილი, რაც ერთ-ერთი აქტუალური და გადაუჭრელი სენია. აღნიშნული გამოწვევა რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, შეულამაზებელი ფორმით, შეთხზვა-მორთულობის გარეშე შეგვახსენა მწერალმა. რეჟისორმა ლექსო ჩემიამ, მცირე ცვლილებებით გადმოიტანა ახალციხის თოჯინების თეატრის სცენაზე ისტორია, რომელმაც მაყურებელი ააღელვა.

 

მთავარი როლის შემსრულებელი - ანა ხუბუტია ჩვენთვის, მაყურებლისთვის ხინკალს ამზადებს. ქართული სამზარეულოს მთავარ კერძს და ამით გვახსენებს, ქართველთა იდენტობის მთავარ ნიშანს - ბორჯღალი. კერძის მომზადების პროცესში, მსახიობი გვაცნობს საკუთარ თავს და მოგვითხრობს - ბავშვობაზე, ოჯახზე, ბებიაზე, რომელმაც  ხინკლის მოხვევა ასწავლა.. გვიყვება ოცნებებზე, თავისუფლად და ლაღად. ანუ ხუბუტიას გმირი გაგვიმხელს, რომ ოჯახში ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს ქმრის მსახურება და მორჩილება.

 

რეჟისორმა, სპექტაკლი ინტერაქტივის პრინციპზე ააგო. მსახიობმა ანა ხუბუტიამ შეძლო მაყურებლის აქტიური ჩართვა წარმოდგენაში. პირველად მაშინ ახმაურდა (აჟრიამულდა, როგორც პირველ კლასში მოსწავლეები) დარბაზი, როდესაც მსახიობმა მაყურებელს ჰკითხა - რამდენი ნაოჭი უნდა ჰქონდეს ხინკალს. ამასობაში ხინკალიც მზადაა და მთავარი გმირი მაყურებელს უმასპინძლდება - „გემრიელად მიირთვით“- არაერთხელ გაისმა სცენაზე და დარბაზში.

 

მონოსპექტაკლში მალევე ჩნდება მეორე პერსონაჟი, მამაკაცი ქუდითა და პიჯაკით, რომელიც ერთგვარი მანეკენია, უხორცო და უსულო არსება, არარაობა, რომელსაც სახეც არ აქვს. რეჟისორის ჩანაფიქრი ზედმიწევნით ზუსტად და მეტაფორულად გამოხატავს პერსონაჟს. მამაკაცის გამოჩენა ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ანი ხუბუტია აჟიტირებულ ქალად იქცევა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბედნიერება იპოვა. მისი „გაბედნიერება“ კი სამსახურზე უარის თქმით იწყება, შემდეგ დაქალებთან ჩამოშორებით... ქალის ცხოვრებაში „გაბედნიერების“ შემდეგ „სიურპრიზები“ არ მთავრდება და მასშტაბურ სახეს იძენს. ორიგინალურადაა გადაწყვეტილი ქალის თვითმკვლელობის მცდელობის სცენა აბაზანაში, რომელიც ორგანულად გადაიქცევა საავადმყოფოს საწოლად. ქალი რომ ძალადობის მსხვერპლია არავის სჯერა, არც დედას, არც მეგობრებს, არც მეზობლებს... პირიქით, მას კონფლიქტში მთავარ და ერთადერთ დამნაშავედ მიიჩნევენ: „შესაჭმელი კაცია შენი ქმარი, შენ სანამ ცოლად მოგიყვანდა წვეთი არ დაულევია!“, „შვილო როგორ ბედავ ამდენს, სულ მამაშენის ხასიათი გაქვს, მისნაირი ჯიუტი ხარ, ასეთი ქმარი გყავს და შენ მაინც შენსას გაიძახი.“ სასოწარკვეთილი ქალი, ძალებს იკრებს და შურს იძიებს მოძალადე ქმარზე. ანი ხუბუტიას გმირი სხვადასხვა სიტუაციასა და მოცემულობაში აღმოჩნდება, თუმცა ეს მსახიობის შესრულებას დიდად არ ეტყობა, გარკვეულ ეპიზოდებში პერსონაჟი სქემატურ მხატვრულ სახედ იქცევა, ზოგჯერ პათეტიკურიც და ხელოვნურიც ჩანდა, იყო ეპიზოდები სადაც მსახიობს ეტყობოდა, რომ ბოლომდე არ ჰქონდა გათავისებული პერსონაჟის ტრაგედია. გარკვეულ ეპიზოდებში კი ზედმიწევნით დამაჯერებელი იყო. დასკვნით და ყველაზე მნიშვნელოვან სცენაში მოახერხა, მაყურებლის აღელვება ისე, რომ სცენაზე მომხდარმა ამბავმა, დარბაზში ხმაურიანი შეფასებებიც კი გამოიწვია. ფინალური ეპიზოდი მსახიობმა უდავოდ მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა.  

რეჟისორის საინტერესო გადაწყვეტად რჩება - კაცის პერსონაჟი - უსულო მოსიარულე არსება, რომელსაც ოსტატურად ათამაშებენ თოჯინების თეატრის მსახიობები: ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე. მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტა მოძალადე პერსონაჟის, მიზანმიმართული და მეტაფორული სვლაა იმას სათქმელად, რომ ასეთი უსახო და უპირო არარაობა სადისტები არ არსებობენ და ჩვენ, საზოგადოება ვქმნით და ვაყალიბებთ მათ.

 

ფინალი მოულოდნელი და ეფექტურია, რომელსაც მსახიობი ანა ხუბუტია შესანიშნავად ართმევს თავს. მის მიერ წარმოთქმული ფრაზა -  „მიირთვით ის ხომ შესაჭმელი კაცი იყო“ - რეალობად იქცევა, ჩვენ კი ამ „ჩასაყლაპ კაცს“, მართლაც „ვყლაპავთ“.

 

სამწუხაროდ, ერეკლე დეისაძის ნახევრად ხუმრობით (ღადაობით) და უფრო მეტად სერიოზულობით დაწერილი რეალური ამბავი დღესაც ხდება, თან არა პერიოდულად, არამედ ინტენსიურად, რომელსაც ლამის სიხარულით გვამცნობენ ჩვენი ტელევიზიები. საქმე ეხება ქალის ბედს და მდგომარეობას ქართულ ტრადიციულ ოჯახში, ქალთა ძალადობას, მსხვერპლს, რომელსაც არ თანაუგრძნობს საზოგადოება, პირიქით, ქალს ადანაშაულებენ. რეჟისორმა სიზუსტით გვიჩვენა ტრაგედია, რომელიც ჩვენს გარშემო ხშირად ხდება.

 

სასიამოვნო ფაქტია, რომ მსგავს პრობლემაზე სპექტაკლი იდგმება რეგიონში და თანაც საბავშვო თეატრში, სადაც მომავალი მოქალაქეები უნდა უნდა ჩამოყალიბდნენ. თოჯინების თეატრმა კი გადაწყვიტა მშობლებიც აღზარდოს, არადა ჩვენი საზოგადოება მართლაც აღსაზრდელია. 

bottom of page