top of page

შენიღბული ჰარმონია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

„ანბოქსინგი“

ნინო გაბედავა

შენიღბული ჰარმონია

ქალაქის თეატრში ქორეოგრაფებმა: თინათინ წულაძემ და გიორგი ტორიაშვილმა ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ოჯახი“ წარმოადგინეს, სადაც ძირითადი საკითხი სოციალური თემაა. 12 მსახიობის (აკო გოგელია, ანი იმნაძე, ანუკი შარია, ნინი ნოზაძე, ზუკა პაპუაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნიკუშა გუგუნავა, ნიკა გოგიძე, ქეთი გიორგაძე, რუსკა მაყაშვილი, ჯონათან როუსელი, მარია გიორგობიანი) მიერ მოთხრობილი ამბავი ყოველდღიური და აქტუალურია. აქ ვაწყდებით ისეთ თემებს როგორიცაა: სიყალბე, ძალადობა, სოციალური ფენა, სიყვარული, ეგოიზმი, უფროსი და უმცროსი თაობის დაპირისპირება და სხვა.

სხეულის ენა ქორეოგრაფიაში მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან მისი საშუალებით მსახიობი/მოცეკვავე ფიქრებს, განცდებს, მისწრაფებებს, შინაარსს გადმოსცემს.

 

ჟესტიკულაცია ხომ მხოლოდ მოძრაობა არ არის სცენაზე – ეს არის აზრისა და ემოციის გამოხატვა, სადაც სიტყვები ზედმეტია, ხოლო სხეულის ენა უნიკალური და უნივერსალურია.

წარმოდგენაში ხშირია საუბრები, შეძახილები, ხანდახან ხმადაბლა. თუმცა ვფიქრობ, რომ ქორეოგრაფია იმდენად მეტყველი უნდა იყოს, რომ ვერბალური კომუნიკაცია არ უნდა გახდეს საჭირო, რადგან მსახიობის თუ მოცეკვავის სხეულის ენა უკვე მეტყველებს, ქმნის აზრს და ატმოსფეროს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სიტყვები ან წამოძახილები სხეულის ენით მოთხრობილი ამბის დამასუსტებელი ფაქტორიც კი იყოს. ვინაიდან ქორეოგრაფიული დადგმაა, ვფიქრობ, რომ ის ტრაგიზმი და სიმძაფრე, რაც თითოეულ პერსონაჟს გარკვეულწილად ახასიათებს, საცეკვაო მეტყველებაში უნდა აისახოს.

სცენა დეკორაციებით არ არის გადატვირთული. ცენტრში განთავსებულია გრძელი მაგიდა, რომლის გარშემო სკამებია განლაგებული, სწორედ მაგიდა (როგორც შეკრების ადგილი) იქცევა მოქმედების ეპიცენტრად - მის გარშემო ვითარდება პერსონაჟთა ინტერაქცია, კონფლიქტები. მსახიობები ყოველდღიურ სამოსში (მხატვარი: ბარბარა ასლამაზი), ზოგი გადაპრანჭულიც, არიან გამოწყობილები, რაც მათ მოძრაობებსa და ცეკვას არ ზღუდავს.

დასაწყისში პერსონაჟები ეტაპობრივად შემოდიან და მაყურებელს გარკვეული წარმოდგენა ექმნება - ვინ რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნება და რა ფსიქო-პორტრეტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თავდაპირველად ქორეოგრაფიული ნაწილი არ იკითხება, არ ვითარდება, ეს უფრო სპექტაკლის შუა და დასკვნით ნაწილში ჩანს. ზოგადად, დადგმაში, ვფიქრობ, რომ დიდი ყურადღება ექცევა პანტომიმას ვიდრე ქორეოგრაფიას. ქორეოგრაფიაში კი სხეულის ენას მნიშვნელოვანი გარემოება უკავია, რომელსაც უნდა გააჩნდეს სიმბოლური ახსნაც კი. მოცეკვავეები და ქორეოგრაფები ხომ სიტყვების გარეშე გადმოსცემენ: შინაარსს, კონფლიქტებს, ისტორიებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ პრობლემები, განცდები, ემოციები, ან უბრალოდ დიალოგი, ამ შემთხვევაში, ქორეოგრაფიული ენით ნაკლებადაა ამეტყველებული.

ვერ ვიტყვი, რომ დადგმა ახალი მიგნებებით გამოირჩევა. გარკვეულმა მიზანსცენებმა, უკვე არსებული თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენებიდან, რამდენიმე მაგალითიც კი გამახსენა: საერთოდ, ცეკვისა და ტექსტის შერწყმას თანამედროვე ქორეოგრაფიაში, ერთ-ერთი საინტერესო გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, პინა ბაუში იყენებდა, ეს სინთეზი კი რიგ შემთხვევებში ემოციასა და ატმოსფეროს უფრო ამძაფრებდა. მის ქორეოგრაფიულ სტილში შერწყმულია: ტექსტი, მოძრაობა, ჟესტი, ყოველდღიური მოქმედებები. ბაუში თავის წარმოდგენებში ხშირად იყენებდა მოცეკვავეების პირად ისტორიებს, რომლებიც მონოლოგებად ან დიალოგებად იქცეოდა და სხეულთან ერთად წარმოადგენდა ნარატივს. სპექტაკლში „ოჯახი“ გარკვეული მიზანსცენები დაახლოებით მის სტილშია გადაწყვეტილი, თუნდაც რუსკა მაყაშვილის ქორეოგრაფიული მონოლოგი.

ასევე, სპექტაკლში არის სცენა, როდესაც ნინა ლორთქიფანიძის პერსონაჟს მომავალი სადედამთილო (მსახიობი: ანი იმნაძე) საპატარძლო კაბას აცმევს და სხვა პერსონაჟები მსახიობის სხეულს ხელებით ეხებიან, ცდილობენ საპატარძლო კაბა შემოახიონ თუ წაართვან. მთლიანობაში ეს სცენა სოციალურ ძალადობას გამოხატავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცეკვით/ქორეოგრაფიული ენითაა გამოხატული, ან რაიმე ქორეოგრაფიული მიგნებაა, რადგან ამ სცენამ გამახსენა ბრიტანელი (წარმომავლობით ბანგლადეშიდან) ქორეოგრაფისა და მოცეკვავის აკრამ ხანის „ჟიზელი“-ის გათანამედროვებული ვერსიის ერთ-ერთი საინტერესო სცენა, როდესაც მოცეკვავეები ჟიზელს ხელებით ეხებიან, თითქოს სხეულს უმოწმებენ, ცდილობენ დაეუფლონ და ფსიქოლოგიურად გაანადგურონ. ვერ ვიტყვი, რომ სპექტაკლი “ოჯახი” უინტერესოა, პირიქით, დღევანდელი აქტუალური სოციალური საკითხები წარმოჩენილია და მაყურებელი ხედავს - ქორეოგრაფიულმა დადგმამ როგორ შეიძლება აამეტყველოს ძალადობა, ჩაგვრა, სიყვარული, თუმცა, გარკვეული სცენები ქორეოგრაფიული მიმართულებით, ვფიქრობ, რომ აღნიშნული ქორეოგრაფების ხელწერის, მათი მიგნებების მიბაძვაა.

დადგმაში მრავალფეროვანი მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, თუმცა ერთ-ერთი რაც ვფიქრობ, რომ შეუსაბამო იყო, ეს არის „Ederlezi“. როგორც ცნობილია, ეს არის ბოშა ხალხის  ფოლკლორული ტრადიციული სიმღერა, რომელსაც რიტუალურ მსვლელობებში იყენებდნენ და ტარდებოდა ყოველ გაზაფხულს. ამ მუსიკის მისტიკური, ცოტა ტრაგიკული, მელოდიის გამო გამოყენება, ვფიქრობ, რომ ცოტა შეუსაბამოა სპექტაკლში, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობი რუსკა მაყაშვილი (მსხვერპლის როლში) თავისი პერსონაჟის სულიერ განცდებსა და პირადი ტრაგედიის გადმოცემას ცდილობს. გარდა ამისა, სპექტაკლში ჟღერს ჯაზი (The barry sisters, J for jump), რომელიც მხიარულ ატმოსფეროს ქმნის და იუმორითაა გადმოცემული პერსონაჟთა ფსიქო-პორტრეტები. აღსანიშნავია, რომ მსახიობებმა, რომლებიც მოცეკვავეები სულაც არ არიან, ქორეოგრაფების დავალებას თავი გაართვეს.

საბოლოოდ, სპექტაკლი ასახავს ადამიანთა ურთიერთობებს, რომელიც გარედან იდეალური და ჰარმონიული ჩანს, თუმცა ამ ნიღბის მიღმა იმალება სიყალბე, დაძაბულობა, გაუცხოება, სიძულვილი. რაც დრო გადის ამ შეფუთვის მიღმა არსებული კომპლექსური პრობლემები/კონფლიქტები იხსნება და მწვავე სოციალურ სახეს ქმნის, რაც დღეს აქტუალურია.

bottom of page