top of page

შემოქმედებითი სივრცე ციხის ნაცვლად

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

245616364_518898162875771_7719986859323728037_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

შემოქმედებითი სივრცე ციხის ნაცვლად

 

„ვანგრევთ სტერეოტიპებს და ვამბობთ, რომ კულტურა ციხის ნაცვლად, შემოქმედება დანაშაულის ნაცვლად და გამიხარდება, თუკი იმ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც მე-12 დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა ექნებათ საშუალება, რომ იმავე ადგილას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, უკვე სასიამოვნო გამოცდილება მიიღონ როგორც მაყურებელმა...“ _ განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, როცა პრესასთან პირველად დააანონსა ახალი, ალტერნატიული, შემოქმედებითი სივრცის გახსნა ორთაჭალაში, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელსაც „სივრცე #12“ ეწოდა. ახალი კულტურული არენის სახელწოდება სიმბოლურია, რათა ყველას ახსოვდეს, ან იცოდეს, რომ ადგილი, რომელიც ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის სიმბოლო იყო, გადაიქცა თავისუფალი, არატრადიციული ხელოვნების შექმნისა თუ პრეზენტაციის ადგილად, კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება თავისი შემოქმედებითი პროექტის განხორციელება.

 

„სივრცე #12“ არის პირველი, უკვე რეალობად ქცეული ინიციატივა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა სახელმწიფო თავადვე ქმნის თავისუფალი არტისტებისთვის პლატფორმას, სადაც ხელოვანებს ნებისმიერი შემოქმედებითი იდეის თავისუფლად განხორციელების საშუალება ექნებათ. მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა შეეძლებათ პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები, გამოფენები, პერფორმანსები, შეხვედრები, კონფერენციები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

 

„როდესაც ამ სივრცის რეკონსტრუქციას დავიწყებთ, იქ გავაჩენთ სარეპეტიციო სივრცეებს და ასევე გვინდა, რომ იყოს ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებელი სივრცე. რატომაც არა, სამუზეუმო სივრცე, სადაც თანამედროვე ხელოვნების დარგში მოღვაწე შემოქმედი ადამიანები თავიანთ ექსპერიმენტულ სივრცეს გააჩენენ და აბსოლუტურად თავისუფლები იქნებიან. ეს არ იქნება კლასიკური კულტურის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჰყავს დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს სივრცე იქნება თავისუფალი, საკმარისი იქნება მარტივი პროცედურებით მისი დაჯავშნა. ამ ეტაპზე უფასოა, მაგრამ როდესაც იქნება ნამდვილ კულტურის კერად გადაქცეული თავისი აღჭურვილობით, აპარატურით იქ შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ სიმბოლურ საიჯარო გადასახადზე...“ _ აცხადებდა მინისტრი თეა წულუკიანი და 2021 წლის 10 აგვისტოს „სივრცე #12“ უკვე პირველ სტუმრებს მასპინძლობდა.

 

„სივრცე #12“ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრის სპექტაკლით „მარინა რევია“ გაიხსნა, რომელიც ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა. სპექტაკლი 15 წლის შემდეგ პატიმრობიდან ოჯახში დაბრუნებული დედის მარინა რევიას და მის შვილებთან შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი „მარინა რევია“ ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიდგა საქართველოში. სპექტაკლის ასეთი წარმატება პიესაში მიმდინარე მოვლენების დეტალურად გააზრებულმა რეჟისურამ, მხატვრის ტატო გელიაშვილის მიერ შექმნილმა უაღრესად რეალისტურმა, ყოფითმა, ნატურალიზმამდე დასულმა სცენოგრაფიამ და რაც მთავარია არტისტების: მარინა ჯოხაძის, თათია თათარაშვილის, ქეთი აბაშიძის და ზურა ხაფთანის თამაშის ზედმიწევნით რეალისტურმა მანერამ და არტისტულმა გულწრფელობამ, სცენურმა უშუალობამ განაპირობა. ამავდროულად, თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლი ორგანულად მოერგო გარემოს ყოფილი ციხის ეზოში, ღია ცის ქვეშ, სადაც მაყურებელი სტუმრად მარინა რევიას სახლში მივიდა.

 

მნიშვნელოვანი იყო 16 ოქტომბერს, ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში #12“ ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი, რომელიც პერფორმანსის თანხლებით გაიმართა. პერფორმანსი, რომელიც რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ახმეტელის თეატრის მსახიობების მონაწილეობით წარმოადგინა. ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების კედლებზე ზურაბ რთველიაშვილის საუკეთესო პერფორმანსების ინსტალაცია იყო ნაჩვენები, ასევე გათამაშდა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „მარგო კორაბლიოვას თეატრის“ პერფორმანსი, ხოლო ღონისძიების დასასრულს, „ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა ზურაბ რთველიაშვილის პიესა „ქვემოდან ზემოთ“ თეატრალიზებულად წაიკითხეს.

 

„სივრცე #12“ საინტერესო აღმოჩნდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელისთვის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისათვის, რომელმაც ახალი პროექტი _ მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“ განახორციელა. ახალ ბალეტში ხმის დიზაინსა და ვიდეო ინსტალაციაზე ნიკა მაჩაიძემ იმუშავა, ხოლო ორიგინალური მუსიკა ნატალია ბერიძემ შექმნა, ხოლო ქორეოგრაფიაზე მარიამ ალექსიძემ. პროექტის შექმნის იდეა დავით მაზიაშვილს ეკუთვნოდა. მულტიმედიური ბალეტი 12 სხვადასხვა თაობის ქალ პატიმარზე მოგვითხრობდა, რომელიც არავერბალური ფორმით ორიგინალურად გათამაშდა. ციხის კედლებზე წარმოდგენის მსვლელობის გადიოდა ვიდეო, რომელიც ციხის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, ციხის საკანში მყოფთა განცდებს გადმოსცემდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა შეძლო განსხვავებული ფორმით, ორიგინალური ხერხებით და მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებებით ეჩვენებინა 12 ქალის სულიერი და ფსიქიკური მდგომარეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო მარინა ალექსიძის, მაკა მახარაძისა და ქეთევან მუხაშავრია თანამედროვე ბალეტში ხილვა, რომლებიც 30 წელია მაყურებელს სცენაზე არ უნახავს.

 

პირველი დამოუკიდებელი ალტერნატიული სივრცე საქართველოში, თბილისის გარე უბანში, ყოფილი ელექტროგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რეჟისორების მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის თაოსნობით 2016 წელს გაიხსნა, რომელსაც „ღია სივრცე/open space ეწოდა. ალტერნატიულ სივრცეებზე მუშაობს ფესტივალი „ახალი დრამა“, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს ტრადიციულ სახელოვნებო კერაზე, ხოლო „სივრცე #12“ პირველი პლატფორმაა ხელოვანებისთვის, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა დამოუკიდებელ (და არა მარტო) არტისტებს.

bottom of page