top of page

„COVID-19 და მისი გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“

დამოუკიდებელი კვლევის შედეგები

111358364_1519267751589446_7033228301251

ნინო წითლანაძე

 

„COVID-19 და მისი გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“

დამოუკიდებელი კვლევის შედეგები

 

 

2020 წელმა მსოფლიო კარდინალურად შეცვალა და ისტორიაში შევა, როგორც დიდი კრიზისის და გამოწვევების პერიოდი. მე არ მეგულება კონკრეტული ადამიანი თუ გლობალური ინდუსტრია, რომელსაც პანდემია არ შეხებია.

ახლა, როდესაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში შევდივართ, ირგვლივ მყოფთა ისტორიები ყველაზე მეტად ზღვის შტორმში მოხვედრილებს და გადარჩენილებს მაგონებს - როდესაც ნაპირზე მჯდომი გემის ნაფლეთებს შეჰყურებ და ფიქრობ, ახალი ცხოვრება როგორ უნდა დაიწყო. რადგან ძველის გაგრძელება უკვე შეუძლებელია.

ეს ისე, რომანტიზებულად თუ შევხედავთ. რეალობა კი ძალიან ხისტი და მძიმეა. პირველ რიგში, ვგულისხმოვ კულტურის სფეროს, რომელიც მანამდეც ძირგახვრეტილი გემივით დაცურავდა და ამ შტორმიანმა პანდემიამ ლამის ბოლო მოუღო.

მთელ მსოფლიოში კულტურის, და დიდწილად, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფერო ძალიან დაზარალდა. თავისი სპეცფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა პირველმა პანდემიის დარტყმა ზუსტად შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა განიცადეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, გაუქმდა ათასობით კონცერტი, გამოფენა და თითქმის ყველა სხვა კულტურული ღონისძიება. რაც დიდ ფინანსურ ზარალს და უამრავ დაკარგულ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ცხადია, არც საქართველო გახდა გამონაკლისი. პირიქით, ჩვენს ქვეყანაში კრიზისის შედეგები გაცილებით უფრო სავალალო აღმოჩნდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

გარდა იმისა, რომ დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ ანტიკრიზისული გეგმის შესრულებაზე, პარალელურად არაერთმა სახელმწიფო უწყებამ თუ კერძო ფონდმა დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რა ზარალი მიაყენა პანდემიამ შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს, რა არის სამოქმედო გეგმა და როგორი იქნება პოსტ-კრისიზუსული პერიოდი.

რატომაა მნიშვნელოვანი ორივე პროცესის პარალელურად განხორციელება? პასუხი მარტივია.

მოდით გავიხსენოთ, რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები. საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის თანახმად, ეს არის „სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

UNESCO ამ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: „კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრები აერთიანებენ არამატერიალური და კულტურული წარმოშობის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას, წარმოებას და კომერციალიზაციას. ეს პროდუქტები ჩვეულებრივ დაცულია საავტორო უფლებით და შეიძლება ჰქონდეთ საგნის/საქონლის ან მომსახურების ფორმა. ყველა არტისტული და კულტურული შემოქმედების გარდა, მასში შედის არქიტექტურა და რეკლამა“.

ჩემი საყვარელი განმარტება კი შემოქმედებითი მარკეტინგის გურუს დევიდ პერიშს ეკუთვნის:  “ზოგადად რომ ვთქვათ, ტერმინი „კრეატიული ინდუსტრიები“ ეხება ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც კავშირშია კრეატიულობის, იდეების, ცოდნისა და ინფორმაციის გენერირებასთან და კომერციალიზაციასთან“.

როგორც ვხედავთ, აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები მრავალფეროვანი კულტურული პროდუქტის შექმნით ავითარებს კულტურის ეკონომიკას და გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას უწყობს ხელს.

ამ პროცესის უპირობო ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 111 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება (საშუალოდ 12%). კოსმიური, და ამავდროულად სრულიად რეალისტური ციფრებია.

შედარებისთვის, 2017 წლის იუნესკოს რაპორტის თანახმად, საქართველოში კულტურის ეკონომიკა საერთო შემოსავლის 2.8% შეადგენდა. და ეს ციფრი ვერ იქნება ბევრად გაზრდილი მიმდინარე პერიოდისთვის.

აი, აქ კი საჭიროა კვლევა. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა სარგებელი მოაქვს შემოქმედებით ინდუსტრიებს, რომელია მათგან ყველაზე განვითარებული, და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის პრიორიტეტულიც უნდა გახდეს, რამდენი ადამიანია დასაქმებული შემქომედებითი ინდუსტრიების სფეროში და მრვალი თითქოსდა მარტივი კითხვა, რომელზე პასუხებიც ჩვენ არ გვაქვს ან გვაქვს ძალიან მიახლოებით.

იმის გასარკვევად, როგორი გავლენა იქონია გლობალური პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი სფეროს სექტორზე, ოთხმა კულტურის ლიდერმა (ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი, ელენე მეჩითოვა და ნინო წითლანაძე) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ კითხვარი – „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“.

დამოუკიდებელი კვლევა 30 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით ონლაინ პლატფორმის „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“ ეგიდით მიმდინარეობდა.

რა დასამალია, და ჩვენ ველოდით ნეგატიურ შედეგებს. მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

გამოიკითხა 81 ადამიანი, აქედან 39 ქალი და 42 კაცი. გამოკითხულთა ასაკი განისაღვრა 17-დან 75 წლამდე (აქედან ყველაზე მეტი - 53,1% 26-დან 40 წლამდე ასაკის რესპონდენტები იყვნენ).

ჩვენ გამოვკითხეთ პროფესიონალები შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებიდან - 63% ხელოვანები და 33,3% არტ მენეჯერები და კულტურის ლიდერი.

ჩვენთვის საინტერესო იყო გამოკითხულთა საქმიანობის ფორმაც. როგორც გაირკვა, 53,1% დამოუკიდებელი ხელოვანია, 32,8% - მეწარმე/კომპანიის მფლობელი, 18,8% საჯარო სექტორში მუშაობს, ხოლო 17,2% კერძო კომპანიაში.

როგორც ცნობილია, საქართველოში ოფიციალური კლასიფიკაციის მიხედვით 13 შემოქმედებითი ინდუსტრია არსებობს. ჩვენი მიზანი იყო კვლევაში მონაწილეობა მიეღო ყველა ამ მიმართულების წარმომადგენელს. ცალკე არ გვქონდა გამოტანილი მხოლოდ მედია და მაუწყებლობა.

გამოკითხულთა რაოდენობა ასე განაწილდა:

  1. მუსიკა - 39

  2. კინო და ვიდეო - 21

  3. სახელოვნებო და კულტურული განათლება - 20

  4. სახვითი ხელოვნება - 18

  5. აუდიოვიზუალური ხელოვნება - 15

  6. საშემსრულებლო ხელოვნება - 15

  7. ლიტერატურა და საგანმანათლებლო ინდუსტრია - 8

  8. ციფრული ტექნოლოგიები / დიზაინი - 8

  9. რეკლამა / საკომუნიკაციო ინდუსტრია - 7

  10. კულტურული მემკვიდრეობა - 7

  11. არქიტექტურა - 6

  12. რეწვა - 2

  13. დიზაინი და მოდის ინდუსტრია - 2

  14. გასტრონომია და კულინარიული ინდუსტრია - 1

 

ჩვენ ასევე დაგვაინტერესა, რა გამოცდილების მქოდე ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა კვლევაში. საინტერესოა, რომ 23,5%-23,5% განაწილდა მათზე, ვინც 5-10 წელი და 10-15 წელია მოღვაწეობს სფეროში. თუმცა, ყველაზე მეტნი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც სფეროში 15-20 და მეტი წელია მოღვაწეობენ. მთელი 27,2%. ახალბედა, დამწყები და 5 წლამდე გამოცდილების მქონე რესპონდენტთა ჯამურმა რაოდენობამ კი 14,8% შეადგინა. რაც, ჩემი აზრით დიდი პრობლემის მაჩვენებელია - სახელვნებო და მით უფრო მენეჯერული განათლება კულტურის სფეროში არაპრესტიჟულად ითვლება. მეორე საკითხია, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება ამ მიმართულებით ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული შედეგი კი იმაში გამოიხატა, რომ გამოკითხულთა 44.7% შემოსავლის გარეშე დარჩა. შემოსავლის ალტერნატიული წყარო გამოკითხულთა კიდევ 38,8% არ აქცთ. რაც ჯამში იმას ნიშნავს, რომ 83,5% ფაქტიურად შიმშილისთვის დარჩა განწირული.

მხოლოდ 16,5% განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მათზე გავლენა არ იქონია.

ხელოვანებს ვკითხეთ, მათი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, რაიმე სხვა ალტერნატიული წყარო თუ ჰქონდათ. აქაც სავალალო პასუხები მივიღეთ. ხელოვანთა 45,7% ალტერნატიული შემოსავლის წყარო არ ჰქონდა, 39,5% მინიმალური, მაგრამ ჰქონდა, ხოლო 14,8% ჰქონდა საკმარისი შემოსავალი.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ იმოქმედა საქართველოში ღონისძიებების გაუქმება-გადადების მსოფლიო ტენდენციამ. როგორც ვივარაუდეთ, გამოკითხულთა 71,6% განაცხადა, რომ აპრილი-ივნისის თვეში დაგეგმილი ყველა შემოქმედებითი აქტივობის გადადება მოუწია. ნაწილობრივ გადაიდო ღონისძოებების 23,5%. არაფერი შეცვლილა მხოლოდ 4,9%. ყველაზე ხშირად, გადადებულ ან გაუქმებულ პროექტებში მოიაზრებოდნენ ფესტივალები (27.9%), მუსიკალური კონცეტრები (14.7%) და გამოფენები (7.3%).

პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა, და ერთ-ერთი მთავარი გლობალური ტენდენცია საქმიანობის მაქსიმალურად ონლაინ სივრცეში გადატანა გახდა. ჩვენ ვკითხეთ კვლევის რესპონდენტებს, რამდენად შესაძლებელი იყო მათი პროექტების ონლაინში გადატანა.შედეგად, 46.9% განაცხადა, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მათი პროექტების გარკვეული ფორმით ტრანსფორმირება, 45,7% კი თქვა, რომ მათი საქმიანობის ფორმატის შეცვლა შეუძლებელია. და მხოლოდ 7,4%-თვის საქმიანობის ვირტუალიზაცია სრულად შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს ის მეწარმეების მცირე ნაწილია, რომლებიც მანამდე ონლაინ სივრცეში მოყვაწეობდნენ.

აქედან გამომდინარეობს გამოკითხულთა 21.8% მოსაზრება, რომ ერთერთი გამოსავალია ონლაინ პლატფორმების შექმნა, სადაც არტისტები თვითრეალიზებას შეძლებენ, გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ.

მთლიანობაში, კვლევიდან გამომდინარე, ანტიკრიზისული ზომები სფეროს წარმომადგენლებს ასე ესახებოდათ: ფულადი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (32%), ახალი საგრანტო კონკურსები, რომელიც არსებულ რეალობას მოერგებოდა (28%), საგადასახადო შეღავათები (4.6%).

რაც არ უნდა იყოს, კრიზისმა სექტორის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. 23% განაცხადა, რომ საქმიანობის ადაპტირების გეგმა არ ჰქონდათ იმ დროს, როცა 53% მანამდე ჩამოყალიბებულიც არ იყვნენ.

მოკლედ კვლევის შედეგები ასე გამოიყურება. სრულადმათი ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:https://cutt.ly/iycnrnN

 

ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ მივიღეთ ასეთი შედეგები და მხოლოდ პანდემიის ბრალია ეს თუ არა.

ცხადია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი მხოლოდ კატალიზატორი გახდა იმ ათეულობით პრობლემისა, რომლებიც კულტურის სფეროში წლების განმავლობაში გროვდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იმ აზრზე თანხმდება, რომ კულტურის სფეროში არსებული პრობლემები არც პანდემიამ განაპირობა და ისინი არც პანდემიის შემდეგ გაქრებიან. ის მძიმე სურათი კი, რაც თუნდაც ამ მცირე კვლევამ დაადასტურა, იმის პირდაპირი გამოძახილია, რომ სფერო საჭიროებს დიდ და გონივრულ რეფორმას, რომელიც პირველ რიგში შემოქმედებითი სფეროს წარმოამდგენლების სასარგებლოდ იმუშავებს და ჯანსაღ კრეატიულ ეკოსისტემას შექმნის. 

თუმცა, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, კარგი მაგალითებიც გვაქვს მოსაყვანად. 2020 წლის მარტში კულტურის ლიდერთან, ფესტივალ Black Sea Sound და გალერეა ART UP-ის დამფუძნებელთან ლევან გელიაშვილთან ერთად შევქმენით ონლაინ პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“, რომელიც დღეისთვის სფეროს 600-მდე წარმოამდგენელს აერთიანებს.

ესაა სივრცე, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სფეროს ირგვლივ, როგორც კონკრეტული პრობლემების, ისე საერთო გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. კველვა „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“ კი ჯგუფის პირველი ინიციატივა გახდა.

ყველა ექსპერტი და პროფესიონალი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პოსტ-კრიზისული პერიოდი კიდევ უფრო რთული და გამოწვევებით სავსე იქნება. სფეროს პროფესიონალებს შორის აქტიური აზრთა მიმოცლვა და სხვა დაინტერესებულ სექტორებთან დაკავშირება (როგორიცაა ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები) ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, პოსტ-კრიზისულ პერიოდს თუ არ შეამსუბუქებს, უფრო ცხადს მაინც გახდის. თუ თვლით, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები თქვენი გამოწვევებიცაა, შემოგვიერთდით:

https://www.facebook.com/groups/217748876091631/

კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც კრიზისმა მოიტანა, მედიის მისი პრობლემებით დაინტერესებაა. კვლევის შედეგები ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც მნიშვნელოვან ინდიკატორად მიგვაჩნია.

ამასთანავე, ძალიან გააქტიურდა თავად შემქომედებითი ინდუსტრიების სექტორი. ბოლო 3 თვის გამნმავლობაში ათობით სხვადასხვა დისკუსია გაიმართა, რაც ასევე სფეროს პროფესიონალების მხრიდან დიდ ჩართულობაზე მოუთითებს.

კვლევის მეორე ეტაპი კი შემოდგომაზეა დაგეგმილი.

bottom of page