შექსპირის თანამედროვე ინტერპრეტაციები უახლეს ქართულ დადგმებში
მაკა (მარინე) ვასაძე
შექსპირის თანამედროვე ინტერპრეტაციები უახლეს ქართულ დადგმებში
(რობერტ სტურუა, დავით დოიაშვილი, ლევან წულაძე, ვანო ხუციშვილი)
თანადროულად გახსნა კლასიკური პიესა, ნიშნავს მასში იპოვო ის დიდი პრობლემები, რომლებსაც არ შეუძლიათ არ გამოიწვიონ დღევანდელ მაყურებელში ვნებათაღელვა. პიტერ ბრუკი წიგნში `ცარიელი სივრცე~ წერს: `შექსპირი ჩვენთვის კვლავ მისაბაძი მაგალითია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა შექსპირის სცენაზე განსახორციელებლად მიმართულია იქითკენ, რომ მის პიესებს მივანიჭოთ `თანამედროვე~ ჟღერადობა, ვინაიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც მაყურებელს უშუალოდ გააღიზიანებს პიესის შინაარსი, შესაძლებელია გადაილახოს დრო და პირობითობები~.
დღესდღეობით წარმოუდგენელია ქართული თეატრის ისტორია შექსპირის დრამატურგიის გარეშე. საქართველოში შექსპირი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდანაა ცნობილი, მისი პოპულარობა კი უშუალოდ არის დაკავშირებული ქართული თეატრალური კულტურის ზრდასთან. საქართველოში შექსპირის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ილია ჭავჭავაძეს და ივანე მაჩაბელს. აი, რას წერს ამის შესახებ პროფესორი ნიკო ყიასაშვილი: `შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ილია ჭავჭავაძისა და, განსაკუთრებით, ივანე მაჩაბლის, როგორც ძირითადი მთარგმნელის, როლი მხოლოდ და მხოლოდ შექსპირის ტექსტის გადმოქართულებით ამოიწურებოდა. `მეფე ლირის~, ჰამლეტის~ `ოტელოსა~ თუ `მაკბეტის~ ქართული თარგმანები, ამავე დროს, შექსპირის თავისებურ, ღრმა ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ილიასა და ივანე მაჩაბელს შესანიშნავად ესმოდათ შექსპირის შემოქმედების არა მარტო მხატვრულ-ესთეტიკური სრულფასოვნობა, არამედ მისი დიდი, ღრმად ჰუმანისტური მსოფლმხედველობრივი საფუძვლებიც. სწორედ შექსპირისადმი ამ მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკურმა ნათესაობამ შვა როგორც ბრწყინვალე თარგმანები, ისევე შესანიშნავი ქართული შექსპირული თეატრიც~.
შექსპირის დრამატურგია ეკუთვნის სწორედ ისეთ კლასიკურ ნაწარმოებთა რიცხვს, რომელიც რეჟისორმა შეიძლება მიუსადაგოს თანამედროვე პრობლემებს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი საუბარია უახლეს ქართულ შექსპირიანაზე: რობერტ სტურუას, დავით დოიაშვილის, ლევან წულაძის და ვანო ხუციშვილის XXI საუკუნის შექსპირის ინტერპრეტაციებზე.
XXI საუკუნის დასაწყისში, შექსპირის მხიარული, რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება, ცინიკური, `სიტუაციების კომედია~ `როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე~ რობერტ სტურუას ინტერპრეტაციით რუსთაველის თეატრის სცენაზე ტრაგიფარსად იქცა. ამ ხერხით რობერტ სტურუამ კომედიის სიუჟეტი სულ სხვა რაკურსით, სხვა მხრიდან დაანახა მაყურებელს.
რობერტ სტურუას სარეჟისორო ენისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა თეატრალური ჟანრისა თუ მიმართულების ერთ სპექტაკლში გაერთიანება. აქ, ამ სპექტაკლში, შუასაუკუნეების თეატრიდან დაწყებული, ყველა ჟანრს ამოიცნობთ: ლიტურგიკულ დრამას, მირაკლს, მისტერიას, ფარსს, პასტორალს, `კომედია დელარტესათვის~ დამახასიათებელ ბუფონადას... ჟანრული, გამიზნული ეკლექტიკა ამ სპექტაკლშიც ერთ მთლიანობაშია შეკრული.
რობერტ სტურუამ `მეთორმეტე ღამეში~ შექმნა დახლართული, საბედისწერო პერიპეტიები, რომლებიც თავის მორევში ითრევენ სპექტაკლის ყველა პერსონაჟს. ამ ხერხით, ექსტრემალური სიტუაციების შექმნით, მან მოქმედ პირთა უხილავი მხარეები და მათში მომხდარი მეტამორფოზები უფრო ნათლად წარმოაჩინა. სტურუა თითქოს ცდილობს აჩვენოს ორი სამყაროს პარალელური არსებობა არა მარტო სცენაზე, არამედ თავად ადამიანში. ერთი რეალური, მიწიერი არსებობაა, რეალური სამყაროა, მეორე კი _ მეტაფიზიკური _ სადაც ყველაფერს თავისი ჭეშმარიტი ღირებულება აქვს. რობერტ სტურუამ სპექტაკლში გააერთიანა ეს ხილული და უხილავი სამყარო.
მხატვრულ გაფორმებაში ზედმიწევნით ლაკონიურია ფერთა გამა. რობერტ სტურუას სხვა სპექტაკლების მსგავსად, ამ დადგმაშიც მხატვრობის და მუსიკის ენა ჰარმონიულად არის შერწყმული რეჟისორის სათეატრო, სარეჟისორო ენასთან, რაც მთლიანობაში ქმნის არაჩვეულებრივ, სულის ამაფორიაქებელ და დასაფიქრებელ სანახაობას.
კეთილი იუმორი, ირონიული ქვეტექსტი, ნებისმიერი სახის ილუზიები, ტრიუკები, ოინები, მსახიობთა თამაშისათვის, იმპროვიზაციისათვის შექმნილი თავისუფლება კი არ ცვლის, არამედ პირიქით, ამძაფრებს მოვლენების არსს. ყველაფერი ეს გაკეთებულია სანახაობითობის შერწყმით ღრმა ფილოსოფიურ აზრთან.
სტურუას სხვა სპექტაკლების მსგავსად ამ დადგმაშიც ოსტატურად და ეფექტურად არის შესრულებული სანახაობითი ფორმები, რაც მინიმალური დეკორაციის გამოყენებით ხდება. რეჟისორი თითქოს ხაზს უსვამს, რომ ამ სამყაროში არაფერია მუდმივი, მითუმეტეს, საგნები.
სპექტაკლი სავსეა რობერტ სტურუას სათეატრო ენისათვის დამახასიათებელი მოულოდნელი სვლებით. რეჟისორმა სპექტაკლი დაიწყო იესოს შობით, რაც პიესაში არ არის, მაგრამ, მთავარია ის, რომ მის მიერ შემოთავაზებული დასასრული სრულიად მოულოდნელია მაყურებლისათვის. სპექტაკლის ფინალში გოლგოთის სცენის გათამაშება, მაშინ როდესაც `სიტუაციების კომედია~ კვანძის გახსნის შემდგომ თითქოს კეთილად უნდა დასრულებულიყო, შოკის მომგვრელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
`ჰამლეტში~ რობერტ სტურუას რეჟისურისათვის დამახასიათებელი დრამატულობა და ირონიულობა ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ. კლასიკური და ბალაგანური დადგმის სტილი ერთმანეთს ენაცვლება. პიესის გმირები სპექტაკლში ტრაგიკული ბალაგანის მონაწილეებად არიან ქცეულნი.
რობერტ სტურუამ `ჰამლეტში~ დაგვიხატა სამყარო, სადაც რეალურობასა და პირობითობას შორის არსებული ზღვარი წაშლილია. ეს პარალელური შრეებია, რომლებიც ერთმანეთში გადახლართულა. ერთი მდგომარეობიდან, ერთი განზომილებიდან მეორეში გადადის შეუმჩნევლად, მინიმალური შტრიხების გამოყენებით.
`ჰამლეტში~ სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციებით (მხატვარი მ. შველიძე). სცენოგრაფია და კოსტიუმები კვლავ არ განსაზღვრავენ დროს.
რობერტ სტურუას სათეატრო ენისთვის დამახასიათებელია მთელის და ნაწილის, ფრაგმენტის და ერთიანობის წარმოჩენა. სწორედ ამგვარი ხერხით არის აგებული `ჰამლეტიც~, მისი სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, კომპოზიცია და სტრუქტურა. ამით იგი თვალსაჩინოს ხდის თავის სათქმელს.
რობერტ სტურუას სათეატრო ენისათვის დამახასიათებელია ტრაგიკულის და კომიკურის თანაარსებობა. ასეა `ჰამლეტშიც~.
რეჟისორის ინტერპრეტაციით ზაზა პაპუაშვილის ჰამლეტი არ არის ერთიანი მონოლითური ფიგურა. მისი ჰამლეტი წინააღმდეგობრივია, როგორც შინაგანი ბუნებით, ასევე გარეგნულადაც. იგი ხან ჯამბაზია, ირონიითა და ცინიზმით განმსჭვალული, ხან შტერია, ხან ჭკვიანია, ხან სასტიკია, ხან წრფელი და ნაზია, ხან მძვინვარე და ფიცხია და ხანაც რომანტიკული. მისი ქმედებები თუ ემოციური მდგომარეობა სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ელფერს იძენს. ზაზა პაპუაშვილის ჰამლეტი ბედთან თითქოს შეგუებულია. მისი ქცევები თითქოს უცნაურია, უცნაურია მისი დამოკიდებულებაც სამყაროში არსებული ბოროტების, ღალატის მიმართ. ის აღარ კითხულობს, წყეულმა ბედმა რად არგუნა გაწყვეტილი კავშირის შეკვრა. მის აღქმაში ეს გარდაუვალი ფაქტია და ამიტომაც იღებს მას და ამბობს: `დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე მარგუნა მისი შეკვრა~.
ჰამლეტისა და მამის აჩრდილის შეხვედრის ეპიზოდში რეჟისორი პლასტიკური გადაწყვეტის საშუალებით ხაზს უსვამს მამისა და შვილის სულიერ ერთიანობას.
`ჰამლეტში~, სხვა საკითხებთან ერთად, რობერტ სტურუამ ისევ გაუსვა ხაზი ძალაუფლებისკენ სწრაფვის თემას. ამჯერად, კლავდიუსი საკუთარ ძმას კლავს მმართველობის ხელში ჩასაგდებად.
აღსანიშნავია, რომ `ჰამლეტში~ ვერბალური თვალსაზრისით არცერთი მნიშვნელოვანი მონოლოგი ბოლომდე არ არის გადმოცემული.
რობერტ სტურუას სათეატრო ენისთვის დამახასიათებელია _ სულისშემძვრელი ეპიზოდის შემდგომ მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. რეჟისორმა `ჰამლეტშიც~ გამოიყენა კომიკური ელემენტების შერწყმა ტრაგიკულ მოვლენებთან.
`ჰამლეტში~ არ ხდება ჟანრობრივი დაყოფა. აქ ყველაფერს ერთდროულად აღვიქვამთ _ ტრაგედიას, ფსიქოლოგიურ დრამას, ფარსს, კომედიას და ა. შ. ამ დადგმაშიც ყოველი დეტალი, როგორც ზოგადად რობერტ სტურუას სათეატრო ენას ახასიათებს, მათემატიკური სიზუსტით არის დამუშავებული, ყოველ ეპიზოდს, სცენას სიმართლე უდევს საფუძვლად, რის გამოც ეს თითქოსდა ერთი შეხედვით ჟანრული ეკლექტიზმი ერთ მთლიან კომპოზიციაშია შეკრული.