top of page

​ „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, ანუ რას იტყვის ხალხი?!. 

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

1.jpeg

თამარ ქუთათელაძე

​„შაშვი, შაშვი, მაყვალი“, ანუ რას იტყვის ხალხი?!. 

 

თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის რომანმა „შაშვი, შაშვი, მაყვალი” აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საყოველთაო ინტერესი გამოიწვია და ბოლო დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ ნაწარმოებად იქცა. რომანის მთავარი მოქმედი გმირი შუახნის მარტოხელა ქალი ეთერო, პატარა პროვინციული ქალაქის მოკრძალებული მკვიდრია და თავის პატარა მაღაზიაში მუშაობს. უსახურ რეალობას შეგუებულ მის განწყობას, მოულოდნელი საბედისწერო ინციდენტი თავდაყირა ამხობს. სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილ, შიშით შეძრულ ქალში, უეცრად იღვიძებს მეორე ნახევრისაკენ ლტოლვის ვნება და „აკრძალულ“ სასიყვარულო  თავგადასავალში გადაეშვება.

 

27 თებერვალს თბილისელ თეატრალებს საშუალება მიეცათ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ენახათ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ორიგინალური სპექტაკლი „შაშვი, შაშვი, მაყვალი!“. რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძის ამ დადგმამ, გასული წლის ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე (2022) ორი მნიშვნელოვანი პრიზი მოიპოვა. მსახიობი მარინა დარასელია დამსახურებულად დაჯილდოვდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ეთერო), ხოლო რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე  რომანის საუკეთესო  ინსცენირებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის თეატრის სცენიდან თამამი საუბარი მარტოხელა ქალის ხვედრზე, მის განწყობაზე, საზოგადოების მხრიდან თითქოსდა ტაბუირებული თემებისადმი კრიტიკული აზრის ფორმირებაზე. (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია, ლიტერატურული ნაწილის უფროსი სოფო ხუნდაძე).

        

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა უკიდურესად გახმაურებულმა, პირველ ქართულ ეროტიკულ რომანად აღიარებული ნაწარმოების პერიფერიის თეატრში წარმოდგენის ფაქტმა. აღსანიშნავია, რომ რომანის ინსცენირებაც სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის მიერ იქნა უჩვეულოდ ლაკონიური ფორმით შეკრული. სპექტაკლის ქრონომეტრაჟი სულ რაღაც 75 წუთს მოიცავს და დახვეწილად, შთამბეჭდავად შეთხზულ სანახაობაში, სხარტად  და ხალისიანად თამაშდება ასაკოვანი ქართველი ქალის სევდიანი ისტორია. მაყურებელი  ინტერესითა და თანაგრძნობით ადევნებს თვალყურს რთული ცხოვრების ორომტრიალში, გაუხეშებული ადამიანების გარემოცვაში უზენაესის კაპრიზით მოხვედრილი ამ უბოროტო, პოეტური ქალბატონის უსიხარულო ცხოვრებას, რომელიც თითქმის ცხოვრების დასასრულის სამზადისში მყოფი, კვლავაც  ბავშვურად ცნობისმოყვარე თვალებით შეხარის  მამაზეციერის მიერ ნაწყალობევ  ყოველ დღეს.

     

რეჟისორის მიერ პირობითი ხერხებით შექმნილ სანახაობაში, მსახიობი საკუთარი პერსონაჟისადმი დიდი თანალმობითა და სიყვარულით, გატაცებით გვაცნობს პროვინციის კუსტარული მაღაზიის მფლობელი ქალბატონის ტკივილებით აღსავსე წარსულს. სცენის სიღრმეში დაკიდებულ ეკრანზე გამოსახული პეიზაჟი სპექტაკლის მოქმედების შესაბამისად იცვლება. იგი ხან ქალბატონის სამოქმედო ადგილს, ხან კი მის იუმორით განათებულ ხასიათს ემორჩილება. სპექტაკლის მთავარი დანადგარია რკინის კონსტრუქცია, რომელზეც სავარაუდოდ შინ დამზადებული მურაბიანი ქილები და გასაყიდი პროდუქტებით სავსე ყუთებია განლაგებული. ეს სახელდახელოდ ნაგები მაღაზია ეთეროს საცხოვრებელი სახლიცაა, ხოლო მოგვიანებით, მისი ფსკერი საავადმყოფოს პალატად გადაიქცევა.

       

თითქმის მონოსპექტაკლად გარდაქმნილ წარმოდგენას რეჟისორი ოსტატურად და გემოვნებით აფორმებს მხატვართან ერთად (მხატვარი: ანანო დოლიძე). რკინის კონსტრუქციის მოძრაობას ცვლიან კაპიუშონიან შავ ლაბადაში ჩაცმული სცენის დამხმარე პერსონალი. უმარტივესი ხერხებით  წარმოგვიდგება მაყვლის დაკრეფისას ეკალ-ბარდებში გახლართული, ლამის მოუსავლეთში გადაჩეხილი ქალის გასაჭირი, რომელიც თავზარდამცემი სიმძაფრით შეიგრძნობს ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის გასაყარს.

         

მაყვლის სიყვარულს სასწაულებრივად გადარჩენილ სიცოცხლისმოყვარე ქალს,   ბედისწერა თითქოს მორიგ  განსაცდელსაც უმზადებს. ჭექა-ქუხილის ხმაზე სცენაზე შემოდის დისტრიბუტორი. სიკვდილის კლანჭებს თავდახსნილი  ქალი, უნებურად ჩაეკონება მას და მორიგ თავსატეხში ეხვევა. ზურაბ ლაშხიას პერსონაჟი თავმდაბალი, მშრომელი, ახოვანი, მომხიბლავი და კეთილი ღიმილით სახენათელი  მამაკაცია. ყოველდღიური, უსასრულო ჯაფით დაღლილსა და მოწყენილს, ოჯახიც ჰყავს, თუმცა  იხიბლება შრომისმოყვარე ქალის პიროვნული ღირსებებით, გულწრფელობით და უსწრაფესად ენთება საპასუხო გრძნობით. წყვილი ერთმანეთს ჰგავს კიდეც. ორივე მათგანი შინაგანად უჯანყდება გაუსაძლის რუხ ყოფას და გადამდები ახალგაზრდული ცეცხლით, პოეტურ-იუმორისტული გამომსახველობითი ხერხებით ძერწავენ სიცოცხლისმოყვარე, სიყვარულისთვის გახსნილ მხატვრულ  გმირებს.       

         

რომანისაგან განსხვავებით რეჟისორმა მოქმედების ადგილი სამეგრელოში გადაიტანა,  მუდამ საქმიანად მოფუსფუსე მთავარ პერსონაჟს, მთელი სპექტაკლის განმავლობაში თეთრი საღამური ჩააცვა,  მისი სამსახურებრივ-საოჯახო ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში უნიტაზი განათავსა და ხაზი გაუსვა ხელმოკლე ქალის უსიხარულო ხვედრს. შეიქმნა ცივილიზაციისგან დისტანცირებული, მორალისტური, საეჭვო მენტალობის ანარეკლად ქცეული გარემო, სადაც სრული მზაობაა შთანთქან განსხვავებული ინდივიდი.

         

მსახიობი მარინა დარასელია მთელი არსებით გვაგრძნობინებს თავისი ყოფითი პერსონაჟის სულიერ ტკივილს, მის ბავშვურ ინტერესს სიცოცხლის, სიყვარულისადმი, არცთუ საიმედო მომავლის სავარაუდო კონტურს და სტილიზებით თამაშობს. იგი სცენაზე ქმნის ბედთან მებრძოლი, პროვინციალიზმის ჭაობს დაუმორჩილებელი ქალის გაბედულ სახეს. ორგანულად და დახვეწილად ირგებს თამამ ტექსტუალურ პასაჟებსა თუ მიზანსცენებს. ეთეროსათვის ყოველთვის წინასწარაა ცნობილი ახლობლების, მეზობლების, მისი ცხოვრების დაუზარლად მეთვალყურეთა ტრადიციული შეგონებები, თუმცა შესაშური იუმორით აღსავსე, მხოლოდ  საკუთარ გულისხმას, კრიტიკულ აზრს ემორჩილება.

        

რეჟისორი ორიგინალურ ჩანართს გვთავაზობს წარმოდგენაში ეთეროს თანაკლასელის, მსახიობ მზეკო ჩარგაიას მიერ განსახიერებული, ოდესღაც სახელოვანი ლამაზმანის, ამჯერად თანამეცხედრისაგან ყოველდღიური სკანდალებითა თუ ცემა-ტყეპით განწირული ქალის მხატვრული მიზანსცენით. თუ ეთეროს წრფელი სინანულით აღავსებს ჯერ კიდევ მოწაფეობისას გაბახებული, მრავალმხრივ ნატანჯი ბავშვობის მეგობრის ხილვა, მოძალადე ქმრის მუდმივი აგრესიით გასავათებული ქალი სეტყვასავით ისვრის თავხედურ რჩევებს, ცდილობს თავი მოიწონოს თავისი თითქოსდა პრიორიტეტული მდგომარეობით.

        

რეჟისორს ღიად გამოაქვს განაჩენი უთავმოყვარეო, უმოქმედო, უბედური,  პრეტენზიული ქალებისთვის, სიგარეტს, ნარკოტიკსა თუ სასმელს უგონოდ მიძალებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არქაულ ზნე-ჩვეულებებს მსხვერპლად შეწირულნი, ვერ პოულობენ ძალას, დაუპირისპირდნენ მახინჯ ტრადიციას, - რას იტყვის ხალხი?!. რეჟისორისა და მსახიობ მარინა დარასელიას პერსონაჟისთვის მონობა სამარცხვინო დანაშაულია. ამიტომაც, სიბრალულითა და ზიზღით განერიდება  მოძალადე კაცის თავმომწონე პარტნიორს, ხოლო თეა ცინცაძის გვარიანად გამომთვრალი, მაღაზიის ზღურბლზე გონდაკარგული ახალგაზრდა ქალი, მიცვალებულივით გააქვთ სცენიდან. ეთეროსათვის ერთადერთი ავტორიტეტი და მესაიდუმლე უზენაესია, რომელსაც შებინდებისას ეახლება ხოლმე მაღალ კიბეზე ასული და ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან მიახლოებული, ცდილობს საიდუმლო დიალოგი გამართოს მასთან, იდუმალი ნიშნებით ამოიცნოს მამაზეციერის პოზიცია თავის არჩევანზე.      

        

გასაოცარია მსახიობ მარინა დარასელიას მიერ თითქმის ბეწვის ხიდზე სვლით შექმნილი სცენური სახე. გარეგნული იერსახით თითქმის არაფრით გამორჩეული მისი პერსონაჟი, უჩვეულო სიმპათიას აღძრავს. ყველა მისი ქმედება მხოლოდ მარადიული ღირებულებებისადმი შინაგან თანამოაზრეობაზეა დაფუძნებული. მისთვის მიუღებელია ხელოვნური, ნაძალადევი ურთიერთობები. საკუთარ თავთან, ღმერთთან, მეზობელთან თუ თანაკლასელთან დიალოგსა თუ კამათში, მსახიობი  მკაფიოდ თამაშობს მისი პერსონაჟის გაორებას, დაეჭვებას, აზროვნებას და სახიერად ქმნის ზნეობრივი, მომაჯადოებელი პიროვნების, ღირსეული ქალის პორტრეტს. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება კეთილგონიერი ქალის შინაგანი სამყაროდანაა აღმოცენებული, სიცოცხლისადმი ტრფიალითაა ნასაზრდოები. იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს მყარი პიროვნული თვისებებით გამორჩეული ქალბატონი, ხელსაყრელ პირობებში უკეთესს ხვედრს დაიმსახურებდა. 

        

სტატიკური, უფუნქციო და ილუსტრაციულია მარინა დარასელიას ეთეროს შეხვედრა მის ბავშვობის სახესთან. ეს მიზანსცენა ვფიქრობ დასახვეწი და მოუმზადებელია. იგი  ვერაფერს ჰმატებს მსახიობის ემოციურ, სულიერი ტკივილით სავსე მონათხრობს მშობლიურ ოჯახში გატარებულ დამთრგუნველ წლებზე. წარმოდგენაში ეფექტურად გათამაშებული ქორეოგრაფიული ჩანართი (ქორეოგრაფი - გიორგი ქობალია), ეთეროს გაუხარელი წარსულის ერთგვარი ფინალიცაა. მსახიობ თეა ცინცაძის შავ რეიტუზიანი მოცეკვავე ქალი, ატლასის წითელი ნაჭრის ფრიალით იწვევს მაქმანებიანი საცვლის მოსახელთებლად განწყობილ, სილამაზით მოჯადოებულ, ბავშვობაწართმეულ, შეყვარებულ ქალს, რომელშიც ნათლად კრთის ბოლომდე დაუძლეველი შიში ენაჭარტალა მეზობლების გამანადგურებელი თავდასხმისადმი. მიუხედავად საზოგადოებრივი აზრისგან დისტანცირების, შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა, მასში დროდადრო მაინც იღვიძებს ლურსმანივით თავში ჩაჭედილი ტრადიციული, მოუგერიებელი ფრაზა - „რას იტყვის ხალხი?..“

       

სპექტაკლის ფინალში გამოყენებული გასული საუკუნის ჰიტი - სულხან ცინცაძისა და პეტრე გრუზინსკის „შემოდგომის ნისლია“, გაუსაძლის მარტოობას ჰპირდება უჩვეულოდ მამაც, ძლიერ, პოეტურ ქალს. სასცენო დეკორაციად წარმოდგენილ კონსტრუქციის ძირში, თითქოსდა სამარეში ჩასასვენებლად შემზადებული ქალი,  ნათლად ხედავს საკუთარ აღსასრულს, მაგრამ მოულოდნელი ფინალი - კვლავ მეხის გავარდნას ჰგავს. ყვავილებიან საკაცეზე დასვენებული, ჯერ კიდევ სიცოცხლის წყურვილით აღსავსე ქალის ირგვლივ შეშფოთებული დარბის თეთრხალათიანი, თავზარდაცემული მედპერსონალი. უეცრად, სცენის სიღრმეში დაკიდებულ ეკრანზე, იკვეთება ჩანასახის სილუეტი, მოგვიანებით კი ისმის ჩვილის ტირილიც. რომანისაგან განსხვავებით, რეჟისორი  „ჰეფი-ენდით“ ასრულებს მშვენიერ სანახაობას და გამოკვეთს საკუთარ პოზიციას შუასაუკუნეობრივ მოსაზრებებზე ასაკოვანი ქალბატონის უინტერესო, ტრაგიკულ არსებობასა თუ თანამედროვე სამოსისადმი ცინიკური დამოკიდებულებაზე.

bottom of page