top of page

სევდიანი, დაღლილი „ოტელო“  

308906347_613968270173686_1682225185379184244_n.jpg

თამარ ქუთათელაძე

 

სევდიანი, დაღლილი ,,ოტელო“  

       

დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის დაბადების 150-ე წლისთავსა და ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის დაბადების 115-ე წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის  თოჯინური და მსახიობების სინქრონული მონაწილეობით განხორციელებული შექსპირისეული ,,ოტელო“ (სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით. წარმოდგენა დაეფუძნა პიესის ივანე მაჩაბლისეულ თარგმანს, დადგმის იდეისა და ინსცენირების ავტორი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - დიმიტრი ხვთისიაშვილი, თანარეჟისორი, ინსცენირების თანაავტორი და ქორეოგრაფი - გია მარღანია).

 

სპექტაკლის პროლოგში მაყურებელი თვალს ადევნებს სასჯელის მოლოდინში ხელებშეკრული იაგოს მინიატურული თოჯინას აღსარების სცენას. ერთ საათიანი სხარტი, დინამიკური სანახაობა გამოირჩევა საინტერესო მიზანსცენებით. იმის გამო, რომ სპექტაკლი მარჯანიშვილისეულ დადგმასთან ზოგიერთი პარალელით გამოირჩევა, აქვე ავღნიშნავ, რომ დიდი რეჟისორის პირველი ბიოგრაფის - ანდრო თევზაძის მიერ შექმნილი მონოგრაფიის მიხედვით,  კოტე მარჯანიშვილის დადგმაში მონაწილე უშანგი ჩხეიძის იაგოს სახე, მისი პოზიტიური, ქარიზმატული გარეგნობისა და მაღალნიჭიერი გამომგონებლობის გამო, რომელიც უჩვეულო დამაჯერებლობით აყალიბებდა შურისძიების მოტივებს, მოჯადოვებული  მაყურებელი მქუხარე ოვაციებით ეგებებოდა. საზოგადოებაში უშანგი ჩხეიძის იაგოს დანაშაულებრივი მიზანსწრაფვები არ იწვევდა აღშფოთებას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი მსახიობის მიერ  არტისტიზმით, იუმორითა და ხიბლით განსახიერებულ სცენურ სახეს,  თანაუგრძნობდნენ კიდეც. ამ მხრივ, დუმბაძისეულ თეატრში წარმოდგენილ დადგმაში, თოჯინების ავტორისა და შემსრულებლის ვახტანგ ქორიძის ოსტატურად შექმნილი ყაბალახით თავშებურვილი, სხარტად მოთამაშე თოჯინური იაგოც, გარკვეულ ასოციაციებს იწვევს დიდი რეჟისორის წარმოდგენის მთავარი სცენური გმირის საშემსრულებლო ხერხებთან (ცნობილია, რომ კოტე მარჯანიშვილმაც განახორციელა შექსპირულ სახეთა გაქართულება, მაგ „ჰამლეტის“ მესაფლავეებში). დ. ხვთისიაშვილის დადგმაშიც ძალზე ეფექტურად გამოიყურება  იაგოს თოჯინური სახე. ღიმილისმომგვრელია მაყურებელთან საკუთარი განზრახვის გამხელის პროცესში პეტრე ოცხელისეული დეკორაციის ესკიზების მიხედვით შექმნილ სასცენო დანადგარზე გაბმულ მავთულხლართებში ბეწვის ხიდზე აკრობატივით მცოცავი და მხტუნავ-მხოხავი, ბედისწერასთან ლაღად შებმულ-შეთამაშებული, საკუთარი შურისმაძიებლური გეგმებით თავადვე მოხიბლული და უკიდურესად თავდაჯერებული იაგოს რისკიანი ხასიათის გათამაშება. მისი იუმორისტული ქმედებები და სხარტი ჰაბიტუსიც უთუოდ იწვევს ხიბლს და სრულიად არ წარმოგვიდგება ადრეული დადგმებიდან დამკვიდრებულ, ტრადიციულ ბოროტმოქმედ, მეფისტოფელად თუ ავსულად. საკუთარი კარიერული ამბიციებისა და მამაკაცური ღირსებებისადმი შეურაცხყოფით განაწყენებული თოჯინური ასისთავი, ცდილობს ჯოჯოხეთური ტკივილით დასაჯოს საძულველი შავი ოტელო,  მასთან ერთად კი მისი რჩეულნიც  - ქალთა გულთამპყრობელი, მოდური ჩაცმა-დახურვით გატაცებული კასიო  და სენატორის ულამაზესი ასული.

თოჯინური იაგოს მიერ უჩვეულო სიმსუბუქით, ლაღად გაცხადებულ-განხორციელებული ჩანაფიქრი, ამჯერად თითქოს სახელოვანი მანიპულატორის თამაშის, გართობის, მაყურებელთან განდობის, მეტოქეთა სანიმუშო დასჯის დემონსტრირების ფორმად წარმოჩინდება. აღსანიშნავია ოტელოს შემსრულებელი მსახიობის - შალვა ანთელავას მხარზე დასკუპებული ციცქნა იაგოს მიზანსცენა. ამ დროს, შთამბეჭდავად იკვეთება ამ უჩვეულოდ მოხერხებული, გაბედული, რისკიანი პერსონაჟის მოთამაშე ბუნება. შურისძიებით გატაცებული ასისთავი, მიზანში ამოღებულ მსხვერპლს აბეზარი მწერივითაა მიძალებული. მისი უცერემონიო, ურცხვი ქმედებები ჩრდილსაც აყენებს სახელოვანი, ზვიადი მხედართმთავრის ღირსებებს, რომელიც ვერაფრით იგერიებს უტიფარი ხელქვეითის თავხედობებს და უსწრაფესად იბლანდება სიცრუით ნაქსოვ ბადეში.

        

უკიდურესი ცინიზმით განწყობილი იაგო, ყოველი მხრიდან  თავს დაბზუის მოულოდნელი „სიურპრიზით“ თავზარდაცემულ მავრს,  წვეთ-წვეთად უწამლავს გონებას, უსპობს გონზე მოსვლის საშუალებას. დასაწყისში ფრთხილი იაგო სულ უფრო თამამდება, უპატივცემულოდ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხარზე ასკუპდება, თავზე ხელს ჩამოადებს და უმალ იმორჩილებს მრავალჭირნახულ, დაუმარცხებელ სტრატეგს. ეს მიზანსცენა იაგოს მიერ მეტოქის სიბრძნის გამოცდაცაა, სახიერი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მარტივია მიმნდობი, ბედნიერების აპოგეაში მყოფი, პროფესიული წარმატებებით გაამაყებულ-დაღლილი, დამარცხებებს უჩვევ პერსონათა დიდების მწვერვალიდან დანარცხება, სასიკვდილოდ გაწირვა. შთამბეჭდავია ვანო დუგლაძისა და ნიკა ნანიტაშვილის მიერ განსახიერებული, მდიდარი ხმის ფიორიტურებით გახმოვანებული  იაგოს როლი.

       

სპექტაკლის ფინალში ეფექტური, თვალისმომჭრელი სილამაზისაა ოტელოს წარმოსახვაში მზის სხივებში აფარფატებული, სინათლის უხვ ჭავლში გაბმულ ციცქნა საქანელაზე აცეკვებული გამჭვირვალე თეთრ კაბიანი ჰაეროვანი დეზდემონას სახება. აღსანიშნავია დეზდემონას შემსრულებელი მსახიობის სულშიჩამწვდომი ხმის ტემბრი, ლირიკული ინტონაცია და მომხიბლავი გარეგნობა.

      

იაგოს მოუგერიებელი არტისტული გარეგნობის, მოუხელთებელი ფერიცვალებისა თუ ჰაეროვნების პირისპირ, კონკურენციას ვერ უძლებს თოჯინური ოტელოს  იერსახე. მიუხედავად იმისა, რომ ოტელოს როლის განმასახიერებელი მსახიობის, შალვა ანთელავას ხავერდოვანი ბარიტონი ორიგინალურად ესადაგება ოტელოს სულიერ ტრაგიზმს, თითქმის გვარიანად შეცვეთილი შაბლონითაა შექმნილი  მისი თოჯინური დუბლიორი, რაც მომგებიან პოზიციას არ უქმნის მსახიობს. შავი თმა-წვერის მქონე ასაკოვანი, სტატიკური, პირქუში, მოწყენილი და დაღლილი ოტელო, ვფიქრობ მაყურებლის მხრიდან სასურველ თანადგომას ვერ იმსახურებს.          

         

დიმიტრი ხვთისიაშვილისეულ წარმოდგენაში განსაკუთრებით ეფექტურია სწორედ თოჯინური სცენები. მსახიობების ხმის ჟღერადობაც ორიგინალურად ეწყობა თოჯინათა სახე-ხასიათებს, თუმცა დროდადრო მაყურებლის პირისპირ წარმდგარი მსახიობების თამაშს სრულიად სხვა ტემპო-რიტმში გადაჰყავს სპექტაკლი და ქრება ის სიმსუბუქე, მისტიკა, ფანტასმაგორიულობა თუ იუმორნარევი ირონია, რასაც მსახიობები თოჯინურ განსახიებასთან ტანდემში ქმნიან.                  

       

აღსანიშნავია სპექტაკლის ლაკონური, დახვეწილი ფანტაზიით შექმნილი სცენოგრაფია, სადაც პეტრე ოცხელისეულ დეკორს ენაცვლება მსახიობების სხეულზე თოჯინების ჰაროვანი, მსუბუქი გადაფრენები, სევდანარევი ინტონირებებით გაცხადებული დიალოგები. ორიგინალურია ზურაბ გაგლოშვილის მიერ შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, რაც უახლოვდება თავად მარჯანიშვილისეულ პრიორიტეტს - კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ტრადიციების კვეთის რეჟიმში მოძებნილ მუსიკალურ ფონს.

       

უჩვეულოდ მომხიბლავია იუმორითა და დიდი ოსტატობით შექმნილ-გათამაშებული სენატორთა თოჯინური სახეები, მათ შორის გამორჩეულია  ნიკოლოზ ფაიქრიძის მიერ გახმოვანებული ფრთხილი, ოდნავ დაბნეული, სარგებლისმოყვარე სენატორისა და რატი გოგუაძის მიერ გახმოვანებული, მაქმანებით გაწყობილ ხავერდის ძვირფას სამოსში გამოწყობილი, დენდიზმით აღბეჭდილი კასიოს სახე. ზოგადად, თითოეული თოჯინას მოქმედებას რამდენიმე მსახიობი წარმართავს და ყველა მათგანი (ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, ვანო დუგლაძე, რატი გოგუაძე, ნიკო ნანიტაშვილი, გია მარღანია, შალვა ანთელავა, დევი რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე) არსებითი ხარვეზის გარეშე ამოქმედებს საკუთარ გმირს.  ვფიქრობ ამ მხრივაც წარმატებულია მსახიობთა დებიუტი თოჯინური მართვის ურთულეს პროფესიაში, რომელიც სრულიად საგანგებო მონაცემების მქონე ე.წ. აპარატს - ცოცხალ, ელასტიურ თითებს მოითხოვს.

      

ნიკა ფაიქრიძის მიერ განსახიერებული მასხარას საშუალებით, რეჟისორი შეეცადა კომპაქტურად შეეკრა სანახაობის ფრაგმენტები, თუმცა თეატრის ამ ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის მიერ განსახიერებული სცენური სახე, ამჯერად ერთგვაროვანი ხერხებით იქნა გამოსახული და ე.წ. ,,ბმა“ ტემპო-რიტმისა და სხვა ჟანრში ვარდნით გამოისახა. შესამჩნევია ისიც, რომ სპექტაკლის ავტორებმა პიესის უკიდურესად შეკვეცილ სასცენო მონტაჟში, თავი აარიდეს სახელოვან მონოლოგებს. სავარადუდოდ, შესაძლოა მიიჩნიეს, რომ მსახიობები ვერ დაძლევდნენ ტრაგიკოს მსახიობ-ვარსკვლავთა ამ რეპერტუარული პიესის პათეტიკის გარეშე წაკითხვას და ძველი თეატრის „არომატს“ შეაფრქვევდნენ მაყურებელს, რაც მკაფიოდ გაისმის ხოლმე ძველ კლასიკოსთა ზოგიერთ თანამედროვე ინტერპრეტაციებში. ამ მხრივ არც ამჯერად აღმოჩნდა გამონაკლისი მსახიობთა მიერ დროდადრო გაჟღერებული ტექსტი.

ფოტოგრაფი: ბექა ცირეკიძე

bottom of page